მესტიის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა თუ გადააყენეს?!

მესტიის გამგებელი თანამდებობიდან გადადგა თუ გადააყენეს?!

[ნანა ფაჟავა, მესტია]

მესტიის გამგებლის, გოჩა ჭელიძის თანამდებობიდან გადადგომისა თუ გადაყენების შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გავრცელდა, თუმცა ფაქტის დადასტურებას ადგილობრივ ხელისუფლებაში ყველა ერიდება. ამის თაობაზე საუბარი არც ჭელიძეს სურს. სატელეფონო საუბარში იგი მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

 

ბატონო გოჩა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მართლა დაწერეთ?

-აბა, რა გითხრათ, იმდენი ცილისწამება და ჭორი იყო იყო ჩემი მისამართით რომ... თან ოჯახი თბილისში იყო, მე სვანეთში...…არ გამოვიდა...

 

მესტია დატოვეთ უკვე? …

- დიახ, უკვე თბილისში ვარ.

 

თქვენ ცოტა ხნის წინ მეორედ აგირჩიეს მესტიის გამგებლად, სვანეთში მთავრობასთან ერთად დიდი პროექტებიცწამოიწყეთ, იქაურობა ინვესტორებით გაავსეთდა ახლა მიხვდით, რომ ოჯახიდან შორს ყოფნა ხელისშემშლელი ფაქტორი გახდებოდა?

- რა გინდათ ახლა იწერთ არა ამ ყველაფერს?..

 

განცხადება დაგიკმაყოფილეს?

- როცა ყველაფერი გაირკვევა, მაშინ შეიტყობთ, ჯერ ნაადრევია...

 

ის მაინც მითხარით გაგათავისუფლეს თუ საკუთარი სურვილით გადადეგით? ან რა გახდა ამის მიზეზი, უთანხმოება ხომ არ გქონიათ ხელისუფლებასთან?

- უთანხმოება და კონფლიქტი არავისთან მქონია, გასაგებად გითხარით...

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა გათავისუფლებისა და დაპატიმრებების შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ “საქმე” თუ მესტიიდან დაიწყებოდა, არავინ ელოდა. ყოველშემთხვევაში, ხელისუფლებას ასეთი “კანდიდატები” ბარშიც ბლომად ჰყავს.

 

ერთ-ერთი ვერსიით პირველ სამიზნედ რეგიონის გუბერნატორი ზაზა გოროზია მიიჩნეოდა, რომლის მიმართ ეჭვები საზოგადოებაში მას შემდეგ გამყარდა, რაც მან დიდი მცდელობების მიუხედავად შრომის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრის სავარძელი ვერ მოირგო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოცნების ასრულებაში გოროზიას ხელი სწორედ “სვანურმა საქმემ” შეუშალა, რომელიც საოლქო პროკურორს, როლანდ ახალაიას თურმე მაგიდაზე უდევს.

 

“პრესა.გე”-ს ინფორმაციით, სქელტანიან საქმეში ყველა ის დანაშაულებრივი  ფაქტი ფიგურირებს, რომელიც მესტიის რეაბილიტაციის პროცესს, გზების მშენებლობასა და მიწების გასხვისების საკითხს უკავშირდება. ამავე საქმეში, როგორც ამბობენ, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ კვიციანიც “საპატიო ადგილს” იკავებს.

 

გახდება თუ არა გოროზია-ჭელიძე-კვიციანის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ერთ-ერთი მთავარი 3 მაისის ცნობილი “სპეცოპერაციის” საქმე, გასცემს თუ არა განკარგულებას როლანდ ახალაია მათი დაკავების შესახებ, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

 

მანამდე კი სვანეთი ნელი ნავერიანისა და მისი ნათესავების განაჩენის მოლოდინშია, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღემდე ჭიანურდება...