[რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი]
2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემდეგ საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების პერსპექტივა თითქმის ამოწურულია. ასეთ დროს რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან ხშირია ისეთი პოპულისტური განცხადებები, რომლებიც დიდი ალბათობით, მიზნად ისახავენ საქართველოზე გავლენის მოპოვებას ნებისმიერი ხერხით. დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში არაფორმალური საზოგადოებრივი კონტაქტების დამყარება მსგავსი ტიპის სიტუაციებში ბუნებრივი მოვლენაა. ხშირად ასეთი ტიპის კავშირები პოლიტიკური მნიშვნელობისაა და ურთიერთობების ძირითად ფორმატად გვევლინება. გამონაკლისი არც ჩვენი შემთხვევაა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ე.წ. „სახალხო დიპლომატიის“ მნიშვნელობის როლზე მალევე დაიწყო საუბარი, რომელშიც საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მმართლმადიდებლური ეკლესიაც ჩაერთო. მართლმადიდებლობა, როგორ ერთმორწმუნეობის ფაქტორი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ჯერ კიდევ კახეთის მეფე ალექსანდრე მეორე, მოგვიანებით კი, ერეკლე მეორის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეს უკანასკნელი არაერთხელ დაედო სარჩულად. ის, რომ რუსეთი განიხილებოდა როგორც მართლმადიდებელი სახელმწიფო, გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართლ-კახეთის სამეფოს გადაწყვეტილებაში რუსეთი აერჩია სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირედ. თუმცა ერთმორწმუნეობას რუსეთის მაშინდელი ხელისუფლებისთვის ხელი არ შეუშლია გაეუქმებინა საქართველოს ავტოკეფალია. აღნიშნული ფაქტისა და 90-ან წლებში განვითრებული მოვლენების შემდეგ შეიძლება ითქვას, სამართლიანად არ წყდება კამათი თემაზე – ასრულებს თუ არა პოზიტიურ როლს საერთო აღმსარებლობა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში?
მიმდინარე წლის ივლისის მიწურულს უკრაინაში ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს პატრიარქები შეხვდნენ. ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატრიარქებმა განიხილეს ორ ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობები და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე კანონიკური უწესრიგობა. ასევე, ცნობილი გახდა რომ შეხვედრისას საქართველოს პატრიარქის აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის დეტალებზეც იყო საუბარი. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვრების ურღვეობას აფხაზეთსა და ცხინვალის ტერიოტორიაზე. მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე იურისდიქციის ხმამაღალი აღიარებისა და დეკლარირებისა, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს ორმაგ თამაშს. ამისათვის მაყურებელს რუსული ეკლესიის მაღალი სასულიერო პირების საჯარო გამონათქვამებს შევთავაზებთ:
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო ურთიეთობათა სამსახურის მეთაური არქიეპისკოპოსი ილარიონი, 2009 წელი 31 ოქტომბერი: „ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის მთლიანობას და ვთვლით, რომ სახელმწიფო საზღვრების პოლიტიკურმა ცვლილებებმა არ უნდა შეცვალოს მისი ეკლესიური საზღვრები“ - გამოდის, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საკმაოდ მაღალი თანამდებობის მქონე სასულიერო პირი აღიარებს ახალ რეალობას, რომელიც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტიური მეცადიონებით მივიღეთ, ანუ პოლიტიკური საზღვრების ცვლილება და ორი ახალი სახელმწიფოს დაბადებას. კიდევ უფრო საინტერესოა თუ რას ფიქრობდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ამჟამინდელი ლიდერი კირილი აგვისტოს ომზე: „…ზუსტად ერთი წლის წინ, ბოროტი პოლიტიკური ნების გამო განხორციელებული აგრესიის შედეგად, ბევრმა ადამიანმა დაკარგა ახლობელი, სამხრეთ ოსეთში, რუსეთში და საქართველოში. უმწეო ერს თავს დაატყდა სამხედრო ძალა. ცხინვალში დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა. რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც ასრულებდნენ თავის მოვალეობას, საერთაშორისო შეთანხმებებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გახდნენ ამ აგრესიის მსხვერპლნი. ბევრი მართლმადიდებელი ქართველი არმოჩნდა ამ ძმათა მკვლელი ომის მონაწილე და დაკარგა სიცოხლე …“ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერის განცხადება თითქმის ერთი-ერთზე იმეორებს რუსეთის ხელისუფლების ლიდერთა განცხადებებს: ერთმორწმუნე ეკლესიის მესვეურთა გამონათქვამები ცალსახაა, რომ რუსეთის ადმინისტრაციის იმ მაღალჩინოსანთა განცხადებების იდენტურია, რომელთა მთავარ მიზანსაც საერთაშორისო არენაზე ქართული მხარის დისკრედიტაცია წარმოადგენს. ესენია: 1. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ პოლიტიკურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებია. 2. საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წელს განახორციელა აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. 3. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსი სამშვიდობოებისა და ჯარისკაცების მხრიდან იყო მათი მოვალეობის შესრულება. აღნიშნული სულ უფრო ამყარებს ეჭვებს, რომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას უჭირს გაემიჯნოს რუსეთის ადმინისტრაციას, ან სრულებითაც არ აღელვებს ის ფაქტი, რომ მისი პოლიტიკა ხშირად ადმინისტრაციის პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევა.
ამ ჭრილში რუსული ეკლესიის დახასიათებისთვის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითის მოყვანაც შეიძლება. აგვისტოს ომის შემდეგ ავტორიტეტულმა რუსმა სასულიერო პირებმა ასეთი განცხადება გააკეთეს: „რუსეთის ხელისუფლებამ უნდა მტკიცედ დაიცვას რუსეთის განვითარების განსაკუთრებული გეზი და გაზარდოს სამხედრო ძლევამოსილება. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, მათ შორის სამხედრო სფეროში. უნდა გვქონდეს ნება და უნარი იმისა, რომ შევაჩეროთ ნებისმიერი მცდელობა ხელყონ ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი საეთაშორისო ინტერესები, ჩვენს შესაძლებლობები გავლენა მოვახდინოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.“ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურთა საჯარო გამონათქვამები და ზოგადად, მათ მიერ საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ უახლოეს თვალსაწიერ მომავალში რუსეთის ერთმორწმუნეობა ვერ იქნება პოზიტიური ფაქტორი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ხოლო ის ფაქტი, რომ რუსეთის ამჟამინდელი პატრიარქიც აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და საეკლესიო საზღვრების ურღვეობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ძნელად წარმოსადგენია იყოს შედეგი ერთმორწმუნეობისა. ვინაიდან იგივე ეკლესია აღიარებს ახალ რეალობას, რომელიც პოლიტიკური საზღვრების ცვლილებებსა და ორი ახალი სახელმწიფოს დაბადებას გულისხმობს.
განმარტება:
„ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს.