ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლამ ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთიანად აადუღა და ბიზნესმენის მოულოდნელი გადაწყვეტილების თაობაზე შეფასებების კორიანტელი დაატრიალა. ამ პოლიტიკურ აურზაურში ქართული სახელოვნებო და სამწერლო წრე ნაკლებად ჩაერთო - უფრო დამკვირვებლის როლი არჩია. არადა, საზოგადოებას ყველაზე მეტად სწორედ შემოქმედთა აზრი აინტერესებს, რადგან პოლიტიკოსებზე მეტად მათ ენდობიან. Presage.tv მწერალ კოტე ჯანდიერს ესაუბა.
- მთელს ამ ხმაურსა და მრისხანებაში, მერკანტილიზმის, ბინძური პოლიტიკური გათვლებისა და გარიგებების დაჭაობებულ ატმოსფეროში ყველაზე მომხიბლავი და იმედისმომცემი სწორედ ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობაა. მისი პირველივე განცხადებიდან მოყოლებული, არ მტოვებს შეგრძნება, რომ ნაცმოძრაობის მიერ შექმნილ ამ პოლიტიკურ კარცერში, როგორც იქნა, სუფთა ჰაერმა შემოაღწია. პირველ რიგში, ეჭვგარეშეა, რომ ამ ადამიანს პოლიტიკა ქონების დასაგროვებლად და გავლენის მოსაპოვებლად არ სჭირდება. ეს არსებითი განსხვავებაა ივანიშვილსა და ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მოფუთფუთე სუბიექტების უმრავლესობას შორის. ივანიშვილს საკმარისი ფინანასური რესურსიცა აქვს და, რაც უფრო მთავარია, მყარი რეპუტაციაც. სწორედ მისი რეპუტაციაა იმ გავლენის მთავარი წყარო, რაც მას საშუალებას აძლევს მოკლე დროში მოახდინოს ჯანსაღი ძალების კონცენტრაცია და სრულფასოვანი პოლიტიკური, გნებავთ ზნეობრივი და მენტალური ალტერნატივის ჩამოყალიბება, რაც აქამდე ვერა და ვერ ხერხდებოდა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური სპექტრის, ჟურნალისტების და მედიასაშუალებების კრიტიკით დაიწყო. ზოგმა ეს არადიპლომატიურ ქმედებად მიიჩნია.
- ბიძინა ივანიშვილმა მოურიდებლად თქვა ის, რასაც ფიქრობდა. შეიძლება ვინმე დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს მის მოსაზრებებს, მაგრამ ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო. ესაა მთავარი. ამიტომაც მის ცნობილ განცხადებებს შედეგად არ მოჰყოლია მტრობა, ლანძღვა და ქილიკი. ადამიანმა გაგვაცნო თავისი მოსაზრება, მოისმინა განსხვავებული აზრი, გარკვეული კორექტივები შეიტანა თავის პოზიციაში (და არა მარტო რიტორიკაში) და ინცინდენტი ამოიწურა. ეს არის სრულიად ნორმალური, ჯანსაღი და ბრძნული ქცევა, რაც ასე აკლდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას ე.წ. „ეროვნული მოძრაობიდან“ დაწყებული, დღემდე.
ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე, ურთიერთობების წესებზე, მისი შეხედულებები ეროვნულობის, ტრადიციებისაკენ მოტრიალების სულისკვეთებითაა სავსე, ხომ არ ეხმიანება ეს „შემოქმედებით კონსერვატიზმის“ იდეას, რომლის ერთ-ერთი ავტორი ბრძანდებით?
- დიახ, ეხმიანება და მეტიც - შემოქმედებითი კონსერვატიზმის, როგორც მსოფლმხედველობის საუკეთესო ილუსტრაციად გამოდგება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მზარდი სასურსათო დეფიციტის, განსაკუთრებით კი ბიოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტების კატასტროფული ნაკლებობის ფონზე, საქართველოს ეძლევა შანსი აამოქმედოს მიწასთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოებრივი ჩვევა, ტრადიციული ცოდნა, შემოქმედებითად გაამდიდროს იგი თანამედროვე ტექნოლოგიებით, დახვეწოს მენეჯმენტი, აითვისოს მარკეტინგის ინსტრუმენტები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს რაოდენობრივად მოკრძალებული, მაგრამ უნიკალური და საკმაოდ ძვირადღირებული ნიშა. ამისი ნათელი მაგალითია ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინო, რომელის სწრაფად მზარდი პოპულარობა ევროპასა და ამერიკაში მაღალი ხარისხით, ბიოლოგიური უსაფრთხოებით, უნიკალური თვისებებით, ამავე დროს, სწორი მენეჯმენტითა და თანამედროვე მარკეტინგით არის განპირობებული. თანამედროვე ბიზნესისა და ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო ტრადიციების შერწყმა იკითხება სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის ივანიშვილისეულ ხედვაში. მის მიერ დაარსებულ თანამდროვე სანერგე მეურნეობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურულ მცენარეთა ჯიშურ სისუფთავეს, გლეხებისა და ფერმერებისათვის ნერგების უფასოდ დარიგების სახით ამოქმედებულია აბორიგენული, სუფთა ჯიშების ფართოდ გავრცელებისა და დანერგვის მექანიზმი, ხოლო კვალიფიციური სპეციალისტების კადრების უზრუნვესაყოფად ჩაფიქრებულია უმაღლესი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნა. რა არის ეს თუ არა დროის შესატყვისი შემოქმედებითი კონსერვატიზმი?
ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებებს ის მოჰყვა, რომ ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ხერხით ცდილობს თვალში მოხვდეს მას, მის გარემოცვაში შეაღწიოს, კეთილგანწყობა მოიპოვოს და ბევრის თვალში ეს მხოლოდ იმით ნაკარნახევი არ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ახდენის საქმეში უნდათ მონაწილეობა.
- თითოული ადამიანი საბოლოოდ პასუხს აგებს საკუთარი უკვდავი სულის წინაშე. მედროვეების არმიები ყოველთვის უპირისპირდებიან, ან გარკვეული დროით ემლიქვნელებიან პრინციპების ერთგულ ინდივიდებს, რადგან სინამდვილეში ანგარიშს მხოლოდ ძალას უწევენ. ივანიშვილის მხარეს დღეს არის ძალა, რადგან სიმართლე მის მხარესაა. მაგრამ მორალური და ფინანსური ძალმოსილების გარდა მას საკმარისი სიბრძნეც გააჩნია, რათა გულწრფელობა პირმოთნეობისაგან გაარჩიოს. მე ვფიქრობ, ის მზადაა მოუსმინოს ყველას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხორბალი და სარეველა ერთმანეთში არ აერევა.
საზოგადოების ნაწილი აცხადებს, - ბიძინა ივანიშვილს ყველაფერში ვენდობი, მისი იმედი მაქვს და სადაც წაგვიყვანს გავყვებიო. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ესეც პრობლემაა? - ასე ბრმად გაეკიდა ხალხი ყველა ხელისუფლებას, რომელსაც 95%-ით ირჩევდა და მერე რევოლუციას უწყობდა.
უფრო ჯანსაღი როგორი პოზიცია იქნება?
- გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისათვის. პოლიტიკური მოთამაშის საკრალიზაცია, გარკვეულ დრომდე მისი სრულიად უკრიტიკო გაღმერთება პიროვნული და მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობის გამოვლინება, პარაზიტიზმისაკენ მკაფიოდ გამოხატული მიდრეკილების მაჩვენებელი და აზროვნების სერიოზული დეფექტი მგონია. შესაძლოა, სწორედ ეს გარემოება აფიქრებინებს ივანიშვილს, რომ მომავალ პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას მიიღებს. არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს. ეს სერიოზული ხიფათი შეიძლება გახდეს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ბატონი ბიძინასთვისაც, არანაკლებ სერიოზული ვიდრე სნაიპერის ტყვია, რაზედაც მან ისაუბრა ია ანთაძესთან ინტერვიუში.
ზოგი პარალელებს ავლებს ივანიშვილსა და პატარკაციშვილს შორის. რა ქმედებებს ელით ხელისუფლებისგან, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა უკვე შეუჩერა.
- სახელისუფლებო კრიმინალურ დაჯგუფებასთან ომში პატარკაციშვილს არ დარჩა სერიოზული მოკავშირე არც საქართველოში, არც დასავლეთში და არც რუსეთში. რუსეთის ხელმძღვანელობა მაშინ უმართავ ოლიგარქებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით იყო დაკავებული, თეთრი სახლის ადმინისტრაცია კი ღიად და უპირობოდ უჭერდა მხარს სააკაშვილს. ივანიშვილის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, ამას მოწმობს თუნდაც თვრამეტი ქვეყნის დიპკორპუსის ერთობლივი ვიზიტი მის რეზიდენციაში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თანაშემწის განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი მხარს უჭერენ თამაშის წესებს და არა კონკრეტულ მოთამაშეებს და, რომ საქართველოს დღევანდელი ადმინისტრაცია უნდა მოემზადოს ხელისუფლების დემოკრატიულად და სრულად (ხაზს ვუსვამ, სრულად!) გადაცემისათვის ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.
რობერტ სტურუამ facebook-ში ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს მიაწერა - მოკლავენ. ეს ჩვენი ერის ხასიათის ლუსტრაციაა თუ ხელისუფლების ბუნების?
- ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ბიძინა ივანიშვილის მოკვლა სახელისუფლებო კრიმინალიტეტის გარდა არავის აწყობს საქართველოში. მე ვხედავ გამოცოცხლებულ, იმედით ანთებულ ადამიანებს სოფლად და ქალაქად, ტრანსპორტში, საჯარო დაწესებულებებში, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, ეკლესიებში და სახელოვნებო წრეებში, ახალგაზდობაში. მაგრამ ამ ჩლუნგი და უწიგნური ჯალათებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
რამდენად შესაძლებელია დღევანდელ საქართველოში „ქართული ოცნების“ ახდენა, რაც ივანიშვილმა თავის წერილებში ასახა?
- თუ არ ვცდები, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, რომ ახალგაზრდები გულწრფელად და ხმამაღლა აცხადებენ, რომ აქვთ ოცნება და ეს ოცნება მკვეთრად განსხვავდება არსებული სინამდვილისაგან. თუკი ახალგაზდობას აქვს ოცნება და იცის რა უნდა, მაშინ მას ენერგიაც და სიმტკიცეც ეყოფა, რომ ეს ოცნება რეალობად აქციოს. ეს სრულიად ახალი ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და თუნდაც მხოლოდ ამისთვის - დიდი მადლობა ბატონ ბიძინას.