ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სამინისტრომ 18 160 ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმა ან შეუჩერა

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის სამინისტრომ 18 160 ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმა ან შეუჩერა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 18 160 ოჯახს გაუუქმა ან შეუჩერა სოციალურად დაუცველის სტატუსი და ამ ოჯახის წევრებს წაართვა არსებობის ელემენტარული სახსარი , - ამის შესახებ კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა საზოგადოებისთვის ნათელი შეიქნა ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა, ხელისუფლების მხრიდან, ეს ნაბიჯი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

"ოჯახებს ისე, რომ არც კი გადაუმოწმებიათ და თვალით არ უნახავთ, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ეს ოჯახები, უუქმებენ სოციალურ დახმარებას – ოჯახის ერთ წევრზე საშუალოდ 25 ლარს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ყველამ ვიხილეთ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული რეპორტაჟები, რა მდგომარეობაში ცხოვრობენ ოჯახები, რომელთაც დახმარება შეუწყდათ", – განმარტა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაცია ჭიაბერაშვილის ბრიფინგის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ვებგვერდზე გავრცელდა.