ლევან მარტაძე, "ბანკები და ფინანსები"
სადაზღვევო სისტემა 2011 წელს ზარალზე პირველად გავიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტორის ზარალი წლის პირველ ნახევარში 1 700 000 ლარზე მეტი იყო. ორი კვარტლის მონაცემებით, 6 ლიდერი სადაზღვევო კომპანიიდან მოზიდული პრემია მხოლოდ ორმა ("ჯიპიაი ჰოლდინგი", "ალდაგი ბისიაი") გაზარდა. დანარჩენმა კომპანიებმა კი იზარალეს. მიზიდული პრემიების მოცულობა ამავე პერიოდში 16%-ით შემცირდა.
2011 წელი წარუმატებელი აღმოჩნდა ორი სადაზღვევო კომპანიისთვის - "ვესტისა" და "მობიუსისათვის", რომლებიც გაკოტრდნენ. კომპანიებმა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმების თხოვნით მიმართეს. ხოლო გაკოტრების რეჟიმში მყოფი სადაზღვევო კომპანია "ვესტის" სამედიცინო დაზღვევის პორტფელი ბაზრის უფრო მსხვილმა მოთამაშემ "არქიმედე გლობალ ჯორჯიამ" იყიდა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში "ჯიპიაი ჰოლდინგმა" 33,577 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა, რაც 11%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე მოღვაწე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 188,189 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, შესაბამისად, `ჯიპიაი ჰოლდინგი~ სადაზღვევო ბაზრის 17,8%-ს აკონტროლებს.
სადაზღვევო ბაზრის ზარალზე გასვლა რამდენიმე კუთხით არის საინტერესო. ამ საკითხის გასაანალიზებლად შედარებით სიღრმისეული მიდგომაა საჭირო. დაზღვევის სექტორის განვითარება სახელმწიფო დაკვეთებზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სისტემის სასესხო პროდუქტებმა გარკვეულწილად გააქტიურა კერძო დაზღვევაც, მაგრამ სესხის საგარანტიო ქონების დაზღვევამ მაინც ვერ მიიღო ისეთი მასშტაბები, რომ სახელმწიფო დაკვეთების მოცულობას მიახლოებოდა. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო დაკვეთების ძირითადი ნაწილი, ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტების შესყიდვას გულისხმობს. შესაბამისად, დაზღვევის სექტორის 70%-ზე მეტი ჯანდაცვის დაზღვევაზე მოდის.
ამ სექტორში ყველაზე საინტერესო მოვლენები გასულ წელს განვითარდა, საქმე ისაა, რომ სადაზღვევო კომპანიები შექმნეს ქვეყანაში მოქმედმა ყველაზე მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებიც არამარტო ფარმაციის სფეროში, არამედ ჰოსპიტალურ სექტორშიც ლიდერ პოზიციებზე იყვნენ. ამის შემდეგ, მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენების პაატა კურტანიძისა და კახა ოქრიაშვილის ინტერესებს შეესაბამებოდა.
სწორედ ამ ბიზნესმენების პოლიტიკურ წრეებში სერიოზული გავლენების შედეგად, ჰოსპიტალური სექტორის განვითარება სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის დაზღვევის პროდუქტების შესყიდვას მიება. ანუ, სახელმწიფო მხოლოდ იმ სადაზღვევო კომპანიებიდან ყიდულობს სადაზღვევო პაკეტებს, რომლებიც საავადმყოფოების აშენებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. შედეგად, მივიღეთ მსოფლიოში უპრეცედენტო სიტუაცია, როდესაც ფინანსისტები დაზღვევის სფეროდან, საავადმყოფოებსაც თავად აშენებენ და ავადმყოფებსაც თავად მკურნალობენ.
ამ ყველაფრის შედეგად მომგებიან პოზიციაში, რა თქმა უნდა, ისეთი კომპანიები აღმოჩნდნენ, რომელთაც უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდათ. უფრო სწორად, ბიზნესმენები, რომელთა ინტერესებს მთლიანად სექტორის თამაშის წესები მოარგეს. მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მფლობელების საკუთრებაში არსებული სადაზღვევო კომპანიები დაზღვევის სექტორის ლიდერებში არ შედიან, ეს სიტუაციას არ ცვლის. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კომპანიაში წავა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფული, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენების ჯიბეში ილექება. ამ ბიზნესმენებს აქვთ ფარმაცევტული საწარმოები, აქვთ აფთიაქები, აქვთ საავადმყოფოები, სადაზღვევო კომპანიები კი სახელმწიფოსგან ფულის გადმოსაქაჩ მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ.
რამდენიმე კვირის წინ საინტერესო განცხადება გააკეთა ყველასათვის კარგად ცნობილმა ეკონომისტმა კახა ბენდუქიძემ. მისი განცხადებით, ანტიმონოპოლიური რეგულირების აღდგენა ქართული ეკონომიკისთვის საზიანო იქნება. ანტიმონოპოლიური რეგულირების აღდგენის შემთხვევაში სახელისუფლებო ბიზნესმენებს შედარებით ნაკლები შანსი ექნებათ შექმნან მონოპოლიები. ბენდუქიძე იცავს მონოპოლიებს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია არავის აკარებს ფარმაცევტულ სექტორს. საინტერესოა, რატომ? მეცნიერებაში წასულ ბენდუქიძეს, ალბათ, უკვე სამეცნიერო დაკვირვებისთვის სჭირდება, მაქსიმალური ხელშეწყობის პირობებში, როგორ შეიძლება განვითარდეს მონოპოლია. ზოგადად, მონოპოლია ეწოდება სიტუაციას, როდესაც ბაზრის რომელიმე სეგმენტში ერთი კომპანია ქმნის ამინდს. საქართველო ამ კუთხით კიდევ უფრო შორს წავიდა, - ერთი კონკრეტული ბისნესინტერესი, უკვე არა მხოლოდ ერთ სეგმენტს, არამედ რამდენიმე სფეროს აკონტროლებს. ამ სიტუაციას, ალბათ, მეცნიერი კახა ბენდუქიძე მალე მოუფიქრებს სახელს.
1003
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85