რამდენად რეალურია ვადამდელი არჩევნები

რამდენად რეალურია ვადამდელი არჩევნები


ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის ოთხი პირობიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებაა საჭირო და აქედან ყველაზე მარტივი გზა არის ის, რომ პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდოს. ამასთან, ეს კანონპროექტი უნდა ეხებოდეს ან საბიუჯუტო ან საგადასახადო ან მთავრობის უფლებამოსილების საკითხებს. ამისთვისაც კი სამ თვეზე ადრე არჩევნების დანიშვნა ვერ მოხერხდება.

ვადამდელი არჩევნების საკითხი განსაკუთრებით პრეზიდენტის იმ განცხადების შემდეგ გააქტიურდა, სადაც სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ქუთაისის პარლამენტში სესიას 26 მაისს ჩაატარებს. კონსტიტუციის თანახმად კი, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდა გახდეს. ამავე კონსტიტუციის თანახმად კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს იმ წლის ოქტომბერში, რომელ წელსაც გასდის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა.

რადგან პარლამენტი 4 წლით არის არჩეული და არჩეული იყო 2008 წლის მაისში, 4-წლიანი ვადა გადის 2012 წლის მაისში. ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს 2012 წლის ოქტომბერში.

მანამდე სხდომის ქუთაისში ჩატარება კი უკვე კონსტიტუციის დარღვევაა და ამ პირობის შესასრულებლად, პრეზიდენტს კონსტიტუციის რომელიმე ნორმის შესწორება აუცილებლად მოუწევს.

ამიტომაც პრეზიდენტის ამ ნათქვამის გამოსწორება საპარლამენტო უმრავლესობამ იმით სცადა, რომ თითქოს პრეზიდენტი ახალი შენობის გასახსნელად ლენტის გაჭრას გულისხმობდა. არადა, პრეზიდენტი კონკრეტულად სხდომის გამართვას ახსენებს და ლენტის გაჭრასა და სხდომის გამართვას შორის რომ დიდი სხვაობაა, ცხადია.

ეს საკითხი კი უკვე ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს.

ამის ერთ-ერთ ვარიანტად კი სწორედ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სახელდება.

კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა მხოლოდ პრეზიდენტს გააჩნია და ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში არჩევნები უნდა გაიმართოს დათხოვნიდან 60 დღის ვადაში.

ეს არის ის ორი შემთხვევა, როდესაც არჩევნების ვადა კონსტიტუციით განისაზღვრება. კონკრეტულ თარიღს კი ნიშნავს პრეზიდენტი ორივე შემთხვევაში.

რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე შეუძლია პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ესეც კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

ერთი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე უარს სამჯერ იტყვის, მაშინ პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი. მეორეა, თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი, მესამე - თუ პარლამენტმა არ მიიღო მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ეხება საბიუჯეტო, საგადასახადო ან მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების საკითხებს. ანუ, თუ პარლამენტმა ჩააგდო ეს კანონი, პრეზიდენტს აქვს უფლება, თვითონ შეიტანოს და, თუკი პარლამენტი მიიღებს, მთავრობა ნდობაგამოცხადებულად ითვლება. თუ არა, მაშინ პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი. მეოთხე - თუ პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია, მთავრობა გადააყენოს ან არ გადააყენოს მთავრობა, მაგრამ თუ პარლამენტმა მეორედაც არ გამოუცხადა ნდობა, ეს უკვე სამი თვის შემდეგ ხდება, მაშინ პრეზიდენტმა ან მთავრობა უნდა გადააყენოს ან პარლამენტი დაითხოვოს.

ეს ოთხი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს უჩნდება პარლამენტის დათხოვნის უფლება. ამიტომაც, იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, ამ ოთხიდან ერთ-ერთი ვითარება უნდა შეიქმნას და ამ შემთხვევაში პრეზიდენტს გაუჩნდება პარლამენტის დათხოვნის უფლება და შემდეგ დათხოვიდან ორ თვეში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ეს არის ოთხის სხვადასხვა ტიპის პროცესი და ამის დაწყება-დასრულებას სხვადასხვა დრო სჭირდება. ერთი თვე მაინც დასჭირდება იმას, რომ პრეზიდენტს გაუჩნდეს პარლამენტის დათხოვნის უფლება და აქედან ყველაზე მოკლე ვარიანტი არის ის, რომ მთავრობამ პარლამენტში შეიტანოს რაღაც კანონპროექტი საბიუჯეტო ან საგადასახადო საკითხებზე ან მთავრობის უფლებამოსილების საკითხებზე და საპარლამენტო უმრავლესობასთან არის შეთანხმება, რომ ჩააგდოს ეს კანონი. შემდეგ პრემიერმინისტრი სვამს ნდობის საკითხს და უმრავლესობა ნდობას არ უცხადებს და ჩნდება დათხოვნის საფუძველი.

ეს არის იურიდიული მექანიზმი იმისა, თუ როდის შეიძლება არჩევნების დანიშვნა. მაგრამ, როგორც ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, "მთავარი ამ იურიდიული შესაძლებლობის პოლიტიკური საფუძველია".

"არ არის გამორიცხული, რომ ასე მოხდეს. ამისთვის საჭირო იქნება კარგი ანალიზი, რა იქნება მომგებიანი ხელისუფლებისთვის, არჩევნების ადრე დანიშვნა თუ პირიქით, რაც შეიძლება გვიან დანიშვნა," - ამბობს ის.

რაც შეეხება პოლიტიკურ საფუძველს, ექსპერტები სხვადასხვაგვარ შეფასებებს აკეთებენ. თავად ხელისუფლებიდან კი ბოლო პერიოდში კონკრეტული განცხადება, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, არ გაკეთებულა. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ "არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც უნდა ჩატარდესო."

ამასთან, თუკი ხელისუფლებამ არჩევნების ვადამდე ჩატარება გადაწყვიტა, უფრო მარტივი გზა იქნება კონსტიტუციის შეცვლა. შეგახსენებთ, რომ შარშანდლამდე, ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილება შევიდოდა, იყო ჩანაწერი, რომ პარლამენტის მომდევნო არჩევნები იმართება პარლამენტის 4 წლიანი ვადის ამოწურვის დროს.

ცვლილების შეტანისას კი ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილი თვლიდა, რომ არჩევნების თარიღის განმსაზღვრელი სწორედ ეს ჩანაწერი უნდა ყოფილიყო, რადგან თუ პარლამენტის ვადა განისაზღვრება 4 წლით, არ შეიძლება დამატებითი თვეები იფუნქციონიროს.

ამიტომაც არც ის არის გამორიცხული, რომ არჩევნების ვადამდე ჩატარების შემთხვევაში სწორედ ეს არგუმენტი დასახელდეს, ისევ შეიცვალოს საკონსტიტუციო ჩანაწერი და არჩევნები პარლამენტის ყოველგვარი დათხოვნის გარეშე დაინიშნოს.