სამეფო უბნის თეატრში სიმართლისათვის მებრძოლ სამ ქართველ ჟურნალისტს (გადაცემა “კვირის რეპორტაჟის“ ავტორსა და წამყვანს ნანა ლეჟავას, გაზეთ “რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ელისო ჩაფიძეს და პრესაგე.ტვ–სა და ტელეკომპანია “მაესტროს“ კორეპონდენტს სამეგრელოში ნანა ფაჟავას, მედია–კავშირ “ობიექტივის“ მიერ დაწესებული, ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მომინანქრებული მედლები გადაეცათ.
იმაზე, თუ რა უძღვოდა წინ დაჯილდოვებას და როგორ და რატომ გაჩნდა ამგვარი ღონისძიების გამართვის იდეა, მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელს, ირმა ინაშვილს ვესაუბრეთ.
დაჯილდოვების მოკრძალებული ცერემონიის შემდეგ, რომელსაც მსახიობი ნანა შონია უძღვებოდა, ნაზი შამანაურის დღიურების მიხედვით მომზადებული სპექტაკლის – “ურჩთა სარეცელი“ პრემიერა გაიმართა. სიმართლისათვის მებრძოლი ჟურნალისტების დაჯილდოვებას ესწრებოდნენ: პოლიტიკოსები, მსახიობები, უფლებადამცველები, სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, მეცნიერები,...
როგორ აფასებთ კონკურსის შედეგებს?
ირმა ინაშვილი: “ობიექტივმა“ დააჯილდოვა ის ჟურნალისტები, რომელთაც საზოგადოებამ ნდობის მანდატი მიანიჭა. ნანა ლეჟავა, ელისო ჩაფიძე და ნანა ფაჟავა საზოგადოებამ სიმართლისათვის მებრძოლ ჟურნალისტებად აღიარა. ჩვენ, “ობიექტივის“ ჟურნალისტები და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი, ამ პროცესში არ ჩავრეულვართ. უბრალოდ, გამოკითხვის შედეგების დათვლის შედეგად საზოგადოების არჩევანი ამ სამ ჟურნალისტზე შეჩერდა.
მოხარული ვარ, რომ ამ სამეულში მოხვდა რეგიონული ჟურნალისტი, ჩვენი არაჩვეულებრივი კოლეგა, ნანა ფაჟავა, რომელიც ურთულეს საქმეს აკეთებს სამეგრელოში, ურთულეს რეგიონში – ეს ჟურნალისტი პირდაპირ არის დაჯახებული ახალაიების კლანთან და სხვადასხვა კლანებთან, რომლებიც სამეგრელოს მართავენ. განსაკუთრებულად მიხარია ნანა ფაჟავას ოქროს მედალი, რადგან ნანა ამ მედალს იმსახურებს და დარწმუნებული ვარ, ეს ჯილდო მისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.
რა უძღვოდა წინ სიმართლისათვის მებრძოლი ჟურნალისტების დაჯილდოებას?
– დაჯილდოვებას წინ უძღვოდა ორთვიანი ურთულესი პერიოდი, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, მათ შორის სატელეფონო, რადიო “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ეფემ 105.0–ზე, სოციალურ ქსელში, ქუჩაში. ამასთან, ყველა ცნობილი პოლიტიკოსი გამოიკითხა, რომლებმაც სიმართლისათვის მებრძოლი ჟურნალისტები დაასახელეს. პლუს ამას, თავად ჟურნალისტებში ჩატარდა გამოკითხვა. ამ პროცესში მონაწილეობა არასამთავრობო სექტორმაც მიიღო.
დაემთხვა თუ არა ერთმანეთს საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გამოკითხვის შედეგები?
– სხვაობები შეინიშნებოდა – პოლიტიკოსებს თავიანთი ფავორიტები ჰყავდათ, საზოგადოებამ მისი რჩეულები დაასახელა, მაგრამ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ფავორიტები ერთმანეთს დიდად არ ცდებოდნენ. მცირე ცდომილება იყო “ფეისბუქისა“ და საზოგადოების არჩევანში.
სხვადასხვა ტიპის გამოკითხვების ფარგლებში 100–მდე ჟურნალისტი დასახელდა. მათ შორის, არა მარტო ისინი, რომლებიც სახელისუფლებო მედიაში არ მუშაობენ, არამედ, დასახელებულები იყვნენ “რუსთავი 2“–ის, “იმედის“, პირველი არხის, “რეალტივის“, დრონი.ჯე–ს ჟურნალისტებიც. თავისთავად ეს კონკურსი მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ არც კანდიდატების შეზღუდვა მომხდარა და არც საზოგადოების.
რატომ თქვით უარი მედლის აღებაზე? გამოკითხვების შედეგები პერიოდულად ქვეყნდებოდა, სადაც დიდი უპირატესობით ლიდერობდით.
– საერთოდ, ამ პროცესში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა “ობიექტივის“ ჟურნალისტების დასახელება. ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება და ვთხოვეთ საზოგადოებას ნუ დაგვასახელებდნენ. თუმცა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს აღიქვა, როგორც მისი თავისუფლების წართმევა.
რაც შეეხება უარის თქმის მიზეზს – მე ვარ ამ პროექტის ავტორი, ჩემი იდეა იყო ნაზი შამანაურის ოქროს მედლის დაწესება და ცოტა არ იყოს უხერხულია, თავად დააწესო ჯილდო და შემდეგ მკერდზე დაიკიდო. ამას, არც ირმა ინაშვილი გააკეთებდა და არც “ობიექტივის“ რომელიმე ჟურნალისტი. ჩვენი მიზანი ის კი არ იყო, რომ მედლები ჩვენ მიგვეღო, არამედ ის, რომ ნაზი შამანაურის სახელის რეაბილიტაცია მომხდარიყო და ამავდროულად, ჩვენი კოლეგებისთვის სტიმული მიგვეცა. ვფიქრობ, ჩვენ ეს მოვახერხეთ.
1982 წელს, მაშინ, როცა ნაზი შამანაური ჩარგალში, ვაჟაობაზე სიტყვით გამოვიდა, მეც იქ ვიყავი, მშობლებთან ერთად. სცენაზე იდგნენ ცნობილი მსახიობები, რომლებიც კომუნისტებს მგზნებარე სიტყვით აქებდნენ, დითირამბებს უძღვნიდნენ და ამ დროს სცენაზე პირდაპირ აიჭრა ახალგაზრდა გოგონა. მას თავი რატომღაც წითელი თავსაფრით ჰქონდა შეკრული. ნაზის ყველა სიტყვა მახსოვს, რომლითაც მან იქ მყოფ საზოგადოებას მიმართა:
“ხალხო, რა გემღერებათ და რა გეცეკვებათ, რა დროს ხინკალია, როცა სამშობლო გეკარგებათ? სწორედ კომუნისტებმა წაგართვეს ყველაფერი ქართული და ეროვნული, კომუნისტებმა ჩახოცეს ქართული ინტელიგენცია. სამშობლოს და გენოფონდს ანადგურებენ. რატომ ცვლით სამშობლოს ხინკალზე?“
საზოგადოების მხრიდან როგორი რეაქცია მოჰყვა ამ სიტყვას?
- მე დღემდე შოკში მაგდებს იქ დამსწრე საზოგადოების რეაქცია. სხვათა შორის, მამაჩემსაც რამდენჯერმე ვუსაყვედურე – შენ მაინც რატომ არ ამოიღე ხმა–მეთქი, მაგრამ ეტყობა, მამაჩემიც იმ საზოგადოების ნაწილი და იმ რეჟიმის მსხვერპლი იყო. მაშინვე გამიჩნდა სურვილი ეს ადამიანი მომეძებნა და მასზე რაიმე გამეგო. იქ, ხალხში დაიწყეს ლაპარაკი, რომ “ეს არის ჟურნალისტი, გიჟი ნაზი შამანაური“. ამ ჩურჩულმა გადაუარა ხალხის ტალღას. შოკში ჩამაგდო მდუმარე საზოგადოებამ, რომელიც ძალადობაზე, არც შერხეულა – ნაზის უცბად იდაყვებში ხელი მოკიდეს, სცენიდან გაათრიეს, “კანარეიკაში“ ჩააგდეს, დედამისიც ასევე გაკოჭეს და “კანარეიკაში“ ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ამ ეპიზოდმა ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი კვალი დატოვა, იმიტომ რომ მე დავიწყე ძებნა ვინ იყო ნაზი შამანაური.შოთა ჭინჭარაულის წიგნი აღმოვაჩინე, სადაც ნაზის დღიურები წავიკითხე. ეს წიგნი 90–იან წლებში გამოქვეყნდა, როცა ეროვნული მოძრაობა ნაზი შამანაურით დაინტერესდა.
მანამდე ზვიად გამსახურდიამ “ოქროს საწმისში“ დაბეჭდა, შემდეგ ზურაბ ჭავჭავაძემ შამანაურის ისტორია გაახმაურა, მაგრამ ეს ყველაფერი მალევე მიჩუმდა, ნაზის სახელი მრავალი წლის მანძილზე აღარავის უხსენებია. როცა ეს კონკურსი მიმდინარეობდა, არაერთი ჩვენი კოლეგისგანაც კი გამიგია – “ნუ, რას აკეთებთ, ის ხომ გიჟი იყო?!“
ანუ ეს სტერეოტიპი დარჩა და ჩვენ გვინდოდა გვეთქვა სიმართლე – ნაზი შამანაური იმის გამო კი არ დაიჭირეს, რომ გიჟი იყო?! არამედ, ფსიქიატრიულში იმის გამო გამოკეტეს, რომ იყო უნიჭიერესი ჟურნალისტი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა. ეს ადამიანი მის პროფესიას შეეწირა.
როგორ გაჩნდა სპექტაკლის “ურჩთა სარეცელი“ დადგმის იდეა?
- როდესაც ამ კონკურსზე ვმუშაობდით, მე დამიკავშირდა დრამატურგი და რეჟისორი მაია ჯაფარიძე, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ გამეცნო, 17 წლის წინ დაწერილი მისი სცენარი მომიტანა, რომელიც ნაზი შამანაურის დღიურებზე იყო აგებული. სცენარი ძალიან მომეწონა და გადავწყვიტეთ, რომ ის, რაც 17 წლის წინ არ განხორციელდა, განგვეხორციელებინა ახლა და დაგვედგა სპექტაკლი, ორი მსახიობის მონაწილეობით. ნანა და ლილი ხურითებმა ნაზი შამანაურის და მისი დედის, სარა ინაშვილის როლები ბრწყინვალედ ითამაშეს.
საინტერესო სპექტაკლი შედგა – ეს არის სპექტაკლი–მანიფესტი და არა უბრალოდ, სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს უფრო ფართო საზოგადოებამ და უპირველესად ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო დღევანდელი ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
სპექტაკლი მუსიკალურად ვინ გააფორმა?
- სპექტაკლი მუსიკალურად უნიჭიერესმა ქალბატონმა, ია საკანდელიძემ გააფორმა. ვთვლი, რომ სპექტაკლს ბრწყინვალე მუსიკალური გაფორმება აქვს.