საქართველოში მონარქიის აღდგენისადმი მიძღვნილი სტატიების კომენტარებს (დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იხილოს მაგ. Presage.tv-ზე 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული წერილი და მისი კომენტარები) თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ მონარქიის კრიტიკოსთა უკლებლივ ყველა არგუმენტი არა მხოლოდ მონარქიის, არამედ საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობის ეჭვს ქვეშ დაყენებას გულისხმობს. კრიტიკოსთა ეს არგუმენტები არანაკლებ ემუქრება რესპუბლიკასაც, დემოკრატიასაც და საერთოდ, ძირს უთხრის ნებისმიერი ძალაუფლების ლეგიტიმურობას.
ისტორიული წარმომავლობის უარმყოფი ეს არგუმენტები კიდევ ერთხელ ცხადყოფენ, რომ ჩვენი ყოფა პოსტსაბჭოური დეზორიენტაციითა აღბეჭდილი – ღირებულებათა ძირეული გადაფასება, რაც სსრკ–ს კრახით გამოიხატა, დღემდე არ დასრულებულა. მეტიც: დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოვლენათა დრამატული განვითარება, ქართულ საზოგადოებაზე მოზღვავებული შიდა თუ გარე ძალადობა, ეწინააღმდეგება ჩვენს თვითგამორკვევას.
როგორც ნახსენები კომეტარებიდანაც ჩანს, მხოლოდ გარეგნულად ვართ თვითგამორკვეულნი. მართალია, ჩვენი სუვერენიტეტის დასასაბუთებლად მიღებული გვაქვს დამოუკიდებლობის ორი აქტი, საქართველოს დამოუკიდებლობა საერთაშორისოდ აღიარებულია და უკეთესი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციისათვის სულ ახლახანს შევცვალეთ კონსტიტუციაც, ამჟამად მოქმდებს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებიც, მაგრამ, მონარქიის იდეის თაობაზე გამართული პოლემიკაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო 20 წლის დრამატულ ისტორიაზე, ნათლად ადასტურებს, რომ ისინი ლეგიტიმურობის მყარ საძირკველზე არ არიან დაფუძნებულნი.
ქართული სახელმწიფოებრიობა, კონსტიტუცია და მონარქია, ისევე როგორც რესპუბლიკა, ანდა დემოკრატია, პირველ ყოვლისა, გარკვეული ღირებულებითი ორიენტირების გამომხატველი იდეებია. თვითგამორკვევა არა მარტო ინსტიტუტების შექმნას, არამედ ამ იდეების ურთიერთმიმართების გარკვევასაც ნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ინსტიტუტები ქვიშაზე აღმოცენებულ უცნაურ და დასანგრევად განწირულ ნაგებობებად დარჩებიან. ე.წ. ექსისტენციური კრიზისის (ეს ტერმინი მიშამ გამოიყენა 2007 წლის ნოემბერში) პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ იდეების განსჯა, რათა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სამომავლოდ მაინც, ისეთ ფუჭ მოჩვენებებს არ დაემყაროს, როგორიც, მაგალითად, „ვარდების რევოლუციაა.“
იქნებ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაც ასეთივე ილუზიაა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების, მისი საფუძვლების გარკვევას გულისხმობს. სახელმწიფოებრიობასთან მიმართებით ყველაზე არსებითი საკითხებია: მემკვიდრეობითობა, კონსტიტუციურობა, დემოკრატია (თვითმმართველობა), და ტერიტორიული მოწყობა. შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ მონარქიის აღდგენის იდეის განხილვის გარეშე ამ საკითხების გარკვევა მხოლოდ გაამძაფრებს ჩვენს დაბნეულობას. ხოლო ასეთი დაბნეულობა და ჩვეული სულსწრაფობა წარსულში ჩადენილ საბედისწერო შეცდომათა კვლავ გასამეორებლად გვიბიძგებს.
სახელმწიფოებრიობა და მემკვიდრეობითობა.
სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევისათვის ჩვენი ვინაობა და წარმომავლობაა ყველაზე მთავარი. მარადიული შეკითხვა: ვინა ვართ და საიდან მოვდივართ, როგორც ერი და სახელმწიფო, განსაკუთრებულ აქტუალობას სუვერენულ უფლებათა დასაბუთებისას იძენს. მე–20 საუკუნეში ქართველთა წინაშე ეს შეკითხვა მთელი სიგრძე–სიგანით ორჯერ დაისვა და ფუძემდებლური იურიდიული აქტებით იქნა პასუხგაცემული 1918 წლის 26 მაისსა და 1991 წლის 9 აპრილს. დამოუკიდებლობის ამ აქტებზე აშენდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. შევეცადოთ მემკვიდრეობითობის პრობლემის კონტექსტში განვიხილოთ ისინი.
1. 1918 წლის 26 მაისის აქტი
„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ 1918 წლის 26 მაისის ეროვნული საბჭოს მიერ იქნა მიღებული. შინაარსობრივად ეს აქტი მოკლე დასაბუთებისა და სახელმწიფოს დამფუძნებელი გადაწყვეტილებებისაგან შედგება. გადაწყვეტილებები 7 პუნქტადაა ჩამოყალიბებული. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია 1–ელი და მე–2 პუნქტები. 1–ელი პუნქტი ამბობს: „ამიერითგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“; ხოლო მე–2 პუნქტი განსაზღვრავს: „დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმაა დემოკრატიული რესპუბლიკა.“
ამრიგად, დამოუკიდებლობის აქტი საყოველთაოდ, შინ თუ გარეთ წარადგენს მანამდე უცნობ, სრულიად ახალ სრულუფლებოვან სამართალსუბიექტს, მის უდიდებულესობა „საქართველოს ხალხს“, რომელიც „ამიერითგან სუვერენულ უფლებათა მატარებელია“; ამკვიდრებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს და შემდგომ, მე–2 პუნქტში ადგენს ამ სახელმწიფოს პოლიტიკურ ფორმას.
რითი საბუთდება სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევის ეს გადაწყვეტილებანი? ანუ რა არგუმენტებს ემყარება ეს თვითგამორკვევა? ვინ არის ეს ახალი სუბიექტი – „საქართველოს ხალხი“, რამდენად ლეგიტიმურია და საიდან წარმოდგება მისი სუვერენული უფლებები? რატომაა საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკა? ამ შეკითხვებზე დამოუკიდებლობის აქტს დასაბუთების ნაწილში უნდა გაეცა საფუძვლიანი პასუხი.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ „დამფუძნებელ მამებს“ დამოუკიდებლობის დასასაბუთებლად მაინცადამაინც თავი არ მოუკლავთ და მყარი არგუმენტების საძებნელად შორს არ წასულან. შექმნილი ისტორიული მომენტი – აი, მათი დასაბუთების კრედო. ზემოთ ჩამოთვლილ კითხვათაგან სიღრმისეული პასუხი არც ერთ მათგანზე არ არის გაცემული, ხოლო რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ ფორმას – იგი საერთოდ დაუსაბუთებელია. გარემოებათა გამო დამოუკიდებლობა სასწრაფოდ იყო გამოსაცხადებელი და როგორც ქართველებს გვჩვევია, ეს უდიდესი საქმეც წინასწარ მოუმზადებლად, სახელდახელოდ გავაკეთეთ. ამ დასაბუთებიდან, რაც დამოუკიდებლობის აქტშია მოყვანილი, უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვები წარმოიშვება, ვიდრე თვითგამოსარკვევ შეკითხვებზე პასუხებია მოცემული.
დავიწყოთ თავიდან. აქტის პირველსავე წინადადებაში თითქოს ხდება საქართველოს სუვერენიტეტის ისტორიული დასაბუთება: „მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო“. თუ დავაკვირდებით, იოლად დავინახავთ, რომ ეს წინადადება მხოლოდ ნახევრად სიმართლეა: აქაც და საერთოდ, ამ აქტის მთლიან ტექსტში, ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები „დამოუკიდებლობისა და თავისუფლების“ გამომხატველი და მატარებელი ისტორიულად არსებული კონკრეტული სუბიექტი.
საქართველო არსებობდა არა ზოგადად, როგორც გაურკვეველი ფორმის „სახელმწიფო“, არამედ სრულიად კონკრეტული სახით – როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სამეფო (უფრო ზუსტად – თავდაპირველად სამეფო და შემდგომ, როგორც სამეფოები და სამთავროები). ბუნებრივია, როცა დამოუკიდებლობის ისტორიული დასაბუთება გვსურს, სუვერენიტეტის მატარებელ სუბიექტს – ბაგრატიონთა დინასტიას ვერაფრით გვერდს ვერ აუქცევთ. მაგრამ აქ ლეგიტიმური ხელმწიფების (ძალაუფლების) პრობლემაც უმალ წარმოიშვება.
დამოუკიდებლობის აქტში სამეფოს მხოლოდ ზერელედ მოხსენიების შემთხვევაშიც კი, უმალვე დადგებოდა ტახტის მემკვიდრეთა უფლებრივი საკითხი. ეს საკითხი კი ეროვნულ საბჭოს სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ იმთავითვე აქვს მიჩქმალული. დამოუკიდებლობის ისტორიული დასაბუთებისას ეროვნული საბჭო არ მიუთითებს მე–19 საუკუნემდე კონკრეტულად არსებულ ქართლ–კახეთის, იმერეთის სამეფოებსა და აგრეთვე გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროებზე (რომელთა მთავრები აღიარებდნენ ბაგრატიონთა სუზერენობას), არამედ ზოგად და ამ კონტექსტში აბსტრაქტულ ტერმინს – „სახელმწიფოს“ იყენებს. ეროვნულ საბჭოს ამით სურს ისე, რომ მთლიანად არ გაწყვიტოს წარსულთან ისტორიული კავშირი, დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნას უმთავრეს ისტორიულ სამართალ–სუბიექტთა, საქართველოს მეფეთა და მთავართა უფლებრივი პრობლემის არა თუ გადაწყვეტის, არამედ არსებობის საკითხიც კი.
ამ სანახევრო ტყუილით სუვერენიტეტის მატარებელი ახალი სუბიექტი – „საქართველოს ხალხი“ მხოლოდ აბსტრაქტული „ქართული სახელმწიფოს“ მემკვიდრეა. ამ აბსტრაქტულ მემკვიდრეობას დამოუკიდებლობის აქტში კონკრეტული სამართლებრივი შინაარსი არა აქვს და გაურკვეველი რჩება, თუ მემკვიდრეობით მიღებულ რა უფლებათა საფუძველზე ცხადდება იგი სუვერენიტეტის მატარებლად. ასევე არაფერია ნათქვამი არც იმის თაობაზე, რომ „საქართველოს ხალხი“ სუვერენულ უფლებებს არა მემკვიდრეობით, არამედ იმთავითვე, ბუნებითი სამართლის ძალით ატარებს. იქნებ ეს ნათქვამი არაა, მაგრამ იგულისხმება? ტექსტის შემდგომი განხილვა მიანიშნებს, რომ სუვერენულ უფლებათა წყარო დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით არც ბუნებითი სამართალია და არც მემკვიდრეობა, არამედ სრულიად შემთხვევითი, გარეშე გარემოებანი.
დამოუკიდებლობის დეკლარაციის სანახევროდ ცრუ პირველ წინადადებას მოჰყვება მეორე, უკვე აშკარა ტყუილი: „მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.“ ეროვნული საბჭო მე–19 საუკუნემდე არსებული ქართული პოლიტიკური სუბიექტების სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვისა და რუსეთის მიერ მე–19 საუკუნეში საქართველოს ანექსიის აშკარა ფაქტს უარყოფს. საქართველოს ანექსიის ფაქტს დამოუკიდებლობის აქტი რუსეთთან ნებაყოფლობით შეერთებად ასაღებს. ამ სიცრუით კიდევ ერთ უკანონობას სჩადის ბაგრატიონთა დინასტიის „თამაშგარე“ მდგომარეობაში დასატოვებლად და ტახტის უფლებათა შესარყევად. ამასთან, ეს სიცრუე ასევე ახალი სამართალსუბიექტის – საქართველოს ხალხის სუვერენულ უფლებათა კანონიერებასაც არანაკლებ ემუქრება.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ბაგრატიონებს აიძულეს უარი ეთქვათ საკუთარ უფლებებზე და მე–19 საუკუნეში საქართველო ნებაყოფლობით არ შეერთებია რუსეთს. ქართლ–კახეთის და იმერეთის სამეფოების, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის სამთავროების ძალადობით გაუქმება რუსეთის მხრიდან წარმოადგენდა ამ სუბიექტების სუვერენულ უფლებათა ფეხქვეშ გათელვასა და სრულ უკანონობას. იმის მაგივრად, რომ ეროვნულ საბჭოს ხაზი გაესვა საქართველოს ანექსიის ფაქტზე, რუსეთის მიერ სუვერენულ უფლებათა ხელყოფაზე, საქმის ვითარება დაამახინჯა და მე–19 საუკუნემდე არსებულ ქართულ სუბიექტებს საკუთარი ნებით „ათქმევინა“ უარი სუვერენიტეტზე. რა არის ეს, თუ არა ისტორიულ ტყუილზე დამყარებული ცხადი უსამართლობა? ეს უსამართლობა, რაც გარეშე მტრისაგან დაცვის ვალდებულების ფასად რუსეთის ანექსიის გამართლებაში გამოიხატება და ტახტის უფლებათა იგნორირებას უკანონოდ ახდენს, არ შეიძლება გამოყენებული იქნას არც ახალი სუბიექტის –„საქართველოს ხალხის“ უფლებათა დასაბუთებისათვის.
განსაკუთრებით სავალალოა, რომ ეროვნულ საბჭოს სურს საქართველოს სუვერენული უფლებები რუსეთის მიერ გარეშე მტრისაგან დაცვის ვალდებულებათა შეუსრულებლობიდან გამოიყვანოს. დამოუკიდებლობის აქტის თანახმად ქართველთა სუვერენიტეტი (აქ მნიშვნელობა აღარა აქვს სუბიექტს – ტახტი იქნება ეს თუ ,,საქართველოს ხალხი“) თავისთავად არსებული უფლებები კი აღარ არის, არამედ წარმოშობილია „კანონიერი“ სუზერენის – რუსეთის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შედეგად. მართლაც, დამოუკიდებლობის აქტის შემდგომი წინადადება რუსეთის მიერ გარეშე მტისაგან დაცვის ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტის კონსტანტირებაა: „რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.“ ამ წინანადებიდან არაპირდაპირ ისიც კი სჩანს, რომ რუსეთს საკუთარი ნებით და არც იძულებით არ უთქვამს უარი საქართველოს მიმართ არც ვალდებულებებზე და არც უფლებებზე, არამედ ფორს–მაჟორული ვითარების გამო „დაუტევა ამიერკავკასია“.
დამოუკიდებლობის ამგვარი „რუსული“ და იმავდროულად, ფორს–მაჟორული წარმომავლობიდან სუვერენული უფლებების თაობაზე არსებითი სადავო შეკითხვაც კი წარმოიშობა: რა მოხდება, თუ შინაგანი წყობა რუსეთს კვლავ მისცემს შესაძლებლობას თავს იდოს საქართველოს გარეშე მტრებისაგან დაცვა და გამომდინარე, საქართველოს მიმართ სუვერენული უფლებების აღდგენა მოითხოვოს?
ამ საჭირბოროტო კითხვაზე ნათელი პასუხის გაუცემლად, ეროვნული საბჭო დამოუკიდებლობის აქტის დასაბუთებაში შემდგომ მიუთითებს რუსეთის დატევების შედეგად შექმნილ დროებით პოლიტიკურ წარმონაქმნზე – ამიერკავკასიის კავშირზე, რომელიც „გარეშე ძალთა ზეგავლენით“ დაირღვა. როგორც ვხედავთ, დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით, თუკი თითქოსდა შემთხვევით ნახსენებ აბსტრაქტულ ისტორიულ მემკვიდრეობას მხედველობაში არ მივიღებთ, საქართველოს სუვერენიტეტის წანამძღვრები სავსებით გარეშე, უდავო სუვერენულ უფლებებთან არსებითად დაუკავშირებელი შემთხვევითი მოვლენები ყოფილა, კერძოდ: დიდი რევოლუციის გამო რუსეთის წასვლა და გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის კავშირის დარღვევა.
ამ მცდარი წანამძღვრებიდან, ცხადია, გამომდინარეობს ასევე მცდარი დასკვნაც, რომელსაც ეროვნული საბჭო ასეთი სახით აყალიბებს: „ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შექმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.“
გამოდის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ისტორიულად არსებული, უდავო, თავისთავადი და წარუვალი უფლებები კი არ ყოფილა, არამედ ფორს–მაჟორულ ვითარებაში („დიდი რევოლუციის მსვლელობა“) რუსეთის წასვლის და ამიერკავკასიის კავშირის დაშლის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლობა. ეროვნული საბჭო ლამის იძულებული გამხდარა მიეღო დამოუკიდებლობის აქტი. ქართული სახელმწიფოს ლეგიტიმურობა, დამოუკიდებლობის ამ აქტის თანახმად, შემთხვევით გარემოებათა მიერ შექმნილ აუცილებლობაზე და არა შინაგან თავისუფლების შეცნობაზეა დამყარებული.
ამ ზოგადი ანალიზადანაც კი სრულიად ნათელია, რომ შეკითხვას – ვინა ვართ, საიდან მოვდივართ და რას ემყარება ჩვენი სუვერენული უფლებები, ეროვნულმა საბჭომ მკაფიო და სამართლიანი პასუხი ვერ გასცა. იქნებ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი ამ ახალი დემოკრატიული რესპუბლიკის ეფემერული დამოუკიდებლობისა?
წარსულთან ისტორიული კავშირის ფაქტობრივმა გაწყვეტამ 1918–1921 წლის რესპუბლიკის წარმომავლობას იმთავითვე საბედისწერო დაღი დაასვა. ამ რესპუბლიკის მესვეურებს არ აღუსრულებიათ სამართალი, არ აღუდგენიათ ისტორიული ბედუკუღმართობის გამო წართმეული სუვერენული უფლებები, ეს უფლებები კი ქართული სამართლის ძალით ბაგრატიონების დინასტიას ეკუთვნოდა; არ მომხდარა არც კანონიერი ხელმწიფების ცნობა და არც ამის შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლებათა გამიჯვნა. შემთხვევითი არ არის, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მიღებულ კონსტიტუციაში გადაუწყვეტელია სახელმწიფოს მეთაურისა და მისი პრეროგატივების პრობლემაც.
დამოუკიდებლობის აქტის განხილვისას რჩება შთაბეჭდილება, რომ, გარემოებთა წყალობით ქართველ მენშევიკებს ხელში ჩაუვარდათ ძალაუფლება (როგორც, ვთქვათ, ლენინს, რომელიც ოქტომბრის გადატრიალების დაწყებისას ამბობდა: „ძალაუფლება ქუჩაში გდია, საჭიროა უბრალოდ ხელში ავიღოთ იგი“) და რა გასაკვირია, რომ მისი და მასთან ერთად „საქართველოს ხალხის“ სუვერენულ უფლებათა შენარჩუნება ვერ შესძლეს. ჭეშმარიტი ნათქვამია: ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებსო.
მიუხედავად ყველაფრისა, პირველმა ქართულმა რესპუბლიკამ მართალია, არაკმარი იურიდიული დასაბუთებით, მაგრამ ფაქტობრივად, ისტორიის ასპარეზზე გამოიყვანა ახალი სრულუფლებიანი სუბიექტი – „საქართველოს ხალხი“. სწორედ ამ ახალმა სუბიექტმა უკვე მე–20 საუკუნის ბოლოს დაიბრუნა ბოლშევიკური რუსეთის მიერ წართმეული სუვერენული უფლებები. დემოკრატიული რესპუბლიკისაგან დატოვებულ უმთავრეს მემკვიდრეობას უნდა მივაკუთვნოთ საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ–ერთი ძირითადი საფუძველთააგანია.
მთავარი პრობლემა, რაც დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ გადაწყვიტა, ვერც დამოუკიდებლობის აქტსა და ვერც კონსტიტუციაში, მემკვიდრეობითობის საკითხია. საიდან წარმოსდგება საქართველოს ხალხის სუვერენული უფლებები? რა მიმართება არსებობს სუვერენული უფლებების ისტორიულად მატარებელ ბაგრატიონთა დინასტიასა და მე–20 საუკუნეში გაჩენილ ახალ სამართალსუბიექტს – „საქართველოს ხალხს“ შორის? ის, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის მესვეურებმა ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნეს, მის გადაწყვეტას არამც და არამც არ ნიშნავს. ეს პრობლემა დღესაც მწვავედ დგას ქართველი ერის წინაშე. ამ პრობლემის გადაწყვეტას პირდაპირ უკავშირდება ქართული სახელმწიფოს ლეგიტიმურობა.
მართლაც, ვინ არის საქართველოს ხალხი? უზარმაზარი ისტორიული მემკვიდრეობის მატარებელი სუბიექტი თუ შემთხვევით, რუსეთის იმპერიაში მიმდინარე „დიდი რევოლუციის“ ქარტეხილიდან შობილი, გარკვეულ ტერიტორიაზე განსახლებული, უპატრონოდ „დატევებული“ მოსახლეობა, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს, გარეშე გარემოებათა გამო, გადაწყვიტა საკუთარ თავს თავადვე მოუაროს?
იგივე შეკითხვები, არსებითად იმავე, მაგრამ გარეგნულად სხვა ისტორიული გარემოებებისას, ამჯერად უკვე საბჭოთა იმპერიის დაშლის პირობებში, ქართველი ერის წინაშე მე–20 საუკუნის ბოლოსაც დადგა. შემდგომ წერილში გავარკვიოთ, როგორ ვუპასუხეთ ჩვენ სახელმწიფოებრივი თვითგამორკევევისათვის ყველაზე მთავარ ამ შეკითხვას.