„მოსახლეობის 80%-ს ევროპაში უნდა, მაგრამ არ სჯერათ, რომ ეს ოპოზიცია მათ ევროპამდე მიიყვანს“

„მოსახლეობის 80%-ს ევროპაში უნდა, მაგრამ არ სჯერათ, რომ ეს ოპოზიცია მათ ევროპამდე მიიყვანს“

ქუჩაში, ზევით-ქვევით რამდენიმედღიანი ხეტიალით, თხოვნა-მუდარით, ბულინგით, შეურაცხყოფით, დამუნათებით და მოწოდებებით ქანცგაწყვეტილებმა, საბოლოო ჯამში, აქცია დაშალეს. ოპოზიციის ლიდერები რამდენიმე ათეულ აქტივისტთან ერთად იძულებული გახდნენ, რომ სახლში წასულიყვნენ, ხალხს კი დაჰპირდნენ, რომ „რაღაცა ახალს“ მოიფიქრებენ და ამის თაობაზე 21 ნოემბერს შეატყობინებენ. 

ოპოზიციის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებს 20 ნოემბერს, დაახლოებით დილის 8 საათისთვის გააცნო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ:

„რაღაცნაირად უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებულია მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით“, - თქვა მან.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ სტრატეგია შეცვალა და მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვას ხელს არ უშლის, რაც უკვე „შინაარსსაა მოკლებული“ და არაფერს შეცვლის. ამიტომ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს აქცია დაიშალოს, მონაწილეებმა დაისვენონ და დღის განმავლობაში შეიმუშაონ ახალი გეგმა, სავარაუდოდ, ხვალისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯოდმარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიცია რაღაცა ახლის მოფიქრებაზე მსჯელობს.

„ვიმსჯელეთ პროტესტის გაგრძელების საკითხზე, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციის შენარჩუნება იმაზე, თუ როგორ ვგეგმავთ მომავალში საპროტესტო აქციებს, იქნება ეს წერტილოვანი აქციები, ქუჩის გადაკეტვა, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი, აქცია თბილისში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში - აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან საინტერესო მსჯელობა. მე არ ვიცი, კოლეგებმა თუ გამოაცხადეს რაიმე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, არის კონკრეტული კონტურები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი პროტესტი“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმას, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტში შევიდნენ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, აქციების სათავეში ისეთი ლიდერები მოექცნენ, რომლებსაც საზოგადოება არ გაჰყვება.

„იდიოტიზმს, რომელიც ახლა მოწყობილი აქვთ, იმ უიმედობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, რასაკვირველია, სჯობს, დროზე შევიდნენ. მინიმუმ, ქუჩებში არ შეაწუხებენ მოსახლეობას. ეს - მინიმუმ. უბრალოდ, ყველას უნდა სახის შენარჩუნება. რუსებთან როგორ დავსხდებით, აქედან პუტინს როგორ ვებრძოლოთ, ეს ცოტახნით დასტრიალებთ თავში, ეს ნათქვამი აქვთ თვითონ, ამით შეაშინეს ხალხი, ამით მიიღეს ხმები, მაგრამ ყველას ესმის, რომ აქციების სათავეში ისეთი ხალხი აღმოჩნდა, რომელსაც ქუჩაში არავინ გაჰყვება. შეიძლება, პირობითად, მიიღო 800 000 ხმა და 800 კაცი ვერ შეაგროვო ქუჩაში?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას ხალხის რაოდენობა არ ჰყოფნის, შესაბამისად, იძულებულია, რომ ის ხალხი, რომელიც რეგულარულად მათ აქციებზე დადის, დაასვენოს. ერთდროულად ერთიდაიგივე ადამიანი მუდმივად გზის გადაკეტვას, თანაც ღამენათევი ვერ შეძლებს. ასევე, მამრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაც არ აძლევს იმის საბაბს, რომ აქციები დაარბიოს ძალის გადამეტებით და მათ ნერვებზე, ნებისყოფაზე აქეთ თამაშობს. ამიტომაც იძულებულია ოპოზიცია ტაქტიკა შეცვალოს, თუმცა არც ეს აქვთ მოფიქრებული როგორ.

„ჩვენ გვახსოვს გაზაფხულზე ახალგაზრდების აქციები და ბევრი მათგანი მართლა საკუთარი სურვილით იყო გასული, რომელსაც დააჯერეს, რომ ეს კანონი „რუსული“ იყო და ქვეყანას დაანგრევდა. ახლა კი, როცა ეს პროცესები ჩაცხრა, ბავშვებმაც ბევრი რამ გააანალიზეს. ამიტომაც არის, რომ სტუდენტებს აბულინგებენ, ლანძღავენ და ისინი ოპოზიციის გვერდით აღარ დგებიან. აპრილში და მაისში რომ თვითნაკადად გამოვიდნენ ახალგაზრდები, ამ ტალღას მოაჯდა ოპოზიცია. ამიტომ იკვეხნიდნენ და ეგონათ, რომ მათ დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ.

კი ბატონო, მათ მხარი დაუჭირა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მაგრამ ისინი ბოლომდე არ მიჰყვებიან მათ ქუჩაში. ამის კი ორი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ ქვეყანაში არ არის ის სიტუაცია, რომ ხალხი რეპრესიებში ცხოვრობდეს, შევიწროვებული იყოს, როგორც სააკაშვილის დროს ხდებოდა და ერთ დაძახილზე იხუვლონ და გარეთ გამოვარდნენ. მეორეც ბოლომდე არავის სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს ოპოზიცია მართლა ხელისუფლებაში მოვიდოდა, იმიტომ რომ ხალხს მათი ხელისუფლებაში ისევ ხილვა არ უნდა. ბევრი მათგანი უკვე ნანახი ჰყავს და მათ არ ენდობა ბოლომდე. მათ ხმა მისცა ხალხმა, რომლებიც მართლა გაბრაზებულები არიან „ოცნებაზე“, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი ხელისუფლებაში ხილვა სურდათ. სად არის ის ხალხი, რომლებმაც მათ დედაქალაქში მხარი დაუჭირა? არ არის, არ გამოდიან. პირიქით, ქუჩაში გამოსულებს ეჩხუბებიან, რომ ნუ გვიქმნით პრობლემებსო“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი მხარადჭერა ოპოზიციამ ვაკეში აიღო, თუმცა უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვის გამო ყველაზე უკმაყოფილოები ვაკელები იყვნენ. ისინი ცივად ჩაუვლიდნენ გვერდით ოპოზიციის მიტინგს და არც კი ჩერდებოდნენ. ოპოზიციამ ეს კარგად იცის, მაგრამ ისევ ტყუილს აგრძელებს.

„მეორე ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც ახლა ოპოზიციას აქვს, ლიდერის არყოლაა. ეს ყველაფრისგან დაცლილი, ბუტაფორია პოლიტიკოსები, რომელთაც არც მორალი აქვთ, არც ღირებულებები და იდეა, ხალხს არ უნდა. სააკაშვილს ბევრი რამ შეიძლება შეცდომა აქვს ჩადენილი, მაგრამ მას ჰქონდა ის ქარიზმა, რომელიც არც ერთ ამ ლიდერს არ გააჩნია. ამიტომ მიიმხრო ხალხი და მისი ყოველი გამოსვლა და სიტყვა ხალხისთვის ძალის მიმცემი იყო. იგივე ქარიზმა აქვს ივანიშვილს, რომელსაც ხალხი უფრო ენდობა, ვიდრე ერთად აღებულ მთელ ამ ოპოზიციას. ეს მან ამ ომის დროს კიდევ უფრო დაამტკიცა, როცა ქვეყანა ამხელა საფრთხისგან იხსნა, რაც რეალურად არსებობდა. ახლა ავიღოთ ეს ხალხი, რომლებიც მატყუარები არიან. ზუსტად იგივეს საუბრობდნენ 2020 წელს და ბოლოს ერთმანეთს ასწრებდნენ პარალმენტში შესვლას. ამ ხალხს არ აქვს იდეა, ისინი ფულის გულისთვის საკუთარ სინდისს ყიდიან. ეს ქნა ელისაშვილმა, რომელმაც ხაზარაძეს ჯერ აგინა, მერე კი აქეთ ხელგადახვეული იდგა. ამას ხედავს ხალხი. მათი ყველა სიტყვა და მოქმედება ახსოვთ. ავიღოთ გვარამია, რა არ აკადრა ხალხს, რა არ ეძახა. რა არ თქვა პრეზიდენტზე, მაგრამ ახლა ყველაზე დიდი ლიდერი ის გამოჰყავს. ასევე, იციან მისი სააკაშვილის რეჟიმის ყოფნის დროს თანამდებობებზე რასაც კადრულობდა. მელია, ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ბოკუჩავა, დოლიძე და სხვები, ესენი ხომ საერთოდ სერიოზულად ხალხში არც აღიქმებიან ლიდერებად. ხაზარაძეს კი ყველა თაღლითად იცნობს და მას არ ენდობიან. ამიტომაც ხალხს არ სჯერა, რომ ეს ლიდერები ევროპის გზაზე გაიყვანს. კი არის მოსახლეობის 80% პროევროპული და ევროპაში უნდათ, მაგრამ არ სჯერათ, რომ ეს ოპოზიცია მიიყვანს ევროპამდე. აი, ეს მიზეზებია, რის გამოც მათთვის ხმის მიმცემ დედაქალაქში ხალხი არ გამოდის“,-ამბობს მამარაძე.