ერთი კვირის შემდეგ გარემოვაჭრეებზე “ნადირობის სეზონი” გაიხსნება

ერთი კვირის შემდეგ გარემოვაჭრეებზე “ნადირობის სეზონი” გაიხსნება



ნოემბრიდან გარემოვაჭრეებს ახალი შემართებით დაერევიან. მათ წინააღდეგ ამხედრებულ სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებს ზურგს ახალი კანონი გაუმაგრებთ. ოპოზიცია თვლის, რომ ამ ადამიანებს ლუკმა-პურის შოვნის საშუალებაც ჩამოერთმევათ და შიმშილით სიკვდილი დაემუქრებათ. 

კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა და “გარემოვაჭრეთა ლიგის” წარმომადგენლებმა პარლამენტის მიერ გარევაჭრობის შესახებ მიღებული კანონს პერმანენტულად აპროტესტებენ. როგორც ჩხარტიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონი, რომლის თანახმადაც პოლიციისა და მერიის წარმომადგენლებს გარემოვაჭრეების გასამართლების, დაჯარიმებისა და საქონლის ჩამორთმევის უფლება ენიჭებათ, ძალაში არ უნდა შევიდეს.

“აღნიშნული კანონით, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის ვადაში ამოქმედდება, ადამიანებს ლუკმა-პურის შოვნის საშუალებაც ჩამოერთმევათ და შიმშილით სიკვდილი დაემუქრებათ. ამ კანონის მიღება კი იმიტომ მოხდა, რომ გარემოვაჭრეები თავიანთი საქმიანობით მაღალჩინოსანთა - კეზერაშვილის, გეგენავას და ა.შ. ბიზნესებს კონკურენციას უწევენ. ჩვენი მოთხოვნაა გარემოვაჭრეობისთვის ისეთი კანონის შემუშავება, რომელიც ქალაქისთვისაც იქნება მისაღები”, - განაცხადა კონსერვატიული პარტიის წევრმა.

ჩხარტიშვილის თქმით, მისი ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც გარემოვაჭრეობის რეგულირების ცივილიზებული ფორმების დადგენას გულისხმობდა, პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში იქნა შეტანილი, თუმცა ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

“აღნიშნული კანონპროექტი ჩემი დასწრების გარეშე პარლამენტში კომიტეტმა განიხილა, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ პროექტის განხილვა საკრებულოს პრეროგატივა იყო. ამ უკანმასკნალმა კი კანონპროექტი, რომელსაც 3003-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა ახლდა, მხოლოდ კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და საკრებულოს დღის წესრიგში არ შეიტანეს”, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა დედაქალაქში გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახლებური რეგულაცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა. კოდექსს ახალი მუხლი დაემატა თბილისში უნებართვოდ გარევაჭრობასთან დაკავშირებით. კერძოდ, თბილისის ტერიტორიაზე უნებართვოდ გარე ვაჭრობა ფიზიკური პირის და იურიდიული პირის 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იგივე ქმედებისთვის, თუ სამართალდამრღვევის იდენტიფიკაცია ვერ ხდება ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ექნება ადგილი, 50 ლარით დაჯარიმებას ან შვიდ დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა 100 ლარით დაჯარიმდება. 
 
სამივე შემთხვევაში გარემოვაჭრეს ვაჭრობის საგანს ჩამოართმევენ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრესთან მიმართებაში არ იქნება ჯარიმა გამოწერილი და მას მხოლოდ სიტყვიერ შენიშვნას მისცემენ, ამ შემთხვევაშიც გარემოვაჭრეებს ვაჭრობის საგანს ჩამოართმევენ. გარემოვაჭრისთვის ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესს თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო დაადგენს.  

ოპოზიციონერთა აზრით, კანონში ბარბაროსული ცვლილებები შედის, რომელსაც ხელისუფლება არასასურველი ადამიანების დისკრიმინაციისათვის ეფექტურ ინსტრუმენტად გამოიყენებს.

“კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილებით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობად ის გარემოება იქნება მიჩნეული, როცა გარემოვაჭრე მას პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ვერ წარუდგენს. ეს იმის საფუძველი გახდება, რომ პოლიციის თანამშრომელმა შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმი დაწეროს, გარემოვაჭრეს ადმინისტრაციული წესით დაუმორჩილებლობაში დასდოს ბრალი და საქმე განსახილველად სასამართლოში გადაგზავნოს.

აღნიშნული მუხლი კი როგორც ფულად სანქციას, ისე 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ყოვლად წარმოუდგენელი დისკრიმინაციული მიდგომაა, რადგან გარემოვაჭრეს კონკრეტული მომენტისათვის, შესაძლოა, პირადობის მოწმობა თან მართლაც არ ჰქონდეს”, - აღნიშნავს დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.