ოპოზიცია მოსალოდნელ რეპრესიებზე ალაპარაკდა

ოპოზიცია მოსალოდნელ რეპრესიებზე ალაპარაკდა

ოპოზიცია შიშობს, რომ ხელისუფლება „რეპრესიების ახალი ტალღის დასაწყებად“ ემზადება. ეს ეჭვი კი იმ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების შემდეგ გაჩნდა, რომელიც „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, პატიმრებს 3 თვით გარესამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტი შეეზღუდებათ.

კანონპროექტის ავტორი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროა. პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების, პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძის და ზვიად კუკავას სახელით იქნა ინიცირებული.

კანონპროექტის თანახმად, დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში პატიმრებს 3 თვით შეეზღუდებათ: სატელეფონო საუბრის უფლება, პირადი ხასითის კორესპონდენციის მიღება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლება და ფულადი გზავნილის უფლება.

ამ გადაწყვეტილებას კი ოპოზიცია სახიფათოდ მიიჩნევს.

„ეს არის რეპრესიული მექანიზმი, რომელიც უნდათ, რომ საკანონმდებლო დონეზე გაამყარონ. ეს პირდაპირ არის მიმართული იმ მომავალი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების იზოლაციაში მოქცევის მიზნით, რომელთა მიმართაც, ალბათ, უკვე მთელი რიგი რეპრესიული პროგრამები არის მომზადებული და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება სერიოზულ რეპრესიულ ღონისძიებებს გეგმავს“, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ „ეს ყველაფერი მიმართულია იზოლაციონიზმისკენ, რომ პატიმარი იყოს სრულ იზოლაციაში გარე სამყაროსგან. მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, მიაწოდოს ინფორმაცია, მათ შორის დაწეროს საჩივარი, გაავრცელოს პირადი კორესპონდენცია და ა.შ.“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

რაც მთავარია, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ პირობებში კი ნებისმიერი ადამიანის მიმართ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხასიათის ზეწოლა. ადამიანი მოექცეს წამებისა და არაადამიუნი მოპყრობის რეჟიმში ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგოს და ვერ გარვცელდეს ინფორმაცია. უბრალოდ ადვოკატს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ გამოიტანოს რაიმე ობიექტური ინფორმაცია.

ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, ისიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ „ადმინისტრაციული გადაცდომა არის ძალიან სუბიექტური შეხედულების შედეგი კონკრეტული სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან, რომლებმაც სრულიად მოგონილი მოტივაციით, შესაძლოა, ადამიანს შეუზღუდონ მთელი რიგი უფლებები. ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში ჩავარდება პატიმარი, რომელსაც შეუზღუდავენ მაღაზიით სარგებლობის უფლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მას კვების უფლება არ ექნება. ასევე სატელეფონო ზარის შეზღუდვით იგი სრულ ვაკუუმში აღმოჩნდება და ა.შ.“

როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, პატიმრებისთვის ამ შეზღუდვების დაწესება საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ამიტომ დახმარებისთვის დიპკორპუსს მიმართავს.

„ეს შეზღუდვა არამცთუ ლახავს ადამიანის უფლებებს, არამედ არის სასოწარკვეთილი ხელისუფლის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ პოლიტიკურ არსენალში აღარ დარჩა სხვა მეთოდები და ცდილობენ, რომ ასე ძალით, ხელის გადაგრეხვის მეთოდით, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გზით, მიაღწიონ თავის საწადელს და დააშინონ საზოგადოება.

ცხადია, ეს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებზე არ გავრცელდება და გავრცელდება ნებისმიერ პატიმარზე და ამიტომაც, ეს ნორმა ხელისუფლების ხელში გახდება მძიმე იარაღი, თანაც ყველაზე დაუცველი კატეგორიის მიმართ.

ამიტომ ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელებს და საელჩოებს, რომ ამ საკთიხზე საჭიროა განგაშის ატეხა. ამაზე გაჩუმება არ შეიძლება, ვინაიდან უმრავლესობა ამ კანონს დაუბრკოლებლად მიიღებს და საჭიროა, რეაგირება დროულად მოხდეს,“ - აცხადებს ლორთქიფანიძე.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს წამახალისებელ ფორმებსაც, რაც იგივე პატიმრებისთვის ტელეფონით სარგებლობის რაოდენობა იმატებს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მხოლოდ დადებით მომენტზეა საუბარი და არაფერი არ არის ნათქვამი სადამსჯელო ღონისძიებების გამკაცრებაზე.

კანონპროექტის პარლამენტში განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა და ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობაც და კანონპროექტის ინიციატორებიც ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას ერიდებიან.

სამაგიეროდ, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „პროექტით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებისას გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა (საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი)“. თუმცა, არ არის მითითებული, ამ ქვეყნების მაგალითი სანქციების ნაწილში იქნა გამოყენებული თუ წამახალისებელში.

თავად იმ ფაქტს, რომ დადებითი ცვლილებების პარალელურად ხდება სანქციების შემოღება და ეს განმარტებით ბარათში არც არის ნახსენები, ოპოზიცია ამ სანქციების გატარების მცდელობით ხსნის.

„პრობლემაც ეს არის, რომ კარგი რაღაცით ნიღბავენ საშინელებას. ეს იმისთვის არის, რომ ყურადღება სწორედ ამ კარგ მომენტზე გამახვილდეს და ეს მუხლი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩეს. ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ ამ მუხლზე არ მოხდეს მედიის ყურადღების კონცენტრირება და ეს მუხლი გააპარონ.

რა მნიშვნელობა აქვს, რამდენჯერ დარეკვის უფლებას მომცემ, თუ-კი შეგიძლია, რომ სამი თვის განმავლობაში, სამი თვით საერთოდ ამიკრძალო ეს კონტაქტი და ამ სამი თვის გასვლის შემდეგ ისევ რაიმე საბაბით კიდევ სამი თვით გამიხანგრძლივო და ა.შ.

როდესაც ჩემი პიროვნება შენთვის არის არასასურველი და მე პოლიტიკური ნიშნით ვარ დაჭერილი, შენ სრულიად მომწყვეტ გარესამყაროს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ,“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.