პუტინი საკუთარ მესამედ მოსვლასა და რუსულ ლიბერალიზმზე

პუტინი საკუთარ მესამედ მოსვლასა და რუსულ ლიბერალიზმზე


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვალდიმირ პუტინი ვარაუდობს, რომ მისი ახალი ვადით გაპრეზიდენტებით უფრო მეტ სტაბილურობას მოუტანს რუსეთს, ვიდრე ძალაუფლებაში პირველი მოსვლის დროს შეძლო, მღელვარე 90-იან წლებში. წარსულში ორი ვადით არჩეულმა რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებისადმი მიცემულ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა რუსულ ლიბერალიზმზე, შეცდომა უწოდა დღევანდელი რუსეთის „ბრეჟნევის პერიოდის“ საბჭოთა კავშირთან შედარებას, თუმცა განაცხადა, რომ, ერთი-ორი არასწორი ნაბიჯის შემთხვევაში, რუსეთი შეიძლება ქაოსში დაბრუნდეს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მის სავარაუდო დაბრუნებას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე მოჰყვება სტაგნაცია 2024 წლამდე და ახალი შესაძლო პრესინგი ისედაც შეზღუდულ სამოქალაქო თავისუფლებებზე. მაგრამ თავის პირველ ვრცელ ინტერვიუში, გაერთიანებული „ედინაია როსიას“ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში, პუტინი აცხადებს, რომ მისი მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევა ქვეყანას საჭირო სტაბილურობას მოუტანს.

„როდესაც ქვეყანა რთულ და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, გამოდის კრიზისიდან და ფეხზე დგება, – ეს სტაბილურობის ელემენტი, მათ შორის პოლიტიკურ სფეროში, უკიდურესად საჭიროა. არსებითად, ჩვენ გადავიტანეთ სახელმწიფოს დაშლა – საბჭოთა კავშირი დაიშალა. და რა არის საბჭოთა კავშირი? ეს არის კიდეც რუსეთი, ოღონდ სხვანაირად იწოდებოდა. ჩვენ გადავიტანეთ 1990-იანი წლების ძალიან მძიმე პერიოდი. და, მეტ-ნაკლებად, მხოლოდ 2000-იანი წლებიდან დავიწყეთ ფეხზე წამოდგომა, დავამყარეთ მშვიდობა ქვეყნის შიგნით, ვახდენთ ვითარების სტაბილიზებას და, ცხადია, ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარების ეს პერიოდი“.

თუმცა, რეჟიმის ოპონენტების თქმით, სტაბილურობა რუსეთში ძვირი დაჯდა: გაყალბებული არჩევნები, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლირებადი პარლამენტი, მკაცრად კონტროლირებადი მედია გარემოთი და სამოქალაქო თავისუფლებების ხელყოფით.

ერთბაშად სამი სახელმწიფო არხის პრაიმ-ტაიმში გადაცემულ ვრცელ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ რუსეთში ყველაფერი იმდენად ცუდადაა, რომ უარესი შეუძლებელია მოხდეს“.

„მოვერიდებოდი იმის თქმას, რომ უარესი არ მოხდება. საკმარისია ორი-სამი არასწორი ნაბიჯის გადადგმა და ისე ჩავიძირებით იმ ყველაფერში, რაც ადრე იყო, რომ მოხედვასაც ვერ მოვასწრებთ“.  

59 წლის კაგებეს ყოფილი ოფიცერი და შემდგომში მისი სამართალმემკვიდრე „ეფ-ეს-ბეს“ ხელმძღვანელი, რომელიც საზოგადოების წინაშე თავს მაჩოდ და უშიშარ მამრად წარმოადგენს, საკუთარ პერსონას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რუსეთის ყველაზე შრომისმოყვარე ლიდერად მიიჩნევს. პუტინი ამბობს, რომ კომუნისტური პერიოდის ლიდერებს არც ფიზიკურად შესწევდათ ძალა და არც ლიდერის თვისება ჰქონდათ საიმისოდ, რომ ქვეყანა ემართათ. სამაგიეროდ, იგი თავის თავს ადარებს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს, რომელიც „დიდი დეპრესიის“ პერიოდში სამჯერ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.

ვლადიმირ პუტინმა მკაფიო მესიჯი გაუგზავნა უცხოელ კრიტიკოსებს: „იცით, რა გითხრათ, საკუთარ საქმეებს მიხედეთ“ – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა და კრემლის ლიბერალური აზროვნების ნიმუშად, ჩვენი რადიოს, რადიო „თავისუფალი ევროპა“/რადიო „თავისუფლების“ მიმართ მიდგომის შეცვლა დაასახელა.

„როდესაც მე ვმუშაობდი „კაგებეს“ ორგანოებში, რადიო „თავისუფლება“ ჩვენ მიერ განიხილებოდა, როგორც აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ქვედანაყოფად, თუმცა პროპაგანდისტულ ქვედანაყოფად. და ამას ჰქონდა კიდევაც გარკვეული საფუძველი. გარდა იმისა, რომ ფინანსდებოდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს არხებით, იგი, ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აგენტურული მუშაობითაც იყო დაკავებული. ახლა ვითარება შეიცვალა. რადიო „თავისუფლება“ ეს არის მასობრივი საინფორმაციო საშუალება, რომელიც, ასეა თუ ისე, უცხოეთის, მოცემულ შემთხვევაში, აშშ-ის სახელმწიფოს თვალსაზრისს“ გამოხატავს.

აი, თქვენ ამ რადიოში მუშაობდით, მიმართა პუტინმა ტელეკომპანია „ნტვს“ გენერალურ დირექტორს, ვლადიმირ კულისტიკოვს, რომელიც 1993-1996 წლებში რადიო „თავისუფლების“ მოსკოვის ბიუროში საქმიანობდა. „ახლა კი თქვენ რუსეთის ტელევიზიის საერთო ეროვნულ არხს ხელმძღვანელობთ, განა ეს არ არის ლიბერალიზმის მანიშნებელი?“– მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ვლადიმირ პუტინმა, თუმცა იმის აღნიშვნა კი დაავიწყდა, რომ, სწორედ მისი ხელისუფლების ზეწოლის გამო, შეწყვიტა ათობით რუსულმა რადიოსადგურმა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი გადაცემების რეტრანსლირება.