ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერენ

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერენ


სანქტ-პეტერბურგი – რუსეთმა, უკრაინამ და ექვსმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ სამშაბათს ხელი მოაწერა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რასაც ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტზე საბაჟო გადასახადების გაუქმება მოჰყვება.

შეთანხმების შესახებ, რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოცხადდა.

კიდევ სამმა პოსტსაბჭოთა სახელმწიფომ (უზბეკეთმა და ნავთობით და გაზით მდიდარმა აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა) შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მაგრამ განაცხადეს, რომ ამ საკითხზე წლის ბოლომდე იფიქრებენ. შეთანხმებას ხელი მოეწერა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტის დროს. დსთ – 11 ქვეყნისგან შემდგარი ამორფული ჯგუფია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე ჩამოყალიბდა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინს არ უთქვამს, თუ კონკრეტულად რა პროდუქცია გათავისუფლდება ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გადასახადებისგან, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება ამ პროდუქციაზე ფასების შემცირებას გამოიწვევს, ბიზნესისთვის პირობები გაუმჯობესდება და „ჩვენი ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას გაზრდის“.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება არ ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომელიც რუსეთმა აუცილებლად უნდა აიღოს საკუთარ თავზე იმისთვის, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანდეს. ამ საერთაშორისო სტრუქტურაში გაწევრიანებისკენ მოსკოვი თითქმის ორი ათეული წელია მიისწრაფვის.

შეთანხმება მომავალ წელს ამოქმედდება, თუკი რვა ქვეყნის პარლამენტი მის რატიფიკაციას მოახდენს. რუსეთის და უკრაინის გარდა შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბელორუსმა, ყაზახეთმა, სომხეთმა, ყირგიზეთმა, მოლდავეთმა და ტაჯიკეთმა.

თავისუფალი ვაჭრობის ზონაში უკრაინის მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყანამ უარყო მოსკოვის წინადადება მიერთებოდა რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირს.

უკრაინა ამტკიცებს, რომ საბაჟო კავშირის წევრობა ეწინააღმდეგება მის გეგმებს განამტკიცოს სავაჭრო კავშირები ევროპასთან. თუმცა სამშაბათს მისი ევროპული ამბიციები სერიოზულად დაზარალდა, როდესაც ბრიუსელმა უკრაინასთან სამიტი იმის გამო გადადო, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დამნაშავედ სცნეს იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც ზოგიერთი ანალიტიკოსისთვის პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
foreignpress.ge