კაცობრიობასავით ძველია შეგონება, რომ ძალაუფლება რყვნის, აქედან გამომდინარე კი, აბსოლუტურად რყვნის აბსოლუტური ძალაუფლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალაუფლება, მათ შორის (თუ უპირველესი არა) - ფულია, დღევანდელი ლეგალური მილიარდერები, აშკარაა, აბსოლუტურად გარყვნის საშიშროების წინაშე დგანან (თუ ეს მათთვის საშიშროებაა). ჟურნალმა „ფორბსმა“ ამა წლის მარტშივე გამოაქვეყნა 2011 წლის მსოფლიო მილიარდერთა სია, რომელსაც აგერ უკვე მეორე წელია, მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმ ელუ მეთაურობს (მას ბოლო მონაცემებით, 74 მილიარდი აშშ დოლარის აქტივები აქვს, სხვათა შორის, ბოლო ერთ წელიწადში მან თავისი ქონება 20 მილიარდით გაამდიდრა). მეორე ადგილზეა ბილ გეითსი (56 მილიარდი აშშ დოლარის პატრონი). მესამე ადგილი, ასევე, ამერიკელი უორენ ბაფეტისაა (50 მილიარდი აშშ დოლარი). ეს სამეული 2006 წლიდან მყარად იკავებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ტოპ-სამეულს. ბილ გეითსის მეორე ადგილი კი პირდაპირ უკავშირდება მის ქველმოქმედებას: ის ამ საქმიანობაზე მილიარდებს ხარჯავს, რა თქმა უნდა, საკუთარი ფონდის მეშვეობით, თუმცა ქველმოქმედება არც ერთი მილიარდერისთვის არ არის უცხო ხილი. მეტიც - ბილ გეითსმა უკვე მოუწოდა კოლეგა მილიარდერებს, რომ მათ თავიანთი ქონების ნახევარი უპირობოდ მოახმარონ ქველმოქმედებას. ცნობისთვის: ბილ გეითსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ფლობდა 1996 წლიდან 2007-მდე, ასევე, 2009 წელსაც. ის, ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხებით, რეკორდსმენია (26 მილიარდი აშშ დოლარი).
ასეა თუ ისე, დღევანდელი მონაცემებით, დედამიწაზე 1 210 მილიარდერი ცხოვრობს (55 ქვეყნიდან). მათგან 413 ამერიკელია, 115 – ჩინეთიდან, 101 კი რუსეთიდანაა. მილიარდერების კაპიტალი, საერთო ჯამში, 4,5 ტრილიონი აშშ დოლარია, ხოლო ამ 1 210-ში ბიძინა ივანიშვილი 185-ეა (თავისი 5,5-მილიარდით). მილიარდერთა რეიტინგი სულ პირველად 1918 წელს ჩატარდა. იმ დროს აშშ-ში მილიარდის 30 პატრონი ცხოვრობდა და ამ სიას ჯონ როკფელერი თავკაცობდა (რომელიც დღემდე რჩება მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად, მისი რეკორდი ჯერჯერობით ვერავინ მოხსნა). გარდაცვალების მომენტში როკფელერის ქონება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ინფლაციის გათვალისწინებით, 2007 წლის კურსით, როკფელერის ქონება 318 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება. საგულისხმოა, რომ სწორედ მსოფლიოს პირველი მილიარდერი იყო პირველი ფილანტროპიც. შესაბამისად, როკფელერის საქველმოქმედო ანგარიშზეა როკფელერის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც თანხას არ იშურებდა სამედიცინო კვლევებისა და განათლების დაფინანსებაზე. მანვე დააარსა ჩიკაგოსა და როკფელერის სახელობის უნივერსიტეტები. იმავდროულად, მორწმუნე ბაპტისტი იყო და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შემოსავლების 10-პროცენტს ბაპტისტურ ეკლესიას სწირავდა (1905 წელს ამ 10-მა პროცენტმა 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა). ჯონ როკფელერი არ სვამდა, არ ეწეოდა და პროპაგანდას უწევდა ცხოვრების ჯანსაღ წესს. მის ანგარიშზეა ნიუ-იორკში გაეროს შენობის მშენებლობაც.
რატომ უჩნდებათ მილიარდერებს ქველმოქმედების სურვილი?
სტატისტიკიდანვე ჩანს, რომ მილიარდერების განსახლების უმთავრესი არეალი დიდი ქვეყნებია და სწორედ ერთ-ერთ პირველ მილიარდერს ეკუთვნის სიტყვები - არაფერი მკითხოთ პირველ მილიონზეო. ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ეს დათქმა სავსებით ბუნებრივად მიაჩნია: „პირველი მილიონერები არიან ადამიანები, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ შეიძლება იყო მილიონერი. მანამდე საზოგადოება ფეოდალურ რეჟიმში არსებობდა, ფული სირცხვილი იყო და უცბად გაჩნდნენ ადამიანები, რომელთა სპეციალობაც ფულის მოპოვება იყო. როგორც ნებისმიერ პროფესიაში გადადის მეორე პლანზე სხვა მიდრეკილებები, ფულის კეთების პროფესიაც გულისხმობს, რომ ადამიანი ფულის კეთებაზე იყოს კონცენტრირებული და სხვა დანარჩენი ღირებულებები გვერდზე იწევს. ამიტომაც გვხვდება პირველ მილიარდერებთან კრიმინალი, ავანტიურა და მსგავსი ქმედებები“.
თუმცა, ფაქტია ისიც, რომ სწორედ პლანეტის პირველივე მილიარდერი იქცა ქველმოქმედად. როგორც აღმოჩნდა, ქველმოქმედებას, გარდა ბიზნესმხარისა (საგადასახადო შეღავათები, რაც მდიდრებს ქველმოქმედებისკენ სარფიანობის მოტივით უბიძგებს), ფსიქოლოგიური მხარეც აქვს და, თავდაპირველად, ქველმოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო გაჩენილა. ყოველ შემთხვევაში, რამაზ საყვარელიძის აზრით, ქველმოქმედება მდიდარ ადამიანს სიკეთის შემოქმედად ქცევის საშუალებას აძლევს. „მხოლოდ ფული აზრს კარგავს და, ალბათ, გასაგებია, რომ ადამიანს მოუნდა, შექმნას არა მარტო ფული და ფულადი ღირებულება, რომ „აი, მე ვღირვარ ამდენი და ამდენი მილიარდი“, არამედ სხვა ღირებულებაც დამატოს თავის მეს - „მე ვარ ადამიანი, რომლის მადლიერებიც არიან სხვა ადამიანებიც“. მართალია, ალტრუიზმი ნიშნავს სხვისთვის სიკეთის კეთებას, მაგრამ იქვე აღმოჩნდება, რომ სხვისთვის სიკეთეს ვაკეთებ იმიტომ, რომ მე ვიყო კმაყოფილი. ასე რომ, მორალური ეგოიზმი გამოდის. მინდა, რომ ჩემივე თვალში ვიყო უკეთესი. მინდა, მესიამოვნოს საკუთარი თავი სარკეში. ალბათ, ეს არის სტიმული ქველმოქმედებისთვისაც. მილიარდერებიც იხედებიან სარკეში და მათაც უნდათ, რომ ამ დროს საკუთარი თავი მოეწონოთ,“ – განმარტავს ფსიქოლოგი, ოღონდ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ „პაჩკა-პაჩკა დოლარების“ პატრონებში ხელმომჭირნეებიც გამოერევიან ხოლმე.
მილიარდერთა კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ისინი არ მიდიან პოლიტიკაში, თუმცა, თუ „ფორბსის“ სიას გადავხედავთ, აშკარაა, რომ პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა დიდი ნაწილი უბრალოდ მონოპოლისტია. მონოპოლისტი კი, ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე ვერ გახდები. რამაზ საყვარელიძის აზრით, დიდი ბიზნესი ხელისუფლებას ზემოდან დაჰყურებს, ამიტომაც მილიარდერები ხელისუფლების როლში არა უბრალოდ უფრო კომფორტულად და საიმედოდ კი არ გრძნობენ თავს, არამედ ეს აზრს უკარგავს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილსაც.
ქველმოქმედების ქართული ბუნება
ქართული ქველმოქმედების პირველი გამოვლინება, ალბათ, მაინც საადგილმამულე ბანკია, როდესაც ქართველმა თავად-აზნაურობამ, ზოგმა - ნებით, ზოგმაც - დაძალებით (იმდროინდელი „თერგდალეულების“ მხრიდან), რუსეთის იმპერატორის მიერ ბატონყმობს გაუქმების საკომპენსაციოდ მიღებული თანხის ნაწილი საკუთარი ჯიბეებიდან ამოიღო და საკუთარ თანამემამულეებს მოახმარა: მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ჩიხში მხოლოდ საკუთარი ფუქსავატობის გამო მოექცნენ. ვიდრე ოცდამეერთე საუკუნემდე მხოლოდ რამდენიმე მდიდარი ქართველია ცნობილი, რომელთა სახელებიც ქველმოქმედებას უკავშირდება. რა არის ქართული ქველმოქმედების ბუნება და რით განსხვავდება ის ზოგადად არსებული სტერეოტიპისგან? ამ კითხვამ აქტუალობა, განსაკუთრებით, „ფორბსის“ 2011 წლის სიაში 185-ე ადგილზე მყოფი ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში კულისებიდან სცენაზე გადმონაცვლების შემდეგ შეიძინა.
დიდი ფული და სიყვარული
რამაზ საყვარელიძე: „ამ თემაზე ფიქრისთვის გვაქვს ის კომფორტი, რომ შეგვიძლია, ცოცხალ მაგალითსაც დავაკვირდეთ. ბიძინა ივანიშვილი 15 წლის განმავლობაში ჩუმად აკეთებდა რაღაცეებს ჭორვილიდან დაწყებული და სამებით დამთავრებული. თან ივანიშვილს, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, შეუძლია, იცხოვროს პარიზში, მაგრამ ის ცხოვრობს ჭორვილაში. ესე იგი, უყვარს ის ჭორვილა. აქ გადამწყვეტია სიყვარული და არა სხვა დამატებითი მოტივები, რომ ვიღაცა მადლიერი თვალით შემოგხედავს. ამ ქველმომქედების თემაში ივანიშვილის ბიოგრაფია ასეთია: ის აკეთებს სიკეთეს და თან ამ სიკეთეში ცხოვრება უნდა. ესე იგი, სიკეთეს აკეთებ იმისთვის, რაც გიყვარს. არის ვარიანტები, როდესაც, მაგალითად, სიკეთეს უკეთებ ავადმყოფს, მაგრამ მასთან ჩახუტება არ გინდა. აქ, პირიქით, აშკარაა ქველმოქმედება სიყვარულის საფუძველზე. ეს ქველმოქმედება, ამ მხრივ, უკვე ქველმოქმედებაც აღარ არის, რადგან ზრუნავ მათზე, ვინც გიყვარს.
ესე იგი, ქართული პრეცედენტი განსხვავებულია ზოგადი სტერეოტიპისგან?
– ვერ ვიტყოდი, ისევე, როგორც ვერ ვიტყოდი, რომ ივანიშვილის მოვლენა ტიპურია ქართული სინამდვილისთვის.
ივანიშვილის შემთხვევაში როგორ მუშაობს ფორმულა: მილიარდერები არ მოდიან ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ისედაც არიან ხელისუფლების ხელისუფლება?
– სწორედ ისაა მოტივი, რომ შეიძლება, აღმოაჩინა, რომ არ არის ხელისუფლების ხელისუფლება. თუ მის გაკეთებულ განცხადებებში ყურადღებას მივაქცევთ ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ვნახავთ, რომ ის იყო ხელისუფლების ხელისუფლება, რაღაცეებს კარნახობდა, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ მისი კარნახი აღარ ჭრის. ეს უკვე ნიშნავს, რომ ის აღარ არის ხელისუფლების ხელისუფლება, ანუ გამოდის, რომ ხელისუფლება მას იყენებს და პატივს აღარ სცემს.
მსოფლიოს 1 200 ადამიანს შორის 185-ე ადგილი უფრო აზარტული საქმე არ არის, მით უმეტეს, როდესაც გაქვს წინსვლის პოტენციალი, ვიდრე ამ მცირე ზომის და ძალიან სუსტი ქვეყნის, თუნდაც, პირველი პირობა? პრაგმატულად ვამბობ, თორემ ძალიან მენანება, ასეთ ჭრილში რომ მიწევს ჩემი ქვეყნის შეფასება.
– მაგრამ ჭორვილას სიყვარულს რას ვუშვებით?!
სიყვარული ცუდი მრჩევეელია.
– რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანმა აიკრიფოს გუდა-ნაბადი, მსოფლიოს ეკონომიკურ თუ ნებისმიერ სხვა ტიპის სივრცეეებში ინავარდოს და ამით დაიკმაყოფილოს თავისი ამბიციები, პატივმოყვარეობა თუ თავმოყვარეობა, მაგრამ, თუ ჭორვილა გიყვარს, რა შორსაც უნდა წახვიდე, ჭორვილას ვერ დაივიწყებ. ჭორვილას სიმბოლურად ვამბობ: რა შორსაც უნდა წახვიდე, მოგინდება, რომ ააშენო სამების ტაძარი, ოპერის თეატრს მყარი საფუძველი შეუქმნა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ღირებულება საქართველოს გარეთ ნულოვანია, მისი ფასი საქართველოშია მაქსიმალური. ესე იგი, ადამიანს, თუ საქართველო გიყვარს, გინდა, რომ ხელი შეუწყო. არც ჩვენ ვართ განებივრებული ამ ტიპის ქველმოქმედებით და არც მსოფლიო პრაქტიკა, რადგან სიყვარულზე დაფუძნებული ქველმოქმედება უფრო იშვიათია. მართალია, არც ერთი სახეობის ქველმოქმედება არ არის ცუდი, მაგრამ უფრო ტიპურია ისეთი ქველმოქმედება, რომელიც ქველმოქმედის ავტოპორტრეტის შტრიხების შესაქმნელადაა გაკეთებული.
ხელისუფლების ფლანგი სთავაზობს ბიძინა ივანიშვილს, დარჩეს ჩრდილში მდგომ ქველმოქმედად, როგორც აქამდე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასკვნიან, რომ ამ 15-წლიან ქველმოქმედებას ანგარებითი საფუძველი ჰქონიაო?
– თუ ქველმოქმედება ფულის ხარჯვაა, პოლიტიკაც ხომ დროის, ენერგიისა და ძალისხმევის ხარჯვაა?! ეს არის ხარჯი, რომელიც ივანიშვილს არ სჭირდება. ვიცით, რომ ბიზნესმენები სხვა მოტივებით შემოდიან პოლიტიკაში. ივანიშვილი კი, ჩემი აზრით, პოლიტიკაში შემოსვლით მორიგ ქველმოქმედებას აკეთებს. ის ამ ქველმოქმედებაში არ დებს ფულს, მაგრამ დებს ენერგიას და, შესაძლოა, სიცოცხლესაც.
იმ დროს და ენერგიას, რომელიც მას დამატებითი მილიარდების შოვნაში დაეხმარებოდა?
– და - გაცილებით უსაფრთხო პირობებში. ამიტომ, ჩემთვის მისი ეს ნაბიჯი ისევ და ისევ ქველმოქმედებაა, ოღონდ ეს - პირდაპირი მნიშვნელობით, ქველმოქმედებისგან განსხვავებით, საფრთხეს შეიცავს. მეტიც - შეგიძლია, დახმარება უბრალოდ გასცე და ამისთვის არ გჭირდება სისტემის აგება. მაშინ, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლით შევიდა იმ რთულ სიტუაციაში, როდესაც ქველმოქმედების ამ მოტივით ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა უნდა ააწყოს, რომელიც დააპურებს მოსახლეობას. მარტივი ქველმოქმედებაა, როდესაც უბრალოდ სიკეთეს აკეთებ, არ ითხოვს ძალისხმევას, ეს ქველმოქმედება კი ინტელექტუალურ ხარჯსაც მოითხოვს. უნდა მოიფიქრო, როგორ გააკეთო. აი, მოახერხებს თუ არა ამას, არ ვიცი.