სოსო ცისკარიშვილი: „ქადაგიძემ სრული კომფორტულობით მიიღო ეპითეტი, რომ ის იდიოტია“

სოსო ცისკარიშვილი: „ქადაგიძემ სრული კომფორტულობით მიიღო ეპითეტი, რომ ის იდიოტია“

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ თავმჯდომარესთან, სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ მანამდე ჩავწერეთ, სანამ მისი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა შედგებოდა. ამდენად, შეხვედრის დეტალებზე ინტერვიუში არაფერია ნათქვამი. თუმცა, სანამ მიმდინარე პროცესებზე სოსო ცისკარიშვილის აზრს გაეცნობით, მის მიერ განდობილ, ჩვენი აზრით,  ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით.

ორიოდ დღის წინ, სრულიად საქართველო დაემშვიდობა უდიდეს ქართველ მსახიობს, რამაზ ჩხიკვაძეს. იგი ვერ მოესწრო იმ საქართველოს, რომელზეც ოცნებობდა, თუმცა იმ იმედით დატოვა წუთისოფელი, რომ საქართველოსთვის გამარჯვების ჯამი დგებოდა.

რამაზ ჩხიკვაძეს და ბიძინა ივანიშვილს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ და ბუნებრივია, რომ მსახიობი, მიუხედავად სიცოცხლის ბოლო წუთებისა, გულგრილი ვერ დარჩებოდა ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებით.

„ახალი პარტია... ახალი პარტია... ნუ დამელოდებით... მე ვერ შემოვალ...“- ეს ყოფილა დიდი მსახიობის ბოლო სიტყვები და სულიც განუტევებია.   

ახალ კი ინტერვიუ, რომელიც presage.tv-მ სოსო ცისკარიშვილთან ჩაწერა.

ბევრი რამ მოხდა ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩების სტუმრობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში. შეიძლება ამ ფაქტზე ვისაუბროთ, როგორც განსაკუთრებულ გზავნილზე  ხელისუფლებისთვის, თუ ეს იყო შეხვედრა მილიარდერთან, რომელიც მხოლოდ ინტერესით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული?

- რასაკვირველია, ასეთი შეხვედრა დიპლომატებთან არ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ერთი მხარის ინიციატივა და სურვილი, ასეთი ინტერესი, როგორც ჩანს, მართლაც იყო დიპლომატიურ წრეებში და უპირველეს ყოვლისა, მათ ქვეყნებში. ბუნებრივია, იქაურ მთავრობებს აინტერესებთ რეალურად რა ხდება საქართველოში, რადგან მშვენივრად ახსოვთ რა იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ და რა არის ნაციონალური მოძრაობის ხანაში „მოდელირებული ქრონიკა“. ამიტომ, ცხადია, დიპლომატებთან, ერთიან ფორმატში, პირველ წყაროსთან საუბარი ჯობია, ვიდრე ინდივიდუალური ვიზიტები მის რეზიდენციაში.

ორი კვირა არც კი გასულა მისი პირველი განცხადებიდან და დიპლომატებთან ასეთი შეხვედრა შედგა, ამ შეხვედრის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ ვრცელდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ შეხვედრა იყო საქმიანი და ორმაგი ინტერესის მქონე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ უცხოელ დიპლომატებს უჭირთ ჩვენს ქვეყანაში ნაციონალური ტყუილ-მართალის ერთმანეთისგან გარკვევა.

ანუ, უცხოელი დიპლომატებისთვისაც ივანიშვილი არის იმკალიბრის“ ფიგურა, რომლის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს?

- დიახ, ცხადია, ბატონ ბიძინას საქართველოში, ოპოზიციურ ნაწილში, ბევრად უფრო მიძინებული პოლიტიკური ველი დახვდა, ვიდრე ეს იყო 2007 წლის ბოლოს, როცა რამდენიმე აქტიური ოპოზიციური ლიდერი ფლობდა ამბიციას პრეზიდენტის  კანდიდატობისა, ამიტომ, ძალაუნებურად პარალელს ვავლებ ბადრი პატარკაციშვილის მაგალითთან. ამ შემთხვევაში ივანიშვილს მინდორი უკონკურენტოდ დახვდა და ამდენად ინტერესის ფოკუსირებაც არ გამხდარა ძნელი, არა მხოლოდ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატებისთვის, არამედ იმავე - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სულაც არ არის უცნობი პიროვნება ბატონი ბიძინა. სხვა რომ არაფერი, დღეს ადამიანი გვევლინება, როგორც საფრანგეთის მოქალაქე და სან-მარინოს საპატიო კონსული.

თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთს სტატუსს და არც - მეორეს და გააქტიურებულები ვართ იმაში, რომ საჩხერის სკოლებში არ გაჟღერდეს მისი სახელი, რომელიმე მასწავლებელმა დანამატი არ მიიღოს ივანიშვილის ფონდიდან და ბევრი ასეთი სიბრიყვე, რომელიც ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან.

ხელისუფლების ეს სიბრიყვე მათი დაბნეულობიდან გამომდინარეობს, თუ ეს არის - „მე ვარ და ჩემი ნაბადი“? ისინი, მართლაც, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.

- ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას არც გამოცდილება აქვს პოლიტიკური ბრძოლის და არც სურვილი. მისი აქტივობა ემყარება მხოლოდ ძალადობას და უსამართლობას. პოლიტიკური ბრძოლის სხვა ინსტრუმენტი მათ არ გააჩნიათ და საკმაოდ მობერდა ეს ძალა იმისთვის, რომ ცივილიზებული ბრძოლის ახალი მეთოდები აითვისონ. ამიტომ, ის რაც ხდება, გარეგნულად ნამდვილად ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიის პიარმენეჯერი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია, რადგან მისი გადაწყვეტილების გარეშე, არც ერთი ასეთი  სიბრიყვე არ გატარდებოდა, რასაც ქვია ინკასატორების მანქანაზე შეიარაღებული თავდასხმა სამოქალაქო ფორმაში გადაცმული ადამიანებისა; ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის ერთი მეორეზე შოკის მომგვრელი განცხადებები, რომელმაც წაიკითხა მასზე ათასჯერ უფრო გამობრძმედილი პროფესიონალის, ნოდარ ჯავახიშვილის სიტყვები - „ვინც ამ ფინანსურ ოპერაციას ფულის გათეთრებად ჩათვლის, ის იდიოტია“ და ამის მერე, ქადაგიშვილი მაინც ამბობს, რომ ეს არის ფულის გათეთრება. ანუ, სრული კომფორტულობით მიიღო ეპითეტი ბატონი ჯავახიშვილისგან, რომ ის იდიოტია. ამიტომ, იდიოკრატიის პირობებში, რასაკვირველია, ქვეყანა ვერ ივლის დემოკრატიული გზით არჩევნებისკენ. არჩევნები ხომ სწორედ ის თემაა, რომლის გამოც წლიდან წლამდე ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს საკუთარი მოსახლეობის მარგინალიზაცია, რათა შექმნას დედამიწაზე ერთ-ერთი უიაფესი ელექტორატი არჩევნების დროს ზემოქმედებისათვის. ახლა კი, რომ იტყვიან, გაჩნდა საფრთხე კოვზი ნაცარში ჩაუვარდეთ, რადგან ამომრჩევლების ეს გაძვალტყავებული მასა იმას მაინც აცნობიერებს, რომ რაც შეუძლია სააკაშვილს, იმაზე ასჯერ მეტი შესაძლებლობა აქვს ივანიშვილს. და თუ, მხოლოდ  ლუკმაპურზეა დამოკიდებული ამომრჩევლის ხმა, უკაცრავად, მაგრამ, როცა ნაციონალებს გადაგდებულ ლუკმაზე მეტის შნო არ გააჩნიათ, ივანიშვილი და მისი გუნდი, რასაკვირველია, პურმარილის გამწყობი იქნება.

სხვათა შორის, ძალიან ვწუხვარ ამ სიტუაციის გამო, რომ საქართველოშო ასეთი დიდი რაოდენობაა ამ ტიპის მშიერი ამომრჩეველისა და, როცა, ზოგადად, მდიდარი ქართველი გეგულება ქვეყნის მტრად, როდესაც საშუალო კლასის ჩამოყალიბება გაფრთხობს, რომ თვითმტკბარი მოსახლეობა არ გყავდეს ქვეყანაში და, როდესაც დემოკრატიას აცლი საშუალო კლასის მხარდამჭერას, ეს არის ყველაზე სერიოზული დანაშაული ქვეყნის წინაშე.

როგორც წესი, როდესაც რეჟიმები დასასრულს უახლოვდებიან ყოველთვის ხდება შიგნიდან მათი დაშლა. ჯერ-ჯერობით, ხედავთ თუ არა ამ ნიშანს?

- მე გაურბივარ რაიმე კონტაქტს ჩემი ნაცნობი, მეგობარი, ნათესავი ნაციონალებისგან, არ მინდა მათ რაიმე თანამდებობრივი კომფორტი დაერღვეთ ჩემს გამო. განვლონ მათ გზა რომელიც მათი არჩეულია და ამის დრო ყოველთვის იქნება, რომ შეჯამდეს  და მათვე მიეცეს წარსულის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვა. როცა  ახლობელი ადამიანები მიფრთხიან იმის გამო, რომ მე არასოდეს არ ვასაიდუმლებ საკუთარ ხედვას, საკუთარ წუხილს არსებული ვითარების გამო, არაერთი ჩემი ახლობელი ოჯახი, როგორც იტყვიან „სტენდბაის“ რეჟიმში მყავს, ამ თემაზე ჩემთან ერიდებიან საუბარს, ჩემს სხვა კოლეგებს  შეგიძლიათ ეს კითხვები დაუსვათ, რომლებიც უფრო ხშირად სტუმრობენ სახელისუფლებო წრეებს და მათ ღონისძიებებს.

ივანიშვილის მხრიდან ვანო მერაბიშვილის ხსენება სხვადასხვაგვარად შეფასდა, თუმცა როგორც უნდა მიამიტურად შევაფასოთ ივანიშვილის ეს მიმართვა ვანოსადმი, როგორც ირკვევა, ამის გამო უგულავას ნირი აქვს წამხდარი და, ივანიშვილის მხრიდან მერაბიშვილის ხსენებას თავად ძალოვანებშიც კი დაბნეულობა  შეუტანია. შესაძლებელია ეჭვიანობის პროცესის გაღრმავებას ველოდოთ, თუ ეფექტი მალევე გაივლის?

- ეს იყო ძალიან მარტივი მცდელობა „ჩორტის“ ჩაგდების და ამაზე დიდი გათვლები არ გაკეთებულა, რადგან ასე ღიად პრიმიტიული ნაბიჯების გადადგმა და გარშემო ყურება ნამდვილად არ არის მოსალოდნელი, მითუმეტეს, როცა ივანიშვილს და მერაბიშვილს საკმაოდ ბევრი აქვთ მოსაგონარი თანამშრომლობის პერიოდიდან და კარგად იცნობენ ერთმანეთს იმისათვის, რომ იურთიერთონ მედიის საშუალებით. ამიტომ ეს უფრო ფეირვერკის სახის ნათება იყო, ვიდრე რაიმე აფეთქების მომასწავლებელი.

ისე, ფერი ფერს და მადლი ღმერთსო - დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ ნაციონალურ გუნდებს შორის და ნურც თქვენ შეიწუხებთ თავს იმის განსაზღვრით, თუ ვინ რისი მკადრებელია. მათ იმაზე მეტი იკადრეს, ვიდრე ერთ სიცოცხლეში ერთ ადამიანს შეეძლო ეკადრა. გვარებს, გუნდებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რასაკვირველია, სასურველია, რომ ხელისუფლების ცვლა იყოს მემკვიდრეობითი და ერთ დღეს არ დაიცალოს ყველა სახელმწიფო ორგანო და არ მოვიდეს კიდე  უფრო ნაკლებად მომზადებული მასა ჩინოვნიკებისა. ამიტომ, თავისთავად ჩემთვის არ არის მიუღებელი, რომ გარკვეულ დონეებზე შენარჩუნდეს არსებული თანამდებობის პირთა გარკვეული რაოდენობა. ვისურვებდი ეს ცვალებადობა იყოს მეტ-ნაკლებად ხავერდოვანი, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ გარკვეულმა პირებმა პასუხი არ აგონ ჩადენილ დანაშაულებზე.

ბერნსის განცხადება არანაკლები განხილვის საგანი გახდა მედიაში, აღმოჩნდა რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარად ახსნეს ეს განცხადება. რამე მესამე ვერსიაც ხომ არ არსებობს?

- ეს თანამედროვე პოლიტიკის თანამდევი ტაქტიკაა, როცა ერთი და იგივე ფრაზას, ან დოკუმენტს დაპირისპირებული ძალები სათავისოდ ხსნიან. ამის საუკეთესო მაგალითია ტალიავინის დოკუმენტი, სადაც მკაცრად გაკრიტიკებული საქართველო და რუსეთი მათი ხელისუფლების ბაგეთაგან უკვე წარმოჩინდა, როგორც ქვეყანა, რომელმაც მიაღწია დიდ დიპლომატიურ გამარჯვებას. და თუ-კი, საქართველოს და რუსეთს მიაჩნია ტალიავინის განცხადება თავის სერიოზულ გამარჯვებად, რასაკვირველია, რამდენიმე საათით ჩამოსული დიპლომატის ნებისმიერი ფრაზა, ასევე შეიძლება იყოს მრავალგვარად გაგებული. თუმცა,  არანაირი ფრაზა რეალობას არ ცვლის, ჯერჯერობით, ჩვენ ბერნსისგან მოვისმინეთ ის,  რაც რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ქალბატონი კლინტონისგან. მას შემდეგ ვინმემ რამე გაიგო? ერთი წელი გავიდა ოქტომბერში, რაც ოპოზიციურმა „რვიანმა“ ექვსი მიმართულებით ახალი, ლამის რევოლუციური წინადადება შესთავაზა ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად. არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, არა თუ მიღებული, სერიოზულად განხილულიც კი არ იყო ხელისუფლების მხრიდან, რადგან განხილვის დასაწყისამდე პრეზიდენტმა ბრძანა ეს ასე არ მოხდება და ის - ისეო. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - დაკარგული ერთი წელი და დასავლელი დიპლომატების უმაღლესი მწვერვალებიდან კვლავ მოლოდინზე საუბარი, უკვე, გარკვეულ ცინიზმად აღიქმება ქართულ საზოგადოებაში.

ალბათ, დროა, რომ საზოგადოება იყოს აქტიური თავად საარჩევნო პროცესის დახვეწის, მონიტორინგის თვალსაზრისით, რომ არ შეიქმნას უსაფუძვლო მოლოდინები იმის, რომ არჩევნები, როცა ამას ისურვებს ქვეყნის პირველი პირი და არა მაშინ როცა ის განსაზღვრულია კანონით, იქნება ლეგიტიმური. ჯერჯერობით, არანაირი ნიშანი იმისა, რომ არჩევნები იქნება ლეგიტიმური, ობიექტურად არ არსებობს. რაც უნდა სიამტკბილობა ჰქონდეს ხელისუფლებას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან და იძახონ ოპოზიცია, ოპოზიცია, დღეს ამერიკის ელჩი ტეფტი არ არის და დღეს ამერიკის ელჩი აღარ არის საქართველოში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი. ეს სერიოზული ცვლილებაა საერთაშორისო პოლიტიკაში. შეიძლება ლეიბორისტებმა გამკიცხონ, მაგრამ ჩემთვის დიდი განსხვავებაა ტეფტსა და ბასს შორის, ისევე როგორც ბუშსა და ობამას შორის.

ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით ისეთი რეალობა შეიქმნა, ხალხის ის მასა, რომელიც ალტერნატივას ვერ ხედავდა და შეჩვეული ჭირის პრინციპით ნაციონალებს აძლევდა ხმას, ალბათ, მყარ გადაწყვეტილებას მიიღებს. აქედან გამომდინარე, სხვა ყველაფერიმა აზრი ხომ არ დაკარგა? ანუ, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, რეალურად შეძლებს ხელისუფლება იმ მასშტაბის გაყალბებაზე წასვლას, რომ გამარჯვება იზეიმოს?

- ისე უცხოელი დამკვირვებლებივით ნუ წარმოვიდგენთ, რომ გაყალბება მხოლოდ არჩევნების დღეს ხდება. სახეზეა ისევ გაურკვეველი ორგანოების ჩამოყალიბება - კომისიები საარჩევნო სიების გადასამოწმებლად - კანონის ძალით რომ არსებობს რაღაც ორგანოები, იქ რა ხდება? რატომ თავისთავზე არ იღებენ ამ კანონებს?  წინა არჩევნებში 400-მდე ადამიანი რომ იყო ჩაწერილი ერთი ოროთახიანი ბაპტისტური ეკლესიის მისამართზე, რომელიმემ მიიღო სამოქალაქო რეესტრში საყვედური ამის გამო? თუ გადავედით მას შემდეგ იუსტიციის სახლების მშენებლობაზე იმიტომ, რომ ისეთი სტანდარტით გვინდა თავი მოვაწონოთ უცხოელებს? კანონმდებლობა და ზოგადად, საარჩევნო გარემო დახვეწის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო უარესდება, ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, კიდევ შეიძლება ფასი ჰქონოდა ნაციონალურ სიყალბეს, მაგრამ ახლა, ერთი კვირის პოლიტიკაში მოსულ ადამიანზე ამდენი სახის ზეწოლა რომ ხდება ზედიზედ, ვინმე აფასებს ნაციონალური მოძრაობისთვის ამას რა მოაქვს მთელი საერთაშორისო მასშტაბით? 

ასე, საკუთარ თავს ანადგურებდეს პოლიტიკური ძალა, როგორიც დღეს ნაციონალური მოძრაობაა მე არ ვიცი. ნუ იფიქრებთ მე ვერ ვხედავ, ან არ ვაფასებ მათ შექმნილ სიკეთეებს, მაგრამ ეს ძალა ძალაუფლების წყურვილისგან დაბრმავებული, გავეშებული, ნამუსდაკარგული არცხვენს საკუთარ თავს და ჩალის ფასად აქცევს ყველა საკუთარ ნამოქმედარს და აშენებულს. საერთოდაც, სამარცხვინო ლაქად აპირებენ დარჩენას რეალურ ქართულ ისტორიაში მაშინ, როცა სულ სხვა შედეგების მიღწევა შეეძლოთ, რომ არა ერთი, ორი დაავადებული, სულით ბოროტი სუბიექტი არ ყოფილიყო ადამიანების ბედის გადამწყვეტი ამ ქვეყანაში.

მასობრივი უსამართლობა, მასობრივი  ზეწოლა უბრალო ადამიანებზე, რომ ის გამოიყენო როგორც შემოსავლის წყარო ბიუჯეტისათვის, რასაკვირველია მიუღებელია, ამას ვერ შეეგუება ვერც დღევანდელი თაობა და ვერც მომავალი. ამას შთამომაბლობა არასოდეს დაუვიწყებს ავტორებს.

ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, მიხეილ სააკაშვილის  და ნაციონალური მოძრაობის ბედი უკვე გადაწყვიტა. ფაქტობრივად, მათ შორის, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდის და ამ ფონზე, არსებობს კი მცირეოდენი შანსი, რომ როგორც თქვენ შეაფასეთ „ძალაუფლების წყურვილისგან დაბრმავებულმა“ ხალხმა გონება მოიკრიბოს და დამარცხება აღიაროს?

- მათი ცნობილი მიდგომა რეალობის მიმართ არის „მე ვარ და ჩემი ნაბადი“, „შეაყრე კედელს ცერცვი“-  ამბობს მათზე მოსახლეობა, მაგრამ ხომ ვხედავთ რა ბედი ეწია კადაფის, მუბარაქს. სად გვეგულება ქვეყანა, რომელსაც ათეულობით წელი მართავდნენ, თანაც ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენზე საკმარისზე მეტი ბუნებრივი რესურსი აქვთ, რომ ქვეყანა აცხოვრონ წარმატებულად?

ეს მათ უნდა გაითვალისწინონ...

- ჩვენ საერთაშორისო დახმარების გარდა არაფერი გვიგვრძვნია, მაგრამ რა შეუძლია საერთაშორისო ძალებს, როდესაც დაგვიწესებენ რაიმე ტიპის შეზღუდვებს და სანქციებს, აი მაშინ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი. ის, რომ ვიღაცა თვითმფრინავით გაფრინდება და ხალხისგან წაგლეჯილ მილიონებს საზღვარგარეთ გადაიტანს, ეს რეალობა იქნება, ამის სრულად აღკვეთა წარმოუდგენელია, მაგრამ აღარ გახლავთ შუა საუკუნეები, ადამიანს ჭის ფსკერზეც აღმოაჩენენ თუ ამის სურვილი იქნება. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ საკუთარ შვილებს ასწავლონ, რომ ბევრად სასარგებლოა ჯამრთელობისთვის იყო კარგი, კაცთმოყვარე, გულისხმიერი, ადამიანების მიმართ და არა კაცთმოძულე, ბოროტი, საკუთარ თავზე და საკუთარ ჯიბეზე მაფიქრალი. ეს ხომ ყველაფერი ბოლოს და ბოლოს, ადამიანს საკუთარი პიროვნული ჯანმრთელობის ფასად აქვს გადასატანი და რას ხეირობენ ამისთანას, რას ილხენენ, ცხოვრებას რატომ იმოკლებენ, რას ერჩიან საკუთარ თავს? ნუთუ ამდენ ადამიანში არავის აქვს შნო იმისა, რომ გულწრფელათ თქვას გვეყოფა ბიჭებო, მოდი ახლა ასე ვქნათ. ჩვენს ხელისუფლებას თუ კიდევ დარჩა რესურსი, რეალობა გაითვალისწინონ და რადიკალურად შეცვალონ მიდგომა, თუნდაც არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში ეყოთ ვაჟკაცობა იმის, რომ რაღაცაზე ბოდიში მოიხადონ და რაღაცა დათმონ. მაშინ გული მაინც დაწყდება ვინმეს მათი შეცვლით. ახლა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში სურათი მუქ ფერებშია დანახული, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის 20% პუტინის ჯარის მიერ არის  ოკუპირებული, 80% - სააკაშვილის სპეცნაზის მიერ. 

როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებდა ივანიშვილის დიპლომატებთან შეხვედრა  ხელისუფლებაზე?

- ნუ, მაგათ მადა არ ეკარგებათ არაფრისაგან, ამიტომ იქნებიან განერვიულებულები და ფიქრობენ როგორ გადაუხადონ სამაგიერო დიპლომატებს.

ამათმა სამაგიერო როგორ უნდა გადაუხადონ?

- ვაი, რომ ზოგიერთს საქმიანობის რაიმე ხელშეწყობის ფორმა უფრო შეუმცირდეს.

თქვენ არ შეხვედრიხართ ბიძინა ივანიშვილს. როგორც ვიცით,დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბს“ქონდა შემოთავაზება ემუშავა ქვეყნის სამომავლო განვითარების დოკუმენტზე. იგეგმება თუ არა ივანიშვილთან თქვენი შეხვედრა?

- ყოველ შემთხვევაში, ჩემს მიერ შედგენილია სამომავლოდ გამიზნული დოკუმენტის, უხეშად რომ ვთქვათ, მენიუ და ვფიქრობთ, რომ გვაქვს საფუძველი ამბიციისა, რომ არა მხოლოდ კლუბის წევრების მონაწილეობით, არამედ მთლიანი საექსპერტო რესურსით, რაც ქვეყანას გააჩნია და ასევე, უცხოელი კოლეგების მოწვევის საშუალებით შევქმნათ საქართველოს მოდერნიზაციის გზამკვლევი ორ ნაწილად. პირველი იქნება მოდერნიზაციის აუცილებლობა და მისი ორიენტირები სფეროების, დარგების მიხედვით და მეორე ნაწილი იქნება სამოქმედო გეგმა ამ მოდერნიზაციისა. რაც შეეხება ბატონ ბიძინასთან შეხვედრას, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ პირადად და ნამდვილად არ ვდგავართ მიღების რიგში. ალბათ, ეს ადამიანი როცა დაინტერესდება, მაშინ შევხვდებით კიდეც. თუმცა, დაახლოებით ექვსი, შვიდი წევრი ჩვენი კლუბისა, სხვადასხვა ფორმატში, პირადად შეხვდა მას სხვადასხვა დროს. საუბარი იყო ზოგადი და რამდენიმე ჩემი თანაკლუბელი გახდა თუ ხდებიან მისი საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრები.

საბჭო, რომელიც შეიქმნა, როგორ ფიქრობთ რამდენად ქმედითი შეიძლება აღმოჩნდეს. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ბადრი პატარკაციშვილის პერიოდს მაგონებს. იგივე შეცდომების დაშვების ალბათობაც რამდენად არსებობს?

- მე თავს შევიკავებდი ბატონი ბიძინასთვის ინფორმაციის მიწოდებისგან, რადგან მე თუ არა ჩვენი საერთო რჩეულები - საბჭოსი და ჩემი კლუბისა, მაინც შევძლებთ გარკვეულ კომუნიკაციას და რამდენიმე მოსაზრება, ჩემი აზრით, უკვე მიტანილია მასზე და ვნახოთ. ნათქვამია - სხვა სხვის ომში ბრძენიაო. იმას ვერ ვიტყვი, რომ სხვის ბრძოლად გვეგულებოდეს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მცდელობა სიტუაციის გამოსწორებისა, მაგრამ ჩართულობის ფორმას ჩვენ ასევე სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ შეიძლება ერთი, მაქსიმუმ ორი წევრი გავწიროთ, ასე ვთქვათ, პარტიული საქმიანობისათვის, მაგრამ ძირითადი რაოდენობა ჩვენი წევრებისა, ძალიან მყარია თავის წარმოდგენაში, რომ ჩვენ ვრჩებით ნეიტრალურნი და ჩვენ კლუბს, ცხადია, ჩვენი წესდებიდან გამომდინარე, დაემშვიდობებიან ის  ჩვენი ძვირფასი კოლეგები, რომლებიც გადაწყვეტენ პარტიული კარიერის დაწყებას.

კონკრეტულად ვინ აპირებს პარტიაში გაწევრიანებას?

- ვაცალოთ იმ ადამიანებს, მე ყველაზე გული დამწყდება ჩვენი კლუბიდან, რომელიც იძულებული იქნება დატოვოს კლუბი, მაგრამ არა მეგობრობა ჩვენთან. მაგრამ პარტია არ არის რეალურად შექმნილი და როგორ დავასახელო იმის წევრი?

ჩვენ თვალს ვადევნებთ როგორ ივსება საბჭო, თქვენ როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ რამდენად აქვს წარმოდგენა ივანიშვილს ცალკეულ პერსონალიებზე?

- ჩვენ გვქონდა კლუბის წევრებს ესეთი დიალოგი - ერთერთმა კოლეგამ მითხრა უცნაური ხომ არ არის ბიძინაო, მე უთხარი: მე და შენ ვართ ცნაური, ის არის უცნაური, ამან თავის უცნაურობით მილიარდები დააგროვა, ხოლო მე კიდევ ჩემი ცნაურობით ბანკთან მარტო ის დამოკიდებულება მაქვს, რომ კრედიტი მაქვს აღებული, ვინ არის ჩვენს შორის უცნაური და ცნაური, იმის გადმოსახედიდან სხვანაირად ჩანს - მეთქი.

ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ივანიშვილმა ჯერჯერობით, ვერცერთი ბრძოლა ვერ მოიგო ხელისუფლებასთან.

- უკაცრავად, მაგრამ ადამიანი, რომელსაც არანაირი ინსტიტუციური დასაყრდენი არ აქვს, ჩვენ ისეთი შიმშილი გვქონია ასეთი ადამიანის გამოჩენის, რომ ათი დღე არ გვიცლია და ავიწყეთ პრეტენზიები - რატომ ასე ნელა, რატომ ეს ასე არ გაკეთდა, რატომ ის ისე არ გაკეთდა.

ეს მხოლოდ ივანიშვილის ბრძოლა არაა და შესაბამისად, ადამიანები ყველა წვრილმანს აკვირდებიან.

- გეთანხმებით, ეს არის სწორედ რევოლუციის ტოლფასი რამ. თეორიულად იყო საუბარი,  რომ მოულოდნელად შეიძლებოდა გამოჩენილიყო ისეთი კომპონენტი რეალობაში, რომელიც მიძინებულ გარემოს გამოაფხიზლებდა. თუმცა არანაირი კონკრეტიკა ივანიშვილის მისამართით იმ დროს არ იყო და თვითონაც არ ჰქონდა მაშინ გადაწყვეტილი. თუმცა, როდესაც ასეთი შტილია და ასეთი გვალვა, ოპოზიციურ ველზე ბოლოს წვიმა აუცილებლად მოდის და თუ-კი სადმე რაიმე ნაყოფი არსებობს, აუცილებლად გამოაჩენს. აი ასეთი წვიმის მერე, თქეშის ფუნქცია აიღო თავის თავზე ივანიშვილმა, რომ გააცოცხლოს ოპოზიციური ველი და ამის რეცეპტი სრულიად მოულოდნელი შემოგვთავაზა. ნაწილს ელოდება როდის ამოიყრის სიკეთის კვირტებს, ხოლო მეორე ნაწილს, რაღაც გადაბარვის გზით, საერთოდ მიწა მიაყარა. ამას მომავალი გვიჩვენებს, მე ვერ გეტყვით, რომ ეს არის ყველაზე პრაგმატული მიდგომა რეალობის მიმართ, მაგრამ ალბათ ზედმეტი პრაგმატულობა არ უნდა მოვთხოვოთ ადამიანს, რომელმაც ასე იცხოვრა, ასეთი ქონება მოიძია, საკუთარი ნიჭი, უნარი, შემძლეობა, გამძლეობა ყველას დაანახა და საუბარი იმაზე, თუ რომელ წერილში, რომელ ფრაზაში, მძიმე სად დასვა ნაადრევია.

საუკეთესო ნიშანი ბატონი ბიძინას დამოკიდებულებისა საზოგადოების მიმართ და სხვათაშორის, პოლიტიკური პარტიების მიმართაც, ჩემი აზრით ის გახლავთ, რომ ერთ-ერთ მის პირველ წერილში, სრულიად მოულოდნელად ჩემთვის, გაკრიტიკებულმა ქალბატონმა ია ანთაძემ, აიღო ხანგრძლივი ინტერვიუ მისგან. ასევე დარწმუნებული ვარ და ეს ჩემი ვარაუდი არ არის, ზუსტად ვიცი, რომ დიდი პატივისცემით ეპყრობა ბატონ რამაზ საყვარელიძეს. ახლა, რატომ - ასე, და რატომ არა - ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, მოდით ზედმეტი გარჩევების ეტაპს გავცდეთ და კალენდარს დავაკვირდეთ.