პუტინი ნაბუქოსთან მარცხით უკმაყოფილოა

პუტინი ნაბუქოსთან მარცხით უკმაყოფილოა

[ვლადიმერ სოკორი Asia Times]

 

როგორც ჩანს რუსეთმა ვერ შეძლო ევროპაში „სამხრეთ ნაკადის“ მილსადენის ლობირება და კონკურენტ „ნაბუქოზე“ უპირატესობის მოპოვება. „ნაბუქომ“ გაზი ევროპულ ბაზრებს აზერბაიჯანიდან თურქეთის გავლით უნდა მიაწოდოს. შედეგად, მოსკოვი დღეს სასოწარკვეთილი უარყოფს კასპიის აუზში „ნაბუქოსთვის“ აუცილებელი ხელმისაწვდომი გაზის მარაგების არსებობას.

 

პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ეს ოფიციალური კურსი რუსეთის ექსპერტთა კლუბ „ვალდაის“ ახლახანს გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ პროექტი „ნაბუქო“ არ შეიძლება მთლიანად აზერბაიჯანის იმედზე იყოს, რადგან ბაქომ გაზის მიწოდებაზე კონტრაქტი რუსეთის გაზის კომპანია „გაზპრომთან“ გააფორმა, და რომ კასპიის საზღვაო საზღვრებზე არსებული დავა აზერბაიჯანის გავლით თურქმენეთის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას ხელს შეუშლის. პრემიერ–მინისტრის ღვარძლიანი ტონი და მისი განცხადებების შინაარსი იმაზე მიუთითებს, რომ გამარჯვების შანსი მას ფაქტობრივად აღარ დარჩა.

 

„ნაბუქოს“ პროექტში აზერბაიჯანის როლი გადამწყვეტია. რუსეთი ახლა აზერბაჯანული გაზის იმპორტის გაზრდას მთელი ძალით ცდილობს, რომ „ნაბუქოსთვის“ რაც შეიძლება ნაკლები გაზი დარჩეს. პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბოლო ვიზიტისას ამ ქვეყანაში „გაზპორმმა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობ–კომპანიასთან ხელი მოაწერა 2 მილიარდი კუბომეტრი გაზის შეძენაზე 2011 წელს (2009 წელს საუბარი იყო მხოლოდ 500 მილიონ კუბომეტრზე, 2010 წელს კი მილიარდზე).

 

მეტიც - ხელშეკრულება არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის მიწოდების ყოველწლიურ მოცულობაზე. ამასთანავე, მედვედევის იმავე ვიზიტის დროს „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა გასაგებად აღნიშნა ის, რომ რუსული კომპანია მზადაა შაჰ–დენიზის საბადოს დამუშავების მეორე ეტაპის წილის შესაძენად. ეს საბადო „ნაბუქოს“ პროექტის პირველი ფაზისთვის გაზის მთავარი წყარო უნდა გახდეს.        

 

თუმცა, საბოლოო ჯამში „გაზპრომის“ ძირგამომთხრელი საქმიანობა უშედეგოდ დასრულდება. აზერბაიჯანისგან გაზის შეძენაზე გაფორმებული მისი ხელშეკრულებები ერთი წელია რაც მოქმედებს. შესაბამისად, როდესაც მილსადენი „ნაბუქო“ ამუშავდება, აზერბაიჯანი ექსპორტის გადამისამართებას რუსული მიმართულებიდან დასავლეთისკენ შეძლებს, აირჩევს რა ტრანსპორტირების უფრო კარგ ფასსა და უკეთეს პირობებს. რაც შეეხება შაჰ–დენიზს, ამ მომენტისთვის რუსეთს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმის, რომ საბადოზე მომუშავე კონსორციუმს დამუშავების მეორე ეტაპის მონაწილეებში „გაზპრომის“ მიღება აიძულოს.

 

ამ კონსორციუმში შემდეგი კომპანიები ერთიანდებიან: BP და ნორვეგიული Statoil, რომლებიც აქციების 25,5 პროცენტის მფლობელები არიან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ–კომპანია, რუსული „ლუკოილი“, ფრანგული Total, და ირანის ნაციონალური ნავთობ–კომპანია. თითოეული მათგანის წილია 10 პროცენტი, და თურქული Turkish Petroleum  9 პროცენტით. ხმათა თანაფარდობა იმის მცირე შესაძლებლობასაც კი არ ტოვებს, რომ მმართველი კომიტეტი „გაზპრომს“ კონსორციუმში საკუთარი ნება–სურვილით მიიღებს.                

 

როგორც მოსალოდნელია, მეორე ეტაპმა 2016 წლიდან ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. პროექტის არსებობის განმავლობაში ინვესტიციების მოცულობამ 20 მილარდი დოლარი უნდა შეადგინოს, შესაბამისად საინვესტიციო გადაწყვეტილება 2011 წლისთვის  უნდა იქნას მიღებულi. ეს პირობები მანამდე ჩამოყალიბდა, სანამ სამი მსხვილი ფინანსური დაწესებულება „ნაბუქოს“ პროექტის დაფინანსების მზადყოფნას გამოთქვამდა, რამაც თავის მხრივ შაჰ–დენიზის კონსორციუმს დიდი ხნის ნანატრი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების სტიმული უნდა გაუჩინოს. საბადოს კომერციულმა ოპერატორმა Statoil–მა ახლახანს პოტენციური კლიენტები შაჰ–დენიზის მეორე ეტაპის გაზის მიწოდებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მიიწვია.

 

მიწვევა იმ კონსორციუმებმა და კომპანიებმა მიიღეს, რომლებიც სამ პროექტში მონაწილეობენ. ესენია: „ნაბუქო“, გაზსადენი „თურქეთი–საბერძნეთი–იტალია“ (ITGI) და ტრანსადრიატიკული გაზსადენი (რომლის აქციონერებშიც თავად Statoil–ი შედის, და რომელიც იმავე ქვეყნებზე გადის, რომელზეც ITGI).

„ნაბუქოს“ კონსორციუმი პროექტის პირველი ფაზისთვის რვიდან ათი მილიარდი კუბომეტრი აზერბაჯანული გაზის მიღებას ელოდება. აზერბაიჯანის გათვლით, ამ მოცულობის უდიდეს ნაწილს შაჰ–დენიზის მეორე ეტაპი უზრუნველყოფს, ხოლო „ნაბუქოს“ მეორე ფაზაზე თურქმენეთის გაზიც წამოეწევა.

 

ეს გეგმები შეიძლება ჩაიშალოს, თუკი გაზი, რომლის მოპოვებაც შაჰ–დენიზზე ხდება, რამდენიმე მილსადენზე გადანაწილდება. სამი განსახილველი გაზსადენებიდან მხოლოდ ნაბუქოს (31 მილიარდი კუბომეტრი გაზის გამტარიანობის უნარითა და ცენტრალურ ევროპაზე ორიენტაციით) აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა – როგორც ცალკე აღებულ გაზსადენს, ასევე გაზის სამხრეთ დერეფნის ევროპული პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ამ პროექტის ნაწილს ITGI–ს და ტრანსადრიატიკულ გაზსადენს ნაკლები გამტარობა აქვთ და ევროპის სამხრეთით – იტალიაში მიემართებიან. უდაოა, მათთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ისინი ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ მთელი დატვირთვით ამუშავებული „ნაბუქოს“ გარეშე ისინი ევროპაში მიწოდებების დივერსიფიკაცის საქმეში მნიშვნელოვან როლს ვერ შეასრულებენ.

 

სამხრეთ დერეფნის (რომელიც თავის თავში უნდა მოიცავდეს ასევე „თეთრი ნაკადის“ მილსადენის პროექტს, რომელიც კასპიის გაზის რუმინეთსა და უკრაინაში ტრანსპორტირებისთვისაა განსაზღვრული) ყველა ეს პოტენციური კომპონენტი აუცილებელია ცენტრალური აზიიდან ევროპაში გაზის მიწოდებების მაქსიმალურად გაზრდისთვის, რამაც გაზის საბადოების დამუშავებაში ინვესტიციების სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი. თუმცა ისინი არაეფექტური გახდება ან უბრალოდ ზედმეტიც კი, თუკი საბოლოო ჯამში აზერბაიჯანული გაზის შეზღუდული მარაგებისთვის ერთმანეთთან კონკურენციას დაიწყებენ.

 

ფინანსური დაწესებულებების მიერ გაკეთებული არჩევანი, რომლებმაც „ნაბუქოს“ მხარდაჭერა გადაწყვიტეს, იმას ადასტურებს, რომ ამ პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ფინანსიტებიც აცნობიერებენ.

 

პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებების მიუხედავად, თურქმნეთი ნელ–ნელა ეძებს ისეთ სატრანსპორტო გადაწყვეტას, რომელიც მას „ნაბუქოს“ გაზით მომარაგების შესაძლებლობას აზერბაიჯანიდან მისცემს. არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ აშხაბადი უცხოეთში არსებული უთანხმოების გამო კასპიის გავლით გადამრთველის მშენებლობას ჩაშლის. პირიქით, წელს მან თურქმენეთის ტერიტორიის გავლით „აღმოსავლეთ–დასავლეთის“ მილსადენის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული გაზის საბადოებიდან კასპიის სანაპიროსკენ მიემართება.

 

მილსადენის ეს პროექტი, რომლის გამტარიანობა 2015 წლიდან 30 მილიარდი კუბომეტრი უნდა გახდეს, იმას ადასტურებს, რომ თურქმენეთი მის დასავლეთ საზღვართან არსებული გაზის შესაბამისი მარაგების გაყიდვას გეგმავს, როდესაც მზად იქნება მილსადენი, რომელიც კასპიის ზღვაზე გაივლის. ეს „ნაბუქოს“ არა მხოლოდ მთელი ძალით ამოქმედების საშუალებას მისცემს, არამედ ხელს შეუწყობს სამხრეთ დერეფნის ევროპული პროექტის ცხოვრებაში რეალიზაციას. მეორე მხრივ, თუკი ევროპა ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს, აშხაბადს მოუწევს უარის თქმა „აღმოსავლეთ–დასავლეთის“ პროექტზე და ამ მარაგების რუსეთში გადამისამართება (კასპიის სანაპიროდან ჩრდილოეთით მიმავალი მილსადენის საშუალებით, რომლის გაფართოების ინიციატივითაც რუსეთი გამოდის) ან სხვა არაევროპულ ქვეყნებში.

 

ნაბუქოს აქციონერების გავლით (გერმანული RWE, უნგრული MOL და ავსტრიული OMV), ისინი გაზს ერაყის ქურთისტანიდან მიიღებენ. შარშან, MOL–მა და OMV–მ ცალ–ცალკე Pearl Petroleum–ის კონსორციუმის აქციების 10% შეიძინა, რომელიც ერაყის ამ რეგიონში გაზის საბადოებს ამუშავებს. კონსორციუმში გადამწყვეტ როლს თამაშობს კერძო კომპანია Dana Gas–ი, რომლის შტაბ–ბინაც შარჯაშია.

 

გასულ თვეში RWE–მ რეგიონის ხელისუფლებასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას გაზის საბადოების დამუშავებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაზე. ამან შეიძლება  ნიადაგი მოამზადოს ქურთისტანის რაიონებიდან გაზის ევროპაში მიწოდებისთვის თურქეთის გავლით „ნაბუქოს“ მილსადენის საშუალებით, ყოველ შემთხვევაში RWE ასეთ მიწოდებებზე შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მართალია, ერაყის ცენტრალური ხელისუფლებას ბაღდადში იურიდიული და საბიუჯეტო ხასიათის პრეტენზიები აქვს, თუმცა ქურთისტანის ხელისუფლება თავის მხრივ პირობას დებს, რომ ნაციონალური და რეგიონალური კანონმდებლობის თანახმად, შემოსავალს ცენტრს გაუნაწილებს.                

 

თუმცა, ერაყის ამ ნაწილიდან გაზის მიწოდებების მოცულობა, ვადები და სხვა პირობები კონკრეტულად განსაზღვრული არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ქურთისტანს „ნაბუქოს“ პროექტში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

 

გასულ თვეში, კონსორციუმმა თურქეთში ორი დამხმარე განშტოების მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო – ერთი საქართველოს საზღვრიდან მოდის და მეორე ერაყიდან (გაზით მომარაგებისთვის კასპიის აუზიდან და ერაყის ქურთისტანიდან). ამგვარად პროექტის პერსპექტივამ უფრო კონკრეტული კონტურები მიიღო, როგორც გაზით უზრუნველყოფის, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც.

[foreignpress.ge]