სოფელი, რომელსაც არავინ ტოვებს

სოფელი, რომელსაც არავინ ტოვებს

ჭორვილაში დილით ჩავედით. სოფლის სიღრმეში შესვლამდე, შემაღლებულ გზისპირზე გავჩერდით. ჭორვილა ნამდვილი ევროპული სოფელია – ფერადი, თავისუფალი, უზრუნველყოფილი. ვუყურებ ამ სოფელს და მახსენდება სხვა ქართული სოფლები: საზღვრისპირა – გადამწვარი სახლებით და დათრგუნული ადამიანებით; მთა - მიტოვებული ეზოებით და უკვამლო საბუხრეებით; ბარი - ნალოდინარი მოხუცებით და დაყრუებული ორღობეებით. ჭორვილა ერთადერთი სოფელია საქართველოში, რომელსაც არავინ ტოვებს. 
**
ჟურნალისტების გამოჩენა არ ესიამოვნათ ჭორვილელებს, რამაც ერთგვარი დისკომფორტი შეგვიქმნა. ისინი გაგვირბოდნენ, არ გვპასუხობდნენ, ზედაც კი არ გვიყურებდნენ. მივხვდით, რომ ვერც რეალობას და ვერც მოვალეობას ვერ გავექცეოდით, ამიტომ გამოსავალი "გაფუჭებული ურთიერთობების" დარეგულირებაში ვიპოვეთ. გამოკვეთილ ადგილზე დავდექი, ხმა ავიმაღლე და ასე მივმართე მათ, ვისაც ჩემი ხმა მისწვდებოდა: "ხალხნო, კაი საქმეზე ვართ ჩამოსულები, მართლა გვაინტერესებს, რა ხდება აქ სინამდვილეში, ჩვენი ნუ გეშინიათ!" მე ფართო თვალები და კეთილშობილური გამომეტყველება მაქვს. ჩემი კოლეგებიც სანდო ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ჩვენ მართლა გულწრფელები ვიყავით და ეს არ გამოპარვიათ ადგილობრივებს. ჭორვილელები ნელ-ნელა გვიახლოვდებოდნენ, გვიღიმოდნენ, გვითამამდებოდნენ. 

"მართალია რომ სახლებს უსასყიდლოდ გიშენებთ?", - ვეკითხებით. "კი, მართალია, ყველას უშენებს, თან მშენებლობაზე გვასაქმებს და ხელფასებს გვიხდის; სახლის პატრონიც რომ მუშაობს საკუთარი სახლის მშენებლობაზე, მასაც უხდის ხელფასს", - გვპასუხობენ.

ერთ-ერთ ეზოში შევდივართ, სადაც ახალი სახლი შენდება. მშენებლობაზე ძირითადად ახალგაზრდები არიან დასაქმებულები. ოპერატორისა და კამერის დანახვისთანავე თავის მოწესრიგებას იწყებენ. სამუშაო ტანსაცმელს იფერთხავენ, თმებს ისწორებენ. "ძალიან კარგად გამოიყურებით, ნუ შეწუხდებით", - ვამშვიდებთ ჩვენ, "რითი გეხმარებათ კიდევ?", - გვაინტერესებს ზღვარი ქველმოქმედების. "ყველაფრით გვეხმარება, თითო ოჯახს ყოველთვიურად 200 ლარს ურიცხავს; გაზი, წყალი, დენი უფასო გვაქვს, დასუფთავებაც.. . ნაგვის მანქანები გვემსახურება; მთელი სოფელი მისი წყალობით ცხოვრობს. ეგ რომ არ ყოფილიყო, აქ არავინ გაჩერდებოდა. ყველანაირ პირობას გვიქმნის, სოფელი რომ არ მივატოვოთ", - სიტყვებს ერთმანეთს სტაცებენ ხარაჩოებზე შემდგარი ბიჭები: "ნახეთ, ყველაფერი მისი გაკეთებულია ეკლესია, რიტუალების სახლი, სკოლა, სამედიცინო ამბულატორია, სტადიონი, სათბურები.."

რიტუალების სახლისკენ გავემართეთ. გზად ერთ-ერთი ლამაზი სახლის ჭიშკართან, ხანშიშესული ბებო ძირს დაყრილ ფოთლებს გვიდა. მივუახლოვდით და მივესალმეთ; არ გადამიღოთო, - ეს გვითხრა პირველად. "რატომ გეშინიათ ყველას?", - ჰკითხა ჩემმა კოლეგამ. "ვის ეშინია?! მე არაფრის მეშინია! მასზე გაინტერესებთ რამე? ის ჩვენი გადამრჩენელია. აქ ერთ ოპერაციასაც ვერ გაიკეთებდა ვერავინ, ეგ რომ არ გვყოლოდა; ყველანაირი სამედიცინო მომსახურეობა უფასოდ გვაქვს. უამრავი ადამიანი სიკვდილისგან და შიმშილისგან იხსნა, მას კი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ეს არის სამართალი?!", - ბებო ძალიან ნერვიულობდა.
რიტუალების სახლამდე სხვა ეზოებიც შემოვიარეთ. "თავმდაბალი ადამიანია - დიდთან დიდია, პატარასთან - პატარა. გზაზე თუ შეხვდი, მანქანას გააჩერებს, გადმოვა, ხელს ჩამოგართმევს, მოგიკითხავს, ისე არ გაივლის", - გვეუბნება თანასოფლელი. 

**
რიტუალების სახლში მალევე მივედით. იმ დღეს ქორწილი იყო ჭორვილაში. შორიდანვე შევამჩნიეთ თანამედროვე სტანდარტებით აშენებული მართლაც სარიტუალო შენობა. ეზოს ირგვლივ მოვლილი ტყეა, რომელიც მთაზეა შეფენილი. ტყის შუაგული გზით არის გაჭრილი. გზა ეკლესიამდე მიდის. რიტუალების სახლში მისვლამდე მეფე-დედოფალი სწორედ აქ იწერს ჯვარს. ეკლესიაში ასვლამდე სარიტუალოში შევიარეთ. ახსნა-განმარტების გაკეთება აქაც მოგვიწია, რის შემდეგაც მასპინძლებმა ძალიან თბილად მიგვიღეს. მათ იცოდნენ ჩვენს შესახებ, სოფელში ინტერნეტიც აქვთ. "აქ 20-მდე ადგილობრივი ვართ დასაქმებული. მისი გადაწყვეტილებით, ეს სახლი სოფელს უსასყიდლოდ ემსახურება ქორწილებსა და ქელეხებში. ახალდაქორწინებულებს 3 ათასს დოლარს ჩუქნის, ვინმე თუ გარდაიცვლება, მის ოჯახს 2 ათასი დოლარით ეხმარება", - გვიყვებიან ჭორვილელები. 

. . . დარბაზში შევდივართ, მოულოდნელობა აქაც აჭარბებს მოლოდინს: დიდი, ნათელი ჰოლი, თანამედროვე ინვენტარითა და ძვირად ღირებული ტექნიკით აღჭურვილი. მრავალგანყოფილებიანი სამზარეულო შეფმზარეულითა და მზარეულებით. "წამოდი, დედოფლის მოსასვენებელ ოთახს გაჩვენებ", - კიბეებით მაღლა ავყავარ ერთ-ერთ თანამშრომელს. სასტუმროს ტიპის ოთახში შევდივართ. "როცა ეკლესიიდან ჩამოდის წყვილი, დარბაზში შემოსვლამდე აქ ამოდის, რათა დაისვენოს და მოწესრიგდეს", - მიხსნის. "აჰა, რამდენი დეტალია გასათვალიწინებელი მენეჯმეტში", - ვამბობ მე და გულწრფელად მომწონს მოსასვენებელი ოთახი, არა მარტო დედოფლისთვის. 

ჩემმა მასპინძელმა ჰოლში დაბრუნება ლიფტით შემომთავაზა. "ლიფტით?! მართლა ქართულ სოფელში ვარ?", - გაკვირვება არ დამიმალავს. . . სარკეებიან ლიფტში კარების გაღებამდე თვალი არ მომიცილებია ჩემი გაკვირვებული სახისთვის. სარიტუალო სასახლეში სტუმრობა ზამთრის ბაღის დათვალიერებით და ქორწილში დაპატიჟებით დასრულდა. ჩვენი ოპერატორის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ქორწილისთვის უკან აღარ დავბრუნებულვართ.

სამედიცინო ამბულატორია, სკოლა და სტადიონი მხოლოდ გარედან დავათვალიერეთ. შაბათი დღე იყო. სკოლაში მარტო დარაჯი დაგვხვდა. ის თვალით ვერ დავინახეთ, მხოლოდ ხმა გავიგეთ - შიგნით ვერ შეგიშვებთ და გარედან რამდენიც გინდათ, გადაიღეთო, - ასე გამოგვძახა სკოლის ჭიშკართან მდებარე მისი პატარა რეზიდენციიდან. 
. . . შუადღე ახლოვდებოდა. სოფელში უფრო და უფრო მატულობდა ჟრიამული. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ჭორვილაში უაღრესად მშრომელი ხალხი ცხოვრობს - დაუზარელი, მკლავმოუღლელი, მუხლჩაუხრელი.

მაღაზიასთან ხალხმრავლობა შევნიშნეთ, შევჩერდით. "როგორ აფასებს მის პოლიტიკაში მოსვლას?", - ვეკითხებით შეკრებილებს. "ძალიან დადებითად; ეგ რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, მთელ ქვეყანას ეშველება. ასეთი ადამიანი საქართველოში არ დაბადებულა. ჩვენ არაფრის გვეშინია, ტყვიასაც კი დავუდგებით წინ", - ასეთია ჭორვილელების აზრი. 

**
თბილისში მიმავალი ჭორვილაზე ვფიქრობდი. ძველი, სულით ქართული სოფელია. აქ ბრინჯაოს და რკინის ხანის ყორღანული ტიპის სასაფლაოა აღმოჩენილი, თუმცა წყაროებში სოფელი XII საუკუნიდან იხსენიება. ცნობილია ისიც, რომ 1103 წელს, თამარ მეფის ბრძანებით, ჭორვილას 12 გელათელი ბერის გამოკვება დაევალა. . .