ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი Presage.tv- სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოება მკითხაობის რეჟიმში არ იყოს და ბიზნესმენის მიმართ კერპთაყვანისმცემლური დამოკიდებულება გამოირიცხოს.
დიპლომატების სტუმრობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ხელისუფლების მიმართ ერთგვარი გაფრთხილება ხომ არ იყო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ასე უგუნურად დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს?
- ამასთან დაკავშირებით არაერთი აზრის გამოთქმა შეგვიძლია. სხვა ელჩების კომენტარი არ მომისმენია, მაგრამ ამერიკის ელჩმა განმარტა, რომ დიპლომატების მისვლა ივანიშვილთან, ეს იყო მათი მხრიდან გამოთქმული ინტერესი, გაეგოთ ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია, მოესმინათ მისი პოზიცია საქართველოს გამოწვევების შესახებ, რას გეგმავს, როგორ გეგმავს. მთავარია არა ის, დიპლომატიური მისია დაუჭერს თუ არა მხარს ივანიშვილს, არამედ თვითონ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი დაუჭერს თუ არა მას მხარს. მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მაქსიმლურად გამჭვირვალე იყოს.
ამ ეტაპზე შეგიძლიათ გვითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთისთვისაც და ვაშინგტონისთვისაც თანაბრად მისაღები კანდიდატურა აღმოჩნდება? ვაშინგტონისა და რუსეთის უმაღლეს ეშლონებში არ ეცოდინებოდათ ამ ბიზნესმენის, როგორც საქართველოს ხელისუფლების სამომავლო სახის შესახებ?
- არ შემიძლია ამის თქმა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არაფერი ყოფილა იმის მაუწყებელი, იყო თუ არა ეს კანდიდატურა მათთვის მისაღები. დიპლომატიური მისიისა და ცივილიზებული ქვეყნებისთვის, თანამეგობრობისთვის, რომელიც საქართველოს დემოკრატიზაციას, როგორც ღირებულებას მხარს უჭერს, ცალსახად, ვინმეს მხარდაჭერა მთავარი არ არის. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიზაციის პროცესს საქართველოში. ამიტომ, ყველა სუბიექტი, რომელიც ამ პროცესში გამოჩნდება, მათთვის საინტერესო იქნება. მათ შორის, რა თქმა უნდა, ივანიშვილიც. ამიტომ მასთან მისვლა, გასაუბრება პერსონალურად არის არა მისი მხარდაჭერა, არამედ დემოკრატიზაციიას პროცესის მხარდაჭერა.
მისი ბიზნეს-ცენტრიდან დიპლომატების უსიტყვოდ წამოსვლა იმის დასტური ხომ არ არის, რომ უსიტყვოდ მოიწონეს მისი კანდიდატურა და ამიტომაც თავს არიდებენ ყოველგვარ კომენტარს, რათა ხელისუფლება არ გააღიზიანონ?
- არა, ასეთ დასკვნას ვერ გამოვიტან. უსიტყვოდ წამოვიდნენ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ამ შეხვედრას. საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველაზე მეტად ევალება ამის გაკეთება, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო. მე მგონი, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს არანაირი წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ ექნებოდათ, რადგან ისინი მისულები იყვნენ ბიძინა ივანიშვილის მოსასმენად, მის პოზიციებში გასარკვევად. ამიტომ, ეს არ იყო საიდუმლო შეხვედრა. კატეგორიულად მომხრე ვარ, საზოგადოებისთვის საინტერესო ნებისმიერი შეხვედრა აუცილებლად ტრანსლირებული იყოს, რათა ამ შეხვედრების შესახებ მოქალაქეებს წარმოდგენა ჰქონდეთ.
მაგრამ დიპლომატები ისურვებენ, რომ ივანიშვილთან მათი შეხვედრა საჯარო იყოს? უფრო დახურულ ფორმატს არ ამჯობინებენ?
- რატომ არ ისურვებდნენ, საჯარო ყოფილიყო?
თუ ეს ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან გამოსულმა დიპლომატებმა რატომ არ გააკეთეს კომენტარი?
- მათ არანაირი საიდუმლო მისია არ ჰქონდათ. როგორც ვიცი, ეკა ბესელიამ დაგზავნა ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, რომ ასეთი შეხვედრის სურვილი იყო ივანიშვილის მხრიდან და ისინიც გამოეხმაურნენ.
ამ ეტაპზე ბევრი ადამიანი სთავაზობს თავს ბიძინა ივანიშვილს და ისიც საბჭოს წევრებად მათ მიღებას თანხმდება. ეს ერთგვარი ტაქტიკა ხომ არ არის მისი მხრიდან? ამის მიღმა მას ხომ არ ჰყავს სხვა მრჩევლები, რომლებიც ჩვენთვის დაფარულნი არიან?
- არ ვიცი, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა ვარაუდების დონეზე არ დავრჩეთ. თუ ვინმეა ამ მრჩეველთა საბჭოში, ამ შეხვედრების შესახებაც უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რის შესახებ ისაუბრეს, რატომ აირჩია ეს მრჩევლები, რას ურჩევენ და ა.შ. მკითხაობის რეჟიმში ხომ არ უნდა ვიყოთ?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული ინფორმაცია უნდა გვქონდეს.
საბჭოს წევრების გამო პარალელები კეთდება პატარკაციშვილთან. ამის შესახებ რას იტყვით?
- გაკეთდება პარალელები, რადგან იქაც იყვნენ ასეთი ადამიანები. მართალი გითხრათ, დღესაც კი არ მაქვს სრული ინფორმაცია, იქ ვინ იყვნენ მრჩევლებად, მაგრამ კულუარულად ამბობენ, რომ ესა თუ ის პიროვნება მისი მრჩეველი იყო, ეს მისი სალარო იყო საქართველოში, ვიღაც კიდევ პოლიტიკურ საკითხებზე აძლევდა რჩევას, ვიღაცას უფრო ენდობოდა, ვიღაცას - არა. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პროცესი საზოგადოებისთვის დახურული იყოს.
ივანიშვილმა რა ინტერესის გამო მიიწვია ისეთი ტიპის ექსპერტი მრჩევლად, ვთქვათ, როგორიც ვაჟა ბერიძეა?
- არ ვიცნობ, ვინ არის ვაჟა ბერიძე? პირველად თქვენგან გავიგე ახლა.
ნამდვილად სიურპრიზი იყო ხელისუფლებისთვის ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა? მით უფრო, როცა ვიცით, რომ ხელისუფლება, ასე თუ ისე, პოლიტიკურ სიტუაციას აკონტროლებს და წინმსწრებად იცის ყველაფერი.
- ხელისუფლება მის პოლიტიკაში გამოჩენას ალბათ ელოდა, რადგან წინააღმდეგობები მაინც ვლინდებოდა. როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე „ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკული განცხადება გააკეთა. ამდენად, შესაძლოა, მისი გამოჩენა მოსალოდნელიც იყო. რევოლუციის გარიჟრაჟზე კი იგი ამბობდა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას. ჩემთვის, პერსონალურად, სიმპათიური არ არის მისი გამოჩენა, რადგან ძალიან ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით.
კონკრეტულად, რა კითხვები გაქვთ?
- რაც მეტი კითხვა ექნება საზოგადოებასაც და არ იქნება კერპთაყვანისმცემლური დამოკიდებულება მის მიმართ, მით უკეთესი. პროცესის გამჭვირვალეობა სწორედ ამ კერპთაყვანისმცემლური დამოკიდებულების ალბათობას მოხსნის, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ლიდერის მიმართ უდაოდ გვქონდა.
ნუგზარ წიკლაურმა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი გამოთქმა შეაფასა, როდესაც ბიზნესმენი აცხადებს, - „არ გამოვრიცხავ, მესროლონ“, - წიკლაურის თქმით, ეს ივანიშვილის სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს და, თუ ვინმე ესვრის ბიზნესმენს, მსროლელი მხოლოდ თავად იქნება.
- შესაძლოა, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ მისი უსაფრთხოების გარანტიები ძალიან დაბალია. ყოველ შემთხვევაში, მას შეუძლია იმავე დიპლომატიურ მისიასაც, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს, რომ ასეთი საფრთხე არსებობს, დაასაბუთოს ამ საფრთხის არსებობა და რაღაცნაირად, მოახდინოს გავლენა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცულ იქნას.
ქართულ საზოგადოებას უყვარს მოვლენების დაჩქარება, ალბათ, ამითაც იყო განპირობებული ქუჩის აქციები და მიტინგები. საზოგადოებაში ხომ არ არის იმის განცდა, რატომ ელოდონ 2012 წლის არჩევნებს? ივანიშვილის შემთხვევაშიც რამდენად დიდია მოლოდინი, რომ ყველაფერი სწრაფად გაკეთდეს? იმედგაცრუების შემთხვევაში, ხომ არ გახდება ეს ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური ინტერესის ჩაქრობის იმპულსი?
- დამეთანხმებით ალბათ, თავისთავად, როცა ასე ფორსირებულად ხდება მოვლენები, მოქალაქეებს უჭირთ სწრაფი აღქმა. განსაკუთრებით რეგიონებში, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ასე სწრაფად მოხდება ამ ახალი სუბიექტის აღქმა? ან მის მიერ სავარაუდოდ შექმნილი პოლიტიკური პარტიის აღქმა? ამ ყველაფრის სწრაფად გაანალიზება მოქალაქეებისთვის ძალიან რთულია. მით უმეტეს, მათ არ იციან, რა პროგრამა აქვს ბიზნესმენს. ალბათ, პროგრამა ექნება, თუკი არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. მაგრამ მოქალაქეებთან შეხვედრები მინიმალურია, ძალიან მწირია ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ და ძირითადად მითებს ემყარება. ჩვენ არ გვაქვს მის შესახებ ინფორმაცია.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან კავშირის თაობაზე ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვები მისი ქველმოქმედების დროს არ ჰქონიათ, თუმცა კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, რადგან ქართული პოლიტიკისთვის ასეთი საეჭვო ადამიანის მოსვლა საშიში ხდება. რას გვეტყვით ამგვარი ორმაგი სტანდარტის თაობაზე?
- ეს არანაირად გამართლებული არაა. რამდენიმე ინტერიუში ვთქვი კიდეც, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს ადამიანი სერიოზულ ფულს ხარჯავდა საქართველოში - სკოლების რემონტისთვის, მუზეუმებისთვის, თეატრებისთვის, ეხმარებოდა კულტურის წარმომადგენლებს, მათ ფულს უხდიდა. თუ ამდენი წლის განმავლობაში ეს ადამიანი საშიში არ იყო, რატომ გახდა უცებ საშიში? ეს ნამდვილად დიდი კითხვის ნიშანია და დამაეჭვებელია. ხომ წარმოუდგენელია, სკოლებს, თეატრებს არემონტებდეს და ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობდეს? ხოლო, თუ ის იმდენად დამოუკიდებელი ფიგურაა, რომ ამას დამოუკიდებლად აკეთებს, მაშინ ქართულ სახელმწიფოზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. მაშინ რაღაც სხვა ხდება, ჩვენთვის გაუგებარი.