უილიამ ბერნსის ვიზიტისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუების კვირა

უილიამ ბერნსის ვიზიტისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუების კვირა


პოლიტიკურ ასპარეზზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩენილ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები კვლავაც დარჩა გასული კვირის მთავარ თემად, თუმცა მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გასულ კვირას საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის ვიზიტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე გასულ კვირას დაიწყო თბილისის მერიამ ერთჯერადი ხუთლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერების დარიგება.

გასული კვირის ორშაბათს გახდა ცნობილი, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მიზნით, რომელიც მას და მის მეუღლეს 11 ოქტომბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შეუწყდათ, სასამართლოს მიმართავს. ამავე დღეს ვრცელდება „როიტერსის“ მიერ ჩაწერილი პირველი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, სადაც ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის სამართლებრივ გზებზე საუბრობს და მოქალაქეობის ჩამორთმევას მისი პოლიტიკური პროცესისგან ჩამოშორების მცდელობად აფასებს:

„რასაც გავაკეთებ, მივმართავ სასამართლოს, მე ილუზია არა მაქვს ჩვენი სასამართლოსი, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა. ამავდროულად, არ ვაპირებ შევაჩერო პროცესი, რომელიც დავიწყე და როგორი გეგმებიც მქონდა ისეთი გეგმებით გავყვები, განვახორციელებ და მივაღწევ იმას, რასაც ვგეგმავდი ჩემს გუნდთან ერთად, შედეგი ერთი იქნება. არჩევნებს, რომელსაც ისინი აპირებენ ჩაატარონ ჩემი გათიშვის გზით, და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ასეთი არჩევნები შედგეს, რა თქმა უნდა, ასეთი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება“.

შეიძლება ითქვას, რომ რთული აღმოჩნდა სამშაბათი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი „ქართუსთვის“. 18 ოქტომბერს, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკიდან“ გამოსული ბანკ „ქართუს“ კუთვნილი ინკასაციის მანქანა გააჩერეს, რომელსაც „საქართველოს ბანკიდან“ გამოტანილი 2 მილიონი ევრო და 1 მილიონი ამერიკული დოლარი გადაჰქონდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, მათ ფულის გათეთრების ფაქტი აღკვეთეს. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, გაუგებარია, თუ რა საფუძვლით შეიძლება ჩაითვლილიყო საბანკო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული სალაროს გამაგრების ოპერაცია ფულის გათეთრებად: „ბანკში სჭირდებათ როგორც ნაღდი ფული, ასევე უნაღდო ფული. როცა დარღვეულია თანაფარდობა ნაღდსა და უნაღდოს შორის, ამ თანაფარდობის შევსებას ცდილობს ნებისმიერი ბანკი, რაც კანონითაა ნებადართული“.

სხვათაშორის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო ერთ-ერთი თემა, რომლის შესახებაც თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უილიამ ბერნსს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ესაუბრნენ. თავისუფალი დემოკრატი ირაკლი ალასანია უილიამ ბერნსთან შეხვედრაზე ორი მთავარი საკითხით წარდგა. პირველი – ხელისუფლების მეთოდები პოლიტიკური ოპონენტების მოსაშორებლად და მეორე – საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო.

„ვესაუბრე პოლიტიკური ოპონენტების მოცილების საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარულ მეთოდებზე და ამის მაგალითი და დადასტურება იყო უკანასკნელ დღეებში ივანიშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო ექსტრემიზმის ფაქტები. მან მითხრა, რომ ამ ყველაფერს იღებს დიდი ინტერესით და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აუცილებლად დაელაპარაკება. მეორე თემა პოლიტიკურ-საარჩევნო საკითხს შეეხებოდა. მისი მხრიდან პირდაპირ ითქვა, რომ შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში, კონკურენტუნარიან გარემოში. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ამერიკის ადმინისტრაციისთვის“, – აცხადებს ირაკლი ალასანია. 

უილიამ ბერნსმა სწორედ თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ საქართველოში „ხელისუფლების დემოკრატიულ გადაცემას“ მოელის. ვაშინგტონის ამგვარ პოზიციას სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა საქართველოში. თუკი ხელისუფლების ოპონენტებმა ამ პოზიციის უკან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასრულების სურვილი დაინახეს, თავად მმართველი პარტია „ხელისუფლების გადაცემის“ მოწოდებაში უსიამოვნოს ვერაფერს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ შეერთებული შტატები, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, თავს უფლებას არ მისცემდა, რომ საქართველოსთვის მმართველი პოლიტიკური ჯგუფის შეცვლის რეკომენდაცია მიეცა, რადგანაც ეს არჩევნების გადასაწყვეტი საკითხია.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა კი ვარაუდობს, რომ, როცა „ხელისუფლების გადაცემაზეა“ საუბარი, შეერთებული შტატების აქცენტი საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს უკავშირდება.

„კონკრეტულად, ეს შეიძლება იყოს ერთადერთი რამ და ეს არის საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტის მმართველობის შეცვლა, ასე ვთქვათ, სხვა ხელისუფლით, სხვა პირველი პირით. ეს, რა თქმა უნდა, ალბათ, არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ნაციონალური მოძრაობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ გულისხმობს იმას, რომ რეალურად საქართველოს მმართველი გახდეს არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ ნებისმიერი სხვა, – თუნდაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი", – უთხრა რადიო თავისუფლებას ბაკურ კვაშილავამ.

თუკი კვლავ ბიძინა ივანიშვილის თემას დავუბრუნდებით, მაშინ აუცილებლად უნდა აღინიშნოს გასული კვირის ხუთშაბათი და ბიზნესმენის შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში შედგა. რომელსაც აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრჟაბი, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაეროს, შვეიცარიის, საფრანგეთის, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რეზიდენცია დიპლომატებმა კომენტარის გარეშე დატოვეს, თუმცა, მოგვიანებით, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა შეხვედრის მცირე ნაწილის ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მიზანზე საუბრობს:

„ჩემი მიზანია მაქსიმალურად ტემპერატურის დაცემა, დარეგულირება, რომ არ მოხდეს, არც ერთ შემთხვევაში, ხალხის ქუჩაში გამოსვლა. როგორმე, ჩემი მიზანია და ჩემი გუნდის მიზანია, ყველა ძალა ვიხმაროთ, ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რომ ყველაფერი დარჩეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ ხელისუფლების ჩანაცვლება“.

სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილი გახდა ლეიბორისტულ პარტიაში განხეთქილების მიზეზიც, რის შედეგადაც 20 ოქტომბერს, ნესტან კირთაძემ პარტია ექვსწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ გავცელებული განცხადება.

„ჩვენ ყველგან უნდა ვეძებოთ ჩვენი მოკავშირეები და მეგობრები და ისინი, ვინც უკვე გვყავს, რა თქმა უნდა, არ უნდა დავკარგოთ. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „სოროსი-2“, ჩემთვის მიუღებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს პარტიის ლიდერი უწოდებს ფულის მონებს. მე დავტოვე „ლეიბორისტული პარტია“ იმიტომ, რომ მე არავის არ მინდა დისკომფორტი შევუქმნა, ჩემი განსხვავებული, პრინციპული მოსაზრებების გამო”, – ამბობს ნესტან კირთაძე.


„მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც“, – ეს სიტყვები ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელიც მან ჟურნალისტს, რადიო „თავისუფლების“ ბლოგერს, ია ანთაძეს უთხრა. ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტისა და ბიზნესმენის სამსაათნახევრიან საუბარს ასახავს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის გამო, საქართველოს ხელისუფლებაში გაჩენილი რეაქციების თემით იწყება. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ძირითადი ნაბიჯები უკვე გადადგა, თუმცა მოსალოდნელია სხვა მეთოდების ამოქმედებაც. კერძოდ, პროკურატურის შესვლა და „ბანკი ქართუს“ დახურვა და ქველმოქმედების ქრთამად წარმოჩენა, ასევე საქველმოქმედო ფონდის დახურვა. ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხეც ემუქრებოდეს. ის ინტერვიუში მიუთითებს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე პირადად იზრუნებს, მაგალითად, დააფინანსებს ბიომეტრიული პასპორტების პროექტს, რომელიც მთავრობამ ოპოზიციას სიძვირის გამო დაუწუნა. აქვე ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ საარჩევნო გარემოში არაფერიც რომ არ შეიცვალოს, არჩევნებს თავისი გუნდითა და პარტიით არსებულ პირობებშიც მოიგებს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ის ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა იყოს, საქართველომ უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობა ამერიკასთან და კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობა ევროპასთან. მისივე თქმით, უნდა დალაგდეს ურთიერთობა რუსეთთან.

გადავინაცვლოთ ჟენევაში და გავიხსენოთ, რომ გასული კვირის ბოლოს „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში“ რუსეთის გაწევრიანების საკითხის მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუკი რუსეთს რეალურად სურს ვმო-ში გაწევრიანება, პოზიციების გადახედვა თავად მას მოეთხოვება. დაახლოებით, ორი კვირის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და „ევროკავშირს“, რომ ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, რომ მან არ შეუშალოს ხელი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას. საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჟენევაში, ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი, აბსოლუტურად, უსაფუძვლოდ მიიჩნევს საუბარს იმის შესახებ, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს მიმართ ზეწოლის პრინციპით მოქმედებენ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 21 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვრმა სამი რუსული რადიოსადგურის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში” რუსეთის გაწევრიანებისთვის საქართველო დაბრკოლებას არ წარმოადგენს:

„თუკი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის“ საწესდებო დოკუმენტაციით მკაცრად ვიხელმძღვანელებთ, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პოზიცია დამაბრკოლებელი არ იქნება. არსებობს საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის“ წესდებაში იმისთვის, რომ ჩვენი ვალდებულებები ორგანიზაციის წევრებთან მიმართებაში, საქართველოზე არ გავრცელდეს“.

რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი სერგეი ლავროვის განცხადების შინაარსზე საუბრობს და განმარტავს, რომ განცხადება საკმაოდ აგრესიულ ხასიათს ატარებდა:

„მისი განცხადების კონტექსტი ასეთი იყო: ჩვენ დანარჩენი სამყაროსგან არ მივიღებთ ამ მიზეზით რუსეთის „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში“ გაწევრიანების შეფერხებას. ორგანიზაციაში ამ მუხლის გამოყენების პრეცედენტი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა ასეთი პრეცედენტის შექმნა, რადგან ეს დაკავშირებულია სერიოზულ რისკებთან, თვითონ ორგანიზაციის მთლიანობის დარღვევის თვალსაზრისით, ასე რომ, როგორც ჩანს, შესაძლოა, საკმაოდ დრამატულად განვითარდეს მოვლენები, შესაძლოა, ორგანიზაციის შიგნით მოხდეს გარკვეული განხეთქილება“.

21 ოქტომბერსვე ხდება ცნობილი, რომ „ევროკავშირმა“, რუსეთთან ერთად, იმ უკანასკნელი სადავო საკითხების გადაწყვეტაზე მოლაპარაკებები მოახერხა, რომელიც რუსეთის „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში“ გაწევრიანებას შეეხებოდა. ვაჭრობის საკითხებში „ევროკომისიის“ პასუხისმგებელი პირის, კარელ დე გუხტის თქმით, მხარეებმა მიაღწიეს კომპრომისს საკითხებში, რომელიც საავტომობილო წარმოებას, რუსეთში სურსათის ექსპორტსა და რუსეთიდან მერქნის ექსპორტის კვოტებს ეხება. „ევროკომისიის“ წვერებმა მოუწოდეს რუსეთსა და საქართველოს, მიაღწიონ კომპრომისს ორმხრივ მოლაპარაკებებზე, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით წარმოებს. „ევროკავშირის“ წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში” 2011 წლის დეკემბერში გაწევრიანდება.

კვირის მიმოხილვას სოციალური თემატიკით დავასრულებ და გეტყვით, რომ გასული კვირის დასაწყისში თბილისის მერიამ ერთჯერადად ხუთლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერების გაცემა დაიწყო და თან ისიც აღნიშნა, რომ ამით მოქალაქეებს ფასების მატებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შევუმსუბუქებთო. კვირის ბოლოს კი „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისათვის“ უმუშევრობის კვირეული დაიწყო. მათი მთავარი გზავნილი კი ასეთია – „უარი უმუშევრობას“.