მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. უკვე ცნობილია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას ბოიკოტს უცხადებს რადიკალური ოპოზიცია, რომელთა მტკიცებით, მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს. თუმცა, ეს არის დეზინფორმაცია, რომელსაც რადიკალები მიზანმიმართულად ავრცელებენ. კანონმდებლობის მიხედვით სიების ჩახსნა ოპოზიციას დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლია. შესაბამისად, მათ უფლებამოსილებას პარლამენტი ორშაბათს ოფიციალურად ცნობს.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სიები ჩახსნეს, რადიკალები საპარლამენტო ცხოვრების დასაწყებად ემზადებიან. მაგალითად გიორგი გახარიას პარტია მანდატებზე უარს არ ამბობს, მაგრამ მხარდამჭერებს მიმართვს, რომ 25 ნოემბერს შეუერთდნენ საპროტესტო აქციას და ასევე მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, რომ არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგივე ოპოზიცია უარს ამბობდა საპარლამენტო ცხოვრებაზე. მეტიც, მაშინ თითქმის ყველამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე წერილით მიმართეს პარლამენტს. თუმცა, მალევე რიგ-რიგობით ითხოვდნენ უფლებამოსილების აღდგენას და მეტიც, გაცდენილი თვეების ხელფასების ჩარიცხვაც მოითხოვეს. 4 წლის შემდეგ ისტორია მეორდება.
პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას აპირებს და არც განცხადებების დაწერას გეგმავს. აქვე შალვა პაპუაშვილი ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა სურთ, პარლამენტს 26 ნოემბერს მიმართონ.
„ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში აპირებს შემოსვლას, ეს განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ეტყობა მათ განცხადებებს. ამ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ. ოპოზიციას აქვს ორი გზა - ან უნდა „დაინგრნენ, ან უნდა დამცირდნენ“ და ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, არის მათი მფარველებისგან მითითება და წამში დაივიწყებენ თავის პოზიციებს. ჩვენი ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ ღირსება. როცა ადამიანი დადგება ღალატის და სხვისი ინტერესების გატარების გზაზე, იქ პირველი, რაც უნდა დათმო, ეს არის ღირსება. ჯაშუშობა, აგენტობა და სხვისი სამსახური ღირსებით არ ხდება. ამიტომ, როცა ღირსება არ გაქვს, მერე იქ უკვე ყველაფერზე წამსვლელი არის ადამიანი. ჩვენ ვნახეთ ეს 2020 წელს, როცა ამბობდნენ რომ „პუფი“ არის ადამიანი, ვინც შევა და მერე ყველა შემოვიდა კიდევაც, ახლაც ზუსტად ამას ვნახავთ. ერთადერთი მათ რაც სჭირდებათ არის მათი მფარველებისგან მითითება, ერთ წამში დაივიწყებენ თავის პოზიციებს, გამონათქვამებს და შემოვა ყველა პარლამენტში. შემოვლენ მათ შორის იმიტომ, რომ ჰქონდეთ ის სიკეთეები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრული ვადის ფარგლებში, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს, დროებითი მოწმობები უკვე დაუმზადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის თქმა. მისი თქმით, თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში.
„ოპოზიცია დაიწყებს სისულელეების კეთებას. შექმნიან დერეფნებს, იყვირებენ-იწივლებენ, შესაძლოა, პარლამენტშიც შევიდნენ და პროვოკაცია მოაწყონ. 24-25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, რაღაცებს გააკეთებენ. მოქალაქეებს დეჟავუ აქვთ 2020 წელთან დაკავშირებით, მაშინ მუხტი გაცილებით მეტი იყო, ოდნავ რეალურს, 2%-ს შეიძლება დაუჯეროს ადამიანმა თეორიულად. ახლა რომ გვეუბნებიან 10-15-20% გაყალბდაო, ხალხი იმდენად არ იჯერებს, რომ მუხტი დაიწია. 2020 წელს სხვა მუხტი ჰქონდათ, ახლა მათ მომხრეებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი აღქმა არ არის. ისინი ერთგვარად პატრონებს თავს მოაწონებენ რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ეს არგუმენტი გამოადგებათ პარლამენტის წევრობაზე უარის არ თქმაში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
რადიკალები 25 ნოემბერს პარლამენტის სხდომის ჩაშლისთვის ემზადებიან. მხარდამჭერებს მოუწოდებენ შეიკრიბონ პარლამენტის შენობის წინ და „ქართული ოცნების“ წევრებს არ მისცენ შესაძლებლობა შევიდნენ პარლამენტში. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები კვირას გვიან ღამით იწყებენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ იქნება სხდომის ჩაშლის მცდელობა და იმიტომ აიღეს პაუზა მელიქიშვილის ქუჩის წარუმატებლობის შემდეგ, რომ რესურსები და ადამიანური მასა მოამზადონ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოიყვანონ პარლამენტის წინ 25 ნოემბერს.
„ვფიქრობ, თუ ეს ყველაფერი იმ სცენარით წავიდა, რა სცენარიც ადრე ყოფილა განხორციელებული, აგრესიული და რადიკალური მეთოდებით, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ისინი ვერ მოიპოვებენ. საზოგადოება მათი რადიკალიზმით დაიღალა. ვერ ხედავენ ოპოზიციის რიგებში ძლიერ ქარიზმატულ და სანდო ლიდერებს და ამას, სხვათა შორის, აღნიშნავენ ოპოზიციის მომხრე ექსპერტებიც კი. მათაც კი დაინახეს, რომ ხალხის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი ოპოზიციის გადაწყვეტილებების არაპოპულარულობა გახლავთ.
თუ სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან, როგორც ადრე სწორად მართავენ პროცესებს, ეს ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ადრე. ანუ, დეპუტატები შევლენ პარლამენტში, გაიხსნება სხდომა. რაც შეეხება სიების ჩახსნას, მათი მომხრე ექსპერტების შეფასება იყო, რომ ეს არის აბსოლუტურად კანონის და კონსტიტუციის მიღმა და ემსახურებოდა სპექტაკლის დადგმას. შესაბამისად, ვერანაირი ეფექტი ამ სიების ჩახსნას ვერ ექნება. ანუ, ეს თემა ფაქტობრივად, დახურულია“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ნაწილი შევა პარლამენტში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული აქვთ გადახდილი და არშესვლით გამოდის, რომ მათი ეს ფული წყალში გადაყრილი აღმოჩნდება.
„რა თქმა უნდა, იქნება შიგნით დებატები, საქმის გარჩევები, რომ ფული გადავიხადე და რატომ უნდა დავრჩე ქუჩაში? არავითარი ინტერესი ამის არ აქვთ. პირიქით უნდათ, რომ პარლამენტში მოხვდნენ და საპარლამენტო ცხოვრებით დატკბნენ. ასე, რომ არც ასე მარტივად არის საქმე შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. რა შეეხება მეორე თემას, რომ საერთაშორისო დონორებს, დასავლურ საელჩოებს საქართველოში სურთ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში უნდათ ის ძალები, რომლებიც მათ მიაჩნიათ ევროპულად და მათთვის მისაღებად, ბოლო პერიოდში ისინი ამას არც მალავდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ დიპლომატიური წესებისა და ეტიკეტის დარღვევითაც კი, რომ როგორმე უზრუნველეყოთ მათთვის მაქსიმალური დახმარება.
ეუთო-ოდირის დასკვნის შედეგად თუ მოუწიათ მათ, რომ „ქართული ოცნება“ აღიარონ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძირგამომთხრელ საქმიანობას ხელისუფლების პოზიციების შესასუსტებლად ისინი ერთი წუთითაც კი არ შეამცირებენ. ისევ გაგრძელდება ენჯეოების და იმ ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებიც დღეს დგანან ოპოზიციური აქციების ავანგარდში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და ისევ გაგრძელდება ხელისუფლებაზე სხვადასხვა სახის წნეხი, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე ამბობს, რომ ოპოზიციას სხდომის ჩაშლის იურიდიული ბერკეტი არ აქვს, მათ სხდომის ჩაშლა მხოლოდ ფიზიკური ძალისხმევით და ხულიგნობით შეუძლიათ, რაც განუხორციელებელი განზრახვაა. მისი თქმით, 25 ნოემბერს პარლამენტი შეიკრიბება, რა თქმა უნდა, პარლამენტის გარეთ ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი იქნება, რომელიც პარლამენტის მუშაობის შეფერხებას ვერ შეძლებს.
„პარლამენტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად დამტკიცდება, ლეგიტიმაცია მიენიჭება და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. სიების ჩახსნის ოპერაცია, ამომრჩევლის მოტყუების მორიგი მცდელობაა, ოპოზიციას ჰყავს იურისტთა გუნდი, რომლებმაც კარგად იციან, რომ ამ ეტაპზე განცხადების დაწერა იურდიული ძალის არმქონე აქტია, რომლის ერთადერთ მიზანს პიარული სვლა წარმოადგენდა. დიდი ალბათობით, ოპოზიციის ნაწილს უახლოესი თვეების განმავლობაში პარლამენტში ვიხილავთ, ნაკლებ მოსალოდნელია ახალი განცხადება დაწერონ, რომელიც სიების რეალურ ჩახსნას გამოიწვევს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძე.
2020 წელს ხომ იზახდით, არ შევალთო; რატომ შეხვედით?
თქვენზე აყოლილმა პ/ალიანსმაც რომ დაწერა არშესვლაზე და მათ რომ დაუკმაყოფილეს, სად იყო სოლიდარობა, უკანონო პარლამენტში რატომ შეხვედით?
ანნ ახლა რომ იძახით ყველა თუ არ დარჩა, არშესვლას რა აზრი აქვსო (ხაზარაძე) რა აზრი აქვსო??? უარს თუ სიყალბის გამო ეუბნებით პარლამენტს, სხვას რას უყურებთ, თუ იდეაა, მარტო ერთიც რომ დარჩე, არ უნდა შეხვიდე!!!
იქნებ ფულს ელოდებით ბიძინასგან? :))