ის რუსი პოლიტოლოგები, რომლებიც აქამდე სააკაშვილის აქტიურ მხარდამჭერებად ითვლებოდნენ, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლას აუცილებლობად მიიჩნევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საქართველოს იმ გზით წასვლას უწინასწარმეტყველებენ, რომლითაც, მათი თქმით, „რუსეთი წაიყვანა ვლადიმერ პუტინმა“.
ამ თემაზე რუსი ექსპერტები ვალერია ნოვოდვორსკაია და კონსტანტინე ბარავოი ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საუბრობენ.
კონსტანტინე ბარავოი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი „კრემლის დასმული არ არის“. იგი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე რეაქციასაც განიხილავს და დასძენს: „საქართველოში ამბობენ, რომ ის არაწესიერად მდიდარია, ოლიგარქები ხელისუფლების მიტაცებას ცდილობენ, ახალი ხალხი არ სჭირდებათ“.
„ჩვენ სააკაშვილის მომხრეები ვართ, მხარს ვუჭერთ და ამ რევოლუციის შედგები მოგვწონს. რაც მოხდა, საქართველოსთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ეს პერიოდი გადის. თუ იქ ლიბერალიზაციადა კონკურენცია არ იქნება, ეს იქნება, უბრალოდ, სხვა გზა იმისკენ, რაც გააკეთა პუტინმა რუსეთში“, - აცხადებს ბარავოი.
იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ მეწარმეები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და პოლიტიკაში მათი მონაწილეობა სასარგებლოა.
„ისინი რეალურად დამოუკიდებელი ადამიანები არიან. ასეთი ადამიანები, თუ საქართველოს მტრების დასმულები არ არიან, პოლიტიკაში და არჩევნებში უნდა დაუშვან. მოსაზრება, რომ მდიდრები პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდნენ, ჩემთვის შოკია. არ ველოდი, რომ ქართველები მეწარმის წინააღმდეგი იქნებოდნენ”, -აღნიშნავს ბარავოი.
ვალერია ნოვოდვორსკაია კი მიიჩნევს, რომ ”სიმდიდრის სიძულვილი აბსოლუტურად საბჭოთა სტერეოტიპია”.
”გასაგებია, რომ 70 წლის განმავლობაში ამას გასწავლიდნენ, მაგრამ უნდა მიეჩვიოთ, პატივი სცეთ ადამიანებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და გადასახადებს იხდიან. თუ ამის გაკეთება თავად არ შეგიძლიათ, მით უფრო უნდა სცემდეთ პატივს ასეთ ადამიანებს”, - აღნიშნავს ნოვოდვორსკაია.
კონსტანტინე ბარავოი კი აქვე დასძენს, რომ ივანიშვილი იმ ადამიანებს განეკუთვნება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნა და გადასახადების გადახდა შეუძლიათ.
“ის ყველაზე პატივცემული ადამიანი უნდა იყოს. ძალიან ცუდია, რომ დღეს სოციალისტური განწყობები დომინირებს, მეტიც - ეს ძალიან სახიფათოა. გზა, რომლითაც შეიძლება, საქართველო წავიდეს და, რომელსაც არ ვუსურვებთ, ეს ის გზაა, რომლითაც რუსეთი წავიდა. გახსოვდეთ ეს და არ დაუშვათ,” - აცხადებს ბარავოი.
საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანები სააკაშვილის აქტიური მხარდაჭერით გამოირჩევიან და მათი ეს პოზიცია ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მთავარი კითხვა ის არის, თუ მათ რატომ შეიცვალეს პოზიცია და რატომ აღმოაჩინეს მაინცდამაინც ახლა, რომ სააკაშვილი პუტინის გზის გამეორებას აპირებს.
საინტერესო ის არის, რომ ამ თემაზე ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს საუბარი არ სურს. არადა, ამ ადამიანებს ბარავოის და ნოვოდვორსკაიას ნათქვამებზე კომენტარის გაკეთება აქამდე არასოდეს არ დაზარებიათ.
რუსი პოლიტოლოგების მოსაზრება კი იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, თუ მათი პოზიცია რას ემყარება და მათ მიერ ამ თემებზე ღიად საუბარი ხომ არ არის იმის მაჩვენებელი, რომ სააკაშვილის გემი მართლაც იძირება.
პოლიტოლოგთა უმეტესობა მათ პოზიციას სწორედ ამ არგუმენტით ხსნის.
“ქალბატონი ნოვოდვორსკაია რომ ძნელად პროგნოზირებადი ადამიანია, ეს ორი ათეული წელია, ცნობილია. საინტერესოა თავად ივანიშვილის მიმართ გამოთქმული სიმპათიების საფუძველი. ცნობილია, რომ ნოვოდვორსკაია გახლავთ მერაბიშვილის ფანი და სწორედ მას წინასწარმეტყველებს იგი საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად. როგორც ჩანს, ივანივშილის მიმართვაში მერაბიშვილისადმი გამოჩენილ გარკვეული ლოიალობა მან სწორად ვერ გაიგო და ამიტომ აკეთებს ასეთ დასკვნას.
ბარავოი კი უკვე იმ მდგომარეობაშია, როდესაც გრძნობს სახელისუფლებლო ცვლილებების რეალობას და ცდილობს აქედანვე შეინარჩუნოს კეთილი დამოკიდებულება საქართველოს შესაძლო ხელისუფლებასთან განურჩევლად მათი გვარებისა და სახელებისა,” - მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
საინტერესო კი ის არის, რომ იგი მათ პოზიციას ზოგადად დასავლური სამყაროს პოზიციად მიიჩნევს.
“დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი ყურში ჩურჩულით არაფერს ეუბნება ნოვოდვორსკაიას და მისთვის საკმარისია, რომ გაეცნოს დასავლეთის პრესას და შეადაროს შეფასებები სააკაშვილის და მისი შესაძლო კონკურენტების შესახებ და გაანალიზოს ვითარება, თავადაც მიხვდება, რა ხდება.
მე კარგად მახსოვს1978 წელს როგორ ჩამოართვეს მოქალაქეობა რასტრაპოვიჩს და როგორი აჟიოტაჟი იყო იმდროინდელ დისიდენტურ წრეებში. შესაბამისად ეს ემახსოვრება ნოვადვორსკაიასაც და, შესაბამისად, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა როდესაც ხდება პოლიტიკური ნიშნით, ეს, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ თავისი სიმპათიები შეცვალოს ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ.
მინდა, გითხრათ, რომ თქვენს მიერ დასახელებული პირი არ გახლავთ გამონაკლისი იმ რუს კოლეგებს შორის, რომლებიცჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყვნენ ქართული ხელისუფლების ძალიან პოზიტიური მატარებლების შემფასებლები. ნახევარი წელი თუ მეტი არა, ფასეულობის გადაფასების ეტაპია სააკაშვილის მხარდამჭერთა ბანაკშიც,” - აცხადებს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ რუსი პოლიტოლოგების შეფასება დასავლური სამყაროს მომხრეების შეფასებად შეიძლება ჩაითვალოს.
“რასაკვირველია, ეს დასავლური სამყაროს მომხრეების შეფასებად შეიძლება ჩაითვალოს იმიტომ, რომ ეს, სხვა სიტყვებით გამოთქმული, იგივე პოზიციაა, რაც ბასმა გაახმოვანა, როდესაც ის ამბობს, რომ თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს ყველა კონკურენტს. რუსები კი უკვე კონკრეტულ პირზე ამბობენ, რომ მისი პირობები და მისი პოლიტიკური უფლებები არ უნდა შეიზღუდოს. თორემ ეს ერთი და იგივე პოზიციაა ამერიკის ელჩის და რუსი დისიდენტების,” - აცხადებს საყვარელიძე.
ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბარავოის შეფასებას.
“ისინი მაინცდამაინც არა სააკაშვილის, არამედ დემოკრატიის მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. მათ აქვთ ასეთი პოზიცია, რომ რუსეთში ავტორიტარიზმი დამყარდა და საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში არის დემოკრატიის მაგალითი. გარკვეულწილად ეს განპირობებულია ისეთი კლიშეებითაც, რომ რადგან პოლიტბიუროს ყოფილი წევრი შევარდნაძე დამარცხდა, დემოკრატია დამყარდა. დაახლოებით ასეთი ლოგიკით აქვს თავისი პოზიცია გადმოცემული, მაგალითად, ნოვოდვორსკაიას, რომელიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიასაც უჭერდა მხარს იმიტომ, რომ გამსახურდია იყო კომუნისტებთან ბრძოლის სიმბოლო და ა.შ.
ახლა, როდესაც ამ ორიენტაციის ხალხმა ნახა, რომ დემოკრატიას შეიძლება არ შეესაბამებოდეს ნაბიჯი, რომელიც იდგემება და მათ კარგად იციან ივანიშვილის ფულის წარმოშობაც და ხელისუფლებასთან მისი მიმართებაც. რუსმა ბიზნესმენებმა ხომ კარგად იციან, ვინ არის ხელისუფლების მიერ წარმოქმნილი მილიარდების პატრონი და ვინ არა.
ამ მხრივ ბარავოის ნათქვამი იდეალური რამ გახლავთ, რომ რუსული ბიზნეს სივრციდან წამოსული შეფასება იმის გარანტიაა, რომ ივანიშვილი არც კრემლის მილიარდელებს ეკუთვნის და არც ქურდობით გამდიდრებულს.
როგორც ჩანს, იციან მათ ივანიშვილის ფულის წარმომავლობა და მათ დაიცვეს, ერთის მხრივ, ივანიშვილი და მეორეს მხრივ დემოკრატია და მგონი, ენანებათ, რომ მათი იდეოლოგიის ერთ-ერთი დასაყრდენი, სადაც შეიძლება არსებობდეს დემოკრატია, შეიძლება აღმოჩნდეს დარტყმის ქვეშ და შეიძლება მივიღოთ პუტინის მაგვარი პოლიტიკაო. ეს პოზიცია კი მე ძალიან მრავლისმთქმელად და საგულისხმოდ მეჩვენება,” - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.