მთავარი პროკურატურა დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პატრულ-ინსპექტორის ლევან ლობჟანიძის განცხადებას ეხმაურება და მასზე ჩვენების მიცემისას რაიმე სახის ზემოქმედებას კატეგორიულად გამორიცხავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ლობჟანიძის ჩვენებებიდან ამონარიდებს ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "გუშინ მასობრივი ინფორაციის საშუალებებით გავრცელდა დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პატრულ-ინსპექტორის ლევან ლობჟანიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრლადებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ რამდენიმე დღის წინ გამოძიებისათვის წარმოდგენილი ვიდეოფირი ასახავს სინამდვილეს და მან სწორედ ამ ფირის ნახვის შემდგომ აღიდგინა 2004 წლის 24 ნომებრის ღამეს წერეთლის გამზირზე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებები. ლობჟანიძემ განაცხადა, რომ ამ საქმეზე განახლებული გამოძიების პროეცესში მისი დაკითხვისას მას გამომძიებელმა განუსაზღვრა ჩვენების მიცემის მიმართულება და შესაბამისად მისი ჩვენება სინამდვილეს არ შეესაბამება.
საქართველო მთავარი პროკურატურა კატეგორიულად გამორიცხავს მოწმე ლ. ლობჟანიძეზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენის მცდელობას, ხოლო საქმისადმი მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით საჭიროდ მიიჩნევს განასაჯაროოს ლ. ლობჟანიძის მიერ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით 8 წლის განმავლობაში მიცემული ჩვენებები საქმის ძირითად გარემოებებთან დაკავშირებით.
ლ. ლობჟანიძე 2004 წლს 26 ნოებმერის ღამეს შემთხვევის ადგილზე მივიდა პატრულ-ინსპექტორ გ. ბაშალეიშბილთან ერთად, იყო რა მისი მეწყვილე. მიუხედავად იმისა, რომ იგი არის შემთხვევის თვითმხიველი მოწმე მის მიერ ჩვენება არაერთგზის იქნა შეცვლილი. მისი ჩვენებების რადიკალური ცვლილებებით არასოდეს დაინტერესებულა იმდროინდელი გამოძიება და შესაბამისად არც მათი სამართლებრივი შეფასება მომხდარა. ვთავაზობთ საზოგადოებას მასალას ლ. ლობჟანიძის ჩვენებებიდან:
2004 წლის 14 ნოემბერს შემთხვევის დღესვე ლ. ლობჟანიძე იყო რა შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პატაკით მიმართავს დიდუბე-ჩუღურეთის მე-3 ქვეგანყოფილებს უფროსს ა. გვაზავას (ამჟამინდელ ბრალდებულს), სადაც იგი მიუთითებს, რომ "ჩვენი (მისი და გ. ბაშალეიშვილის) მისვლისთანავე მანქანის უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოხტა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც განახორციელა გასროლა ორჯერ ავტომატური იარაღიდან ჩვენი მიმართულებით. პატრულ-ინსპექტორ გ. ბაშალეიშვილის საპასუხო სროლის შედეგად აღნიშნული პიროვნება იქნა განეიტრალებული... გიორგი ქურდაძემ მანქანს გვერდზე დააგდო ავტომატი. ი. მიქაბერიძემ დააგდო რევოლვერი. ლ. დანგაძემ დააგდო ხელყუმბარა და ა.შ".
ლ. ლობჟანიძე ცნობილ იქნა დაზარალებულად და 2004 წლის 24 ნოემბერს დაზარალებულის სახით დაკითხვისას მან აჩვენა, რომ "დავინახე, რომ მანქანის უკანა მარჯვენა კარებიდან გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოძრაობდა მანქანის საბარგულის მხარეს. როდესაც გაუსწორდა საბარგულს მე დავინახე ავტომატი და ამ მომენტში იმ ბიჭმა ჩვენი მიმართულებით განახორციელა ორი გასროლა. მის გასროლაზე მე წამიერად დავიკუზე, რა დროსაც ჩემმა მეწყვილემ გ. ბაშალეიშვილმა განახორციელა გასროლა მისი მიმართულებით." პარალელურად მან (ლ. ლობჟანიძემ) დაინახა" რომ ავტომანქანის წინა მარჯვენა კარები იყო ღია, საიდანაც გადმოხტა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ძირს გადმოაგდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შემდეგ უკანა მარჯვენა სავარძლიდან გადმოვიდა ბიჭი, რომელსაც ხელში ეკავა რევოლვერი, გადმოვიდა კიდევ ერთი ბიჭი, რომელმაც ძირს დააგდო ხელყუმბარა და ა. შ".
2005 წლის 7 აპრილს ი. მიქაბერიძესთან (მაშინდელი ბრალდებული) დაპირისპირებისას ლ. ლობჟანიძემ აჩვენა, რომ "როდესაც გადმოვედი მანქანიდან შევტრიალდი მარცხენა მხარეს. ამ დროს მოულოდნელად გავიგონე გასროლის ხმა, ამ ხმაზე მე ინსტიქტურად დავიხარე, ამის შემდეგ მე გავიგონე კიდევ რამდენიმე გასროლა, თუ რამდენი ჩემთვის უცნობია, რადგანაც არ დამითვლია. როდესაც შეწყდა გასროლები მე წამოვდექი და დავინახე, რომ ის პიროვნება, რომელიც იდგა ავტომანქანის მარცხენა მხარეს იდგა წელში მოხრილი, ხოლო მის სახლოვეს იმყოფებოდა გ. ბაშალეიშვილი. ამის შემდეგ მე გავიხედე ავტომანქანის უკანა მხარეს და დავინახე, რომ ასფალტზე იწვა ჩემთვსი უცნობი ახალგაზრდა. ასევე მე დავინახე, რომ იმ ახალგაზრდას გვერდით ედო ატომატი... ასევე დავინახე, რომ ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს ძირს ეგდო მეორე ავტომატი".
2005 წლის 29 ივნისს უკვე მოწმის სახით დაკითხვისას (ვინაიდან გაუქმდა მისი დაზარალებულად ცნობის დადგენილება გ. ბაშალეიშვილის პასუხისგებაში მიცემის გამო) ლ. ლობჟანიძემ აჩვენა, რომ "მაშინ, როდესაც ჩემი მეწყვილე გ. ბაშალეიშვილი იარღმომარჯვებული გადავიდა ავტომანქანიდან მე ჯერ არ ვიყავი გადასული ავტმანქანიდან ისე გავიგონე გასროლის ხმა. იმ მომენტში ვერ დავინახე, თუ ვინ გაისროლა, თუმცა შემდეგ შევიტყვე, რომ გაუსვრია გ. ბაშალეიშვილს...". ამავე ჩვენებაში ლ. ლობჟანიძემ მის მიერ მიუთითა, რომ მის მიერ ადერე მიცემული ჩვენებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მის მიერ ჩვენების შეცვლა ახსნა იმით, რომ "იყო აღელვებული და დაძაბული და იხელმძღვანელა სხვათა მიერ გადმოცემული ფაქტებით".
2006 წლის 13 ივნისს გ. ბაშალეიშვილის ბრალდების სასამართლო განხილვისას მოწმის სახით დაკითხვისას ლ. ლობჟანიძემ აჩვენა, რომ "ბაშალეიშვილი უმალ გადმოვიდა მანქანიდან, მას იარაღი ეჭირა. მე მახსოვს ჭანტურია, რომელიც მანქანის უკან იდგა, მისი მზერა დავაფიქსირე. ამის შემდეგ მე მანანიდან გადმოსვლა დავიწყე. სწორედ ამ დროს გავიგონე მკვეთრი გასროლის ხმა და მანქანის კართან ჩავიმუხლე. რამდენიმე წამში ფეხზე წამოვდექი და დავინახე, რომ ერთი მოქალაქე ძირს ეგდო. არ მახსოვს როგორ, მაგრამ შევიტყვე, რომ გასროლა ბაშალეიშვილის იარაღიდან მოხდა. გასროლა ერთი იყო. ... ჭანტურიამ მომაწოდა იარაღი და მითხრა, რომ ამ იარაღებით იყვნენ. მე დავინახე ბარაბნიანი იარაღი, მოგვიანებით ხელყუმბარაც შევნიშვნე. მანქანიდან გადმოსულ მოქალაქეეზე იარაღი არ შემიმჩნევია, რომ ჰქონოდათ ალბათ შევამჩნევდი. გარდაცვლილის გვერდით ავტომატი იყო. ბაშალეიშვილს მეორედ არ უსვრია, ბ. რობაქიძის ავტომატით არ დამინახავს ". "ჩემს მიერ წინა ჩვენებაში რომ განვაცხადე იარღების არსებობის შესახებ ალბათ ემოციურად განწყობილ ვერსიებს გადმოვცემდი". მის მიერ ჩვენების კიდევ ერთხელ შეცვლა ახსნა იმით, რომ "ემოციური განწყობა გაჰყვა დიდი ხანი". ამავე სასამართლო სხდომაზე დამატებითი კითხვების პასუხად მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "ჩხრეკის დროს იქ იყო. დაკავებული ბიჭების ხელში იარაღი არ უნახავს. მანქანის წინა მარჯვენა მხარეს ვინც იდგა, იარაღი მხოლოდ მას ჰქონდა. ჭანტურიამ თქვა, რომ მისგან ამოიღო, თორემ მე არ მინახავს, ხელყუმბარაც იქვე ეგდო, პირადად ვინმეს ხელში არ მინახავს. ის, რომ თითქოს ა. რობაქიძე მანქანიდან გადმოვიდა და გასროლა მოახდინა ტრყუილია. მათთვის მე იარაღი არ შემიმჩნევია, ავტმატი უშუალოდ ჭანტურიამ მანახა, რევოლვერი უკანა მხარეს დავინახე".
2012 წლის 3 დეკემბერს გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში ლ. ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ "მანქანიდან გადასვლის მომენტში გავიგონე გასროლის ხმა, ჩავიმუხლე... იყო საკმაოდ დიდი დაბნეულოა... თუ არ ვცდები მივვარდი ჩემს მანქანას, რათა გამომეძახებინა სასწრაფო დახმარება. დავინახე ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი, რომლის გვერდზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო (ჯერ კიდევ 2006 წლის სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ ავტომატური იარაღი იდო გარდაცვლილის გვერდზე) ასევე ავტომანქანის გარშემო და მის საბარგულზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა არ ყოფილა იმ მომენტისათვის, როდესაც მე შევათვალიერე შემთხვევის ადგილი". ლ. ლობჟანიძის ჩვენებით გადის დროის რაღაც მონაკვეთი, იგი გადაადგილდება შემთხვევის ადგილის ეპიცენტრიდან, მიდის მანქანასთან სადაც ზის გ. ბაშალეიშვილი. ამ ხნის განმავლობაში ადგილზე თავს იყრის პოლიციის უფორმო თანამშრომელთა დიდი რაოდენობა და მხოლოდ ამის შემდეგ ესმის ვიღაცის ფრაზა "ნახე რა ქონიათ". ამის შემდეგ ხედავს, რომ მანქანის საბარგულზე აწყვია პისტოლეტი და რამოდენიმე დანა. უკვე ამის შემდეგ ხედავს, რომ მიცვალებულის გვერდით აგდია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. მისივე ჩვენებიდან "მას ყოველივე ეს ძალიან გაუკვირდა, ვინაიდან მისი მისვლისას მას არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა იქ არ უნახავს, ხოლო საიდან გაჩნდა შემდგომ მისთვის უცნობია". იგი კვლავ არაერთხელ განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი გაჩნდა მას შემდეგ რაც იქ მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები. მის მიერ ადრე მიცემული განსხვავებული ჩვენებები ამჯერად მან ახსნა იმგვარად, რომ იყო "ზოგადი საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ რასაც გამოძიება ეტყოდათ ისეთი ჩვენებები უნდა მიეცათ".
2012 წლის 13 დეკემბერს ამავე გამოძიების ფარგლებში ლ. ლობჟანიძემ მოწმის სახით განმეორებით დაკითხვისას კვლავ აჩვენა, რომ "არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია არანაირი ცეცხლსასწორილი იარაღი და საბრძოლო მასალა და თავის დროზე გამოძიებასა და სასამართლოში მას ამის შესახებ დეტალურ კითვებსაც არ უსვამდნენ, ვინაიდან ალაბთ აწყობდათ ისეთი გამოძიება და მას თავისით ინიციატივა არ გამოუჩენია", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ცნობით, ლობჟანიძე მის მიერ გუშინ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დღეს, 17.00 საათზე მოწმის სახით დაკითხვაზე იყო დაბარებული.
"მთავარი პროკურატურა მისცემს სამართლებრივ შეფასებას მოწმე ლ. ლობჟანიძის ჩვენებებს მას შემდეგ, რაც იგი დაიკითხება მის განცხადებაში მითითებული გარემობების ირგვლივ", - აღნიშნავენ უწყებაში.