ახალ წლამდე ყველა მეწარმემ უნდა მოასწროს და ახალი სალარო აპარატი უნდა შეიძინოს. თუმცა, ამ მხრივ ვითარება მთლად გარკვეული არ არის. არავინ იცის მოესწრება თუ არა ახალი სალარო აპარატებით ყველა მეწარმის აღჭურვა. ახალ წლამდე სულ 2 თვე რჩება. სალარო აპარატების მასობრივი განახლება კი, ჯერ არ მიმდინარეობს.
მცირე და საშუალო მეწარმეები დიდ გაურკვევლობაში არიან. საერთოდ, აპარატების მხრივ თავიდანვე დიდი არეულობა იყო. მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალ სალარო აპარატებს მეწარმეებისთვის სახელმწიფო შეიძენდა. მალევე ეს პირობა შეიცვალა და მთავრობამ მხოლოდ იმ მეწრამეების “დააპარატება” იკისრა, რომელთა წლიური ბრუნვა 250 ათას ლარს არ აღემატება. საბოლოოდ, ასეც დადგინდა, დანარჩენებმა კი 2012 წლამდე 290 ლარი უნდა გაამზადონ (სწორედ ამდენი ეღირება ახალი აპარატი) ან საჯარიმო ქვითარს დაელოდონ (რომელიც არ დაიგვიანებს).
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი წლიდან GP-სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების ქონა თითქმის ყველა მეწარმისთვის სავალდებულო ხდება. ახალი აპარატების დარიგება პირველ იანვრამდე გაგრძელდება. GP-ის აპარატები ტენდერში გამარჯვებულ ბულგარულ “დეიზი ტექნოლოჯის” შემოაქვს.შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი აპარატების დარიგება 2 აგვისტოდან დაიწყო და წლის ბოლოსთვის დასრულდება.
მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს აპარატები უფასოდ ურიგდებათ. მსხვილმა ბიზნესმა ისინი თავად უნდა შეიძინოს.ერთადერთი, ვისაც ის არ სჭირდება, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე სამეწარმეო სუბიექტებია. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ არსებობს შეღავათი სხვა გადამხდელებისთვისაც, კერძოდ ნებისმიერ გადამხდელს შეუძლია ისარგებლოს ბანკის განვადებით, განვადება უპროცენტოა და თანხის გადახდა ნაწილდება 12 თვეზე.
ახალი აპარატები GP სისტემით აღჭურვა ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ონლაინ რეჟიმში აღირიცხება. “ინფორმაციის ცენტრალურ სერვერზე მიწოდება იძლევა საშუალებას, გაცილებით სწრაფად და უფრო ზუსტად განხორციელდეს კონტროლი. ახალი სალარო აპარატის საშუალებით შესაძლებელი იქნება რისკების კრიტერიუმების განსაზღვრა არა დეკლარაციების და გადასახადების მიხედვით, არამედ მიღებული ინფორმაციის ანალიზის გზით”, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
ახალ აპარატებზე გადასვლის პროექტი 2 აგვისტოდან, სატესტო რეჟიმში, თბილისში ამოქმედდა. მეორე ეტაპზე, 1-ლი სექტემბრიდან, პროექტის განხორციელება რეგიონებშიც დაიწყო, ამჯერად ჩართულია გორი და რუსთავი. პროექტის მესამე ეტაპზე კი, 2011 წლის 31დეკემბრის ჩათვლით, ძველი მოდელები ახლით სრულად ჩანაცვლდება, ხოლო 2012 წლის 1-ლი იანვარიდან დაიწყება მათი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება.
ექსპერტის ირაკლი შავიშვილის განცხადებით, ამ სისტემაში ჩართული აპარატების შეძენა სავალდებულო არ უნდა იყოს. “არ არის საჭირო, რომ ყველა ოპერაცია საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირდეს. ასეთი რამე მხოლოდ პოლიციურ ქვეყნებში ხდება.როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ აპარატების დიდი პარტია შემოიტანა და ფული იშოვა”, - აღნიშნავს შავიშვილი პრესასთან საუბარში.
860
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85