საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრას სოჭში, რუსეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს .
ტურნირი, ამავდროულად, 2015 წელს ლონდონში გასამართი მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა, რომლის საგზურსაც ევროპის ერთა თასის 6-გუნდიან ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები პირდაპირი წესით მიიღებენ, მესამე ადგილოსანი კი - რეპეშაჟით.
აქამდე "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს თექვსმეტჯერ ეთამაშნენ. აქედან 14 მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 15:00 საათიდან, რადიო "პალიტრა" (FM 103,9; ინტერნეტმისამართი: პალიტრატვ.გე) მიმდინარე მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებს. ქართველ ქომაგს რუსეთი-საქართველოს შეხვედრის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას სოჭიდან გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტი ბესო ჯანგავაძე მიაწვდის.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სოჭში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა წინა ტურში, პორტუგალიასთან მატჩში მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა. შერკინების კვაჭის პოზიციაზე ირაკლი ნატრიაშვილი ითამაშებს. შალვა მამუკაშვილმა კი, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.