არგენტინის მოქმედი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი (Cristina Elisabet Fernández de Kirchner) მეორე ვადით იქნა პოსტზე არჩეული. ჩატარებული არჩევნების შედეგად მან 53%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო.
მან თავის უშუალო კონკურენტი, სანტა-ფეს გუბერნატორი, სოციალისტი ჰერმეს ბინერა (Hermes Juan Binner) დიდი განსხვევებით ჩამოიტოვა, ბინერას ამომრჩეველთა მხოლოდ 17%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილზე რიკარდო ალფონსინი (Ricardo Alfonsín) გავიდა, ცენტრისტული ”რადიკალური სამოქალაქო კავშირი”-დან. ქრგენტინის ექს-პრეზიდენტმა ედუარდო დუალდემ (Eduardo Alberto Duhalde) მხოლოდ 4% მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და მან 76% შეადგინა. ელექტორატის საერთო რაოდენობა თითქმის 30 მილიონს აღწევს. დამკვირვებელთა შეფასებით არჩევნებმა განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა. კანდიდატს გამარჯვებისათვის უნდა მიეღო ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 45%, ან 40%-ის მიღების შემთხვევაში გამარჯვებულს 10%-ზე მეტით უნდა ეჯობნა მეორე ადგილოსანისათვის
კრისტინა კირხნერი (მოძრაობა ”ფრონტი გამარჯვებისათვის”) ქვეყნის მეთაური 2007 წლის 10 დეკემბრიდან არის. მან ამ პოსტზე თავისი მეუღლე, აწ გარდაცვლილი ნესტორ კირხნერი შეცვალა. იგი არგენტინის ისტორიაში მეორე ქალი-პრეზიდენტია.
ქალბატონი კირხნერი 1953 წლის 19 თებერვალს ბუენოს-აირესისს პროვინციის ქალაქ ლა-პლატაში დაიბადა. 1973 წელს იგი ლა-პლატას ეროვნული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ხდება, თუმცა მალე, მას შემდეგ რაც პოლიტიკით დაინტერესდა, იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდა. 1974 წლის ოქტომბერში თავისი მომავალი მეუღლე, ნესტორ კირხნერი გაიცნო, რომელთანაც მომდევნო წლის 8 მაისს იქორწინა, შემდგომში მათ ორი შვილი შეეძინათ. სწორედ მომავალი მეუღლესთან, რომელიც იმ დროს რადიკალური მემარცხენე ახალგაზრდული მოძრაობის წევრი იყო, ნაცნობობა გახდა ახალგაზრდა ქალბატონის პოლიტიკით დაინტერესების მიზეზი.
მისი პოლიტიკური კურსის მთავარი კრედოა ”მონახოს ოქროს შუალედი სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის”. რამდენად გამოსდის მას ამ ”ოქროს შუალედის” პოვნა, ძნელი სათქმელია, თუმცა მისი განვლილი პრეზიდენტობა უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მისი პრეზიდენტობის პირველი ციკლის პერიოდში მცირეშემოსავლიანი ოჯახების სუბსიდირება ორჯერ გაიზარდა, რაც ქვეყნის ბიუჯეტის 12%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში საშუალო ანაზღაურება ყოველწლიურად თითქმის 25%-ით იზრდებოდა.