ხელისუფლებამ

ხელისუფლებამ "ქართუ ბანკის" გაკოტრების პროცედურები წამოიწყო


ბანკი "ქართუ" გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა. სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით, ეროვნული ბანკი "ქართუ ბანკში" შევიდა. ექსპერტების განცხადებით, ხელისუფლება თითქმის იგივე სცენარით მოქმედებს, რომლითაც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის "სტანდარტ ბანკი" გაკოტრდა. ამ ორი ფაქტის შემდეგ, საბანკო სექტორის მიმართ ნდობა კიდევ უფრო ეცემა. საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რომელი ბანკი იქნება შემდეგი და არის თუ არა საქართველოში ბანკების კლიენტების უფლებები დაცული. სხვათა შორის, პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ "სტანდარტ ბანკის" გააკოტრების პროცესში ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მონაწილეობდა.

მართალია, სამართალდამცავებმა ოფიციალურად "ქართუ ბანკი" ფულის გათეთრებაში არ დაადანაშაულეს, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა "არსებული ვითარების შესასწავლად" ბიძინა ივანიშვილის ბანკში შესვლა მაინც გადაწყვიტა.

"ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს "ბანკ ქართუში" შექმნილი ვითარება; პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია... კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს. შემოწმებების ინტენსივობა განისაზღვრება როგორც ბანკის რისკის პროფილის, ასევე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით. 

ბოლო პერიოდში ბანკ "ქართუსთან" მიმართებაში რამდენიმე ასეთ მნიშვნელოვან ფაქტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორის მოადგილეებმა. გარდა ამისა, დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18 ოქტომბერს ბანკ "ქართუში" მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრული. 

შეგახსენებთ, რომ ბანკი "ქართუს" ინკასაციის მანქანა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა "საქართველოს ბანკის" სათავო ოფისთან დააკავეს. ამოღებულია ერთი მილიონი ევრო და ორი მილიონი დოლარი. ბანკი "ქართუს" დაკავებული თანამშრომლები მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

სხვათა შორის, "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა "ქართუ ჯგუფის" თანამშრომლების დაკავებისთანავე განაცხადა, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის ჩატარებით ხელისუფლებას "ქართუ ბანკში" შეღწევა სურდა.

ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ფულის გათეთრება სულ სხვა ოპერაციაა და არანაირი კავშირი არ აქვს ბანკებს შორის არსებულ გამაგრების ურთიერთობაზე. მისი თქმით, ბანკი "ქართუ" არ ემსახურება სავაჭრო ობიექტებს, აქედან გამომდინარე ნადღი ფული აქ ყოველთვის ნაკლებია.

"იყო დრო, როცა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) ჩამოჰქონდა დოლარები და ნაწილდებოდა მისი მეშვეობით. შემდეგ სებ-მა ამ ფუნქციების დელეგირება მოახდინა კომერციულ ბანკებზე. დღეს კომერციული ბანკები ახდენენ ერთმანეთის გამაგრებას, ანუ ბანკს უნაღდოდ აქვს ფული, მაგრამ სჭირდება ნაღდი კუპიურები. ეს იყო ასეთი ჩვეულებრივი ოპერაცია "საქართველოს ბანკსა" და ბანკ "ქართუს" შორის - ბანკი თავისი უნაღდო ნაწილის ნაღდად ქცევას აპირებდა", - განაცხადა ჯავახიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარისას.

მისივე თქმით, აღნიშნული ფული მოძრაობდა ბანკი "ქართუს" და "საქართველოს ბანკის" ანგარიშებს შორის, ერთ შემთხვევაში - ევროში, "კომერცბანკში" და მეორე შემთხვევაში "დოიჩე ბანკიდან" "სითი ბანკში".

"თუ უნადღო ფული შავია, რას ესხმი თავს ინკასაციის მანქანას, გამოიძიება იქვე გერმანიაში ან აშშ-ში. ამ ქმედებით უნდათ ბანკის დატერორება, კლიენტების შეშინება ან - ფულის წართმევა. ინკასაციის მანქანა "საქართველოს ბანკის" ტერიტორიიდან არც გამოსულა, მოლარეები შენობაში იმყოფებოდნენ. მათ შენობაში ვიყავით, მათ ტერიტორიაზე, კომენტარს რატომ არ აკეთებენ?", - აღნიშნავს ჯავახიშვილი.

რაც შეეხება "ქართუ ბანკში" ეროვნული ბანკის შესვლას, ჯავახიშვილის ვარაუდით, შემოწმება ორი თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება.

"ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა "ქართუ ბანკის" შემოწმებაზე გაცემული ბრძანება გადმოგვცეს. ამ ეტაპზე ბანკში ცენტრალური ბანკის 3 წარმომადგენელი იმყოფება. ჩვენ ბანკის შემოწმების წინააღმდეგი არ ვართ, ეროვნულ ბანკს ამის სრული უფლება აქვს, მაგრამ არ გვესმის, რა საჭირო იყო ამის გუშინდელ ფაქტთან დაკავშირება", - განაცხადა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ შემოწმების შესახებ მიღებული ბრძანება ძალიან ზოგადია.

მთელი საბანკო სექტორი დაზარალდა

ექსპერტის ლია ელიავას თქმით, ბანკის გაკოტრება ძალიან ადვილია, ამ პროცესის წარმოება მეპატრონეს 2 საათში შეუძლია, უცხო პირს კი - 2 დღეში. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ბანკის წარმატებული საქმიანობა მის რეპუტაციას ეფუძნება, ხოლო როდესაც ბანკს რეპუტაცია ელახება, მას მეანაბრეები და კლიენტები ტოვებენ. უნდობლობის ფაქტორი კი მთელი საბანკო სექტორის მიმართ ჩნდება.

"ქართუ ბანკი მიმდინარე წლის 6 თვის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საკმაოდ მდგრად ბანკად გამოიყურებოდა. მას ერთადერთი ლიკვიდურობის პრობლემა ჰონდა, ისევე როგორც სხვა ბევრ კომერციულ ბანკს აქვს საქართველოში. 

"ქართუ ბანკი" საკუთარი მოგების ხარჯზე სისტემატურად ზრდიდა კაპიტალს. მისი საქმიანობა, ასევე ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით წარმატებულად გამოიყურებოდა. ბანკის შიდა სამზარეულო საზოგადოებისთვის უცნობია. 

"გასაკვირი არის ერთი რამ, კომერციული ბანკების მიერ ფულის გათეთრების ფაქტების აღმოჩენა ეროვნული ბანკის ფუნქციას წარმოადგნს. სამართალდამცავ ორგანოებს მოუწევთ იმის დასაბუთება რაშიც ბანკს ადანაშაულებენ", - ამბობს ლია ელიავა.

მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ცენტრალური ბანკები მსგავს ფაქტებზე პირველები რეაგირებენ და ოფიციალური განაცხადის შემდეგ ბანკს ლიცენზიას უუქმებენ.

"ქართუ ბანკის" რეპუტაციას უკვე დიდი ზიანი მიადგა. გარდა ამისა, ნდობის თვალსაზრისით ასევე დაზარალდა მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორი", - ამბობს ლია ელიავა. 

პარალელები "სტანდარტ ბანკთან"

ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ "სტანდარტ ბანკში" საბქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახური შევიდა, რომელსაც გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში დააყადაღეს ბანკის ანგარიშებიც, შესაბამისად, დაყადაღებული აღმოჩნდა პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი. "სტანდარტ ბანკი", ძირითადად, პატარკაციშვილის ფინანსური ოპერაციების მომსახურებისთვის შეიქმნა. ამავე მიზნისთვის ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა "ქართუ ბანკი".

მაშინ, "სტანდარტ ბანკის" ოფიციალური მფლობელი კომპანია "სელფორდი" საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ "სტანდარტ ბანკში" დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკის ქმედება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. კომპანია "სალფორდ საქართველო", რომელიც საქართველოში პატარკაციშვილის 100 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტს ახორციელებდა, ასევე აცხადებდა, რომ "სტანდარტ ბანკის" ჩამორთმევა ხელისუფლების მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც საქართველოში პატარკაციშვილის ბიზნეს-ინტერესების წინააღმდეგ განხორციელდა.

მაშინ "სტანდარტ ბანკში" შესული ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე აცხადებდა, რომ დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის ამოქმედება "სტანდარტ ბანკში" წარმოქმნილმა ლიკვიდობის პრობლემებმა განაპირობა. ეს პრობლემა, თავის მხრივ, მიმდინარე თვის დასაწყისიდან დეპოზიტების გადინების ტენდენციის გაძლიერებამ წარმოქმნა. კერძოდ, ქადაგიძე აცხადებდა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში "სტანდარტ ბანკიდან" 40 მილიონ ლარზე მეტი თანხის გადინება აღინიშნა, რამაც ბანკის მეანაბრეთა და კლიენტთა ინტერესებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ, მსგავსი ინფორმაცია "ქართუ ბანკთან" დაკავშირებითაც გავრცელდა, თითქოსდა "ქართუ ბანკიდან" დიდი რაოდენობით თანხის გადინება დაიწყო.