ია აბულაშვილი, "რეზონანსი"
როგორც ყველაფრიდან ჩანს, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების ხისტი გზა არჩია და მკვეთრი ღონისძიებებით ცდილობს მისი და მისი მომხრეების განიარაღებას. ივანიშვილის რეაქცია ამ ეტაპზე მშვიდია. თითქოს უკვე იკვეთება მომავლის ტენდენციათა კონტურები. ამ და სხვა თემებზე "რეზონანსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
"რეზონანსი": ბატონო ზაზა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ რომ ძირეულად შეცვალა ქართული პოლიტიკის დინამიკა და რელიეფი, ვფიქრობ, ეჭვს არ იწვევს. თქვენი აზრით, რამ შეუწყო მას ხელი, რამ განსაზღვრა ის გარემოება, რომ საზოგადოება, რომელსაც დაძაბულობის რამდენიმე წლის შემდეგ ვეღარაფრით გააკვირვებდი და თითქოს უცნაური აპათიის მდგომარეობაში იყო, დღეს სრულიად სხვაგვარია?
ზაზა ფირალიშვილი: პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ეს არ იყო მხოლოდ აპათია. ეს იყო რიგითი ადამიანის მიერ აღიარება იმისა, რომ მის პროტესტს გამხმოვანებელი არ ჰყავდა. ამას დაერთო ისიც, რომ ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ოპოზიციურმა მოძრაობამ ყველა პოლიტიკური რესურსი ამოწურა და რომ მას ხელ-ფეხი ჰქონდა გახსნილი. ამის შედეგია წლევანდელი ზაფხული, როდესაც მან ზედიზედ რამდენიმე არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც სხვა დროს ვერ გაბედავდა. თუნდაც ბატონ რობერტ სტურუასთან დაკავშირებული ისტორია რად ღირს.
ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ოპოზიციის ტოტალური მარცხის შემდეგ მთელი საზოგადოება ჰიპნოტური ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერ განსაზღვრა, რომ ამგვარი აპათია არსად და არასოდეს არ ყოფილა მოლოდინისა და იმედის გარეშე. რაც უფრო ძლიერია აპათია, მით უფრო ძლიერია მოლოდინი და იმედი. ხელისუფლებამ ისიც ვერ განსაზღვრა, თუ ოპოზიციის მიმართ უიმედობასთან ერთად თავადაც როგორ ჰკარგავდა ნდობის კრედიტის ნარჩენებს. ამგვარ სიტუაციაში მხოლოდ მოულოდნელი აქტორის მიერ მკვეთრი და მოულოდნელი მოძრაობა თუ მოიტანდა შედეგს, თანაც თუ ამ აქტორის მიმართ ერთგვარი მოლოდინის ფონი მუდმივად არსებობდა.
ივანიშვილის გამოჩენამ და მისმა განცხადებებმა რიგით მოქალაქეს იმედი გაუჩინა, რომ თავად მას და მის საზოგადოებას ჯერ კიდევ ჰქონია რესურსი და რომ მხოლოდ იმ ადამიანების ამარა არ არის მიტოვებული, ვინც 1989 წლის 9 აპრილის ან 2003 წლის ნოემბრის სცენარების უმწეო კოპირებას ცდილობდა.
"რ": ხშირად ამბობენ, რომ მისი პოლიტიკური რესურსი ძირითადად მისმა საქველმოქმედო საქმიანობამ შექმნა.
ზ.ფ: ცხადია. მან შეძლო, რომ ერთმანეთთან დაეკავშირებინა ორი რამ: სიმდიდრე და სიკეთის კეთების სურვილი. ამით მან საკუთარი თავი უძველეს არქეტიპულ სტრუქტურას დაუკავშირა, რომელიც განასახიერებს, ალბათ, ყველა ადამიანის ფარულ ოცნებას იმის შესახებ, თუ როგორ შეცვლიდა სამყაროს, თუკი დიდი ფული ან ძალაუფლება ჩაუვარდება ხელში. ადამიანი, რომელიც ამგვარ არქეტიპულ სტრუქტურაში მოექცევა, ზედმიწევნით ჩვენიანი ხდება ყველა ჩვენგანის ფარული თუ აშკარა ოცნების განხორციელებად იქცევა.
შემთხვევითი არ არის, რომ მისი მომხრეების სლოგანია "ქართული ოცნება". ამას ემატება ისიც, რომ როდესაც ქვეყანაში სრული ქაოსი და განუკითხაობა იყო, იგი სძლევდა ყველა წინააღმდეგობას და არაფრისაგან უდიდესი ფინანსური იმპერია შექმნა, დახმარების ხელი გაუწოდა გაჭირვებულებს, ხოლო როდესაც დაინახა, რომ განზე დგომა აღარ შეიძლებოდა, პოლიტიკას მოჰკიდა ხელი. ასე აღიქმება მისი შემოთავაზებული პორტრეტი. ჩვენს მსოფლმხედველობრივ სივრცეს გარდუვალობით ესაჭიროებოდა ამგვარი სახე. რომელ ჩვენგანს არ უოცნებია ამაზე?! ზუსტად ასევე იყო მიხეილ სააკაშვილიც ერთ-ერთი ჩვენგანი, პირობითად რომ ვთქვათ, 2001-2006 წლებში, როგორც განსახიერება გმირისა, რომელმაც უიმედობისაგან, გახევებისა და კორუფციის ჭაობისაგან იხსნა ქვეყანა. პოლიტიკური ლიდერი სწორედ ასე, ადამიანისათვის პირველად არქეტიპულ წარმოდგენებზე თანხმიერებით იქმნება და ამის შესახებ ჯერ კიდევ კარლ გუსტავ იუნგი წერდა. ესაა პოლიტიკური გმირის ძირითადი პოლიტიკური კაპიტალი და იმარჯვებს ის, ვინც ახერხებს, რომ ქარს არ გატანოს ეს რესურსი.
მიხეილ სააკაშვილმა - სხვა მიზეზებს აქ აღარ დავასახელებ - თუნდაც თავისი ჰიპერაქტიურობით გაფანტა თავისი რესურსი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იგი ძალიან ჩქარობდა, თითქოს თავს მაინცადამაინც მყარად ვერ გრძნობდა ნაკისრ როლში და თავისი ზეაქტიურობით ცდილობდა ამის გადაფარვას. იგი დიდწილად მისი გარემოცვის მიერ შეთხზული ფიგურაა და რიგითი ადამიანი თავისი მეექვსე გრძნობით გრძნობს ამას. მასში თითქოს ხელოვნურად მოუყარეს თავის არქეტიპულ ნიშნებს რობინ ჰუდისა და არსენასი (2003 წლის წინ), შემდეგ სტალინისა, დღეს კი მეთოდურად და თანამიმდევრულად ცდილობენ, იგი დავით აღმაშენებლის ნიშნებით აღჭურვონ. ცხადია, ეს ძალზე რთული თემაა და საგანგებო ანალიზს მოითხოვს, მაგრამ ძალზე მოკლედ ასე შეიძლება ითქვას. მან ძალზე სწრაფად, ძალზე მოკლე ისტორიულ შუალედში ამოწურა ის რესურსი, რომელიც მიეცა და აშკარაა, რომ დღეს იგი სიცარიელეშია, იგი აღარ არის "ერთ-ერთი ჩვენგანი".
თუ დროულად ვერ გაიაზრებს ამას და თავის პოლიტიკურ კარიერაში პაუზას არ გააკეთებს, ეს პროცესი უკვე უმართავ ფაზაში შეიძლება გადავიდეს და მისგან ხალხის მტრის სახე მივიღოთ. ვისურვებდი, რომ ეს მიეღო როგორც რჩევა, როგორც გაფრთხილება და არა - როგორც კრიტიკა. ასე მგონია, მას ჯერ კიდევ აქვს იმდენი რესურსი, რომ დაკონსერვების შემთხვევაში ამ რესურსმა იმატოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ იმუშავოს. თუ დამიჯერებთ, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას კვლავაც დასჭირდება რობინ ჰუდისა და არსენას სახეების ამუშავება. ესაა ცხოვრების ულმობელი კანონი. ისტორია გრძელდება და მას აქ და ახლა ვერ ამოვწურავთ. ეს კი სააკაშვილს მომავალში სერიოზულ შანსს აძლევს - ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ელიტურ კორუფციასა და ბევრ სხვა გარემოებებში ბრალდებები მას საშუალებას მისცემენ, პოლიტიკაში დარჩეს.
ამიტომაც ვამბობ, რომ ივანიშვილის ძალა არ არის მხოლოდ მისი მილიარდები ან მისი კავშირი ქველმოქმედების ხანგრძლივ ისტორიასთან. მთლად ასეც ნუ გავაუბრალოებთ საქმეს. ცხადია, უამრავია ადამიანი, ვინც მისგან გამორჩენას ელის და იმედოვნებს, რომ მასაც შეხვდება რაღაც წილი მისი ფულიდან. სახელისუფლებო პროპაგანდა ხომ თითქმის მთლიანად ამაზე დადის. მათ სურთ, შექმნან უარყოფითი სახე მდიდრისა, რომელიც მთელი ქვეყნის შესყიდვას ცდილობს და, ვფიქრობ, თუ პროპაგანდისტულად ამას გამართლება აქვს, სრულიად გაუმართლებელია, თუ მართლა სჯერათ ეს.
"რ": თუმცა არც იმის უგულებელყოფა შეიძლება, რომ ივანიშვილის ბიზნესიმპერია მისი პოლიტიკური კაპიტალის მნიშვნელოვანი საფუძველია.
ზ.ფ: ცხადია. დღეს ეს მის სასარგებლოდ მოქმედებს მაგრამ იგივე მოტივი მის საწინააღმდეგოდვე შეიძლება შებრუნდეს, როგორც კი იგი თავისი პოლიტიკური რესურსის დანარჩენ მდგენელებს ამოწურავს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს შორის დღესაც იგრძნობა ერთგვარი უხერხულობა ივანიშვილის სიმდიდრისა და პოლიტიკური აქტივობის შესაძლო უხვი დაფინანსების გამო. ამას იყენებს სახელისუფლებო პროპაგანდა და მასთან საქმის დაჭერას პოლიტიკური კორუფციად აცხადებს. ეს გახლავთ ბეწვის ხიდი, რომლის გავლაც ივანიშვილს მოუწევს და როდესაც ადრე ვწერდი მისი პოლიტიკური ტექნიკის შესახებ, ეს უკანასკნელი ამასაც გულისხმობს, ამ ბეწვის ხიდის გავლის უნარს. მარტივად ვიტყვი. თუ იგი კვლავ "ერთი ჩვენგანი" იქნება, მისი პოლიტიკური წარმატება გარდუვალია, თუმცა კი საშიში სწორედ ამ წარმატების შემდეგ იწყება, მას შემდეგ, რაც ადამიანები პოლიტიკური თრობიდან დაიწყებენ გამოფხიზლებას და სააკაშვილის ფაქტორი აღარ იქნება აქტუალური.
"რ": ხელისუფლების რეაქციებზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. იქნებ, უფრო დეტალურად შევეხოთ ამ თემას.
ზ.ფ: დღეს ხელისუფლებას ორი გზა რჩება. მან ან ხელის ერთი დარტყმით უნდა გადაჭრას ივანიშვილის საკითხი. მოქალაქეობის ჩამორთმევა, ბანკი "ქართუზე" თავდასხმა, ივანიშვილის დაცვის განიარაღება თუ წვრილი ტერორი ივანიშვილის მომხრეთა წინააღმდეგ ამის ნიშანია. ამას ემატება მცდელობა, რომ ეროვნული მაუწყებლების მეშვეობით რეგიონები სრულ საინფორმაციო იზოლაციაში დატოვონ. უკვე არაერთხელ გაისმა, რომ "საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის". არც ის არის გამორიცხული, რომ შეტევები თანდათან შენელდეს და დროში გაჭიმული მცირე დარტყმებით შეეცადონ მის განეიტრალებას.
მეორე გზაა სადისკუსიო რეჟიმზე გადასვლა. პირველი გზა ლოგიკური გაგრძელება იქნება იმისა, რაც წლევანდელი მაისის შემდეგ სრულიად ნათლად გამოიკვეთა და რასაც უკვე არაერთხელ უწოდეს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში სააკაშვილს მხოლოდ ისღა რჩება, როგორმე დასავლელი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი სინამდვილეში რუსულ საქმეს აკეთებს და რომ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება ავტორიტარიზმის რაღაც ხარისხის გარეშე შეუძლებელია. დღეს უკვე სრულიად ნათლად ვხედავთ, რომ ეს ორივე პროპაგანდისტული ფორმულით გაჯერებულია სახელისუფლებო რიტორიკა. უფრო მეტიც, თანამედროვე სამყაროს მიმართ ქართული სულიერების არაადექვატურობასა და ახალი ადამიანისა თუ ახალი საზოგადოების შექმნის აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია, საუბრობენ და განსაკუთრებული ხალისით - უცხოელ პარტნიორებთან.
ხელისუფლებამ ჯერჯერობით პირველი გზა არჩია. თუ ადრე ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება შეძლებდა პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას, ახლა, იმ შეცდომების ფონზე, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა, უკვე ეჭვი მიჩნდება. ხელისუფლება ვერ შეძლებს აბსოლუტურად ჰერმეტულ პოლიტიკურ გარემოში დარჩენას, რომელშიც ადამიანთა განწყობილებებს იმგვარი პროპაგანდისტებით მართავს, ზედმიწევნით რომ მაგონებენ მიხეილ ჯავახიშვილის მიერ აღწერილ თაღლით, უტიფარ პროვინციალ ვექილებს. ამას არც ჩვენი პარტნიორები დაუშვებენ და, რაც მთავარია - არც ქართული საზოგადოება. ჩვენში უკვე საკმაოდ ბევრნი არიან დამოუკიდებელი ადამიანები.
უფრო ველი, რომ საქმე გვექნება დისკუსიისა და ხისტი პოლიტიკის რაღაც მოუხეშავ ნაზავთან, რომელსაც ხელისუფლებისათვის კარგი არაფერი შეიძლება მოჰყვეს. ყველაფერთან ერთად, ეს იქნება ნიშანი ნაციონალთა ხელისუფლების მეორე ეშელონისათვის, რომ ხელისუფლება მყარად ვერ დგას ფეხზე და დაიწყება ის, რაც ვერ გამოიწვია 2007 წლის შემდგომმა მოვლენებმაც კი: ხელისუფლების ეროზია. ხელისუფლებამ დაკარგა მთავარი რამ, რაც მის შეუვალობას უზრუნველყოფდა - საკუთარი სიმართლის განცდა და დამიჯერეთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური შეცდომა თუ წარმატება. ცხადია, იქნება მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა თემებზე იქნას გადატანილი. ამჯერად მხოლოდ მკითხაობა შეგვიძლია იმაზე, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ხელისუფლების ფანტაზია. საუკეთესო გამოსავალი, ალბათ, ხანგძლივი და საფუძვლიანი დისკუსიაა, რომელიც დაპირისპირებულ პოლიტიკურ აქტორთა დემითოლოგიზაციას და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების უფრო რაციონალურ რელსებზე გადაყვანას მოიტანდა.
822
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85