დაახლოებით ერთი კვირის წინ მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ჰეჯ-ფონდ გალლეონ გროუპ-ის მეპატრონე რაჯ რაჯარათნამი ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებაში დამნაშავედ სცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მართალია, თავად ბიზნესმენი ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ ღია მონაცემებით სარგებლობდა, მაგრამ მოსამართლემ მას ინსაიდერული პროცესების ისტორიაში ყველაზე მკაცრი განაჩენი გამოუტანა. თანაც, მოსამართლემ მკაცრად აღნიშნა, რომ მთელი ამერიკული საზოგადოება ვალდებულია გაანადგუროს ეს ვირუსი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სისტემას შეეყარა.
რაჯ რაჯარათნამს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი სახელი და გვარი ნიშნავს “მეფეთ მეფეს”. ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული ფონდის დამაარსებელს, 1,8 მილიარდი დოლარის მფლობელს მართლაც შეეძლო თავი უოლ სთრითის მეფედ ეგრძნო. იგი მდიდარ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, მამამისი შრი-ლანკაში საქსოვ ფაბრიკას ფლობდა. ფული არ დაიშურა და შვილს კარგი განათლება მისცა, ჯერ ინგლისური კოლეჯი დაამთავრებინა, შემდეგ პერსილვანიის უნივერსიტეტი.
1997 წლამდე რაჯი სხვადასხვა საინვესტიციო ფონდში მუშაობდა, შემდეგ კი გალლეონ გროუპ შექმნა. იგი სწრაფად მდიდრდებოდა. მისი ხელქვეითები ყოველთვის აღნიშნავდნენ რაჯის საოცარ ალღოს. მან ყოველთვის საკუთარ ანალიტიკოსებზე მეტი იცოდა. ამასთან, ბიზნესმენი არასოდეს იშურებდა ფულს თავისი ხელქვეითებისათვის. მაგალითად, კვირაში ერთხელ ოფისში მასაჟისტები მოჰყავდა, ერთხელ კი კარიბის ზღვაში კუნძული ერთი კვირით 250 ათას დოლარად დაიქირავა და თანამშრომლებს ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრიპტიზ-ჯგუფი ჩაუყვანა.
ის, რომ გალლეონ გროუპ ინსაიდერულ ვაჭრობას ეწეოდა, სამართალდამცველებმა 2007 წელს შეიტყვეს. ეჭვი აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის წევრებს შეეპარათ, რომლებიც კომპანიაში გეგმიურ შემოწმებას ატარებდნენ. შემდეგ საქმეში ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთო, მილიარდერის სატელეფონო მოლაპარაკებები და მიმოწერა გაიშიფრა და 2009 წელს რაჯს ბრალი წაუყენეს.
გამოძიების ინფორმაციით, მილიარდერი ინფორმაციას სხვადასხვა კომპანიების მენეჯერებისა და ტრეიდერებისაგან ყიდულობდა. შემდეგ, ინფორმაციას ან იყენებდა, ან კიდევ ყიდდა. ამ კომპანიებს შორის გახლდათ ამერიკული ბაზრის ისეთი ლიდერები, როგორებიცაა გოლდმან შაცს, ინტელ, IBM. ბრალდების მხარემ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ამგვარი მეთოდებით რაჯარათნამმა დაახლოებით 72 მილიონი დოლარი იშოვნა.
პროცესი სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და 2011 წლის მაისში სასამართლომ რაჯი დამნაშავედ სცნო. ახლახან კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საბოლოო განაჩენი გამოუტანა. მილიარდერის გარდა ბრალი დაუმტკიცდა გალლეონ გროუპ-ის რამდენიმე თანამშრომელს, რომელთაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.
აღსანიშნავია, რომ პროკურორი, რომელმაც რაჯს “თანამედროვე ინსაიდის სახე” უწოდა, მისთვის 19,5 წლიან პატიმრობას ითხოვდა. მაგრამ მოსამართლემ მხედველობაში მილიარდერის სუსტი ჯანმრთელობა და მისი საქველმოქმედო საქმიანობა გაითვალისწინა და შედარებით მსუბუქი სასჯელი შეუფარდა. თუმცა, 11 წლიანი პატიმრობა, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიოს ისტორიაში ინსაიდერული ვაჭრობისათვის გამოტანილი ყველაზე მძიმე სასჯელია. გარდა ამისა, რაჯარათნამს ჯარიმის სახით 10-ის ხოლო ზარალის კომპენსაციის სახით 58,8 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
54 წლის კაცისათვის, რომელსაც მეორე ხარისხის დიაბეტი, ჰიპერტონია და თირკმლის უკმარისობა, რომლის გამოც შეიძლება ორგანოს გადანერგვაც კი დასჭირდეს, აწუხებს, 11 წლიანი პატიმრობა შეიძლება სასიკვდილო განაჩენად ჩაითვალოს. მოსამართლის გადაწყვეტილებით რაჯი სასჯელს ბატნერის სპეციალურ, ავადმყოფთათვის განკუთვნილ ციხეში მოიხდის. სხვათა შორის, მანდვე იმყოფება ბერნარ მედოფი.
არაძალადობრივი დანაშაულისათვის ეგზომ მძიმე სასჯელმა ბევრი გააკვირვა, მაგრამ, როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, ეს გახლდათ “უოლ სთრითისათვის სწორი სიგნალი”. ანუ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ წავიდა დრო, როცა ტრეიდერები და ბანკირები კანონს ეთამაშებოდნენ და ამისთვის 3 თვიან სასჯელს იხდიდნენ. ამას მოითხოს ამერიკელი ამომრჩეველი, რომელიც რთული ეკონომიკური ვითარების არსებობაში სწორედ ბანკირებსა და ტრეიდერებს ადანაშაულებს.
880
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85