"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნება, საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე კი - პირველ ვიცე-მერად.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა გიგი უგულასვამ განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილს დიდი პოლიტიკური გამოცდილების გარდა, აქვს დიდი სამეურნეო გამოცდილება იმისთვის, რომ ყველა ის პროგრამა და დაპირება, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც მერია ახორციელებს განხორციელდეს.
"მე მზად ვარ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებისთვის, ამის არავითარი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ იცოდეთ, მივმართავ პირადად პრემიერ-მინისტრს და მის გუნდ, რომ თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებიან. ამიტომ მე ვაპირებ კანონის მიხედვით პირველ ვიცე-მერად დავნიშნო საკრებულოს წევრებიდან სევდია უგრეხელიძე და ასევე მე ვთავაზობ მოადგილეობას ვანო მერაბიშვილს, რომელსაც დიდი პოლიტიკური გამოცდილების გარდა, აქვს დიდი სამეურნეო გამოცდილება, იმისათვის, რომ ყველა ის პროგრამა და დაპირება, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განხორციელდეს განუხრელად და მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი განხორციელდება ჩათვალეთ დღეიდან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ რაიმე სახით მე შეიძლება ბრალი დამიმტკიცდეს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, სევდია უგრეხელიძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ყველაზე ერთგული ადამიანია, რომელსაც არასდროს არავისთვის უღალატია და ის თანხმობის კომისიას ხელმძღვანელობდა, მაშინ, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად თანხმობა სჭირდებოპდა.
"ასევე, ეს არიას ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების კომისიას, მან წარმართა მოლაპარაკებები, პოლიტპატიმრები გამოეშვა ციხიდან და სხვათა შორის რამდენიმე მათგანი უმრავლესობაშია და "აპრავებს" ამ უკანონობას და პოლიტიკურ რეპრესიებს", - დასძინა უგულავამ.
როგორც მან აღნიშნა, უგრეხელიძე არის ადამიანი, რომელმაც ყველა გამოწვევას გაუძლო და დარწმუნებულია, რომ გუნდთან ერთად გაუძლებს ამ გამოწვევასაც.
ამასთან, უგულავას თქმით, დავით ნინიძე ჩვეულებრივ მოადგილედ გადავა.