სოლომონ თერნალის ღია წერილი  დიპლომატიურ კორპუსს

სოლომონ თერნალის ღია წერილი დიპლომატიურ კორპუსს


ქალბატონებო და ბატონებო,
 
ბოლო კვირის განმავლობაში თქვენ მიხეილ სააკაშვილის ფსევდოდემოკრატიული რეჟიმის მორიგი თვითლუსტრაციის მოწმე ბრძანდებით.

ბატონი მიხეილ სააკაშვილის ანგარიშზე სადღეისოდ უკვე არის:

· 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევა, კერძო ტელევიზია „იმედის“ უკანონო დარბევა და მაუწყებლობის შეწყვეტა, ტელევიზია„კავკასიის“ მაუწყებლობის უკანონო შეჩერება,

· ნაციონალური მედიასაშუალებების უკანონო გაკოტრება, ლიცენზიის ჩამორთმევა, მითვისება და ოფშორული კომპანიების საშუალებით კონტროლი,

· ათეულობით ახალგაზრდის ქუჩაში ძალოვანი სტრუქტურების მიერ ლიკვიდაცია მათთვის „ნულოვანი ტოლერანტობის“ კარტ-ბლანშის მიცემით,

· 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში მნიშვნელოვანი დარღვევების და მასობრივი გაყალბების ორგანიზება, რაც ორივე შემთხვევაში ეუთოს არჩევნებზე მონიტორინგის კომისიის ანგარიშში, სამწუხაროდ, არჩევნებიდან 2-3 თვის შემდეგ აისახა და არჩევნების შედეგზე გავლენა ვერ იქონია,

· მეგობარი ქვეყნების და ორგანიზაციების მიერ მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად 2008 წელს რუსეთის მიერ პროვოკაციაზე არაადეკვატური პასუხი და საომარი მოქმედების დაწყება, რაც დადასტურებულია ტალიავინის საერთაშორისო კომისიის მიერ,

· საბიუჯეტო სახსრების უკონტროლო ხარჯვა და ასეულ მილიონიანი აბსოლუტურად გაუმჭვირვალე საპრეზიდენტო და სამთავრობო ფონდების არსებობა,

· ბიზნესის ტოტალური კონტროლი. საგადასახადო ორგანოების და პოლიციის მიერ შეთითხნილი მიზეზებით ბიზნესმენების დაკავება და დაშინების შედეგად საპროცესო გარიგებების მავნე პრაქტიკა, რომელიც 2010 წელს ბიუჯეტში 112 მილიონი ლარის მობილიზების და ამ ინოვაციის ავტორის – იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის სიამაყის საფუძველი გახდა.

· იუსტიციის გაჭიანურებული რეფორმა, რასაც შედეგად მოჰყვა ადვოკატთა როლის დაკნინება და პროკურატურის როლის კატასტროფული ზრდა, სადღეისოდ საქართველოში სასამართლოებს ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 0.04%-ში გამოაქვთ!

· პატიმართა რიცხვის წარმოუდგენელი ზრდის და განაჩენების არაადექვატური დამძიმების პარალელურად პატიმართა ყოფის აუტანელი პირობები და ციხეებში წამების და გარდაცვალების ისეთი შემზარავი სტატისტიკა ფიქსირდება, რომელიც მსოფლიო უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი კრიტიკის მიზეზად რჩება.

· ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის დაუსაბუთებული ზრდა 90 დღემდე და ამ მეთოდით პოლიტიკური ოპონენტების დაკავება, ისევე, როგორც ნარკოტიკების და იარაღის ჩადების უამრავი შემთხვევები,

· პოლიტიკური დევნის ათობით დასაბუთებული შემთხვევა, რომელთაგან რამდენიმე შემთხვევაში საქართველოს მთავრობისაგან პოლიტიკური დევნილის სტატუსი გაცემულია საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, კანადის, იტალიის და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მთავრობების მიერ,

· ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი საქმეების წარმოუდგენელი ზრდა (2010 წელს – 2000 საქმეზე მეტი) და ყველაზე უფრო საჩვენებელი – გირგვლიანის საქმე, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სავიზიტო ბარათად იქცა უკანონობის და ძალადობის გამართლებისა და დაკანონების სამარცხვინო ასპარეზზე.

· სააკაშვილის მთავრობის მეორე სამარცხვინო სავიზიტო ბარათად ქცეული 2011 წლის სისხლიანი 26 მაისი, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის უკანონოდ გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში სისხლიანი მეთოდებით დაშლას ადამიანების მსხვერპლი და ჟურნალისტებსა და საზოგადოებაზე მასობრივი ძალადობა მოჰყვა. ხოლო სააკაშვილის რეჟიმმა სისხლით მოსვრილ რუსთაველის გამზირზე მისი მორეცხვიდან რამდენიმე საათში საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი აღლუმი ისე მიიღო, რომ ახლო-მახლო დაყრილი რამდენიმე ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანის გვამი ჯერ კიდევ არ იყო აღებული.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების და საქართველოს მთავრობის ელიტარული კორუფცია ბევრად აჭარბებს შევარდნაძის ხელისუფლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, ხოლო ხელისუფლების დანაწილება, სასამართლოს დამოკიდებულება მმართველ პარტიაზე, მედიის მიკერძოებულობა, ძალოვანი სტრუქტურების უკონტროლობა და ადამიანის უფლებების დაუცველობა სააკაშვილის დროს გაცილებით უარეს პერსპექტივას სახავს.

საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებულ იმედგაცრუებას იწვევს ის მხარდაჭერა, რაც საქართველოს პრეზიდენტს დასავლელი პარტნიორების მხრიდან გააჩნია. „პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი“, „საქართველოს მთავრობის პროდასავლური კურსი“, „საბაზრო ეკონომიკის მხარდაჭერა“, „კონკურენტული გარემოს შექმნა“, „#1 ქვეყანა ბიზნესის დაწყების სიიოლით“, „#1 ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში“ – ეს ეპითეტები და ხშირ შემთხვევაში დასავლური პრესის სარეკლამო ხასიათის სტატიებიდან ამოღებული კალკები აბსოლუტურად არ ასახავს იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სინამდვილეს, რაც დღეს საქართველოში არის.

საქართველოს ხელისუფლება ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლებისაგან განსხვავებულ ალტერნატივას გაუჩენს.

იცის რა საკუთარი რეალური (და არა დაშინებული მოსახლეობის ღიად გამოკითხვის და სხვა ტექნიკური ხერხების წყალობით დაფიქსირებული) რეიტინგი, საქართველოს ხელისუფლებას აქვს თავისუფალი და თანასწორი არჩევნების კატასტროფული შიში.

მიხეილ სააკაშვილმა შექმნა დანაშაულებრივი ფინანსური-პოლიტიკური სისტემა, სადაც ნებისმიერი სახელმწიფო სახსრების ლომის წილი უნაწილდება სამთავრობო პირების და მათი საახლობლო წრის მიერ ხშირად ტენდერის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალურად დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებიც შემდეგ საარჩევნო პერიოდში უხვი ღია თუ ფარული შემოწირულობების სახით ნაციონალურ მოძრაობას ხარკს უხდიან და “ვალს” უბრუნებენ. ამის გამო, და იმის წყალობითაც, რომ საგადასახადო ორგანოებისაგან დატერორებულ ქართულ ბიზნესს აკრძალული აქვს ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტური ფსევდოოპოზიციური პარტიების გარდა სხვა პარტიების დაფინანსება, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში არ არსებობს დაფინანსების წყაროები, რაც ოპოზიციურ სპექტრს თავისუფალი განვითარების საშუალებას მისცემდა.

სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შოკშია ჩავარდნილი რეალური ოპონენტის გაჩენის გამო.

მილიარდერი ბიზნესმენის და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ შეცვალა ის რეალობა, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ფინანსური რესურსების განუზომლად მაღალი ხარისხის გამო აბსოლუტურად არათანაბარზომიერი სარეკლამო კამპანიის წარმოების საშუალება ჰქონდა და მის მიერვე მართულ ნაციონალური მასშტაბის მედიასაშუალებებს დირექტივებს აძლევდა, რომ საარჩევნო პერიოდში ისეთი ფასების ნიხრი დაეწესებინათ, რასაც ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გადაიხდიდა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ მკვახე განცხადებებით ბრავადად წარმოუდგენია, წარმოუდგენლად ეშინია ისეთი ოპონენტის, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების რეალური პოტენციალი აქვს და კონფრონტაციის გარდა რაიმეს შეთავაზება შეუძლია. ამიტომ იგი, ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები და ხელისუფლების მიერ მართული მედიასაშუალებები მომენტალურად “პრორუსულ” იარლიყს აკერებენ ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად ამ უკანასკნელის განცხადებების, დეკლარირებული პოლიტიკური კურსის, პოლიტიკური პარტიის და მრჩეველთა გამოკვეთილი ბირთვის და იმ ოპოზიციური პარტიების დასავლური ორიენტაციისა, რომელთანაც ურთიერთობით დაიწყო პოლიტიკური სვლები ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მთავრობა არის აბსოლუტურ პანიკაში და დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც კიდევ ერთხელ ააშკარავებს მის არადემოკრატიულ ხასიათს, რომლისთვისაც პოლიტიკურ ოპონენტთან ურთიერთობის ერთადერთ ფორმას მის მიმართ ცილისწამება და მისი მომხრეების, კომპანიის და ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი წარმოადგენს:

- მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს – პროცედურების აშკარა დარღვევით, ხოლო მის მეუღლეს – აბსოლუტურად უკანონოდ – ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმიდან მეორე დღესვე გამოუცხადა და 11 ოქტომბრის ბრძანებულებით ჩამოართვა კიდეც თავის მიერვე 2004 წელს მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა.

- ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ივანიშვილის ბანკ „ქართუს“თანამშრომლებზე. 18 ოქტომბერს 17 საათზე საქართველოს ბანკიდან ლეგალურად თანხის გამოტანის დროს სპეცნაზის და პოლიციის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში განახორციელეს ყაჩაღური ტიპის თავდასხმა ქართუ ბანკის ინკასაციის მანქანაზე, უკანონოდ დააკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ ქართუ ბანკის 6 თანამშრომელს (ორ ინკასატორს და ოთხ მოლარე ქალბატონს), ამოიღეს ბანკის კუთვნილი მანქანა და ფულადი სახსრები. უკანონოდ დაკავებულ პირებს თავიდან თითქოს ფულის გათეთრების მუხლი მიუყენეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი განმარტებების გაკეთების გარეშე გაანთავისუფლეს. გასაგებია, რომ ეს იყო დაშინების ოპერაცია, რომელიც ისეთ ფაქიზ სექტორში, როგორიც საბანკო ბიზნესია, მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებში გაურკვევლობის გრძნობის დათესვას და თავისუფალი ბიზნესის მიზანმიმართულ ნგრევას.

- იმავე საღამოს, ყოველგვარი ახსნის და წერილობითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე ხელისუფლებამ იარაღი ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილის დაცვას, რაც ბიზნესმენის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობაა.

- ხელისუფლებამ იმავე დღეს ბიძინა ივანიშვილის შვილის, მომღერალ ბერა ივანიშვილის პოლიტიკურ კლიპში „ქართული ოცნება“ გამოყენებული მაისურების დარიგების დროს დააკავა ბერას მეგობარი დისკ-ჯოკეი ლევან მდინარაძე, რომელსაც ნარკოტიკების შეძენის ბრალდება წაუყენა.

- რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ უკანაონო იარაღის ამოღების მიზეზით დააკავა კახეთში რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარის რობერტ ღარიბაშვილის სიმამრია, ხოლო ღარიბაშვილის მამა წინადღით სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

- ხელისუფლების წარმომადგენლები – პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი და სხვები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ მოქალაქეობადაკარგულ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან დეპორტაციის საფრთხე ემუქრება, ხოლო ნაციონალური არხებით, განსაკუთრებით, ერთ დროს თავისუფალ და ამჟამად სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის გიორგი არველაძის მიერ მართულ და ომის მოდელირებებით „სახელგანთქმულ“ ტელეარხ „იმედზე“, გადის სიუჟეტები, სადაც ხდება ლონდონში დევნილობაში გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის და ბიძინა ივანიშვილს შორის პარალელების ძიება და იმ აზრის გატარება, რომ ივანიშვილსაც პატარკაციშვილის ბედი ეწევა, რაც ბიზნესმენის და აწ უკვე პოლიტიკოსის ოჯახზე, ისევე როგორც მთელ ქართულ საზოგადოებაზე, დამატებით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ისახავს მიზნად.

ამდენად, სახეზეა პოლიტიკური დევნის კლასიკური შემთხვევა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინაშვილის მიმართ ხელისუფლება ლოიალური იყო 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, როცა მან თავისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. მანამდე იგი არავის მიაჩნდა რუს ოლიგარქად, საქართველოს მოქალაქეობისათვის შეუფერებელ და დეპორტაციის ღირს პიროვნებად და ხელისუფლება მშვენივრად ითვისებდა პოლიციის, ჯარის თუ სხვა საზოგადო სექტორში ივანიშვილის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გადაცემულ დიდ სახსრებს, ხოლო ივანიშვილის მიერ გარემონტებულ და აშენებულ ეკლესიებს, თეატრებს თუ საავადმყოფოებს ხშირად თავად ხსნიდა და ქველმოქმედის ღვაწლს ითვისებდა. თუმცა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ არის მისი კეთილისმყოფელი და ვინ – მისი გამატყავებელი.

არავისათვის საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა აბსოლუტურად მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ ყველა რეკომენდაციების მიუხედავად და საწინააღმდეგოდ, საარჩევნო სისტემა შეცვალა ისე, რომ კიდევ უფრო დაასუსტა საპარლამენტო ხელისუფლება და რეალურად საპრეზიდენტო ძალაუფლების უდიდესი ნაწილი გადაულოცა პრემიერ-მინისტრს, ერთადერთი მიზნით, რომ ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2012 წელს, რეალური პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობის და სარჩევნო გარემოს სისუსტეების, ისევე როგორც საკუთარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩეს უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ანუ გაიმეოროს არა მის მიერ ხშირად მისაბაძად დასახული ჯორჯ ვაშინგტონის და შარლ დე გოლის, არამედ, მისი მუდმივი კრიტიკის ობიექტის, – მის მიერ შაჰ-აბასად და მურვან ყრუდ შერაცხული ვლადიმერ პუტინის მაგალითი.

გასაგებია, რომ საქართველოს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლით იქმნება მეორე პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც გააჩნია მეტი მომხიბვლელობა ხალხისთვის – პროგნოზირებადობის, საზოგადოებისადმი ადამიანური დამოკიდებულების, სამართლიანობის და საბაზრო ეკონომიკის და საინვესტიციო კლიმატის რეალური განვითარების სერიოზული პერსპექტივის არსებობის გამო.

სწორედ ამიტომ, გაანალიზა რა ნაცმოძრაობის და პირადად მის წინააღმდეგ ერთიანი დემოკრატიული ფრონტის ჩამოყალიბების მისთვის კატასტროფული სიუჟეტი, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს სტარტზევე დაბლოკოს ეს პერსპექტივა და ქართველ ხალხს არ მისცეს საკუთარი პერსონის არავითარი ალტერნატივა გარდა ფესვდოოპოზიციური სატელიტი პარტიებისა, რომელთაც მისი დამარცხების შანსი, გასაგები მიზეზების გამო, არც გააჩნიათ.

მოგმართავთ თხოვნით:

- განუმარტოთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ქართველი საზოგადოების პოლიციური მეთოდებით მართვა, დაშინება და პოლიტიკური ოპონენტების ხალხის მტრებად გამოცხადება არ არის დემოკრატიის მახასიათებელი.

- რომ მხოლოდ პიარისთვის, საზეიმო კონცერტების მოწყობასა და საკუთარი ამბიციური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო სახსრების უკონტროლო ხარჯვა არ წარმოადგენს პროდასავლური კურსის დემონსტრაციას.

- და რომ დასავლეთის მთავრობები არ დაუჭერენ მხარს იმ ხელისუფალს, რომელიც საკუთარი ავტორიტარიზმის შენიღბვას უცხოური ლობისტური ფირმებისათვის გადახდილი მილიონებით და ავღანეთსა და ერაყში კონტრტერორისტულ ოპერაციებში გაგზავნილი ქართველი ჯარისკაცების სისხლის ფასად აპირებს.

გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია პოლიტიკური ნიშნით აგრესიული ზეწოლის და დევნის იმ უპრეცედენტო კამპანიაზე, რასაც მიხეილ სააკაშვილის სახელისუფლებო სტრუქტურები ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტნიორების მიმართ ახორციელებს.

პატივისცემით,

სოლომონ თერნალელი,

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატიული და ფსევდოდემოკრატიული რეჟიმის პირობებში იძულებული ვარ ანონიმურად გამოვხატო ჩემი მოსაზრებები სოციალურ ქსელებში. სახელმწიფო ტერორის ზემოთხსენებული მაგალითები არ მაძლევს იმის ილუზიას, რომ ჩემი პიროვნების და აზრების ღიად დაფიქსირების შემთხვევაში ჩემი ოჯახის და ახლობლების მიმართ არ განხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ის ხერხები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად „იმაღლებს კვალიფიკაციას“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.