საგაზაფხულო ხვნის პროცესი უკვე ბოლნისის რაიონის 47 სოფელში მიმდინარეობს

საგაზაფხულო ხვნის პროცესი უკვე ბოლნისის რაიონის 47 სოფელში მიმდინარეობს

საგაზაფხულო ხვნის პროცესი უკვე ბოლნისის რაიონის 47 სოფელში მიმდინარეობს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დღეს უწყების წარმომადგენლებმა, სოფლის რწმუნებულთან და ფერმერებთან ერთად დაათვალიერეს და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად კოორდინირებულად ვმუშაობთ დამატებითი სიების დაზუსტებაზეც. პიროვნებები, რომლებიც კარდაკარის პრინციპით მიწის მესაკუთრეთა აღწერის დროს ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო არ იმყოფებოდნენ ადგილზე, ან შეცდომით მოხდა მონაცემების შეყვანა, თავიდან გადამოწმდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სიები დაზუსტდება, უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი და მოსახლეობა ბარათებს მიიღებს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ხუცაიძემ.

საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, აგროვადების გათვალისწინებით, სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებიდან დაიწყო. რეგიონში 70 ათასი ბენეფიციარისთვის 24 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდება. კერძოდ, ბოლნისის რაიონში, პროგრამის ფარგლებში, სუ ლ 16 262 ბენეფიციარი ისარგებლებს და 3100 ჰა მიწის ფართობი დამუშავდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "მექანიზატორის" გარდა, ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში მიწის სამუშაოებს USAID-ის მიერ დაფინანსებული კომპანია "DV პლუსის", ასევე ამხანაგობების და ინდმეწარმეების 11 ტრაქტორი აწარმოებს.

"პირველ ეტაპზე მხოლოდ კომბინირებული ბარათები დარიგდება, მეორე ეტაპზე კი ნომინალური ბარათები. ნომინალური სასოფლო-სამურნეო ბარათით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა იქნება შესაძლებელი, ხოლო კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათით ნაკვეთის ხვნისა და გაფხვიერების სამუშაოების შესრულება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომბინირებული ბარათების გაცემა 11 თებერვლიდან დაიწყო. ჯამში მთავრობა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს", - აღნიშნავენ უწყებაში.