ჯოზეფ ბორელის მისია, ანუ დაიჭერს თუ არა ევროკავშირი შავ კატას ბნელ ოთახში?

ჯოზეფ ბორელის მისია, ანუ დაიჭერს თუ არა ევროკავშირი შავ კატას ბნელ ოთახში?

ევროკავშირი არჩევნების შემსწავლელ მისიას გამოგზავნის საქართველოში, რაც დამოუკიდებელი ქვეყნის საქმეებში ჩარევის უპრეცედენტო შემთხვევაა. მაშინ, როცა არჩევნების გაყალბების დიდოსტატ ნაცებს არავინ უმოწმებდა კეთილსინდისიერებას, ქართული ოცნების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს გადამოწმებას უპირებენ.

სწორედ ამ ინიციატივას ახმოვანებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, რომელიც ქართველი რადიკალების სამსახურშია. ის ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლის გამო, ამდენად, სიტუაცია ადგილზე საჭიროებს შემოწმებას, გააანალიზებას და ევროკავშირის ტექნიკური მისიის გამოგზავნას.

ბორელის თქმით, ეს იქნება პოლიტიკური მისია, რომელიც გულმოდგინედ გამოიკვლევს მომხდარს. ასევე, ბორელი აპირებს ბრიუსელში მიიწვიოს და გამოჰკითხოს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ გადაწყდება სანქციის დაწესების, თუ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი.

როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებიან უნგრეთი და სლოვაკეთი, ეჭვს გამოთქვამენ ბულგარეთი და იტალია, რაც შეეხება გერმანიას, ის წინააღმდეგია, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

რამდენად ნორმალურია საქართველოში ჩატარებული არჩევნების რევიზირებაზე საუბარი ჟოზეფ ბორელის მხრიდან, რომელმაც საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი 100 მილიონზე მეტი ევრო იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისკენ გადაამისამართა, რომლებიც ქვეყნის აყირავებით არიან დაკავებულნი?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ოზეფ ბორელის მორიგი შეურაცხმყოფელი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, რადგან არ შეიძლება არც ბრიუსელი და არც სხვა დედაქალაქი კარნახობდეს სუვერენულ საქართველოს, როგორი შემადგენლობის უნდა იყოს მისი პარლამენტი და როგორი კანონები უნდა მიიღოს. ამას წყვეტს ქართველი ელექტორატი. სხვა საგამოძიებო თუ ტექნიკური კომისიების ჩამოსვლა სისულელეა, ფარსია და არ განიხილება სერიოზულად არც მმართველი პარტიის, არც მისი მხარდამჭერების და არც ფართო საზოგადოების მიერ, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი. გია აბაშიძის მოსაზრებით, შეურაცხმყოფელია სხვის ოჯახს უკარნახო, როგორ უნდა იდგეს ოთახში ავეჯი, ან როგორ უნდა გააკეთონ სამზარეულოში სადილი.

კი ბატონო, ჩამოვიდნენ, შეხვდნენ ნაცოპოზიციას, მათ ე.წ. არასამთავრობოებს და ე.წ. ჟურნალისტებს და მიიღონ გადაწყვეტილება. რაც შეეხება სანქციებს, ამის მცდელობა 18 ნოემბერს იყო ბრიუსელში და, თუ არ ვცდები, ხუთმა ქვეყანამ დაბლოკა, რამდენიმემ კი თავი შეიკავა. შესაბამისად, ევრობლოკში არის განხეთქილება საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით და ეს კარგია, იმიტომ რომ ყველა არ არის ევროკრატი და ისინი პატივს სცემენ სუვერენული საქართველოს ხალხის არჩევანს. არანაირი დიქტატი და არანაირი ვასალიზაცია ამ ქვეყანაში არ იქნება. გამოაგზავნონ ეს კომისიები კვირაში ერთხელ, თუ კვირაში ორჯერ, 25 ნოემბერს ლეგიტიმური პარლამენტი მაინც შედგება, - აცხადებს გია აბაშიძე.

პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან არჩევნების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლა საქართველოში გამართლებული არ არის, ვინაიდან არჩევნები არ გაყალბებულა.

მე თვითონაც მოქალაქე ვარ, რომელმაც მივიღე არჩევნებში მონაწილეობა და სულაც არ დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რაიმე გაყალბდა. იყო ძალიან კონსტრუქციული, მშვიდი გარემო, კომისიის წევრები ეხმარებოდნენ არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს. ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები იშვიათადაა დამახასიათებელი თვით განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც კი. ამიტომ ასეთი კრიტიკული განწყობები და სუვერენტეტის კვლავ შელახვა დაუშვებელია. ბოლო დროს ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ეროვნული ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, რომელიც ხალხის რჩეული ნამდვილად არ არის, მაშინ თურმე არჩევნები ეჭვქვეშ არ დადგებოდა, ხოლო ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, არჩევნები ეჭვქვეშ დადგა დასავლეთის მხრიდან, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ ჩვენ, ყველანი, ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ვიცით, რა რეიტინგით ხასიათდება და როგორი პოზიციები უჭირავს საქართველოში ოპოზიციას. ისიც ვიცით, რომ არ არიან ისინი ხალხში პოპულარულნი. ასეთი დამოუკიდებულება ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოს მოსახლეობაში დასავლეთის სასარგებლო პოზიციისა და განწყობების შეარჩუნებას. პირიქით, ეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტები ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების ღირებულებებსა და განწყობებზე დასავლეთის მიმართ.

ევროკავშირის ტექნიკური მისიის გამოგზავნას გაუგებარს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი. რას ემსახურება ამ ხალხის ჩამოსვლა? ისევ შემოუძახონ ხალხს, რომ დადგნენ ოპოზიციის მხარეს, რაც მათთვის ერთგვარი ბოლო ცდაა?

ეკა სეფაშვილის აზრით, რა უნდა შეისწავლოს ევროკავშირის მისიამ, როცა უკვე არსებობს ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული როგორც შუალედური, ისე არჩევნების შემდგომი დასკვნა. აღნიშნული ორგანიზაცია კი ყველაზე პრესტიჟულად ითვლება არჩევნების შეფასების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით.

ადგილზე უნდა გაეცნონ ვითარებას? რა ვითარებას უნდა გაეცნონ? არჩევნები დასრულებულია, წინასაარჩევნო გარემო აღარაა. გაყალბებული დოკუმენტაცია კი ბუნებაში არ არსებობს... ჩამოვლენ ევროპელები, გაისეირნებენ, გამოისეირნებენ და უკან წავლენ. ცოტა ხნის წინ ასეთი 8 ევროპელი დესანტი ვიხილეთ, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.