ევროპას კრიზისის ეშინია, საქართველოს კი - არა

ევროპას კრიზისის ეშინია, საქართველოს კი - არა



ევროპული კრიზისი სულ უფრო მეტ ქვეყანას ითრევს. პრობლემის მოგვარება კი ვერ ხერხდება. პრობლემები თანდათან ჩვენ რეგიონს უახლოვდება, თუმცა საქართველოში ჯერ თავი ამაყად უჭირავთ.

ბოლოს და ბოლოს საფრანგეთმა და გერმანიამ მიაღწიეს შეთანხმებას ევროპაში მიმდინარე კრიზისთან ბრძოლის ძირითად მომენტებთან დაკავშირებით. ორ ქვეყანას შორის მთავარი უთანხმოება სტაბილურობის ფონდს უკავშირდება: საფრანგეთსა და გერმანიას განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს ფონდში დამატებითი თანხების მოზიდვა.

პარიზში ყველაზე მისაღებ მეთოდად სტაბილურობის ფონდის ბანკად ქცევა ესახებათ, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის დაფინანსებასთან წვდომას მიიღებს, თუმცა ბერლინი და თავად ევროპის ცენტრალური ბანკი ამ იდეის ეწინააღმდეგებიან.

მხარეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები იმ ბანკებთან, რომლებიც საბერძნეთის სახელმწიფო ობლიგაციებს ფლობენ, რათა მათ უფრო მეტი ზომები მიიღონ საბერძნეთის კრიზისის შესუსტებაში. ევროპის ლიდერები ცდილობენ, შექმნან ამომწურავი და ბაზრისთვის დამაჯერებელი გეგმა. საუბარია საბერძნეთის სახელმწიფო ვალის შემცირების, ბანკების რეკაპიტალიზაციისა და ფონდის ანტიკრიზისული ფონდის გაზრდის შესახებ.

სააგენტოებში, კი 5 ევროპული ქვეყნისთვის საკრედიტო რეიტინგების შემცირებით იმუქრება. მათ შორისაა საფრანგეთი, რომელსაც უმაღლესი რეიტინგი აქვს. ფრანგების გარდა, რეიტინგის შემცირების კანდიდატებს შორის მოხვდნენ ესპანეთი, იტალია, ირლანდია და პორტუგალია.

ყველაზე მძიმე ვითარება საბერძნეთშია. ათენში საპროტესტო აქციებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ პენსიებისა და ხელფასების მორიგი შემცირების შესახებ, რის სანაცვლოდაც ქვეყანა ევროკავშირისა და სავალუტო ფონდისგან დაპირებულ, 8-მილიარდი დოლარის ტრანშს მიიღებს.

ევროზონის კრიზისის გავლენის შესახებ პროგნოზებს სხვადასხვა ქვეყანაში აკეთებენ. აზერბაიჯანის პარლამენტში უკვე ღიად განაცხადეს, რომ გლობალური კრიზისის მეორე ტალღის გამო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებაა მოსალოდნელი. უფრო ოპტიმისტურად არიან განწობილნი საქართველოში. ყოფილი და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრები საკმაოდ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში მოსალოდნელი მორიგი ფინანსური კრიზისაგან საქართველო 100 პროცენტით არის დაცული, რასაც ის გონივრული ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკა განაპირობებს, რომელსაც მთავრობა ატარებს. ამასთან, საქართველო, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.

“პრევენციული ზომა ამ შემთხვევაში ის ფისკალური პოლიტიკაა, რომელსაც ვახორციელებთ. ესაა მცირე და ეფექტური მთავრობა, მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო კერძო სექტორის განვითარებისათვის, ეკონომიკის ზრდის დინამიკის შენარჩუნება სხავადასხვა სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, სახელმწიფო ვალის დაბალი დონის შენარჩუნება და საბიუჯეტო დეფიციტის თანმიმდევრული შემცირება, რაც ასევე ქვეყნის მდგრადობის საწინდარია”, - აღნიშნა გვინდაძემ.

მისი თქმით, 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის მკვეთრი გავლენისაგან საქართველო არა მხოლოდ დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილმა 4,5-მა მილიარდმა, არამედ გონივრულმა ფულად-საკრედიტო და ფისკალურმა პოლიტიკამ გადაარჩინა, რისი გატარება დღესაც გრძელდება. ხსენებული თანხიდან ნახევარი უკვე ათვისებულია, და მეორე ნახევარი, დაახლოებით 2,5 მილიარდი - დაკონტრაქტებული.

საჭიროებისამებრ, საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დამატებითი ფინანსური რესურსის შეღავათიანი პირობებით მოზიდვაც შეეძლება. ამის გარანტიას მისი საკმაოდ კარგი რეიტინგი იძლევა. “შესაბამისად, გრძელვადიანი, შეღავათიანი ფინანსური რესურსის ნაკლებობას არ განვიცდით და, მივიჩნევ, რომ ეს პრობლემა არ დადგება”, - აღნიშნა დიმიტრი გვინდაძემ.

ფინანსთან ექსმინისტრის, აწ უკვე კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ევროპაში მიმდინარე კრიზისი ქართულ ეკონომიკაზე გავლენას ამ ეტაპზე ვერ მოახდენს. ბაინდურაშვილის აზრით, თუ კრიზისი ლოკალიზებული იქნება და მთლიანად ევროპას არ გადაედება, გავლენა არც საქართველოზე ექნება.

მისი განცხადებით, დღეს ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ მაღალია, რაც არსებული დაინტერესებიდან გამომდინარე ჩანს. თუკი კრიზისი ევროპულ ქვეყნებს გასცდა, ეს ფულის მასის გაძვირებაზე აისახება და ასეთ შემთხვევაში საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.