ივანიშვილმა, როგორც საზოგადოების ლიდერმა საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა ჩამოაყალიბოს და არა - წვრილი პარტიებისგან გაერთიანებული პარტია

ივანიშვილმა, როგორც საზოგადოების ლიდერმა საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა ჩამოაყალიბოს და არა - წვრილი პარტიებისგან გაერთიანებული პარტია


ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ შექმნილ რეალობასა და პოლიტიკური პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოსსა და პოლიტოლოგს, კახა კაციტაძეს ესაუბრა.

- ბატონო კახა, პოლიტიკურ არენაზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქართული პოლიტიკურ ცხოვრებაში პროცესები ელვის სიწრაფით განვითარდა. თქვენ როგორ შეაფასებდით უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და თქვენი თვალთახედვით, რა ხდება ერთბაშად გამოცოცხლებულ ქართულ პოლიტიკაში? 

- რაც ახლა ხდება, არის იმ პროცესის გაგრძელება, რომლის შესახებაც შემოდგომის დადგომის წინ ვსაუბრობდი. ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება წარიმართებოდა არა ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დაამყაროს კონტროლი საზოგადოებაზე, ხოლო საზოგადოება ცდილობს, დაიცვას თავისი უფლებები; იარსებოს იმ წესებით, რომლითაც თავად უნდა არსებობა. 

პოლიტიკურ არენაზე ივანიშვილის გამოჩენას შემთხვევით მოვლენად ვერანაირად ვერ განვიხილავ. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მიაღწიოს სრულ კონტროლს საზოგადოებაზე, უნდა დაიქვემდებაროს საზოგადოების მეტ-ნაკლებად ყველა გავლენიანი ჯგუფი. ამისთვის ხელისუფლება აქტიურად მოქმედებდა ეკლესიის წინააღმდეგ, სულ ახლახან - რობერტ სტურუას წინააღმდეგ. ხელისუფლება ცდილობს ყველა იმ გავლენიანი ადამიანის დაქვემდებარებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ხელისუფლების ამოცანაა არა პოლიტიკის წარმოება, არამედ - ნებისმიერი საშუალებით ხელისუფლების შენარჩუნება. ამისთვის მას სჭირდება, ქვეყანაში მასზე გავლენიანი არავინ იყოს. 

ხელისუფლებამ იცის, რომ ივანიშვილი ფინანსური შესაძლებლობებით გამორჩეული ადამიანია. მისი ინტერვიუებიდან გავიგეთ, რომ მისი მთავარი რესურსი მარტო ფინანსები არ ყოფილა. როგორც ივანიშვილის გამოჩენა არ იყო შემთხვევითი, ასევე არ ყოფილა მოულოდენელი ხელისუფლბის მხრიდან ივანიშვილის წინააღმდეგ რესპრესიული მანქანის ამოქმედება. Mმაგრამ, ივანიშვილი არ გახლავთ არც რიგითი ჟურნალისტი და არც რიგითი ექიმი, რომელთა წინააღმდეგ ხელისუფლება პერმანენტულად ახორციელებს ზეწოლას. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსებთან ერთად, ივანიშვილს ჭკუაც საკმარისი ჰქონია, მისი პოლიტიკაში გამოჩენა ხელისუფლებისთვის ყველაზე საშინელი მოვლენა იყო. ყველაფერ ამის გათვალისწინებით ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის დაპირისპირება გარდაუვალი იყო. 

- თქვენ როგორ შეაფასებდით პოლიტიკაში მეტეორივით შემოვარდნილი ბიზნესმენის პოლიტიკურ შეხედულებებს? პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში მის მიერ გამოთქმული პოლიტიკური ხედვები საკმაოდ ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხს. ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, უმნიშვნელოვანეს და ძირითად საკითხებზე ივანიშვილი ჩამოყალიბებული სულაც არ არის. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ? 

- მე პირიქით, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის, რაზეც ივანიშვილი ლაპარაკობს, დიდი ხნის ნაფიქრი აქვს. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ მას აქვს ქვეყნის წინაშე პასუხიმგებლობის გრძნობა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებით შეწუხებულია. 

- ივანიშვილის ინტერვიუები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ბიზნესმენის პოლიტიკური ამბიცია უსაფუძვლო ნამდვილად არ არის, მას საკმაოდ საინტერესო და თანამედროვე ხედვები აქვს. ივანიშვილი პრინციპული და სამართლიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და გასაკვირი ისაა, გაუგებარი პოლიტიკური გემოვნებისა და მორალის ადამიანებს ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენა რომ ახარებთ . . . 

- მეც ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. დიდი ხანია ვამბობ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა კარგა ხანია, ამოწურეს თავისი თავი. ისინი ახლა ივანიშვილის საშუალებით ცდილობენ პოლიტიკური თვალსაზრისით ხელახლა გაცოცხლებას. ჩემი აზრით, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ზოგადი სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თუკი ივანიშვილი დაიწყებს რაიმეს დაფუძნებას, ეს სწორედ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა იყოს. ჩვენ იმ პროცესთან გვაქვს საქმე, რომელსაც სხვას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ხელისუფლებისა და საზოგადოებას შორის დაპირისპირებას. საქმე გვაქვს, არა "ნაცმოძრაობის" რომელიმე პარტიასთან დაპირისპირებასთან, არამედ სწორედ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დაპირისპირებასთან. 

შესაბამისად, ივანიშვილმა, როგორც საზოგადოების ლიდერმა, საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა ჩამოაყალიბოს და არა - სხვადასხვა წვრილ-წვრილი პარტიებისგან გაერთიანებული პარტია. პოლიტიკური პარტიების ივანიშვილზე მიწეპება ძალიან ცუდ სახეს მისცემს ამ პროცესს. საზოგადოებამ ძვლივს მოიკრიბა ძალა ხელისუფლებასთან საბრძოლველად, ძვლივს პოულობს ფსიქოლოგიურ და მატერიალურ რესურს საამისოდ და ახლა პოლიტიკური ეგოიზმისთვის გასაქანის მიცემა, ჩემი აზრით, ყველას მხრიდან ძალიან მიუღებელი საქციელი იქნებოდა. 

ივანიშვილის მოძრაობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიის სახე. აშკარაა, რომ ბევრი მიზეზის გამო, რომელთა ჩამოთვლასაც ახლა არ შეუდგები, ეს საქმეს მხოლოდ ავნებდა. 

- ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი პუტინის პროექტია. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის აზრით, ივანიშვილი პრორუსულ ფრონტს ქმნის, იგი ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდს საერთოდ არ მიიჩნევს "ნაცმოძრაობის" სერიოზულ პოლიტიკურ კონკურენტად... 

- რას ამბობენ ერთია, მაგრამ ივანიშვილის მიმართ მათი ქმედება სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. ხელისუფლება თავისი უაზრო მოქმედებებით საზოგადოების ლიდერებს გარკვეულწილად თავად ქმნის. ასე იყო სტურუას შემთხვევაში, ახლა - ივანიშვილი. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ ასეთი ლიდერები კიდევ გამოჩდებიან. უნდა ეს თუ არა ხელისუფლებას, საზოგადოებას უკვე ჰყავს ლიდერი თავის რესურსებით, ავტორიტეტით და ვიმეორებ, საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური ხედვებით. 

- თქვენი კოლეგის, ზაზა ფირალიშვილის აზრით, "პროცესი შეიძლება წარიმართოს ორი სცენარით - დისკუსიის დაწყებით ან ივანიშვილის დისკრედიტაციით". მისივე თქმით, ივანიშვილის მიერ აქტუალიზებულ საკითხებზე დისკუსიის დაწყება პოლიტიკური პროცესის რაციონალურ რელსებზე გადაყვანა იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ივანიშვილის დისკრეტიზაციის გზა უკვე აირჩია... 

- საერთო ჯამში, ხელისუფლებას სწორედ ასეთი არჩევანი ჰქონდა, მაგრამ ის ქმედებები, რომელიც ხელისუფლებამ ივანიშვილის წინააღმდეგ განახორციელა, ადასტურებს, რომ მან პრაქტიკულად შეუქცევადად აირჩია ივანიშვილთან კონფრონტაციისა და დაპირისპირების გზა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არც კი დაფიქრებულან, რომ ეს როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის ცუდია. გასაგებია, რომ თუ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება სურს, მისთვის აუცილებელია ივანიშვილის დამარცხება. 

- ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, "თუ სააკაშვილი დროულად არ გაიზიარებს, რომ იგი აღარ არის "ერთ-ერთი ჩვენგანი" და თავის პოლიტიკურ კარიერაში პაუზას არ გააკეთებს, პროცესი შეიძლება, უმართავ ფაზაში გადავიდეს და მისგან ხალხის მტრის ხატი მივოღოთ. ეს კი არც სააკაშვილისთვის და არც ქვეყნისთვის კარგი არ იქნება. რამდენად სავარაუდოა, რომ პოლიტიკურმა პროცესმა სწორედ ასეთი ხასიათი მიიღოს?

- თუ ხალხის განწყობას მივგდებთ ყურს, ნამდვილად ასეა. სამწუხაროდ, ვითარება ქვეყანაში სულაც არ არის ისეთი, როგორც ამას სახელისუფლო ტელევიზიები ხატავენ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ხალხი ხელისუფლებაზე საკმაოზე მეტად გამწარებულია. თუ ჩემი არ სჯერათ, ხალხს გაესაუბრონ და თავად დარწმუნდებიან. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ ხვდება, საით მიჰყავს საქმე. აქამდე ხელისუფლება იმდენად უგუნურად იქცეოდა, რომ მანევრირებისა და უკან დასახევი გზა თავად არ დაიტოვა. ჩვენს ხელისუფლებაზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია კისინჯერის ცნობილი გამოთქმა - პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლებები ან მუდმივად ხელისუფლებაში არიან ან - ციხეში. 

- ბევრი იმაზეც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ივანიშვილი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეთანხმებული კანდიდატურაა...

- მე არ მჯერა, რომ მსოფლიო პოლიტიკა კულისებში წყდება და ყველაფერი გარიგებებზეა დამოკიდებული. შესაძლოა, შექმნილი ვითარების განხილვა მიდის ვაშინგტონსა და მოსკოვში, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - ივანიშვილი არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია, როგორც ვაშინგტონისათვის, ისე - მოსკოვისთვის. 

მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში, თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უილიამ ბერნსის გამოსვლაც ამას ადასტურებს. ბერნსი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსეთში ამერიკის ელჩი გახლდათ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარება დროის საკითხია, მაგრამ ფორმების ძიება აუცილებელია. მეც ვიზიარებ ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ რუსეთს საქართველო და მისი პრობლემები გარკვეულწილად მობეზრებული აქვს. ჩემი აზრით, ახლა საუკეთესო დროა ამ საგარეო პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არანაირი ცვლილებები არ მოხდება. 

- ექსპერტთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაშიც კი,თუ ვაშინგტონი ხელისუფლებას არჩევნების გზით ძალაუფლების გადაბარებას ურჩევს, მმართველი გუნდი უკან მაინც არ დაიხევს და არჩევნების გაყალბებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას. თქვენც ასე ფიქრობთ?

- მეც იმ ექსპერტთა რიცხვს ვეკუთნი, ვინც ასე ფიქრობს. ხელისუფლება ვითარებას თავად გაამძაფრებს. მაგრამ, ახლა სულ სხვა ვითარებაა. ვაშინგტონი იმის მხარეს არ იქნება, ვინც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. ამიტომ არის საჭირო მხოლოდ კანონის ფარგლებში მოქმედება. ამაზე თავის ინტერვიუებში ივანიშვილიც საუბრობს და ეს მართლაც ასეა. ის, ვინც სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჩაატევს თავის მოქმედებას, ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. დაპირისპირებულ მხარეთაგან ვინც პირველი ჩაიდენს საერთაშორისო ნორმებიდან მნიშვნელოვან გადაცდომას, ის წააგებს. ყოველ შემთხვევაში, ამერიკის მხარდაჭერა არ ექნება.