ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება ბევრი თვალსაზრისით მოულოდნელი აღმოჩნდა. ანალიტიკოსები საუბრობენ ერთგვარ პოლიტიკურ „ცუნამზე“, რომელიც უძრაობაში ჩანთქმულ ქართულ რეალობას თავს დაატყდა. საგონებელში ჩავარდნილმა ხელისუფლებამ არაადექვატური სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო. ხოლო საზოგადოება მეცენატის გამოჩენას იმედით და მოლოდინებით ხვდება.
ამ თემაზე პოლიტიკურ ექსპერტს, ჰამლეტ ჭიპაშვილს ვესაუბრეთ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი: ხელისუფლებისთვის ივანიშვილის შემოსვლა, ცხადია, მოულოდნელი იყო. ეს ნაბიჯი მათთვის სერიოზული შიშის მომგვრელიც გახლდათ. მანამდე მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილმა მეცენატმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რასაც ესენი ნამდვილად არ პროგნოზირებდნენ.
მსგავსი მოლოდინი ქართული საზოგადოების დიდ ნაწილსაც არ ჰქონდა. ადამიანები მიეჩვივნენ, რომ ივანიშვილი უარს ამბობდა თუნდაც პრემიერ–მინისტრობაზე. ამაზე საუბრები ჯერ კიდევ 2008 წელს მიმდინარეობდა.
ასე რომ, ბატონი ბიძინას აქტიურ პოლიტიკურ სარბიელზე შემოსვლა მეხის გავარდნასავით იყო. ივანიშვილის გამოჩენას ნამდვილი ცუნამის ეფექტი ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში. მაგრამ, მხოლოდ ღმერთმა იცის, რა შედეგს მოიტანს ეს ყოველივე.
ივანიშვილის ფაქტორის მიმართ ხელისუფლების ერთგვარ შიშზე გაამახვილეთ ყურადღება... რით არის გამოწვეული ასეთი დამოკიდებულება?
– ხელისუფლებას ავტორიტეტული პიროვნების გამოჩენა აშინებს. პირადად ბიძინა ივანიშვილის ეშინიათ, რადგან მას ნაკლებად შეიძლება წამოედავო რაღაც–რაღაც საკითხებზე. მთელი შემოქმედებითი ცხოვრება ისე აქვს წარმართული, მართლაც სინდის–ნამუს გარეცხილი თუ არ ხარ, ვერაფრით იტყვი, რომ მან ეს ფული კრიმინალური გზით იშოვა.
ამის თქმა რომ შეეძლოთ, დღესვე იტყოდნენ, თუმცა, განწირული ხელისუფლებისგან მომავალში არც ეს არის გამორიცხული. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ყოველივე შრომის, თავდადების და ნიჭიერების შედეგად არის ნაშოვნი, რაც ამ კაცს უდავოდ გააჩნია.
მეორეც – ამხელა ფულის პატრონს, მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა იმის შესაძლებლობა, ნებისმიერი მოქალაქისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი გამოსვლა ქართულ ჰორიზონტზე სიკეთის გამოჩენაა. მხედველობაში მაქვს თუნდაც ის ქველმოქმედება, რასაც წლების განმავლობაში ეს პიროვნება ახორციელებდა და დღესაც აკეთებს. თუ ხელი არ შეუშალეს, ალბათ გააგრძელებს კიდევაც; კარგად ვიცით, როგორ ეხმარებოდა ინტელიგენციის წარმომამადგენლებს და ა.შ.
საზოგადოებაში გაჩნდა ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი ფული და ავტორიტეტი; ხელისუფლებას, ცხადია, ეს აშინებს.
აქედან გამომდინარე, მის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯებიდან რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს?
– ეს არის აგონიაში ჩავარდნილი ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯები. მე მაგალითად ხელისუფლებას ერთ რამეს ვურჩევდი; გამოვიდეს იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი და განმარტოს, რა შემთხვევაში არ აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეს შეინარუნოს თავისი სტატუსი.
ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის ქვეშევრდომობას მიიღებს, ავტომატურად კარგავს თავისი სამშობლოს მოქალაქეობას. მიუხედავად ამისა, პასპორტის, პირადობის მოწმობის აღება სრულიად შესაძლებელია. ჩვენთან არ არის შიდა სამსახური, რომელიც ამ ტიპის დარღვევას გამოავლენს. ეს განმარტება უნდა გააკეთოს არა ვაშაძემ (რეესტრის უფროსმა), არამედ იუსტიციის მინისტრმა; საზოგადოებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამასთან, ხალხს ისიც უნდა უთხრან, თუ რა შემთხვევაში არის შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. თორემ, ვიღაც კუბლაშვილი გაქცეულზე ინტერვიუს იძლევა და აქტუალური თემა პასუხგაუცემელი რჩება. ვინც ეს ისტორია იცის, ყველანი ერთხმად ადანაშაულებენ მიხეილ სააკაშვილს და თვლიან, რომ მან შეგნებულად, ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე წაართვა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. არ არის გამორიცხული, მას დეპორტაციაც კი გაუკეთონ. ამიტომ, ადეიშვილმა უნდა ახსნას, რა არის მართალი და რა ტყუილი.
საკითხის „განმარტებაში“ იმასაც ხომ არ გულისხმობთ, რომ თუნდაც ხელახლა მოქალაქეობის მიღება დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს...
– დიახ. როდესაც გააკეთებს განმარტებას, რომ ამას კანონი კრძალავს და არა სააკაშვილი, ამის შემდეგ უნდა თქვას, რა შემთხვევაში შეუძლია საქართველოს უკვე ყოფილ მოქალაქეს (რომელმაც სტატუსის დაკარგვის შესახებ არ იცოდა), რომ თავიდან ითხოვოს და მიიღოს ქვეყნის მოქალაქეობა. კერძოდ, უნდა მიმართოს პრეზიდენტს, რომელიც მას მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. განხილვის ვადა მაქსიმუმ სამი თვეა. ამისთვის დაბრკოლება არ უნდა ჰქონდეს ისევე, როგორც იმ ხუთასზე მეტ მოქალაქეს, რომელმაც პრეზიდენტის ხელით საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო.
რატომ არის ივანიშვილის შემოსვლა „ცუნამი“ ქართული საზოგადოებისთვის; მაინც რას ელიან მოქალაქეები მისგან?
– საერთოდ, ცუნამი ცუდის მომასწავებელი რამაა. იგი ნგრევას, წყალდიდობას და მისთ. უკავშირდება. ამ შემთხვევაში ივანიშვილი ცუნამი სწორედ მმართველი ხელისუფლებისთვისაა. ქართული საზოგადოება კი მისი გამოჩენით წინსვლას და განვითრებას ელოდება.
ამ თვალსაზრისით, ხალხის აზრი ყველაზე საინტერესო უნდა იყოს. ხშირად დავდივარ ქუჩაში და ბაზრობებზე. ვხვდები ფენებს, ვისთან ურთიერთობაც პოლიტიკოსებს სამწუხაროდ არ აქვთ. არადა, ეს ჩვენი მოსახლეობის 80–პროცენტზე მეტია.
ყველა დიდი იმედით შეჰყურებს ამ პიროვნებას. ამ ხალხს მიაჩნია, რომ თუ ვინმე გადაარჩენს ქვეყანას, ეს ბიძინა ივანიშვილია.
გარდა ამისა, ადამიანები საკუთარი იმედების გასამყარებლად შემდეგს ამბობენ – ეს ის კაცია, ფულს მაინც არ მოგვპარავსო. წარმოიდგინეთ, ამ ფრაზითაც კი მიმდინარეობს ხელისუფლების დადანაშაულება. ბოლო რვა წლის განმავლობაში რაც ხელისუფლებამ ჩვენს საზოგადოებას აყარა, ხალხის პოზიცია სწორედ ამის შესაბამისია.
თუმცა, ფაქტია, არც შევარდნაძის დროს იყო უკეთესი ვითარება. ჯერ იყო შევარდნაძის გუნდის ღორმუცელობა; მერე ამას ათჯერ უფრო დიდი ღორმუცელობა დაემატა სააკაშვილის მმართველობისას. მერამდენეჯერ იმედგაცრუებული საზოგადოება უკვე დიდ საგონებელში იყო ჩავარდნილი. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ხალხმა დაინახა იმედი ამ პიროვნების სახით.
როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ივანიშვილის განაცხადის ამ მიმართულებას როგორ შეაფასებთ?
– ივანიშვილი ფიქრობს რეალურ პოლიტიკაზე, რომელიც უნდა წამოიწყოს და გაატაროს. ქვეყანას საერთოდ არ აქვს ურთიერთობა ისეთ დიდ მეზობელთან, როგორიც რუსეთია. ამ სასიცოცხლო მიმართულებით გააქტიურებას მხოლოდ მივესალმები. საქართველოს სხვაგან არავინ გადაიტანს, ისევე როგორც რუსეთს, მითუმეტეს თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე.
ამიტომ, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ეს ვიღაცისთვის მუხლებში ჩავარდას არ ნიშნავს. უბრალოდ, დედა არ უნდა აგინო რუსეთის ლიდერებს, რასაც ამ რვა წლის განმავლობაში აკეთებენ. მეზობლებთან ნორმალური და პრაგმატული დამოკიდებულება უნდა გქონდეს.
დასავლეთთან, ევროპა–ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავება–განვითარებაც საჭირო და აუცილებელი მიმართულებაა. ერთია, რომ საქართველომ არავის წინაშე არ უნდა დაიჩოქოს.