ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ რუსი პოლიტოლოგები ვალერია ნოვოდვორსკაია და კონსტანტინე ბარავოი გულგრილი ვერ დატოვა. ისინი ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლას აუცილებლობად მიიჩნევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პუტინიზაციას უწინასწარმეტყველებენ.
ამ ორი ექსპერტის შეფასება მით უფრო საინტერესოა, რომ ისინი აქამდე სააკაშვილის მომხრეებად ითვლებოდნენ. ნოვოდვორსკაია უფრო შორს მიდიოდა და საქართველოს პრეზიდენტზე იმდენად იყო შეყვარებული, რომ რეალობასაც ღალატობდა. მისი წარმოსახვით, მიხეილ სააკაშვილს მერვე და მეცხრე საოცრების მოხდენა შეეძლო. თუმცა ნოვოდვორსკაიამ აღარ იცოდა, როგორ დაეცვა თავისი ფავორიტი პუტინისგან. ამიტომაც სააკაშვილის უსაფრთხოებას მერაბიშვილს ანდობდა: „ვიმედოვნებ, ბატონი ვანო მიხეილ სააკაშვილს ისეთ თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლებას არ მისცემს, რომელიც რუსეთში იქნება დამზადებული“.
ბარავოის კი საქართველოში განხორციელებული ძალოვანი უწყებების რეფორმები რუსეთისთვის სამაგალითოდ მიაჩნდა. თუ აქამდე ეს რუსი პოლიტოლოგები სააკაშვილის მომხრეები იყვნენ, ახლა, როგორც ჩანს, სააკაშვილის პერიოდმა მათთვის ჩაიარა. ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურებისა და ხელისუფლების არაადექვატურობის შესახებ Presage.tv რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
ვალერია ნოვოდვორსკაია და კონსტანტინე ბარავოი ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლას აუცილებლობად მიიჩნევენ.მათ ასეთ პოზიციას რით ახსნით?
- არ ვიცი, ახლა არ დავიწყებ მკითხაობას. ეტყობა, ამოუვიდათ ყველას ეს სააკაშვილი ყელში.
მათ შორის, ნოვოდვორსკაიასაც, რომლის ფავორიტადაც ითვლებოდა სააკაშვილი?
- ეტყობა, მასაც ამოუვიდა, სხვანაირად როგორ ავხსნა მისი შეფასება?! საერთოდ, რუსი ექსპერტების შეფასებები ნაკლებად მაინტერესებს.
ბოლო დროს ოპოზიციას ბრძოლის ტაქტიკა აღარ ჰქონდა. თითქმის არაფერი ამართლებდა - არც აქციები, არც შეკრებები, არც სხვა გზები. ივანიშვილმა შეიძლება ითქვას, სულზე მოუსწრო ოპოზიციას, რომელიც უკვე დეგრადირების გზაზე იყო, ახლა როგორ ელით პროცესების განვითარებას?
- საკითხის ასეთნაირად დაყენება არ მესმის. ის, რომ ოპოზიციის რეიტინგი დაბალი იყო და იყო ცუდად, ეს ქვეყნისთვის იყო ცუდი. ოპოზიცია შეცდომებს კი უშვებდა, მაგრამ ამაზე ახლა არ არის ლაპარაკი. ეს იყო არა იმიტომ, რომ ოპოზიცია თავისთავად ცუდი იყო, არამედ მთავარი მიზეზი გახლდათ ხელისუფლების პოლიტიკა. როდესაც სახელმწიფო მთელი თავისი რესურსებით, მთელი თავისი ფინანსური საშუალებით გებრძვის, როდესაც ნაციონალური მასშტაბის მედიაში არ გიშვებს, როდესაც სასამართლო პროცესზე მოგების საშუალებას არ გაძლევს, ახლა აქ, ოპოზიციაში ვინმე რომ მოიყვანო, სულ ბისმარკი და ტალეირანი რომ იყოს, მაინც ვერ მოიგებს. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და დროული იყო, რომელმაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.
წინასწარ თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა არ უნდა გააკეთოს მან ისეთი, რითაც მისი პოლიტიკაში მოსავლა გაუმართლებელი იქნება? მას ხშირად ახსნებენ პატარკაციშვილის შეცდომებს, რომელიც არ უნდა განმეორდეს.
- აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცებია, პიროვნებებიც მხოლოდ იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ შესაძლებლობები ორივეს დიდი აქვს. სხვა მხრივ, ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟია. პოლიტიკური სიტუაციაც ისეთია... როდესაც პატარკაციშვილმა პოლიტიკაში მოსვლაზე პრეტენზია განაცხადა, მაშინ აქ ძლიერი ოპოზიციური სპექტრი არსებობდა და ის იყო წამყვანი ძალა. ივანიშვილის შემოსვლისას კი, პრაქტიკულად, ცარიელი მოედანი იყო.
ხელისუფლების ამჟამინდელ პოზას როგორ შეაფასებთ?
- ხელისუფლება ზუსტად იმავე ნაბიჯებს დგამს, რასაც დგამდა ადრე. მაგრამ ადრე, რამდენადაც საპირწონე იყვნენ სხვები, ეს ნაბიჯები გასდიოდა. ახლა ხელისუფლება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.
ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, სად არის ის ინტელიგენცია, რომელმაც ხმა უნდა აღიმაღლოს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით? რატომ პასიურობენ ისინი?
- ყველამ თვითონ იცის თავისი ამბავი.
მაგრამ მათი ასეთი პოზიცია მოქალაქეობრივია?
- არ ვიცი, სიტყვა „ინტელიგენცია“ არ მიყვარს საერთოდ. ვფიქრობ, ყველა ადამიანი თავის გადაწყვეტილებას თავად იღებს.