ხელისუფლებამ ბაზრობებს და იქ დასაქმებულ მოვაჭრეებს ვერაფერი მოუხერხა და ისევ დათმობაზე წავსლა ამჯობინა. საქმე ეხება ბაზრობის მოვაჭრეების საგადასახადო დოკუმენტაციის აღრიხვიანობას. არც სალარო აპარატის შემოღებას, არც ჯარიმების გამკაცრებამ სათანადო შედეგი არ გამოიღო. ასე რომ, მთავრობის ინიციატივით ეს «ბიზნეს-სუბიექტები» საერთოდ გათავისუფლდებიან ფინანსური დოკუმენტაციის წარმოებისაგან და რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 3%-ს გადაიხდიან.
უკვე მზადაა «საგადასახადო კოდექსში» შესატანი ცვლილებები.
ცვლილებების მიხედვით, სპეციალური სავაჭრო ზონები შეიქმნება, სადაც ვაჭრობა ცენტრალიზებულად მოხდება, მეწარმეები საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოებისგან გათავისუფლდებიან და საგადასახადოსთან ურთიერთობა მათ ნაცვლად უკვე სავაჭრო ზონის მეპატრონეს ექნება.
«საქართველოს მთავრობა ე.წ. ბაზრობის თემის მოგვარებას იწყებს. გვესმის იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ბაზრობაზე არიან დასაქმებულნი და ეწევიან ვაჭრობას. მათთვის საგადასახადო დოკუმენტების წარმოება საკმაოდ რთულია. აქედან გამომდინარე, მთავრობა სთავაზობს მეწარმეებს სპეციალური ზონების შექმნას, სადაც ადმინისტრირების პასუხისმგებლობა მთლიანად ბაზრობის მომწყობზე გადავა და მოქალაქეები გათავისუფლდებიან ყოველგვარი დოკუმენტების წარმოებისგან», - აღნიშნა ხუროშვილმა.
სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი მიენიჭება იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ვაჭრობის ორგანიზებას საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეწევა. ვაჭრობის დარეგულირება მოხდება შემდეგნაირად: მოხდება კონკრეტული სავაჭრო ტერიტორიის შემოსაზღვრა, სადაც სავაჭრო დახლები განთავსდება.
იმავდროულად, ბაზრობის ორგანიზატორის მიერ მოხდება ბაზრობის ტერიტორიის დაყოფა გარკვეულ მოლებად, სადაც ერთგვაროვანი საქონელი გაიყიდება.
«ბაზრობის მომწყობი ასევე ვალდებული იქნება, მოახდინოს საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სპეციალურ სავაჭრო ზონაში რეალიზებულ საქონელზე ანგარიშსწორება მოახდინოს ცენტრალიზებული სალარო აპარატების საშუალებით, ანუ უშუალოდ მეწარმეს ფულთან შეხება არ ექნება.
სუბიექტის მიერ შემოტანილი პროდუქცია განთავსდება საწყობში, სადაც განხორციელდება პროდუქციის დანომვრა შესაბამისი შტრიხკოდით და როდესაც მომხმარებელი ამა თუ იმ პროდუქციას შეიძენს, ის თანხას ცენტრალიზებულ სალაროსთან გადაიხდის», - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
კანონპროექტის თანახმად, დღის ბოლოს თვითონ ბაზრობის ორგანიზატორი მოახდენს რეალიზებული პროდუქციის თანხის 3%-ის დაკავებას, ხოლო 97%-ს დაუბრუნდება მოვაჭრეს.
იმავდროულად, მეწარმე განთავისუფლდება მოგების გადასახადისაგან, მას არ ექნება დღგ-ის დეკლარირების ვალდებულება და შესაბამისად მოვაჭრეები განთავისუფლდებიან დღგ-ის გადასახადისაგან. ასევე მოვაჭრე განთავისუფლდება დამატებითი დოკუმენტების წარმოებისგან.
ბაზრობები ახალ რეგულაციაზე ეტაპობრივად გადავლენ.
«ამჟადამ რომელი ბაზრობებიც იქნებიან მზად ამ ტიპის რეგულაციაზე გადასასვლელად, ბუნებრივია, ისინი გადავლენ, ხოლო სხვა ტიპის ბაზრობებისთვის განისაზღვრება ვადა», - აცხადებს ხუროშვილი.
ხუროშვილის თქმით, ბაზრობებს ახალ რეგულაციებზე გადასასვლელად ექნებათ გონივრული დრო და ის კანონმდებლობით გაიწერება. აღნიშნული თარიღი კი «საგადასახადო კოდექსში» პროექტის მესამე მოსმენამდე დაზუსტდება.
კანონპროექტის თანახმად, ვაჭრობის ორგანიზება არის პირის ან პირთა ჯგუფის საკუთრებაში - მფლობელობაში არსებული ბაზრის ან შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ადგილები და სავაჭრო ადგილების გაქირავება.
ექსპერტთა აზრით, მსგავსი სავაჭრო ზონები ბევრგან არსებობს, თუმცა იგი უფრო მასშტაბურ ბაზრობებზე ვრცელდება, ისეთი როგორიცაა ლილოს ბაზრობა. «ამ გადაწყვეტილების მიზანია ადმინისტრირების გაუმჯობესება და გადასახადების ამოღება. ბაზრობების მეპატრონეების გაკონტროლება გაცილებით მარტივია, ვიდრე ათეულობით მოვაჭრისა», - ამბობს დავით ნარმანია.