ნონა მჭედლიშვილი, "თავისუფლება"
დღეს საინფორმაციო სააგენტოებმა გამოქვეყნეს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ბეჭდური ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა, რადიო „თავისუფლების“ ბლოგერმა ია ანთაძემ 19 ოქტომბერს ჩაწერა. ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტისა და ბიზნესმენის სამსაათნახევრიან საუბარს ასახავს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის გამო საქართველოს ხელისუფლებაში გაჩენილი რეაქციების საკითხით იწყება. ბიზნესმენი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ძირითადი ნაბიჯები უკვე გადადგა, თუმცა მოსალოდნელია სხვა მეთოდების ამოქმედებაც. კერძოდ, პროკურატურის შესვლა და „ბანკი ქართუს“ დახურვა და ქველმოქმედების ქრთამად წარმოჩენა და საქველმოქმედო ფონდის ასევე დახურვა. ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მას ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხეც ემუქრებოდეს.
„მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ. ამას ვაცნობიერებ და ფრთხილად ვარ“ – უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ია ანთაძეს და დააკონკრეტა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევითა და დეპორტაციის გადაწყვეტილების შესაძლო მიღებით, ხელისუფლება მდგომარეობას კიდევ უფრო გაიუარესებს. „ძალიან არ მომწონს მათი არასწორი ნაბიჯები და ყველანაირად ვცდილობ, რომ აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს“ – აღნიშნავს ბიზნესმენი, რომელიც მთავარ მიზნად ხელისუფლების კანონიერების ფარგლებში დაბრუნებას ისახავს და მისი სიტყვებით, ყველაფერს აკეთებს დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ბიზნესმენი ამბობს, რომ ქუჩის აქციები ხელისუფლების ინტერესებში შედის, სიტყვა „რევოლუციის“ გაგონება არ სურს და ცვლილებები მხოლოდ არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს. იმავე განცხადებით წარსდგა 20 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე.
„ჩემი მიზანია მაქსიმალურად ტემპერატურის დაცემა, დარეგულირება, რომ არ მოხდეს, არც ერთ შემთხვევაში, ხალხის ქუჩაში გამოსვლა. როგორმე, ჩემი მიზანია და ჩემი გუნდის მიზანია, ყველა ძალა ვიხმაროთ, ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რომ ყველაფერი დარჩეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ ხელისუფლების ჩანაცვლება“.
განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებს. ჟურნალისტს, ჩვენს ბლოგერს, ია ანთაძეს კი დაუზუსტა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე პირადად იზრუნებს, მაგალითად, დააფინანსებს ბიომეტრიული პასპორტების პროექტს, რომელიც მთავრობამ ოპოზიციას სიძვირის გამო დაუწუნა. აქვე ბიზნესმენი განმარტავს, რომ საარჩევნო გარემოში არაფერიც რომ არ შეიცვალოს, არჩევნებს თავისი გუნდითა და პარტიით არსებულ პირობებშიც მოიგებს, პრეცედენტს კი, რომელიც მას პირადად სურს რომ შექმნას, შემდეგნაირად აღწერს: „ჩვენ ისეთი კონსტიტუცია უნდა შევქმნათ, რომ გამოვრიცხოთ რისკები. მაგრამ, ამ ეტაპზე, ჩემთვის იდეალური ბალანსით – ერთი მესამედით რომ მოვიდეთ, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. მე კი ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავ და ამის შემდეგ ხელისუფლებიდან წავალ. აქამდე ეს არ მითქვამს. ვაპირებ, გადავიდე ჩვენ მიერ შექმნილი მთავრობის ოპოზიციაში. როცა ჩემს პირველ წერილში ვთქვი, რომ ორი-სამი წლის შემდეგ წავალ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მთავრობის პირველი ოპონენტი მე ვიქნები და ყველანაირად გავაძლიერებ ოპოზიციას, რათა სათანადო კონტროლი გავუწიო ხელისუფლებას“ – ციტატის დასასრული. ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ყველაზე რთული ხელისუფლებაში ყოფნის პირველი 6 თვე, მინიმუმ, 1 წელი იქნება, როცა ეიფორიაში მყოფ ხალხს ეგონება, ფულს დაგვირიგებენ და ყველანი უცებ გავმდიდრდებითო.
საზოგადოებას რომ ეგონა მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვლეში იმ თანხას, ძირითადად, მე ვიხდიდიო – ამასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს.
ვრცელი ინტერვიუს განმავლობაში ია ანთაძემ მას დაუსვა ასევე შეკითხვები პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ბიზნესმენთან ურთიერთობების, საქართველოს მთავრობის მთავარი შეცდომებისა და მიღწევების შესახებ. ისაუბრეს მედიის, სასამართლოს, ბიზნესის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ზოგადად ქვეყნის განვითარების ძირითადი ხედვების, საგარეო პოლიტიკური ვექტორების თაობაზე. „მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა ვიყოთ. არ უნდა გავაუარესოთ და მხოლოდ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავის თავზე ამბობს: ციტატა – „შეიძლება მსოფლიოში ვერ ნახოთ მაგალითი, როცა კაცს პოლიტიკაში კატეგორიულად არ უნდოდა და მაინც პოლიტიკაში მოვიდა. როცა ვამბობ, რომ ევროპელები შეიძლება გავაკვირვო დემოკრატიით, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რამის გაკეთება შედარებით იოლად შეიძლება. თუმცა მე მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც. პოლიტიკაში რადგან მოვედი, ე. ი. მაქვს განცდა, რომ შემიძლია ეს მოვახერხო“– ციტატის დასასრული.
ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში თავის ყველაზე დიდ ბრალეულობად და შეცდომად მიაჩნია ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დახურვა. იგი ამბობს, რომ რევოლუციის მერე ეიფორიაში მყოფმა ვერ იკადრა დემოკრატიის მხარდამჭერი სათადარიგო ტელევიზიის შენარჩუნება, რაც იმ დროს მისი შეფასებით, ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას ნიშნავდა. დამოუკიდებელ მედიას, დამოუკიდებელ სასამართლოსთან ერთად, ინტერვიუს თანახმად, დემოკრატიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად თვლის ბიზნესმენი, რომლის პრესსამდივნომაც 21 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი მზადაა 27 ოქტომბრიდან ქართული მედიისთვის საკუთარ ბიზნეს-ცენტრში გამართოს პრესკონფერენცია, რომელსაც, უკვე დადასტურებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
853
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85