თბილისის მერი გიგი უგულავა პასუხისგებაშია მიცემული და ბრალს ხვალ წაუყენებენ. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, 2013 წლის 22 თებერვალს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ფულის გათეთრების ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება თბილისის მერის გიგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც 23 თებერვალს, 14:00 საათზე, იგი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
მათი თქმით, ბრალდება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს მოიცავს.
"პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით ფაქტობრივად გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებული, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო.
მეორე ეპიზოდი უკავშირდება საბიუჯეტო თანხებით პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც გიგი უგულავა იყო", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.