სამშენებლო ამნისტიამ მსხვილების გარეშე ჩაიარა

სამშენებლო ამნისტიამ მსხვილების გარეშე ჩაიარა



დიდმა სამშენებლო ამნისტიამ თავისი მასშტაბები ვერ გაამართლა. ჩამოწერილი ჯარიმების საერთო ოდენობა 1 მილიონს ოდნავ თუ აღემატება. 100-ზე მეტ მთხოვნელს შორის კი არც ერთი მსხვილი დეველოპერიც არ გაჭაჭანებულა.

მთავრობა უძრავი ქონების ბაზარზე გამოცხადებული ფინანსური ამნისტიის შედეგებს აჯამებს. როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის ამნისტიით 102 სუბიექტმა უკვე ისარგებლა, რომლებსაც საერთო ჯამში 1 077 000 ლარის ჯარიმა ჩამოეწერათ.

საინტერესოა, იყვნენ თუ არა მათ შორის ბაზრის ლიდერი სამშენებლო კომპანიები. ამ საკითხთან დაკავშირებით, ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს, რომ ამნისტია ძირითადად ამხანაგობებს შეეხო, თუმცა მათ შორის, ოფიციალური ინფორმაციით, მსხვილი დეველოპერები არ ყოფილან.

არადა დარგის სპეციალისტები იმთავითვე ვარაუდობდნენ, რომ მერიის ამნისტია უმთავრესად მსხვილფეხა მშენებლებზე იყო გათვლილი, რამდენადაც მათ უმრავლესობას სახელმწიფოს მიმართ უზარმაზარი ვალი ჰქონდა დაგროვილი. 

„გაჭირვებაში მყოფ კომპანიებს დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემები მცირედით მაინც მოუგვარდებათ. არ გამოვრიცხავ, დაზარალებულ ფირმებს ამით ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს და ახალი შანსი აღებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყენონ. სავარაუდოდ, მშენებლების 70% ამ პროექტში წარმატებით ჩართვას შეძლებს, მაგრამ 30%–ის მდგომარეობა დამაფიქრებელია. არ გამოვრიცხავ, ისინი საერთოდ სამშენებლო ბიზნესის მიღმა დარჩნენ“, – აცხადებდნენ ექსპერტები.

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ჩამონათვალში მხოლოდ წვრილფეხა ფიგურირებს. მაგალითად ამხანაგობა „სიმიონოვკა 2005", რომელიც ოპერასთან მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, 95 000 ლარის ჯარიმისგან გათავისუფლდა. 33 000 ლარის ჯარიმა კი ამხანაგობა „300 არაგველს" ჩამოეწერა. საერთო ჯამში, როგორც ფინანსური ამნისტიის თხოვნით მერიას 92-მა მოქალაქემ და 10-მა იურიდიულმა პირმა მიმართა, რომლებსაც სამშენებლო დარღვევების გამოსწორება 11 ოქტომბრამდე ევალებოდათ. 

სამსახურში განმარტავენ, რომ მოქალაქეებიდან განაცხადი 67-ს დაუკმაყოფილდა, რომლებმაც დარღვევების გამოსწორება შეძლეს და ჯამში 813 000 ლარის ჯარიმა ჩამოეწერათ. 10 იურიდიულ პირს კი, 264 000 ლარი ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნაბიჯს მთავრობა და სამშენებლო კომპანიები დადებითად აფასებენ, ეკონომიკური ექპერტები ფინანსურ ამნისტიას გაუმართლებლად მიიჩნევენ. 

როგორც ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ “ონლაინ.ჯის” განუცხადა, რომ თუ კომპანიამ დანაშაული ჩაიდინა, მის მიმართ შესაბამისი სანქციები უნდა გატარდეს.

ფინანსური ამნისტია ევროპის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდი არ არის, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე ნებისმიერი კომპანია მშენებლობის ვადების დარღვევებსა და სხვა სახის დანაშაულზე პასუხს აგებს. 

გიორხელიძე ასევე განმარტავს, რომ საქართველოში ყველაფერი კეთდება ბაზარზე კომპანიების გამსხვილების მიზნით. ამის შედეგად კი უძრავი ქონების ბაზარი ამ დროისთვის, ფაქტობრივად, უკვე მონოპოლიზებულია და უახლოეს ერთ წელიწადში აქ მხოლოდ რამდენიმე მსხვილი დეველოპერი დარჩება. 

სამშენებლო სექტორის ფინანსური ამნისტია ივლისში ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს დარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმები იმ შემთხვევაში ჩამოეწერებათ, თუ დეველოპერები ყველა დარღვევას აღიარებენ და პრობლემებს 3 თვეში გამოასწორებენ.

ექსპერტთა ნაწილი დღესაც ფიქრობს, რომ გაკოტრების პირას მისულ კომპანიებს გარკვეული ტვირთი მაინც მოეხსნებათ, რადგან კომპანიებს ასეთი ჯარიმები წლების განმავლობაში უგროვდებოდათ და მათი ოდენობა რამდენიმე მილიონსაც კი აღწევს.

თუმცა სამშენებლო სფეროს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი შიშობს, რომ ქართული სამშენებლო კომპანიების ნაწილს ახალი პროექტების აღსრულებაც გაუჭირდება და ბევრი მათგანი გადარჩენის ნაცვლად, ხაფანგში აღმოჩნდება. ექსპერტი ამბობს, რომ შეთავაზებული პირობები არ არის ურიგო, მაგრამ მათ შესრულებას გაკოტრებული კომპანიები მაინც ვერ მოახერხებენ.