ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებს საფრთხე ემუქრება

ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებს საფრთხე ემუქრება



ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტები, შესაძლოა, გაჩერდეს. ასეთ არასასიამოვნო ვარაუდს აღძრავს ერთი მხრივ “ქართუ ბანკის” პრეზიდენტის ეჭვები და მეორე მხრივ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პირდაპირი განცხადებები “ქართუსთან” დაკავშირებით. მანამდე კი მილიარდერის ბანკს სხვა პრობლემებიც აქვს. 

“ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ბანკი “ქართუდან” ანაბრების გატანის მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობს. როგორც ჯავახიშვილმა განაცხადა, გაიზარდა მოთხოვნა “ქართუდან” ანგარიშების სხვა ბანკებში გადატანაზე. “ზუსტად ამისთვის გვჭირდებოდა ის თანხა, რომ ჩვენი კლიენტები არ შეგვეფერხებინა. ვიცით, მიდის ზეწოლა, რომ კლიენტებმა ანაგარიშები სხვა ბანკებში გადაიტანონ.  

“ქართუსთან” დაკავშირებული ინციდენტი არის პირდაპირი მითითება, რომ ეს ბანკი არის ხელისუფლების დარტყმის ქვეშ და გადაიტანეთ ფული, რათა არ დაგეკარგოთ”, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.  

ჯავახიშვილი არ გამორიცხვას, რომ პრობლემები შეექმნას “ქართუ ჯგუფის” მიერ დაფინანსებულ საქველმოქმედო პროექტებსაც. “დღეს არც ერთი ოპერაცია შეჩერებული არ გვაქვს, მაგრამ თუ ასეთი ზეწოლა, მათ შორის ფინანსური ბერკეტებით გაგრძელდება, შესაძლებელია, რომ ყველა ეს პროექტი გაჩერდეს”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.  

საუბარია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტზე, მათ შორის ხელოვნების სფეროსა და სპორტის წარმომადგენლებისთვის საქველმოქმედო ფონდის მიერ დანიშნულ ხელფასებზეც.

ჯავახვიშვილის ამ ეჭვს ამყარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც გიორგი ქადაგიძემ “ქართუ ბანკთან” დაკავშირებით დააფიქსირა. “ბანკის შემოწმება ჩვენი მხრიდან სტანდარტულად ორი თვე გრძელდება, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შემოწმება უფრო ადრე შეწყდეს ან უფრო დიდხანს გაგრძელდეს. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ “ქართუ ბანკში” ვიქნებით მანამ ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხს არ მივიღებთ”, - აღნიშნა ქადაგიძემ.  

მისივე თქმით, “ქართუსთვის” ბანკის დარქმევა გადაჭარბებულიც კი არის, რადგან ეს არის ინსტიტუტი ტრანზაქციური მიზნებისთვის, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის საქმიანობასთან. “ასეთი ტიპის ბანკები არსებობს მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში. დასავლეთის ქვეყნებში ასეთ რამეს ვერ შეხვდებით. ანალოგიური სტრუქტურით გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილის “რასიისკი კრედიტიც”, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.  
მისი თქმით, ინკასაციის ფაქტიც, რომ არ მომხდარიყო ეროვნული ბანკი მაინც გადაწყვეტდა “ქართუს” შემოწმებას. “ქართუს” მმართველი გუნდი, ადამიანები, რომლებიც 10 წლის განმავლობაში წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილს, ამ ხნის განმავლობაში “ქართუ ჯგუფთან” დაკავშირებული საკითხები წყდებოდა მათთან და უცებ, ერთ დღეში რაღაც მიზეზით, ისინი ტოვებენ თანამდებობებს. 

ჩვენ ნებისმერ შემთხვევაში დავიწყებდით ამ საქმის შესწავლას. ინკასაციის ფაქტმა პროცესების აქტივიზაცია მოახდინა. ორივე ფაქტი ცალ-ცალკე ერთნაირი სიმძიმისაა და არაადეკვატურია დღევანდელი ვითარებისთვის”, - მიაჩნია ქადაგიძეს.

იმავდროულად სებ-ის პირველი პირი “ქართუს” გაკოტრების საფრთხეს გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის შემოწმებამ ბანკი “ქართუს” ფუნქციობას საფრთხე არ შეუქმნის. ქადაგიძემ ისაუბრა სისხლის სამართლის იმ საქმესთან დაკავშირებითაც, რომელიც “ფულის გათეთრების” მუხლით აღიძრა და განმარტა, რომ თუ კომერციულ ბანკს ასეთი გადაუდებელი აუცილებლობისთვის სჭირდებოდა დიდი ოდენობით ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში, ამის შესახებ უნდა ეცნობებინა ეროვნული ბანკისთვის და ეროვნულ ბანკთან ერთად განსაზღვრულიყო საკითხის მოგვარების გზები უკვე არსებული პრაქტიკის შესაბამისად.  

ქადაგიძე ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს ადრეც არაერთხელ გადაუჭრია მსგავსი ტიპის საკითხები და ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. მისი აზრით, კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა, როდესაც ფაქტის შეფასებისას ბანკი “ქართუს” ახალმა ადმინისტრაციამ საქმეში არსებული ფულის ნიშნების მიზნობრიობა ახსნა იმით, რომ ნაღდი ფული მათ ხელფასების გასაცემად სჭირდებოდათ. გიორგი ქადაგიძე განმარტავს, რომ ხელფასები საქართველოში გაიცემა ეროვნულ ვალუტაში უნაღდო ანგარიშსწორებით, პლასტიკურ ბარათზე დარიცხვის მეშვეობით და არა ნაღდი უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციებით.  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დღეს “ქართუ ბანკმა” მიმართა ეროვნულ ბანკს სალაროს გამაგრების მოთხოვნით და ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო ბანკი “ქართუს” სალაროს გამაგრების ოპერაცია, თუმცა ქადაგიძე ამბობს, რომ ეს თანხა გაცილებით ნაკლებია იმ თანხასთან შედარებით, რის გამოც სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ბანკ “ქართუს” ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ეროვნულ ბანკს “საქართველოს ბანკთან” კითხვები არ აქვს. “მასთან კითხვები ყველაზე ნაკლებია. “საქართველოს ბანკი” იყო მხოლოდ ერთ-ერთი გამტარი რგოლი. თუმცა, თუ კითხვები გაჩნდება იგივე მიმართულებით, ჩვენც დავინტერესდებით”, - აღნიშნა ქადაგიძემ.