გიორგი თარგამაძის გაუხმაურებელი პოლიტიკური ცოდვები

გიორგი თარგამაძის გაუხმაურებელი პოლიტიკური ცოდვები


 
ორი კვირაა, ლამის დაჭაობებული ქართული პოლიტიკა გამოცოცხლდა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მხოლოდ “ნაციონალებისთვის” კი არა, ოპოზიციის უმეტესობისთვისაც შოკური თერაპიის ეფექტი ჰქონდა. მართალია, “ვარდოსანთა” პროპაგანდა ივანიშვილს “რუს ოლიგარქად” ნათლავს, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს “კინო” აღარ აინტერსებს. სხვათა შორის, სახელისუფლებო გუნდის გარდა, ანტიივანიშვილისეულ კამპანიაში ის ოპოზიციური ბელადებიც აქტიურობენ, ვინც მსოფლიოში ცნობილმა მილიარდელმა ცრუ ოპოზიციონერებად, ანუ ხელისუფლებასთან შეკრულებად მონათლა. ამ მხრივ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ექსჟურნალისტი და ექსპარლამენტარი გიორგი თარგამაძეა, რომლის მტკიცებითაც, ივანიშვილი აწ განსვენებული ებრაული წარმოშობის ბიზნესმენის, არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის გამო ებრძვის.

იტყუება თუ არა თარგამაძე? - ამის დადგენა, ალბათ, სიცრუის დეტექტორით შეიძლება, თუმცა პატარკაციშვილის ყოფილი თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ თარგამაძე ცრუობს. მეტიც, მოძრაობა “ჩემი საქართველოს” ხელმძღვანელი ელისო კილაძე “ქართულ სიტყვას” დაუკავშირდა და განაცხადა, რომ თარგამაძე პატარკაციშვილის სახელით სპეკულირებს.

ელისო კილაძე: “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ბადრი პატარკაციშვილის სახელით სპეკულაცია დააპირა და განაცხადა, ბიძინამ ბადრის ბოღმა ჩემზე ამოანთხიაო, მაგრამ იმ ადამიანთა სახელით, ვინც მოძრაობა “ჩემი საქართველოს” დამფუძნებლები და პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი წევრები არიან, ვაცხადებ, რომ თარგამაძესა და მის პარტიულ მეგობრებს ბადრი პატარკაციშვილის სახელით სპეკულაციის საშუალებას არ მივცემთ. მეტიც, მზად ვართ, პირდაპირ ეთერში მათთან ერთად დავსხდეთ და, კეთილი ინებონ და, ჩვენს შეკითხვებს უპასუხონ!

ელისო, მაინც, რა შეკითხვები გაქვს თარგამაძესთან?

- მაგალითად, ის, რომ გიორგი თარგამაძემ პარლამენტში მანდატები ხელისუფლებასთან ვაჭრობით მიიღო. სხვათა შორის, ეს გარიგება გაცილებით ადრე დაიწყო.

როდის, ან რას გულისხმობ?

- 7 ნოემბერს, როცა სპეცრაზმი ინგა გრიგოლიასა და თეა ადეიშვილს ტყე-ტყე მისდევდა... ახლაც ყურში მიდგას ადეიშვილის განწირული კივილი... მაინტერსებს, როგორ მოახერხა გიორგი თარგამაძემ და მისმა ოჯახმა სპეცრაზმით სავსე “იმედის” დატოვება? რომელმა ჩინოვნიკმა გამოიყვანა სამშვიდობოს?
ექსკლუზიურად გეუბნებით: ხელისუფლებიდან “იმედის” ჟურნალისტების გადაბირება ევალებოდა გივი თარგამაძეს, რომელსაც ღამ-ღამობით ჟურნალისტები პარლამენტში საშვების გარეშე შეჰყავდა... გიორგი თარგამაძეზე კი ამბობენ, რომ 7 ნოემბერს ერეკლე კოდუამ გამოიყვანა “იმედიდან”. ასევე, დასახელდა ლევან ვეფხვაძის ცოლისძმა, გვარად ჩიქოვანი, რომელიც კუდ-ის მაღალჩინოსანია... 

სხვათა შორის, პატარკაციშვილი, როგორც ამბობენ, ასლან აბაშიძემ გიორგი თარგამაძის შესახებ გააფრთხილა, მაგრამ ეს გაფრთხილება ყურად არ იღო, რასაც ბოლოს ძალიან ნანობდა...

მოკლედ, ისინი ბადრის ერთგულები მანამ იყვნენ, სანამ კარგად უხდიდათ, მაგრამ მერე სარფიანად გაყიდეს. საპარლამენტო მანდატები ერთადერთი სიკეთე არაა, რაც გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებისგან მიიღო.

აბა, კიდევ რა იხეირა?

- ქობულეთის ფიჭვნარში რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც დილარ ხაბულიანს ერთი კვადრატული მეტრი 20 დოლარად უნდა ეყიდა, სიმბოლურ ფასად გადაეცა, მაგრამ აგვისტოს ომის მერე, სამშენებლო ბიზნესი ჩავარდა და თარგამაძე ქობულეთის ფიჭვნარში მიწის ნაკვეთის ნაწილ-ნაწილ გაყიდვას ცდილობდა...

გიორგი თარგამაძე აცხადებს, ივანიშვილი “იმედს” ძირავდაო, მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია. რომ არა თავად “იმედის” ჟურნალისტების ღალატი, ამ ტელევიზიას ვერავინ მოერეოდა. სად არიან დღეს ისინი, ვინც სახურავზე პრესკონფერენციას მართავდნენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობდნენ?.. მოკლედ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გიორგი თარგამაძემ “იმედის” დახურვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და ეს პატარკაციშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა! რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ იმიტომ წავაგეთ, რომ ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაც გვებრძოდა - ის ადამიანები, ვისაც აფინანსებდა, პატარკაციშვილს ერთმანეთის მიყოლებით გაემიჯნენ და საპრეზიდენტო მარათონში ჩაებნენ, მათ შორის, შალვა ნათელაშვილიც, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილს გააფრთებით ებრძვის, არადა, ორი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის პოსტს სთავაზობდა და ქვეყნის აღმშენებელს ეძახდა. დღეს გახდა ივანიშვილი მონსტრი? ისე, პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან სიურპრიზებისგან არც ბიძინა ივანიშვილი იქნება დაზღვეული...

შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, ივანიშვილსა და პატარკაციშვილს შორის პარალელის გავლება თუნდაც იმიტომ არ შეიძლება, რომ აწ განსვენებული ოლიგარქი პოლიტიკაში მაფიოზივით იქცეოდაო... 
- ბადრი მაფიოზივით იქცეოდა?.. რას გულისხმობ?.. პარტიებს აფინანსებდა და როცა ამ პარტიების თანადგომა დასჭირდა, მათ, უბრალოდ, გადააგდეს. ამ დროს, ალბათ, იცი, მაფიოზები რასაც აკეთებენ, მაგრამ პატარკაციშვილმა შურისძიება ვერ მოასწრო და, მგონი, არც აპირებდა...

ძნელი წარმოსადგენია, რომ გიორგი თარგამაძემ ელისო კილაძის ბრალდებებს პასუხი ყასიდად მაინც გასცეს. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, რომ პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი წევრების მხრიდან თარგამაძის “მხილება” პიარ-შურისძიება...