რისთვის დაისაჯა კობა ნაყოფია

რისთვის დაისაჯა კობა ნაყოფია


შერონ სტოუნის გვერდით სკამის ყიდვა ბიზნესმენ კობა ნაყოფიას აშკარად არ ეყო, რომ სახელისუფლებო ბიზნესელიტაში თბილი ადგილი შეენარჩუნებინა. საქართველოს უმსხვილეს ექსპორტიორ `მადნეულს~ და `კვარციტს~ საბადოების დამუშავებაზე ლიცენზია ჩამოერთვა. ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი მიზეზად ლიცენზიის პირობების დარღვევას ასახელებს. საუბარია 37 საბადოზე. ალეკო ხეთაგურის განცხადებით, ამ ლიცენზიებს `მადნეული~ და `კვარციტი~ 2005 წლიდან ფლობდნენ. თუმცა, მინისტრის განმარტებით, ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. კომპანიებისთვის ჩამორთმეული ლიცენზიები თითქმის 94 მილიონ ლარად `კავკასიის სამთო ჯგუფმა~ მოიპოვა. 

,,მადნეულსა~‘’ და ,,კვარციტს’’ 37 საბადოზე ლიცენზია 2005 წელს გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ კომპანიებმა არ შეასრულეს ის მინიმალური სამუშაო, რაც ლიცენზიის მიღების პირობა იყო. ლიცენზიის გაცემიდან 6 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ აღმოაჩინა, რომ ძებნაძიების სამუშაოები ბოლომდე შესრულებული არ ყოფილა. ამავდროულად, ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარდგენილი არ იყო მასალები და ის დოკუმენტაცია, რაც ლიცენზიით იყო გათვალისწინებული. თავდაპირველად, კანონიდან გამომდინარე, ,,მადნეულსა~‘’ და ,,კვარციტს~‘’ სათანადო გაფრთხილება მივეცით და ვადაც დაუწესდა, რათა ეს ხარვეზები გამოესწორებინა. კომპანიებმა ვერ უზრუნველყვეს დადგენილ ვადაში ამ ყველაფრის გამოსწორება და გაიმართა საჯარო მოსმენა, სადაც საჯარო მწარმოებელმა ლიცენზიების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ლიცენზიების ჩამორთმევისთანავე, იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც უკვე არსებობდა, აუქციონის ახალი პირობები შემუშავდა და ორი ახალი აუქციონი გამოცხადდა, ერთი _ 26 სექტემბერს, ხოლო მეორე _ 3 ოქტომბერს. შედეგად, ერთ აუქციონში დაფიქსირდა 9,5 მილიონი ლარი, რომელიც ორი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადონ, ხოლო მეორეში _ 93,5 მილიონი ლარი, ანუ მთლიანობაში 103 მილიონი ლარს გაიდაიხდიან სწორედ იმ ლიცენზიებში, რომლებიც ,,მადნეულს~‘’ და ,,კვარციტს~‘’ ჩამოერთვა. 

თითქოს ყველაფერი კარგადაა, არ შესრულდა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება და სახელმწიფოც ისე მოიქცა, როგორც წესი და კანონი იყო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ `მადნეული~ და `კვარციტი~, იმ ბიზნესმენის მფლობელობაში იყო, ვინც `აგვისტოს 5 დღის~ გადაღება დააფინანსა, ანუ ხელისუფლების ყველა ნებასურვილის ამსრულებელი გახლდათ. არავინ იცის, რა მოხდა, რატომ აღმოაჩინა მაინცდამაინც დღეს მთავრობამ, რომ ნაყოფია `თურმე~ სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა. არადა, გარემოსდამცველები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, თუ როგორ წამლავს ამ საწარმოების საწარმოო ნარჩენები ჯერ მდინარე მაშავერას და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიებს, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას უქმნიდა სერიოზულ პრობლემებს. ამაზე ყურიც არავინ შეიბერტყა, კობა ნაყოფია ლამის ეროვნულ გმირად შერაცხეს და შერონ სტოუნის გვერდით დასვეს. 

დღეს კი უეცრად აღმოჩნდა, რომ კობა ნაყოფია და მისი კომპანიები სამუშაოებს არასწორად წარმართავდნენ და ბიზნესმენს მრავალასეულმილიონიანი ქონება ჩამოართვეს. ასეთი რამ დღევანდელ საქართველოში არ ხდება, აშკარაა, რომ ნაყოფია პოლიტიკურად არასასურველი პერსონა გახდა და ოქროს ორმოდან ამოაბუნძულეს. 
ამ ისტორიაში კიდევ ერთი დეტალია საინტერესო - ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია სრულიად უცნობმა კომპანიამ შეიძინა. ეს კომპანია შპს `კავკასიის სამთო ჯგუფია~, ამ შპს-ს ისეთივე გაურკვეველი წარმოშობის კომპანია ფლობს, როგორც ეს სხვა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხდება. `კავკასიის სამთო ჯგუფის~ 100%-იანი წილის მფლობელი შპს `ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდია”, რომელიც ოფშორში, კერძოდ კვიპროსშია დარეგისტრირებული, ანუ რეალურად ვინ ფლობს `კავკასიის სამთო ჯგუფს~ და ვის ხელში გადავიდა ქართული ოქრო, ამას ვერასოდეს ვერავინ გაიგებს. ამასთან საინტერესოა, კიდევ ერთი გარემოება: `კავკასიის სამთო ჯგუფი~ 2011 წლის 30 აგვისტოს არის დარეგისტრირებული, ანუ იმ დროს, როდესაც ნაყოფიასთვის ამ ლიცენზიების ჩამორთმევის შესახებ მხოლოდ უმაღლეს ეშელონებში იცოდნენ. ფაქტია, რომ `კავკასიის სამთო ჯგუფი~ სახელდახელოდ დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელმაც ნაყოფიას აქტივები გადაიბარა. რატომ უნდა შეექმნა კომპანია კვიპროსულ `ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდს~, საქართველოში, რომელიც ოქროს მოპოვების ლიცენზიების ყიდვას აპირებდა, მაშინ როდესაც ეს ლიცენზიები ოფიციალურად, ჯერ კიდევ კობა ნაყოფიას ეკუთვნოდა. ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი ლოგიკური პასუხი არსებობს, `კავკასიის სამთო ჯგუფს~ ეს ლიცენზიები, უბრალოდ, გადააბარეს, ანუ მენეჯმენტი შეიცვალა, მეტი არაფერი. ქართულ ოქროს ისევ ის აკონტროლებს, ვინც აკონტროლებდა და ვინც გააკონტროლებს იმ დრომდე, სანამ დღევანდელი ხელისუფლება იქნება.

ქართულ ოქროსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ოქროს დაზვერილი მარაგები, არსებობს გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული საბადოების მართვის ლიცენზია ისეთივე ბუნდოვანი წარმომავლობის კომპანიამ შეიძინა, როგორიც `კავკასიის სამთო ჯგუფია~. ზოტის საბადოს ლიცენზიის მფლობელი კომპანიის - `ჯორჯიან რესორს კომპანიის~ მფლობელიც ოფშორშია დარეგისტრირებული. ოღონდ ამჯერად უფრო რთული სქემაა მოფიქრებული. `ჯორჯიან რესორს კომპანია” აშშ-ში დარეგისტრირებულ `ლიდიან რესორსიზ ჯორჯია~-ს ეკუთვნის, რომელიც, თავის მხრივ, ოფშორული, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის `ლიდიან ინტერნაციონალ ლიმიტედის~ მფლობელობაშია. საგულისხმოა, რომ არც `ჯორჯიან რესორს კომპანიას” და არც მის მფლობელ `ლიდიან რესორსიზ ჯორჯიას~ ზოტის საბადომდე არანაირი ბიზნესინტერესი არ ჰქონია. რაც შეეხება `ლიდიან ინტერნაციონალ ლიმიტედს~ იგი ოქროსმოპოვებით საქმიანობას დღემდე მხოლოდ სომხეთში აწარმოებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სომხეთში ასე მსხვილი ბიზნესინტერესები ძირითადად რუსულ კაპიტალს აქვს, თამამად შეიძლება გამოითქვას ეჭვი ზოტის საბადოს რუსული კაპიტალის ხელში მოხვედრის შესახებ.