დიტო გელოვანი: ათასმეორე ღამის ზღაპარი

დიტო გელოვანი: ათასმეორე ღამის ზღაპარი

…და ისიც იცოდე, დომენიკო, რომ მით უფრო თავზეხელაღებულია ქვედა კამორელი, რაც უფრო ზრდილობიანად გებაასება.

- როგორ... ეს როგორ?

- როგორ და, ბიჭო, თავზეხელაღებულებს მშვენივრად აქვთ მოწყობილი ცხოვრება და კმაყოფილნი, თავაზიანად საუბრობენ. აქ მართლა წესიერი კაცია რამდენიმე, ინტელიგენტები, არისტოკრატული ოჯახიდან გამოსულნი, რომლებიც ჯერ ზედა კამორაში, მერე კი აქ გაყვლიფეს და, რაღა თქმა უნდა, ძალიან უჭირთ და, განათლებისა და აღზრდის მიუხედავად, სულ დედის გინებაში არიან. ამისმა თავაზიანობამ დაგაბნია, არა? აბა ერთი მოსასხამი მაშინვე არ მოგვეცილებინა, წამში წაგვიჭერდა ყელში ხელს. მერე გენახა მაგის გინება.

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

 

მაგარი, ამბები ხდება, მაგარი... საინტერესო, თან დამაფიქრებელი, თან სახალისო და რა ვიცი, კიდევ როგორი. ვიღაცეებს სუნი უკვე აუვიდათ და „თაფლი იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოვა“-ო ცოტა სხვანაირად უნდა ვთქვათ, რადგან ის ბუზები, სუნიანებს რომ მოაკითხეს, სულაც არ არიან თაფლზე მოფრენილები. ერთი გუნდი ვართო და, ბუზებიც სულ გუნდ-გუნდად დატრიალებენ. ბუზები იქით იყოს და, სვავების ამბავი უფრო მაინტერესებს. ეგეც იქნება - ადმირალი კოლინი ამბობდა, მტრის გვამი ყოველთვის სასიამოვნოდ ყარსო და წარმომიდგენია, რა საამო სურნელი აუვათ პოლიტიკურ გვამებს, თუ იქიდან და თუ აქედან.

 

იმასაც მოველი, რომ ისეთიც ბევრი გამოჩნდება, გვამად ქცევას სვავად ქცევას რომ ამჯობინებს. პირველი მერცხალი კი არა და... პირველი სვავი უკვე გამოჩნდა - ნესტან-ტანო-ტატანო კირთაძე, რომელიც გასული კვირის შუაწელამდე ლეიბორისტების საერთაშორისო მდივანი იყო, გასული კვირის ბოლოს კი მეცნიერად და პროფესორად მოგვევლინა.

 

„მე არ ვარ ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი. მე ვარ მეცნიერი, პროფესორი და ვალდებულებებითა და პრინციპებით სავსე ადამიანი...“ - განაცხადა პირმშვენიერმა ნესტანმა, ხოლო ნაჯახის პირმა პაატა ჯიბლაძემ თავი დაიმშვიდა: „ნესტან კირთაძის წასვლით პარტიას არაფერი დააკლდება“. ეგეთები წასულან და რამე დაკლებია? თუმცა, მაინც სულ სხვა იყო შავი-ზაზა ბეგაშვილი - „ოლ ბლექსის“ ქართული ვარიანტი.

 

ნესტანი იქით იყოს... მაინც სად? სად და - რიგში. ვარიანტი არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე კითხვა ნესტან კირთაძესაც რომ არ ჰქონდეს („განსხვავებული, სტრატეგიული მიზნების მქონე ორი ლიდერი ერთ პარტიაში ვერ იქნებოდა“, - განმარტა განლეიბორისტებულმა კირთაძემ). ნესტანი იქით იყოს და, სიდედრის ერთას - აკაკი მინაშვილის სიტყვაკაზმული ხელოვნება უნდა გავიხსენო.

 

„როგორც „ინტერპრესნიუსს“ აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ადამიანი, რომელსაც ერთხელ უკვე მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და ამის შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, რითაც კარგად იცოდა, რომ დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, ხელმეორედ უფლება აღარ უნდა მიეცეს. „მე რომ პრეზიდენტი ვიყო, მას საქართველოს მოქალაქეობას აღარ მივცემდი“, - დასძინა აკაკი მინაშვილმა“.

 

ეს ნიუსი ჯერ რადიოთი მოვისმინე და ყურებს არ დავუჯერე. შემდეგ, წავიკითხე და თვალებს არ დავუკერე. მე რომ პრეზიდენტი ვიყოო! შენ რომ პრეზიდენტი იყო, შენი სიდედრი შინაგან საქმეთა მინისტრი იქნებოდა და „ცისფერი მთებისა“ არ იყოს, სიმამრიც იქნებოდა ვიღაც.

 

ხედამთ, ხალხნო, როგორი ოცნებების მორევში ეშვებიან მამალი ქალების სიძეები? პრეზიდენტობა მოუნდა, დახეთ ოცნებას?! არადა... ვინ იცის, საკუთარი სიმამრის ახალგაზრდობის ფოტოებს რომ ათვალიერებდა, იქნებ საკუთარი სიდედრის ადგილას ყოფნასაც კი ნატრობდა... საერთოდ, ასეთი ოცნებები ჩვეულებრივი ამბავია სამოქალაქო სექტორში დაფრთიანებული ახალგაზრდებისთვის და ვინც ეს ჰომოფობიაში ჩამითვალოს, ის იყოს შორენა შავერდაშვილი, თამარ ჩერგოლეიშვილი და ნინია კაკაბაძე, ერთად აღებული.

 

ასე მაგრად თვით დიდი გრეჩიხაც კი ვერ დაიგინებდა.

 

ის სამოქალაქო სექტორიც იმიტომ გამახსენდა, რომ 53-ე სკოლის დირექტორი ძალიან წააგავს გოგა ხაჩიძეს და დიმიტრი შაშკინს, ერთად აღებულებს. და, საერთოდ, ეგენი, ყველანი, ერთად არიან ასაღებნი.

 

ახლა, ავდგეთ და, ერთად ავიღოთ ბაკურ კვეზერელი, ზაზა გოროზია და მანანა მანჯგალაძე. ყოველთვის მჯეროდა ამ სამეულის გულწრფელობის... ტაშტი გატყდა, ხმა გავარდა - კვეზერელს ხსნიან და გოროზიას ნიშნავენო. კვეზერელმა - არაო, გოროზიამ - არაო და მანჯგალაძემაც - არაო. არ ვიცითო... ნიზნაიკები არიან ეს დედალ-მამალი ძროხები, თუ როგორ არის მაგათი საქმე?! არადა, ხმა გავარდა თუ არა, კვეზერელის მოხსნა და გოროზიას დანიშვნა მეორე დღს უკვე მომხდარი ფაქტი იყო - მამალი ძროხების აპოლოგეტის ადგილი დედალი მამლების აპოლოგეტმა დაიკავა. რა გითხრათ... უკვე აღვნიშნე, ამ სამეულის გულწრფელობაში ეჭვი არასოდეს შემპარვია-მეთქი და, მგონი, კვეზერელმა ჯერ კიდევ არ იცის, უმუშევარი რომ არის, გოროზიას ჯერაც ვერ დაუჯერებია, სავარძელზე ჰიბრიდული სიმინდის ტარო რომ დაუდეს, ხოლო მანანა მანჯგალაძე ხელებს შლის - წარმოუდგენელი ამბავიაო! იმეჯინ, დარაგაია... შენ წარმოიდგინე, წარმოდგენა მხოლოდ ახლა იწყება.

 

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ორშაბათს, საღამოს ბაკურ კვეზერელი საზოგადოებას პირდებოდა, ახალი ევროპული სასუქის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაგაცნობთო, ხოლო პარასკევს აღგვითქვა, მაინც სოფლის მეურნეობაში დავრჩებიო. ხონის კოლონიაში პატიმრებს ჩაის აკრეფინებდნენ და ჩაის კრეფაც ხომ სოფლის მეურნეობაა? წარმომიდგენია, მამლის ყივილთან ერთად გაღვიძებული და მაშინვე დაღონებული კვეზერელი: „ამ მამალმა კიდევ არ დადო კვერცხი...“

 

„როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაკურ კვეზერელი კარგი და რეფორმატორი მინისტრი იყო, რომელსაც ჰქონდა როგორც სუსტი, ისე - კარგი მხარეები. ახლა კი, ცისკარიშვილის თქმით, დადგა დრო, როცა საჭიროა ახალი „შემართება და ახალი სისხლი“ - მამცნო სააგენტომ, მაგრამ აღარ დააკონკრეტა, რით ვერ გაძღა ეს ხალხი ამდენი სისხლით, სულ ახალ-ახალს რომ ითხოვენ. მამენტ... ეგენი, შემთხვევით კოღოები ხომ არ არიან? და, წურბელები?

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულ-მაყურებლად დანიშვნას ბოლო წუთამდე უარყოფდა გურამ მისაბიშვილი. ვირზე შეჯდა - ჩემი საქმე კანონების წერააო. ვირთან ერთად შეიყვანეს ახალ კაბინეტში. ვირმა ტლინკები ჰყარა - გოროზიას სუნი იკრა და ტლინკების რა მოგახსენოთ, მაგრამ კახეთში გოროზიას სულ ნარჩევი ეპითეტები ელოდება. აი, ნახავთ.

 

რა გველოდება თბილისში? „თბილისის ქუჩებში 1000-ზე მეტი სავაჭრო ჯიხური ჩაიდგმება. 18:00 19-10-2011 „ინტერპრესნიუსი“. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიხედვით, ქალაქში არსებული ძველი და უსახური ჯიხურების ნაცვლად, თბილისში უახლოეს მომავალში ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგმება. „ეს არის საუკეთესო შანსი იმ თბილისელებისთვის, ვისაც სურს განავითაროს კერძო ბიზნესი, შექმნას სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაო ადგილები, რაც სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა“.


ახლა კი მჯერა, რომ გიგი ძალიან არის დაბნეული. რომ მითხრეს, არ დავიჯერე, მაგრამ ბოლოს ჩემმა მეგობარმა სააგენტომ დამაჯერა. 1000 ჯიხურის ამბავს რომ წაიკითხავ, მოდი და ნუ დაიჯერებ გიგის დაბნეულობას.

 

რა დროს ჯიხური იყო, ოეეე!!! რომელი საუკუნეა, აუუ!!! 1000 ჯიხური, 1001 ღამე და რამე? ბაზარი არ არის - ნოუ მარკეტ! თავიდან, მეთქი - ღადაობენ, მაგრამ შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რომ თავი 92 წელში მეგონა და 25 წლის ვიყავი. ის მოხდა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა და ცხვირებმა „ქართუ ბანკის“ მანქანა დააყაჩაღეს, წაიღეს ორი მილიონი აშშ დოლარი და ერთი მილიონი ევრო...


მოკლედ, ჩემი ოთხმოცდათორმეტი და იქვე - ჰიუგოს ოთხმოცდაცამეტი წელი.

 

სურათს მხოლოდ ერთ შტრიხი აკლია - მებენზინე კანონმდებელი, გოგი ლიპარტელიანი დიდუბის მეტროს სიახლოვეს ბენზინის ცისტერნის გვერდით. მოდიან და მოდიან სოდისა და კუდის თანამშრომლები - „კაი ბიჭები ვართ, ძმაო, ბენზინი ჩამოგვისხი“. „სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - კიდევ ერთხელ მახსენდება ის, რაც თბილისის მერმა აღნიშნა.

 

გიგი უგულავამ 92 წელი გამახსენა, ხოლო ირინა სარიშვილი უფრო შორს წავიდა - გამახსენდა 1988 წელი, ედეპეს გაზეთი „ქართული ქრონიკა“ და მისი მთავარი რედაქტორი ირინა სარიშვილი.

 

„პარტია „იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე კითხვით მიმართავს. ირინა სარიშვილს აინტერესებს, გააგრძელებს თუ არა ბიზნესმენი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქველმოქმედებას. სარიშვილი ივანიშვილისაგან მოითხოვს, განმარტოს, რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. „მაინტერესებს, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჰქონდა თუ არა მას წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა, თუ ვისთან ითანამშრომლებდა“, - აცხადებს სარიშვილი“.


მიმართავს, მოითხოვს, აინტერესებს... საინტერესოა, მაგრამ ამ ქვეყანაში არა და არ დაილივნენ თხოვნაზე მომართულები და... გოკა გაბაშვილმა გასული საუკუნის მიწურული გამახსენა, როდესაც ყოველი მეორე ექსტრასენსი იყო და ყოველი მესამე - ნათელმხილველი.

 

„მე რამე კონსპირაციულ თეორიებზე კი არ ვლაპარაკობ, ვამბობ მხოლოდ იმას, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისედაც ზედაპირზე დევს. ივანიშვილმა ფული იშოვა რუსეთში – ჩვენდამი მტრულად განწყობილ ქვეყანაში, ის აქვეყნებს განცხადებებს, იძლევა ინტერვიუს, მაგრამ არსად ახსენებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს. მეტიც, ის 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს“.

 

გოკა არ არის ექსტრასენსი, გოკა ნათელმხილველია, ოღონდ - ქირომანტიის განხრით. ხელებში გიყურებს, ლამის თვალებიდან გადმოვარდეს. არა, ცუდად არ მკითხაობს და უხარია, კლიენტები ბუზებივით მეხვევიანო. სინამდვილეში, კი არ უხარია, არამედ თავს იმშვიდებს. სინამდვილეში, ბუზები ეხვევიან, კლიენტები - არა. ბუზებზე უკვე მოგახსენეთ და გოკაზე დავამატებ ორიოდ სიტყვას. ივანიშვილი რუსეთის პროექტიაო... გოკა რომ არის, ეგეთი დაბოღმილი და დაკომპლექსებული ქვეყნად მეორე არ მეგულება. ისეთი დაკომპლექსებულია, თითქოს არ ჯერა, თვითონ კოტე გაბაშვილის პროექტი რომ არის. ეგ ბოღმაც მაქედან მოდის.

 

ბოღმა ნომერი ორი - ბუზთა ფავორიტი, ნუგზარ წიკლაური. „...მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი პერსონალიებიც ძალიან ბევრს ამბობს, თუ როგორი პოლიტიკური ძალის შექმნა სურს მას. „ეკა ბესელიას, გუბაზ სანიკის, ნინო ბურჯანაძის, ზურაბ ბიგვავას და ა.შ. სახელები მის პოლიტიკურ გემოვნებაზე გვაძლევს წარმოდგენას“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, მაგრამ შემდეგ გაახსენდა ადრე თვითონ გურამ აბსანძის გუნდის წევრი რომ იყო და ახლა კობა ხაბაზის გუნდის წევრი რომ არის. გაახსენდა და გაჩუმდა. გაჩუმდა და „ნეტა, მე თვითონ ვისი პროექტი ვარ“ - გაიფიქრა.

 

შენ პროექტი აღარა ხარ, არა, არა, ნტუ! შენ... შენ...

 

ზვიად კუკავამ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებათა პროექტი წარმოადგინა. ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტ ფიზიკურ პირებზე გავრცელდება ის რეგულაცია, რაც ქრთამის აღებასთან დაკავშირებით სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე ვრცელდება. როგორც კუკავა აღნიშნავს, „ეს ცვლილება უკავშირდება საერთაშორისო რეკომენდაციებს, რათა სარჩევნო კამპანია უფრო გამჭვირვალე იყოს“.

 

დიახ, საარჩევნო კამპანია იმდენად გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ პირველი ყაჩაღები და უკანასკნელი იდიოტები. კი, მაგრამ, ნაციონალურ მოძრაობას რაში აწყობს ასეთი ცვლილება? კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც, წესით, ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა აწყობდეს: „...პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტით კი, დისციპლინური სახდელების სახეები ასევე იქნება სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით და ფულადი გზავნილის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით“.

 

ამას უკვე თვითგვემა ქვია - ყველაფერს აკეთებენ, რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში, მოხვდნენ ციხეში და პირველივე დაწკმუტუნებაზე ზონაში არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლება შეეზღუდოთ.

 

ბაზარი არ არის - ნოუ მარკეტ. ტაკ ძერჟაც - ეგრე გეკავოთ.

 

აღსანიშნავია, რომ ორივე კანონპროექტის ავტორი ზვიად კუკავაა. ბუზი იფიქრებს, ეს ტიპი ზის და კანონპროექტებს კუკავსო. და როდესაც ბუზები კანონების მკუკავ კუკავაზე დასასხდომად გაემზადებიან, აღმოაჩენენ, რომ ადგილი ყველას ეყოფა. პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე - ისინიც კანონპროექტის ინიციატორები არიან. ინიციატორები არიანო - სწორედ ასე ეწერა ნიუსში.

 

ზემოთ დამავიწყდა და რომ არ ვთქვა, ვერ მოვისვენებ - „ქართული დასი“ „ბანკი ქართუს“ თანამშრომლების დაკავება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გააქტიურებას დაუკავშირეს... გაიხარეთ!!! ორი დღე თავს ვიმტვრევდი და „ქართუს“ დაყაჩაღება ვერაფერს დავუკავშირე, ხან რა ვიფიქრე, ხან რა... ისიც კი ვიფიქრე, ბიჭებმა იხუმრეს-მეთქი... თურმე... „ქართული დასი“ რომ არა... არა, ძმაო, არავინ თქვას, საქართველოში პოლიტიკური ელიტა ვერ ჩამოყალიბდაო, პოლიტიკური კულტურა არ არსებობსო...

 

პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიზმის მაგალითი გვიჩვენეს „ეროვნულმა საბჭომ“ და მისმა ორივე წევრმა - კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა.

„არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს მხოლოდ ერთმა დიდმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. თუ იმ ძალებს შორის, რომელსაც ივანიშვილი იკრებს, ჩვენი ადგილი არ იქნება, ამის გამო სახეს არ ჩამოვიხოკავთ, უბრალოდ განზე გავდგებით და საერთოდ გამოვეთიშებით საარჩევნო მარათონს, თუმცა ხალხში აქტიურად ვივლით და ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, რომ ხმა მისცენ სწორედ ივანიშვილის გაერთიანებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

ეგრე, რა, დალოცვილო - შენ პლაკატები გააკარი და ნა-ვერწელე ჩემზე იყოს თავისი მაშარაფით. ბაზარი არ არის - ნოუ მარკეტ.

 

ჰოდა, ასე ნელ-ნელა მივადექით ბიძინა ივანიშვილიის თემას. რაღაცეები უკვე ვთქვი და გავიხსენე. არადა, სათქმელი იმდენია, იმდენია დამაფიქრებელი და სასაყვედუროც... თუმცა, იმედი მაქვს ყველაფერი გამოსწორდება. უბანში მთავარია მეზობლები. თევზი გინდა - მეთევზე აქვე ცხოვრობს, მაკრატელი გაქვს გასალესი - მლესავი შენი მეზობელია... ეს იმ ფილმშია - „მზე შემოდგომისა“, ხოლო ამ ფილმში ასეა: ლექსი გინდა - პოეტი გუნდშია, პიესა მოგინდა - დრამატურგიც აქვე არის...


ერბო - ერბოა, ქონი - ქონია, პელე- პელეა, მარადონა - მარადონაა, რიგი - რიგია... ოღონდ, ბიძინა ნუ იქნება ბადრი... ჯვარი წერია და, ჭირი ვირთხებს და რწყილებს გადააქვთ.

 

რავი... რიგი რიგია-მეთქი და, როგორც ჩემმა ძმობილმა სააგენტომ მაცნობა,  „საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი PHILIPPINE SEA (CG-58) შემოვიდა“.

 

აი, ეგეც თუ ბიძინასთან დგას რიგში, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე...

 

ასე, ნელ-ნელა გავედით ბოლოში და ბოლო-ბოლო იმასაც გეტყვით, რომ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარაზიტოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

 

პარაზიტოლოგები ისხდნენ, იდგნენ თუ დადიოდნენ, ყველანი ყურადღებით აკვირდებოდნენ გიგი თევზაძის მოძრაობას. უცქერდნენ, სწავლობდნენ... და ყველამ ერთდროულად გაიფიქრა: „კარგი მასალაა“

 

ა.ა. (ააა...) - და, ესე იგი, ბიძია ოთო, ტყუილუბრალოდ ვინც იგინება, ყველას მივენდო?

- არა, რას ამბობ, რას, დომენიკო... ზოგი ოხერი ხანდახან განგებ იგინება - ვითომ ინტელიგენტია...

- ააა...

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)