საპატრიარქო, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, გარკვეული ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში „აზიზიეს მეჩეთის“ აშენებაზე ჯერჯერობით ისევ ფიქრობს. იქნება თუ არა თანხვედრილი საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიცია, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გადმოცემის საკითხთან მიმართებაში, ეს ალბათ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, ილია II–ის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა ამჟამად განიხილავს ქართული ტაძრების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს. ამის შესახებ, სამების საკათედრო ტაძარში თავად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა განაცხადა, სტამბულიდან დაბრუნების შემდეგ.
მეორე დღეს, 24 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე კომენტარი გააკეთა – თურქეთ–საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც ჯერ არ დასრულებულაო.
იმავე დღეს მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტებში, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი ნებსით თუ უნებლიედ ისე გაშუქდა, ამ საკითხში შედარებით გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იფიქრებს, რომ პატრიარქთან ერთად, ქართული ტაძრების გადმოცემას თურქეთის მთავრობას საქართველოს ხელისუფლებაც სთხოვს, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასე არ არის. სატელევიზიო სიუჟეტების მომზადებისას არ გახსენებიათ, რეალურად რა დგას ერთ ადგილზე გაყინული თურქეთ–საქართველოს მოლაპარაკების უკან.
თურქეთ-საქართველოს შორის მაისის ბოლოს გასაფორმებელი ხელშეკრულება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რასაც მისი მოწინააღმდეგეები პოლიტიკურ ხელშეკრულებად აფასებენ, დღემდე ხელმოუწერელია. ქართული მხარის, კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას თურქული მხარე აჭიანურებს, რისი მიზეზიც დღემდე არ დაკონკრეტებულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული 4 ქართული ძეგლის (ოშკი, ხანძთა, იშხანი, ოთხთა) რესტავრაციის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. ხელშეკრულების ტექსტი საჯარო ისევ არ გამხდარა. ჩვენ მხოლოდ ხელშეკრულების სათაური ვიცით – „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის უძრავი ძეგლებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის უძრავი ძეგლების რესტავრაციის შესახებ“.
საქართველოს ხელისუფლების საჯარო განცხადებების საფუძველზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ თურქეთი ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებასთან ერთად მოითხოვს რესტავრაცია გაუკეთდეს: ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში არსებულ ხის ჯამეს; ადიგენის რაიონში მხარჯავის მეჩეთს; ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე არსებულ კომპლექსს (სადაც არის მეჩეთი, მედრესე და სადაც დღეს სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული) და იქვე არსებულ წყვილ აბანოს.
ეს ძეგლები თურქულად ვინ გამოაცხადა, დასაზუსტებელია, რადგან მათ შესახებ განცხადებებს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ. თურქულ მხარეს, რომელსაც საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი წარმოადგენს, ამ საკითხზე არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში „ობიექტივი“ იმყოფებოდა და უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ მოკვლეულ მასალას, ამ ძეგლის შესახებ. ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე გამალებული სარესტავრაციო სამუშაოებია დაწყებული, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი კურირებს. მხარჯავის მეჩეთი ჩვენი ინფორმაციით დაკეტილია და ამ ეტაპზე, მეტის თქმა არ შეგვიძლია. თურქეთ–საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული „აზიზიეს მეჩეთის“ აშენების საკითხის დაყენება აღმოჩნდა, რის წინააღმდეგაც ბათუმში ხელმოწერები შეგროვდა, აქცია და ღონისძიებები გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ილია II–მ თურქეთის პრემიერ–მინისტრს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს 26 სექტემბერს ოფიციალური წერილით მიმართა: „...დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არაერთი უძველესი ეკლესია-მონასტერია, რომელიც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში იყო ყოველთვის, ამჟამად კი ტიტულოვანი ეპისკოპოსების დაქვემდებარებაში შედის. ეს ეკლესია-მონასტრები არ შეიძლება იყოს, არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, არც სომხური და არც რომელიმე სხვა ეკლესიისა, რადგან ყველა ნიშნით ეს არის ქართული კულტურის ძეგლები. გთხოვთ, უახლოეს პერიოდში განიხილოთ ჩვენი ეკლესიის სამართლიანი თხოვნა, თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული სტატუსის და ეკლესია-მონასტრების საკუთრების შესახებ. თქვენი განცხადებები და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი საკითხიც დადებითად გადაწყდება“.
პატრიარქი 20 ოქტომბერს სტამბულში გაემგზავრა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ წირვა–ლოცვაში მონაწილეობის მისაღებად. გამგზავრების წინ, აეროპორტში გაკეთებული განცხადებებიდან შევიტყვეთ, რომ პატრიარქმა თურქეთის პრემიერ–მინისტრს ოფიციალური წერილით 26 სექტემბერს მიმართა.
მისი უწმინდესობა სტამბულიდან გასულ კვირას, გამთენიისას დაბრუნდა და იმავე დღეს, 23 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში აღვლენილი წირვის შემდეგ განაცხადა, რომ 26 სექტემბერს მიწერილი წერილი, თავად თურქეთის მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე შედგა, რომლის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები უნდა გადაეცეს იმ ერს, ვისიც არის ეს ტაძრები:
“გადასცეს ბერძნებს, სომხებს, რუსებს. ჯერჯერობით ჩვენთვის არ გადმოუციათ და მე გავუგზავნე პრემიერ–მინისტრს წერილი, სადაც ვთხოვე მას, რომ ასეთი დიდი ტაძრები და მონასტრები – ოშკი, ხახული და სხვები, უნდა იყოს გადმოცემული საქართველოსთვის. ჩვენ გვიპასუხეს, რომ ეს წერილი განხილვის პროცესშია, მაგრამ მე დავავალე ელჩს და კონსულს, რომ ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ; ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს“.
24 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ ნინო კალანდაძის კომენტარით, პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც მათ ასეთი პასუხი მიიღეს:
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრინციპული წინადადება, რომელსაც ამ ფორმით ვთავაზობთ და იმედი გვაქვს, რომ ეს გათვალისწინებული იქნება, თურქეთის მხრიდან. თუმცა, ზუსტად ასეთივე მოლაპარაკების მხარე არის თურქეთი, რომელსაც აქვს თავისი წინადადებები და რომელთა განხილვაც უნდა მოხდეს, უწყებათაშორის კომპეტენტურმა უწყებამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული“.
ნინო კალანდაძეს ბრიფინგზე “რამდენიმე პრინციპული წინადადება“ არ დაუკონკრეტებია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ წერილობითი არაერთხელ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ყველა ჯერზე ზოგადი პასუხი მივიღეთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებით, ამ საკითხზე დაკონკრეტებისგან თავს არ იკავებენ ის ადამიანები, რომლებიც თურქეთ–საქართველოს შორის ხელშეკრულების ზემოხსენებული ფორმით ხელმოწერაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. ამ პროცესის შემაფერხებელ ფაქტორად კი „რაღაც გაურკვეველ საზოგადოებრივ აზრს“ ასახელებენ. ხელშეკრულების ზემოხსენებული ფორმით ხელმოწერის მომხრეები, ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ აქამდე ერთი კი არა, ოთხი „აზიზიეს მეჩეთის“ აშენებაშიც ვერ ხედავდნენ პრობლემას, ახლა ეს რიცხვი ათამდე გაიზარდა.
12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ოშკი მსოფლიო ძეგლთა ფონდის სიაში შეიტანეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, იმავე დღეს, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, მარიამ დიდებულიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ და 12 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ. ამ ინტერვიუში ჯერჯერობით გაუფორმებელ თურქეთ–საქართველოს ხელშეკრულებასაც შევეხეთ.
მარიამ დიდებულიძე ერთ–ერთი იმათთაგანია, ვინც ოშკის გადარჩენის სანაცვლოდ ბათუმში „აზიზიეს მეჩეთის“ აშენებაში პრობლემას ვერ ხედავს. მეტიც, 10 ასეთი მეჩეთიც რომ აშენდეს, დიდებულიძეს ეს ოშკის გადარჩენად უღირს. 12 ოქტომბერს ჩაწერილ ინტერვიუში, „ობიექტივის“ კითხვაზე – „აზიზიეს მეჩეთის“ აშენება ისევ ძალაშია, თუ შეიძლება ოშკის გადარჩენა „აზიზიეს“ გარეშეც მოხდეს? მან მოგვიგო: „აზიზიეს მეჩეთი“ კი არა, 10 „აზიზიეს“ დადგმა ღირს, იმისთვის, რომ ოშკი გადაარჩინო“.
შეგახსენებთ, რომ სანამ საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი თურქეთის პრემიერ–მინისტრს ოფიციალურ წერილს გაუგზავნიდა, მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიმართა, ასევე ოფიციალური წერილით, რომელშიც მისი უწმინდესობა წერს, რომ „აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია“. პატრიარქი 2008 წლის 20 ივნისით დათარიღებულ წერილში, იმჟამინდელ პრემიერ–მინისტრს, ლადო გურგენიძეს იმ საფრთხეებზეც მიუთითებს, რაც ხელშეკრულების ზემოხსენებული ფორმით ხელმოწერას შეიძლება მოჰყოლოდა და იქვე აღნიშნავს, რომ ჩვენს სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, მსგავსი საკითხების განხილვისას თურქეთთან ჰქონდეს „პრინციპული პოზიცია და არგუმენტირებული შემხვედრი პრეტენზიები“.
პრინციპული პოზიციისა და შემხვედრი პრეტენზიების არსებობის საშუალებას ამჯერად თავად თურქეთის მთავრობა იძლევა, მისივე გამოცემული ბრძანების საფუძველზე და ჩვენი აზრით, ახლა ჩვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად გამოვიყენებთ ამ შანსს.