როგორც არ მივცეთ ივანიშვილის პოლიტიკური პროცესების დაფინანსების საშუალება? როგორც ჩანს, ეს არის ის მთავარი კითხვა, რაც ბოლო პერიოდში ხელისუფლებას განსაკუთრებით აწუხებს და უნდა ითქვას, რომ ადეიშვილს ერთი გეგმაც ჰქონია მოფიქრებული. იგი იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსებისუფლების ჩამორთმევას გეგმავს. თანაც ისე, რომ ხელისუფლებას სურს, ეს ყველაფერი ევროსაბჭოს რეკომენდაციებს გადააბრალოს. მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ეს ხელისუფლებას ეგონა.
იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების უფლების ჩამორთმევის იდეა, არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მათთან 22 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა.
მართალია, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის ვინაობა არ ხმაურდება, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს. მთავარი არის ის, რომ ექსპერტებიც და არასამთავრობო სექტორიც ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირებს.
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - საიამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 22 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც დასახელებული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სხდომაზე სამინისტრომ წარმოადგინა წინადადებები პოლიტიკურ გაერთიანებათა დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით.
სამინისტროების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომზადებისას, სამინისტრო გაითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს.
გარდა ამისა, სამინისტროს მიერ ინიციირებული იქნება დამატებითი რეგულაციები, რომელთა ნაწილიც პოლიტიკურ პარტიებს შორის 2011 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ დებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
ეს წინადადებები რამდენიმე საკითხისგან შედგება. პირველი იურიდიული პირებისთვის პარტიის დაფინანსების აკრძალვას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიისთვის შემოწირულობის გაკეთების უფლება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გააჩნიათ.
გარდა ამისა, ხელისუფლება ასევე გეგმავს წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი თანხის ზედა ლიმიტის დაწესებას, რომლის ზემოთ პარტიას ფულის დახარჯვა არ შეეძლება.
ხელისუფლება აპირებს, რომ ასევე დაწესდეს საწევროს შეტანის ლიმიტი. დღეს კი არავითარი ზედა ზღვარი არ არსებობს და პარტიის წევრს შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი გადაიხადოს.
ამასთან, იგეგმება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპის ორგანიზაციების, თუ ეს ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიებისთვის განახორციელებენ საქმიანობას, მათი ანგარიშგება და მათი შემოსავლები ისეთივე დეკლარირების ჩარჩოებში მოექცეს, როგორც პოლიტიკური პარტიების.
როგორც ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლების მხრიდან ეს საკითხები დასახელდა როგორც ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესრულება, მაგრამ ისინი აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ამ რეკომენდაციებში მსგავსი რამ არ თქმულა.
ამიტომაც ცხადია, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის ფაქტორს კავშირდება. იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, მას ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის პარტიის შექმნა, რომელიმე პარტიაში გაწევრიანება და პოლიტიკური პროცესების დაფინანსება აეკრძალა. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე მას აქვს უფლება, რომ მის მიერ დაარსებული იურიდიული პირების მეშვეობით დააფინანსოს პარტია.
ხელისუფლება კი ამ გზების გადაკეტვასაც ცდილობს. ამიტომაც არასმთავრობო ორგანიზაციები ამ ცვლილებებს პირდაპირ ივანიშვილის ფაქტორს უკავშირებენ და მიუღებლად მიიჩნევენ.
„ეს არ ყოფილა რეკომენდაციებში და ამასთან, ის საკითხები, რაც რეკომენდაციებშია მოცემული, ჯერჯერობით არსად არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს იდეები არ არის საკანონმდებლო ინიციატივა და მხოლოდ ზეპირი ფორმით გამოითქვა. შესაბამისად, ამის ანალიზი ძალიან ძნელია. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის მიღება მსჯელობისა და დისკუსიის გარეშე არ შეიძლება“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი.
იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ რეგულაციების შემოღებით, არსებული პრობლემები არათუ ვერ მოგვარდება, არამედ უფრო გამძაფრდება.
„ზოგადად პარტიებთან დაკავშირებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები უნდა მოქმედებდეს. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ, როდესაც ერთ პარტიას აქვს მეტი ხელმისაწვდომობა რესურსებზე, რეფორმა უნდა გატარდეს არა მხოლოდ პარტიების დაფინანსების რეგულაციის მხრივ, არამედ ამ რესურსის მმართველი პარტიისთვის შეზღუდვით და საარჩევნო სისტემის ცვლილებით.
კარგია, როდესაც რეგულაციებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს რეგულაცია ყველაზე ნაკლებად შეეხოს მმართელ პარტიას, როდესაც მათ ისედაც მეტი ხელმისაწვდომობა აქვთ სხვა რესურსებზე“, - აცხადებს ნინა ხატისკაცი.
აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაციებიც ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას უკავშირებენ.
„ზოგადად მოვლენების ასეთი დაჩქარება გარკვეულ კითხვებს აჩენს. ჩვენც გავაკეთეთ ერთგვარი შეფასება იმისა, რომ ეს რეკომენდაციები არსებობს ზაფხულიდან და სხვათა შორის, პარლამენტს ზაფხულშივე დაევალა, რომ მომემზადებინა სათანადოსაკანონმდებლო ცვლილებები. ვგულისხმობ იმ ნაწილს, რაც საერთაშორისო და ჩვენი ორგანიზაციების რეკომენდაციებშია ასახული. მიუხედავად ამისა, მომზადდა კანონპროექტი, მაგრამ მასში ეს რეკომენდაციები, რომელიც კარგა ხანია, არსებობს, აქამდე არ ასახულა.
ეს შეხვედრა საკმაოდ დაჩქარებული წესით გაიმართა და ამ შეხვედრის შესახებ ჩვენ მხოლოდ წინა ღამით შევიტყვეთ. ინიციატივები კი საერთოდ შეხვედრაზე გაჟღერდა და ასეთი დაჩქარება გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ამ ბოლო მოვლენებსაც უკავშირდებოდეს“, - აცხადებს ნინა ხატისკაცი.
საინტერესო კი ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ამ პოზიციის გაჟღერების შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ამ იდეას ივანიშვილთან საერთო არაფერი აქვს და ევროსაბჭოს რეკომენდაციაა, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა დაფიქსირებული.
მას შემდეგ კი, რაც პოლიტიკოსებმა მოითხოვეს, ხელისუფლებას ეჩვენებინა ის რეკომენდაცია, სადაც ამ ნორმებთან დაკავშირებული მუხლებია ჩაწერილი, ხელისუფლებამ უკან დაიხია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განაცხადეს, რომ მათ პირვანდელ განცხადებებში ეს საკითხი არ უგულისხმიათ და მხოლოდ ზოგადად რეკომენდაციებზე საუბრობდნენ. ამასთან, კუბლაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ კანონპროექტი არც ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით არ არის ჩამოყალიბებული და მისთვის გაუგებარია, კანონპროექტის გარეშე როგორ შეიძლება კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა.