სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით, ეროვნული ბანკი “ქართუ ბანკში” შევიდა. ხელისუფლება ზუსტად იგივე სცენარით მოქმედებს, რომლითაც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის “სტანდარტ ბანკი” გაკოტრდა. რა ბედი ელის ივანიშვილის ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს საქართველოში?
“ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს ”ბანკ ქართუში” შექმნილი ვითარება; პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია... კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს. შემოწმებების ინტენსივობა განისაზღვრება როგორც ბანკის რისკის პროფილის, ასევე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით.
ბოლო პერიოდში ბანკ “ქართუსთან” მიმართებაში რამდენიმე ასეთ მნიშვნელოვან ფაქტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორის მოადგილეებმა. გარდა ამისა, დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18ოქტომბერს ბანკ “ქართუში” მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით(განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვათა შორის, “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა “ქართუ ჯგუფის” თანამშრომლების დაკავებისთანავე განაცხადა, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის ჩატარებით ხელისუფლებას ”ქართუ ბანკში” შეღწევა სურდა.
ჯავახიშვილის განცხადებით, ფულის გათეთრება სულ სხვა ოპერაციაა და არანაირი კავშირი არ აქვს ბანკებს შორის არსებულ გამაგრების ურთიერთობაზე. მისი თქმით, ბანკი “ქართუ” არ ემსახურება სავაჭრო ობიექტებს, აქედან გამომდინარე ნადღი ფული აქ ყოველთვის ნაკლებია.
“იყო დრო, როცა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) ჩამოჰქონდა დოლარები და ნაწილდებოდა მისი მეშვეობით. შემდეგ სებ-მა ამ ფუნქციების დელეგირება მოახდინა კომერციულ ბანკებზე. დღეს კომერციული ბანკები ახდენენ ერთმანეთის გამაგრებას, ანუ ბანკს უნაღდოდ აქვს ფული, მაგრამ სჭირდება ნაღდი კუპიურები. ეს იყო ასეთი ჩვეულებრივი ოპერაცია “საქართველოს ბანკსა” და ბანკ “ქართუს” შორის - ბანკი თავისი უნაღდო ნაწილის ნაღდად ქცევას აპირებდა”, - განაცხადა ჯავახიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ფული მოძრაობდა ბანკი “ქართუს” და “საქართველოს ბანკის” ანგარიშებს შორის, ერთ შემთხვევაში - ევროში, “კომერცბანკში” და მეორე შემთხვევაში “დოიჩე ბანკიდან” “სითი ბანკში”.
“თუ უნადღო ფული შავია, რას ესხმი თავს ინკასაციის მანქანას, გამოიძიე იქვე გერმანიაში ან აშშ-ში. ამ ქმედებით უნდათ ბანკის დატერორება, კლიენტების შეშინება ან ფულის წართმევა. ინკასაციის მანქანა “საქართველოს ბანკის” ტერიტორიიდან არც გამოსულა, მოლარეები შენობაში იმყოფებოდნენ. მათ შენობაში ვიყავით, მათ ტერიტორიაზე, კომენტარს რატომ არ აკეთებენ?”, - აღნიშნავს ჯავახიშვილი.
რაც შეეხება “ქართუ ბანკში” ეროვნული ბანკის შესვლას ჯავახიშვილის ვარაუდით, შემოწმება ორი თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება.
“ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა “ქართუ ბანკის” შემოწმებაზე გაცემული ბრძანება გადმოგვცეს. ამ ეტაპზე ბანკში ცენტრალური ბანკის 3 წარმომადგენელი იმყოფება. ჩვენ ბანკის შემოწმების წინააღმდეგი არ ვართ, ეროვნულ ბანკს ამის სრული უფლება აქვს, მაგრამ არ გვესმის, რა საჭირო იყო ამის გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირება”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
სებ-ის მიღებული გადაწყვეტილების გარშემო ეჭვები მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე ჩნდება. “ბანკის შემოწმებაში გასაოცარი არაფერია, თუმცა გასაოცარია სხვა მოვლენები, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს გარშემო ხდება. ჯერ კიდევ გუშინ ვერ წარმომედგინა მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ბანკის საინკასაციო მანქანას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები თუ ესხმოდნენ თავს, თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში მოხდა”, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი და აღნიშნავს, რომ ბანკი “ქართუს” შეიარაღებული ინკასატორების სიფრთხილე და გაწონასწორებულობა რომ არა, შესაძლოა, გუშინ სისხლიც კი დაღვრილიყო, ვინაიდან პოლიციელებს, რომლებიც ყაჩაღებივით იქცეოდნენ, ფორმა არ ეცვათ.
ორმაგად გასაკვირი იყო ის, რომ მომხდარზე ეროვნულმა ბანკმა პოზიცია არ დააფიქსირა. “მსგავსი ფაქტები, რაც გუშინ მოხდა, როგორც წესი, საბანკო სექტორის მდგრადობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასეთ ვითარებაში ჩემთვის გაუგებარია, ეროვნულმა ბანკმა თავისი პოზიცია რატომ არ დააფიქსირა”, - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ ამ განმარტებებმა და პოლიტიკოსების პოზიციამ გააოცა და დამატებითი კითხვები გაუჩინა. დეპუტატ ვახტანგ ბალავაძისთვის უცნაური იყო ის ფაქტი, რომ პოლიტიკოსების კომენტარებმა ბანკის კომენტარს დაასწრო. “შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს პოლიტიკოსები თვლიდნენ, რომ ეს ფული მათთვის იყო განკუთვნილი და გულისწყრომა იყო მათი მხრიდან, თუ ვის რამდენად მეტი დოლარი უნდა შეხვედროდა და რამდენი ევრო, თუმცა ეს არასერიოზულია. მთავარი არის ის, რომ ქართული პოლიტიკა და ქართული საზოგადოება ფულზე არ იყიდება, მით უმეტს არც რუსულ ფულზე”, - განაცხადა ბალავაძემ.
ამასთან, ბალავაძისთვის უცნაური იყო თვით “ქართუ ბანკის” კომენტარიც, რამაც მას დამატებითი კითხვები გაუჩინა. მისი თქმით, კომენტარი არ იყო იმ თემაზე, რაც რეალურად მოხდა. ბალავაძემ არ დააკონკრეტა, თუ რა დამატებითი კითხვები გაუჩნდა და მხოლოდ ის დასძინა, რომ მომხდარზე დეტალურად გამოძიება ისაუბრებს, გასაოცარი კი პოლიტიკოსების დამოკიდებულება იყო.
კიდევ უფრო მეტი კითხვები აქვთ ექსპერტებს ოღონდ უკვე ხელისუფლებასთან. დემურ გიორხელიძის შეფასებით, “საქართველოს ბანკი” ვინმეს რომც ეიძულებინა, უკანონო საბანკო ოპერაციებს არ განახორციელებდა.
“ერთი ბანკიდან მეორეში ფულის გადატანა, მითუმეტეს - კუთვნილი ფულის კანონით აკრძალული არაა. ეს ბანკებს შორის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამისთვის თანხის გატანის მსურველი მხარე წინასწარ განცხადებას აკეთებს, მეორე მხარე კი თანხის აკუმულირებას ახდენს და განსაზღვრულ დროს თანხა გააქვს. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს იმის ჩარჩოებს, როდის, რა ფორმით გაიტანს ამ ფულს და რაში დახარჯავს ფინანსური რესურსის მფლობელი.
სხვა საკითხია თავად ფულის პირვანდელი წარმომავლობა. ამდენად, არა მგონია, “საქართველოს ბანკს”, ვინმეს რომც ეიძულებინა, უკანონო ოპერაცია განეხორციელებინა”, - აღნიშნა გიორხელიძემ და იქვე დასძინა, რომ პირი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს, ფულს საკუთარი ბანკით არასდროს “გარეცხავს”.
რაც შეეეხება “ქართუ ბანკში” შექმნილი ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ექსპერტი ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს.
“მართალია, ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების ზედამხედველობის სრული უფლება აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ცენტრალური ბანკის გადაწყვტილების სამართლიანობა-უსამართლობის საკითხი მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანო არაა და ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ მოქმედებს. ამდენად, აღნიშნული ფაქტი არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილია და რომ არა ეს მოვლენები, არა მგონია, უახლოეს მომავალში “ქართუ ბანკისკენ” ვინმეს გაეხედა”, - აღნიშნა გიორხელიძემ.
869
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85