სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოში გამეფებული იყო მდგომარეობა, რომ ბაზარზე წარმოდგენილ კვების პროდუქტებს შემოწმება არ სჭირდებოდა. ამიტომაც წლების განმავლობაში არავინ იცოდა რა ხარისხის ნაწარმს მიირთმევდა. მართალია, სახელმწიფოს ამ მხრივ მიდგომა დიდად არ შეუცვლია, მაგრამ არასამთავრობო სექტორი ერთბაშად გააქტიურდა და აღმოჩნდა, რომ ბაზარზე წარმოდგენილი სურსათის დიდი ნაწილი მინიმუმ უმდაბლესი ხარისხისაა, ხოლო ზოგიერთი საერთოდაც მომწამვლელია. მთავრობა კი ჯერჯერობით მაინც ბაზრის ულტარლიბერალიზაციას ემხრობა.
დღე არ გავა, რომ უხარისხო პროდუქტის შესახებ ინფორმაიცა არ გავრცელდეს. სურსათის მომხმარებელთა კავშირმა “შატილის” სახელწოდებით გამოსული კარაქი შეამოწმა, და აღმოაჩიანა, რომ იგი სინამდვილეში, მარგარინს შეიცავს, რაც მომხმარებლის უფლებების უხეში დარღვევაა. 20 ოქტომბერს “სურსათის ცხელი ხაზის” საშუალებით, მოქალაქემ საჩივრით მიმართა, რომ მაღაზია “გუდვილში” იგი რეგულარულად ყიდულობს კარაქ “შატილს” და მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ მას წვრილად აწერია სიტყვა “სპრედი”.
“მომხმარებელმა არ იცოდა, ეს სიტყვა რას ნიშნავს და მიმართა გამყიდველს, რომელმაც აუხსნა, რომ სპრედი იგივე მარგარინია. მომხმარებლის აზრით “კარაქის” დასახელების ხმარება პროდუქტზე, რომელიც თურმე მარგარინს შეიცავს, მომხმარებლის მოტყუებაა. მით უმეტეს, რომ სიტყვა “სპრედის” მნიშვნელობა არავინ იცის საქართველოში და ეს სიტყვაც წვრილად და საკმაოდ შეუმჩნევლად აწერია პროდუქტს.
იმისთვის, რომ მომხმარებლის საჩივარი შეგვემოწმებინა, ჩვენ შევიძინეთ კარაქი “შატილი”. მისი ეტიკეტი ასე გამოიყურება: მართლაც, ეტიკეტზე წარწერა “სპრედი” საკმაოდ მცირე და შეუმჩნეველია. თანაც “სპრედი” აშკარად არაქართული სიტყვაა, რომლის მნიშვნელობა, სპეციალისტების გარდა, საქართველოში არავინ იცის. დასახელება “კარაქი” კი მომხმარებელს ატყუებს”, - აღნიშნავენ მომხმარებელთა კავშირი.
რძის მწარმოებელი კომპანიები “სანტე ჯიემთი პროდუქტები” და “ვიმ-ბილ-დან ჯორჯია” კი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისთვის და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის, შესაძლოა, 1500 ლარიდან 5000 ლარამდე დააჯარიმონ.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ამ კომპანიებში დამზადებული არაჟანის ცხიმში რძის ცხიმის წილი ერთ შემთხვევაში 10%, მეორეში კი - 80% მაშინ, როდესაც ეტიკეტზე მითითებულია, რომ დამზადებულია რძისგან.
პროექტის “სურსათის უვნებლობას მომხმარებლები აკონტროლებენ” დირექტორის ლია თოდუას განცხადებით, 4 ოქტომბერს სურსათის ცხელ ხაზზე შევიდა საჩივარი. მომხმარებელს აინტერესებდა “სანტინოსა” და “სოფლის ნობათის” არაჟანების ხარისხი შეესაბამებოდა თუ არა შეფუთვაზე მითითებულ წარწერას - “ნატურალური პროდუქტი”.
“მომხმარებლის განმარტებით, ასეთი ნაწარმის ვარგისიანობის ვადა ყოველთვის დაცულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა შეძენაზე არაჟანს სხვადასხვა გემო აქვს. ვინაიდან მომხმარებელმა არ დაგვისახელა კონკრეტული მაღაზია, ჩვენ 6 ოქტომბერს, ბულაჩაურის ქ.N1-ში სუპერმარკეტების ქსელ “პოპულის” მდებარე მაღაზიაში შევიძინეთ აღნიშნული ფირმების არაჟანი. ნიმუშები მივიტანეთ ლაბორატორიაში მათში რძის ცხიმის შემცველობის შესამოწმებლად.
ერთ კვირაში ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი, რომლის მიხედვითაც: “სოფლის ნობათი” - პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის წილია 10%, არაჟანი “სანტინო” პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის წილია 80%”, - ამბობს ლია თოდუა.
ნამდვილ არაჟანში პროდუქტის ცხიმში რძის ცხიმის წილი 100% უნდა იყოს. ამ შემთხვევაში კი “სოფლის ნობათში” მხოლოდ 10%-ია, “სანტინოში” - 80%, ანუ არც ერთი შემოწმებული პროდუქტი ნამდვილი არაჟანი არ არის, სავარაუდოდ, მათში მცენარეული ცხიმია დამატებული.
კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ხორცპროდუქტების სეგმენტში. ამჯერად აქ კვლევას მომხმარებელთა ფედერაცია ატარებდა. მათ მიერ სამომხმარებლო ბაზარზე შემოწმებული 20 დასახელების ხორცპროდუქტიდან 11 ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის თქმით, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტებს შორისაა, “ზეიკიძე+”-ის მიერ წარმოებული ნახევრად შებოლილი ძეხვი, შპს “ეკო მითის” მიერ წარმოებული მოხარშული და ნახევრად შებოლილი მოსკოვური, “ახალი ნობათის” მიერ წარმოებული უკრაინული სუთი, “რუსთავის მონადირული” და “ბაკალეა-გასტრონომიას” მიერ წარმოებული ნახევრად შებოლილი მონადირული.
“ქუთაისში და თბილისში სამომხმარებლო ბაზარზე 20 დასახელების ხორცპროდუქტი შევიძინეთ, რომელთაგან ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მხოლოდ ცხრა აღმოჩნდა. მაგალითად, ქუთაისში ხორცპოდუქტები ანტისანიტარიულ ადგილზე, ღია ცის ქვეში იყიდება. “ტორპედოს” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსებს ძეხვეული მოაქვთ და იქიდან პირდაპირ სარეალიზაციო პუნქტებში გადააქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ პროდუქტები საფირმო მაღაზიებსა და საბითუმო წერტილებში შევიძინეთ, რითაც მეწარმის იმიჯს გავუფრთხილდით, თორემ შეიძლებოდა, უარესი შედეგიც მიგვეღო”, - განაცხადა კოიძემ.
ამასთან, მომხმარებალთა ფედერაციის თავმჯომარემ ჯანმრთელობისთვის საზიანო ძეხვეულზე საუბრისას განსაკუთებული ყურადღება “ახალი ნობათის” მიერ უკრაინული წესით წარმოებულ სუთზე და უცნობი მწარმოებლის ნახევრადშებოლილ მოსკოვურზე გაამახვილა.
“სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება ნახევრადშებოლილი მოსკოვური ძეხვი, რომელიც მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია. მის მწარმოებელს ვერ მივაგენით. ასევე განსაკუთებით მინდა, აღვნიშნო “ახალი ნობათის” მიერ უკრაინული წესით წარმოებული სუთი, რომელშიც პროტეუსი აღმოჩნდა. ეს პირობითი პათოგენია, რომელმაც შეიძლება, გარკვეულ პირობებში მომხმარებლის ორგანიზმის მოშხამვა გამოიწვიოს”, - განმარტა მადონა კოიძემ.
ამასთან, კოიძის განცხადებით, ეტიკეტირებასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხორცპროდუქტებსაც აღმოაჩნდათ. კერძოდ, პროდუქციაზე მითითებულია, რომ ის 14-15 დღის განმავლობაშია ვარგისი, მაგრამ ეტიკეტზე პროდუქიის წამოების თარიღი აღნიშნული არაა.
20-მდე დასახელების ხორცპროდუქტის კვლევა მომხმარებელთა ფედერაციამ ქუთაისის ლიცენზირებულ ლაბორატორიაში და ლაბორატორიებში “ნორმა” და “ციტო” განხორციელდა.
1985
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85