კობა ნაყოფიას

კობა ნაყოფიას "მადნეული" "წაართვეს" და უკანვე დაუბრუნეს?!


ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ოქროს საბადოები ოფშორში დარეგისტრირებულ უცნობ პირებს გადააბარა. 30 აგვისტოს შექმნილმა "კავკასიის სამთო ჯგუფმა" ბოლნისის უნიკალური ოქროს საბადო 93,5 მილიონ დოლარად შეიძინა. "კავკასიის სამთო ჯგუფი" კიდევ უფრო უცნობი ზფქეშდწტ რწდვშტპთ დშქშეუვ-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც კვიპროსში, ახლახანს, 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირდა. "ბიზნეს-რეზონანსს" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნული კომპანიის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ მეორე ლიცენზია 9,5 მილიონ დოლარად, ისევ, პირობების დამრღვევ და საბადოებ "ჩამორთმეულ" რუსულ კომპანიას "გეოპრომინგს" გადაეცა. აქამდე, "კავკასიის სამთო ჯგუფზე" გაყიდულ ოქროს საბადოებს, სწორედ ეს რუსული კომპანია "გეოპრომინგი" მართავდა. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 2008 წლამდე, მთავრობის ფავორიტი ბიზნესმენი კობა ნაყოფია იყო. კობა ნაყოფია, რუსეთში ხანგრძლივი საქმიანობის შემდეგ, საქართველოში სწორედ "მადნეულისა" და "კვარციტის" სამართავად გადმობარგდა.

37 საბადოზე ლიცენზია 2005 წელს გაიცა. "მადნეულის" მეპატრონე რუსული კომპანია "პრომიშლენიე ინვესტორი" (იგივე "გეოპრომინგი") გახდა. სპეციალისტების განცხადებით, ვინაიდან, რუსებისთვის ასეთი მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის მიყიდვა საზოგადეობაში ცუდ ტონად აღიქმებოდა, ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ "მადნეული" ბრიტანულმა კომპანია თეფეწტ უღგშეშუჭუ სწკზწკფეშწტ-მა იყიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრიტანული კომპანიის შვილობილი, ზემოთაღნიშნული რუსული კომპანია იყო, რომელიც 2011 წლის შემოდგომამდე "მადნეულს" მართავდა.

ამჯერად, ლიცენზიის გაუქმების მიზეზი გახდა ის, რომ "გეოპრომინგმა" არ შეასრულა მინიმალური სამუშაო, რაც ლიცენზიის მიღების პირობა იყო. ლიცენზიის გაცემიდან ზუსტად 6 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ აღმოაჩინა, რომ ძებნა-ძიების სამუშაოები ბოლომდე შესრულებული არ ყოფილა. ამავდროულად, ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარდგენილი არ იყო მასალები და ის დოკუმენტაცია, რაც ლიცენზიით იყო გათვალისწინებული.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალეკო ხეთაგურის განცხადებით, ამ კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს.

"თავდაპირველად, კანონიდან გამომდინარე, "მადნეულსა" და "კვარციტს" სათანადო გაფრთხილება მივეცით და ვადაც დაუწესდა, რათა ეს ხარვეზები გამოესწორებინათ. კომპანიებმა ვერ უზრუნველყვეს დადგენილ ვადაში ამ ყველაფრის გამოსწორება და გაიმართა საჯარო მოსმენა, სადაც საჯარო მწარმოებელმა ლიცენზიების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ხეთაგურმა.


ლიცენზიების ჩამორთმევისთანავე, იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც უკვე არსებობდა, აუქციონის ახალი პირობები შემუშავდა და ორი ახალი აუქციონი გამოცხადდა, ერთი 26 სექტემბერს, ხოლო მეორე - 3 ოქტომბერს. შედეგად, ერთ აუქციონში გამარჯვებულად ისევ პირობების შეუსრულებლობაში დადანაშაულებული რუსები დასახელდნენ და ერთ-ერთ საბადოზე ლიცენზია ისევ "გეოპრომინგმა" 9,5 მილიონ ლარად მოიპოვა. ხოლო მეორე, 3 ოქტომბერს გამართულ აუქციონში - გაურკვეველმა "კავკასიის სამთო ჯგუფმა" გაიმარჯვა და დანარჩენი ოქროს საბადოების დამუშავების უფლება - 93,5 მილიონ ლარად მიიღო.

აღსანიშნავია, რომ აუქციონზე გამოტანილი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის 30-წლიანი ლიცენზიის საწყისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენდა. აუქციონში "ანგლო ჯორჯია მაინინგ კომპანიაც" მონაწილეობდა, თუმცა საბადოები ყველაზე მეტის გადამხდელს - "კავკასიის სამთო ჯგუფს" დარჩა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამინისტროში ქართული ოქროს მყიდველი კომპანიის შესახებ ინფორმაცია "არ აქვთ", ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის ფრაზა - ფულს სუნი არ აქვს, ისევ ძალაში რჩება. ამიტომაც, სტრატეგიული ობიექტები, ისევ საზოგადეობისთვის უცნობ, ხელისუფლების მიერ კარგად შეფუთულ, ოფშორში გადამალულ კომპანიებს რჩებათ.

ასე რომ, ლიცენზია, რომელიც "კავკასიის სამთო ჯგუფმა" შეიძინა, ვრცელდება ბოლნისის, მარნეულის, დმანისის წალკისა და თეთრი წყაროს, მუნიციპალიტეტებში არსებულ ოქროს, ბარიტის, სპილენძის, მადნეულის საბადოებზე.

"კავკასიის სამთო ჯგუფი" 2011 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა და კვიპროსში 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირებული ზფქეშდწტ რწდვშტპთ დშქშეუვ-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"საინტერესოა, ახალი კომპანიის შექმნით ფული ერთი ჯიბიდან მეორეში ხომ არ გადავიდა? არ არის გამორიცხული, რომ ამ ახალ კომპანიაშიც, რომელთა მფლობელიც გასაიდუმლოებულია, ისევ კობა ნაყოფია ფიგურირებდეს. მადნეულის საბადოები სტრატეგიული ობიექტებია, შესაბამისად, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია ის ფაქტი, რომ ამ საბადოებში შედის ისეთი კომპანია, რომელსაც იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

კობა ნაყოფიას და მის რუს პარტნიორებს ბოლნისის მოსახლეობა და გარემოს დამცველები, გარემოს კატასტროფულ დაბინძურებაში ადანაშაულებდნენ. გარემოს დამცველები წლებია, საუბრობენ საწარმო "მადნეულის" ნარჩენებით ბოლნისის მდინარეების - კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურებაზე. ერთ-ერთი ბოლო სერიოზული დაბინძურება 2010 წლის მაის-ივნისში მოხდა. საბადოების მფლობელების არასათანადო დამოკიდებულების გამო მაშავერას მკვდარი მდინარე ეწოდა, ვინაიდან ამ მდინარეში თევზები ხშირად იხოცება. აღნიშნული მდგომარეობა გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის კარგად ნაცნობია, ვინაიდან კვლევა თვითონ სააგენტომ განახორციელა, თუმცა რუსი ინვესტორების დაუდევრობაზე ხელისუფლებიდან ხმა არასოდეს არავის ამოუღია.

"კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის" პროექტის კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი აცხადებდა, რომ "გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები საგანგაშოა.

"თავისთავად დადგა "მადნეულის" პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ არ გახადა სამინისტრომ და ზოგადად მთელმა მთავრობამ აღნიშნული შემოწმების შედეგები საჯარო? ბოლნისელებს, რომლებიც დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული აქვთ უფლება, ჰქონდეთ ეს ინფორმაცია. მათ უნდა იცოდნენ, რა საფრთხეებია მათ საცხოვრებელ გარემოში, რათა თავადაც ჰქონდეთ საშუალება, გაერიდონ მას", - განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.

ექსპერტულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მძიმე ლითონების კონცენტრაცია მდინარე მაშავერაში ბევრად აღემატება დასაშვებ ნორმებს, მათ შორის, სპილენძის კონცენტრაცია - 14-ჯერ, თუთიის - 5-ჯერ, რკინის - 9-ჯერ და მანგანუმის - 2-ჯერ. გერმანელმა მეცნიერებმა კი აღმოაჩინეს, რომ მძიმე ლითონები ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვშიც გადადის, რაც პროექტის ხელმძღვანელმა, პიტერ ფელქს-ჰენინგსენმა 2010 წლის მაისში საქართველოს ეროვნულ აკადემიაში ჩატარებული პრეზენტაციისას დაადასტურა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2000 წლიდან 2010 წლამდე სიმსივნეების რაოდენობა საქართველოში ორნახევარჯერ გაიზარდა, ბოლნისში კი - თითქმის 4-ჯერ.

გარემოს დამცველების განცხადებით, ყველაზე დიდი დანაშაული "მადნეულის" მიმართ მთავრობამ პრივატიზაციისას ჩაიდინა. პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ ინვესტორს არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საწარმოს "ძველ, ისტორიულ დაბინძურებაზე". "ისტორიული დაბინძურება" რას ნიშნავს არავინ იცის, ვინაიდან ასეთ ტერმინს საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს.

ასე რომ, "მადნეულის" მფლობელებსა და ხელისუფლებას ისეთი შეხმატკბილებული ურთიერთთანამშრომლობა ჰქონდათ, რომ მილიონების მომტანი ოქროს საბადოების მფლობელისგან მოსახლეობის ინტერესის დაცვა არასდროს მოუთხოვიათ. ამ ფაქტმა, კი საზოგადოებაში საეჭვო გახადა, რომ კობა ნაყოფია და რუსი პარტნიორები ოქროსა და სპილენძის უნიკალური საბადოებიდან გააგდეს. როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ ოფშორში, სასწრაფოდ შექმნილი კომპანიის შედეგად საბადოები ნაყოფიას ერთი ჯიბიდან მეორეში გადავიდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნაყოფია კანარის კუნძულებზე 300 კვ/მ ფართის აგარაკს ფლობს. გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობა ნაყოფიასა და მის მეუღლეს რამდენიმე ბინა აქვთ მოსკოვში, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აქვს გალში. ნაყოფიას სახელზეა ასევე რამდენიმე სახლი თბილისში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კობა ნაყოფია მოსკოვიდან საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, როდესაც ოქროს საბადოებზე ლიცენზია რუსებმა მოიპოვეს. იგი 1994-96 წლებში მოსკოვში არსებული კომპანია "ზოლოტოე რუნოს" გენერალური დირექტორი იყო. მოგვიანებით, ძალები პოლიტიკაშიც მოსინჯა და მოსკოვში მყოფი დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტი მრჩეველი გახდა. 2004 წლამდე იგი რუსეთში სხვადასხვა ცნობილ კომპანიებს ხელმძღვანელობდა ("ინვესტმენტ მენეჯმენტი", "შტორმი", "ორლოვსკაია პრომიშლენნაია კომპანია", "პრომიშლენნი ინვესტორი"). 2004-08 წლებში "მადნეულის", გენერალური დირექტორი იყო, 2006 წლიდან - "კვარციტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2007 წლიდან - "ზარაფხანა დეველოპმენტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლიდან კი საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი. "ბიზნეს-რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, ნაყოფიას მფლობლობაში "მადნეულის" აქციების 16%-ია.

ასე რომ, კობა ნაყოფიას საქართველოს ძვირფასი ლიფონების ბიზნესში ფეხი ღრმად აქვს შედგმული, იგი დღემდე ქართული ჩინოვნიკების მფარველობით სარგებლობს. ამიტომაც, ეჭვს იწვევს, რატომ გაახსენდა 6 წლის შემდეგ ხელისუფლებას, რომ "მადნეული" გარემოს ზიანს აყენებს და პირობებს არღვევს ან რატომ არ ახმოვანებენ ოქროს საბადოების მყიდველის რეალურ მფლობელს.