საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრის მიერ ახმედ გაურგაშვილის მკვლელობა დღემდე არ არის გამოძიებული. მესაზღვრემ 16 წლის გაურგაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე ესროლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მოსახლეობა 16 წლის ახმედ გაურგაშვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. საზღვრისპირა სოფლის მაცხოვრებლები აზერბაიჯანული მხარისგან იმ მესაზღვრის დასჯას მოითხოვენ, რომელმაც გაურგაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
„საქონელი წყალთან რომ მივიდეს, ახლოს ვეღარ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიაა. გვეშინია, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გაუფრთხილებლად არ გვესროლონ. სოფელში სასმელი წყალი გააკეთეს. იქაც გადმოდიან შეიარაღებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და როცა იქ არიან, ვერც იქ მივდივართ ახლოს. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენი მესაზღვრეები სოფლის შემოსასვლელში დგანან. მკვლელობის გამოძიება კი დაიწყო, თუმცა უშედეგოდ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერისიმედის მკვიდრმა მინდია თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო – აზერბაიჯანის საზღვარზე მკვლელობა 13 აპრილს მოხდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ სოფელ ერისიმედის მკვიდრს, 16 წლის ახმედ გაურგაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე ესროლა.
„საქონელს აბრუნებდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ გაუფრთხილებლად ესროლა. ბავშვს ტყვია პირდაპირ თავში მოხვდა და გარდაიცვალა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერისიმედის მკვიდრმა თალიკო მახარაძემ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას სსკ-ის 108 მუხლით შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. ახმედ გაურგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ტრაგიკული შემთხვევის გამო პანკისის ხეობის დუისელები 16 წლის ახმედ გაურგაშვილის „სისხლის აღებით“ დაიმუქრნენ. მოკლული გაურგაშვილის ახლობლებმა აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან იმ მესაზღვრის სასწრაფოდ დაკავება და დასჯა მოითხოვეს, რომელმაც მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ადგილობრივების განცხადებით კი, ქართველი მესაზღვრეები საზღვარს არ აკონტროლებენ, მხოლოდ სოფლის შესასვლელში მოწყობილ გამშვებ პუნქტთან დგანან.
„ეს ღობე ხეებით ჩვენ ავაწყეთ, რომ საქონელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ გადასულიყო. ღობე ჩვენს ტერიტორიაზე გავაკეთეთ, დაახლოებით 8-10 მეტრის აქეთ, ვიდრე საზღვარია. ახმედი ღობის იქითაც კი არ გადასულა, რომ იარაღიდან ესროლეს, ჩვენს ტერიტორიაზე მოკლეს. ესროლეს თუ არა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მაშინვე მოვარდნენ იარაღებით და ახლოს არ გვიშვებდნენ. ახმედი შველას ითხოვდა, ფორთხავდა და ჩვენსკენ იწევდა, მაგრამ არ უშვებდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი ასე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. შემდეგ ჩვენი თანასოფლელები მოვიდნენ საზღვართან და ბავშვი გამოვიყვანეთ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო“, - უამბო თვითმხილველმა მინდია თავართქილაძემ „ჰუმანრაითს.ჯი“–ს. მისივე თქმით, ინციდენტის დროს საზღვარზე ქართველი მესაზღვრეები არ ყოფილან.
„გარდაცვლილს რომ არ გვატანდნენ, შემთხვევის ადგილზე თითქმის მთელი სოფელი მივიდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ავტომატები მოგვიშვირეს და რუსულად გვაფრთხილებდნენ, არ მოხვიდეთ, თორემ გესვრითო. ბავშვი ჩვენს ტერიტორიაზე ეგდო და მიახლოების უფლებას არ გვაძლევდნენ, რის შემდეგაც ძალიან აღვშფოთდით და რაც უნდა მომხდარიყო, დაღუპულის გამოსაყვანად მივედით. მას შემდეგ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მთელი ღამის განმავლობაში ყაზარმული ჰქონდათ გამოცხადებული“, - აღნიშნა ერისიმედის მკვიდრმა დათო მახარაძემ იმავე.
ცხედარი პანკისის ხეობის სოფელ დუისში გადაასვენეს. გარდაცვლილი ეთნიკური ქისტი იყო. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის დავით ქოქიაშვილის ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ახმედ გაურგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ქართველი მესაზღვრეები საზღვარს რომ იცავდნენ, მკვლელობა არ მოხდებოდა, – მიაჩნიათ სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მკვლელობა 2003 წელსაც მოხდა. მაშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ლაგოდეხის მკვიდრი, 27 წლის ოლეგ მატიაშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის არავინ დასჯილა.